მთავარი » სხვადასხვა

ილია მეორე: “აღნიშნული სახით ხელშეკრულების დადება გაუმართლებელია”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 11.05.2010 5 კომენტარი | 2,818 ნახვა

ოშკითურქეთის ტერიტორიაზე, ისტორიულ ტაო-კლარჯეთში არსებული სამი ქართული ტაძრის – ოშკის, ხანძთის და იშხანის აღდგენის სანაცვლოდ, თურქული მხარე მოითხოვს: ბათუმში აზიზიეს მეჩეთის აშენებას; ქობულეთის რაიონის სოფელ კვირიკეში, ჯამეს და ახალციხეში არსებული მეჩეთის რესტავრაციას. ეს ინფორმაცია 8 მაისს, პრესა.გე-სთვის მოცემულ ინტერვიუში (ოშკის აღდგენის სანაცვლოდ ბათუმში მეჩეთს ააშენებენ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ნიკა ვაჩეიშვილმა დაადასტურა. მისივე განმარტებით, ხელშეკრულება უკვე მომზადებულია და უახლოეს მომავალში, მასზე თურქეთისა და საქართველოს კულტურის მინისტრები ხელს მოაწერენ.

ჩვენ დავინტერესდით როგორია საქართველოს ეკლესიის ოფიციალური პოზიცია, ორმხრივი მოლაპარაკების პირობებთან დაკავშირებით; საპატრიარქოში პრესა.გე-ს გადმოსცეს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის წერილი, რომელიც 2008 წლის 20 ივნისითაა დათარიღებული და რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

მის აღმატებულებას, საქართველოს პრემიერ-მინისტრს,
ბატონ ვლადიმერ გურგენიძეს

ბატონო ვლადიმერ,

ცნობილია, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება საქართველოსა და თურქეთის კულტურის სამინისტროებს შორის, საქართველოში სამი მეჩეთის და თურქეთში სამი ქართული ტაძრის აღდგენის შესახებ და ამის თაობაზე წინასწარგანზრახულობითი აქტიც დაიდო.

მიგვაჩნია, რომ მაშინ, როდესაც საქართველოში ფუნქციონირებს 240-ზე მეტი ჯამე და მეჩეთი (მათგან 140 აჭარის ტერიტორიაზე), 8 მედრესე, აღარაფერს ვამბობთ საერო სასწავლებლებზე, ხოლო თურქეთში ერთი ქართული ტაძარიც არ მოქმედებს, აღნიშნული სახით ხელშეკრულების დადება გაუმართლებელია.

შევნიშნავთ იმასაც, რომ საქართველოში უკვე არსებული მუსლიმური საკულტო ნაგებობების და თეოლოგიური სასწავლებლების რაოდენობა გაცილებით აჭარბებს ქვეყნის მუსლიმი მოსახლეობის რელიგიურ მოთხოვნილებებს.
რაც შეეხება თურქული მხარის მოთხოვნებს – ცნობილია, რომ ბათუმის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მართლმადიდებელი ქრისტიანია. მიუხედავად ამისა, ბათუმში უკვე ფუნქციონირებს საკმაოდ დიდი მეჩეთი, რომელიც შეესაბამება მუსლიმური მრევლის რაოდენობას და ამასთან, გამოხატავს სახელმწიფოს კეთილგანწყობას, თავისი მუსლიმი მოსახლეობის რელიგიური, კულტურული და ტრადიციული მემკვიდრეობის მიმართ.

ყოფილი “აზიზიეს მეჩეთის” ადგილზე დღეს საცხოვრებელი კორპუსებია აშენებული და მათი დანგრევა ვერ მოხერხდება, ხოლო ბათუმის სხვა უბანში, ტერიტორიის გამოყოფა და იქ აღნიშნული მეჩეთის ასლის აგება, ფაქტიურად ახალი მეჩეთის აშენებას ნიშნავს, რაც ადგილობრივი მოსახლეობის დიდ პროტესტს გამოიწვევს. ჩვენ თავს ვალდებულად ვთვლით ამის შესახებ გაგაფრთხილოთ.

ქობულეთშიც ფაქტიურად ახალი მეჩეთის მშენებლობაა დაგეგმილი, რაც ზემოთქმულის ფონზე სრულიად გაუგებარია.

ახალციხის მეჩეთი კი, რომელიც აშენებულია ადგილობრივი ქართველი გამუსულმანებული თავადის მიერ, არ წარმოადგენს თურქული კულტურის ძეგლს, არამედ არის ქართული მუსლიმანური მემკვიდრეობის ნიმუში და მათზე ჩვენმა სახელმწიფომ უნდა იზრუნოს. ამასთან, მეფის რუსეთის დროს ამ მეჩეთზე მიშენდა მართლმადიდებლური ტაძრის საკურთხეველი და იქ წლების მანძილზე აღევლინებოდა წირვა-ლოცვა. ამდენად, ამ მეჩეთის აღდგენა თავდაპირველი სახით, როგორც ხელშეკრულების პროექტშია აღნიშნული, ფაქტიურად ტაძრის დანგრევას ნიშნავს, რაც ასევე დიდ პრობლემებს შექმნის.

ზემოთქმულიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ დადებული წინასწარგანზრახულობითი აქტი უნდა შეჩერდეს, პროექტზე გაგრძელდეს მსჯელობა და პოზიციები თავიდან, ერთობლივად შეჯერდეს.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.

ამასთან გვინდა თქვენი ყურადღება მეორე თემაზეც შევაჩეროთ: – მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მუსლიმი მოსახლეობისთვის ყველა პირობაა შექმნილი, მათი რელიგიური თავისუფლებისა და თვითგამოხატვისთვის, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართველ ქრისტიანებს (ინგილოებს), სერიოზული პრობლემები ექმნებათ, ეთნიკური და რელიგიური თვითიდენტიფიკაციის გამო – ჯერ-ჯერობით ისევ გადაუჭრელი რჩება ქურმუხის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის ფუნქციონირებისა და მასში ღვთისმსახურების შეუზღუდავად განხორციელების საკითხი.

ვფიქრობთ, ჩვენს სახელმწიფოს სრული უფლება აქვს თურქეთთან და აზერბაიჯანთან მსგავსი საკითხების განხილვისას ჰქონდეს პრინციპული პოზიცია და არგუმენტირებული შემხვედრი პრეტენზიებიც.

პატივისცემით
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე

მეჩეთიქართულ და თურქულ მხარეებს შორის მოლაპარაკებები 2006 წელს დაიწყო , 2008-ში შეჩერდა და ახლა კვლავ განახლდა. ხელისუფლების კონკრეტული წარმომადგენლები ვითარების იმგვარად წარმოჩენას ცდილობენ, რომ თავად ყველაფერს აკეთებენ, ქართული ტაძრების გადასარჩენად, მაგრამ საქმის კეთილად დაგვირგვინებაში ხელს ეკლესია უშლით – “საპატრიარქო ამ პროცესში ძალიან აქტიურად იყო ჩართული, მით უფრო, რომ ამ ძეგლების თავდაპირველი ფუნქცია რელიგიურია. ამიტომ ჩვენ ვთვლიდით, რომ საპატრიარქოს პოზიცია ძალიან მკაფიოდ გამოხატული უნდა ყოფილიყო. ხანძთა სწორედ ამ მოლაპარაკებების დროს, მოუვლელობის გამო ჩამოინგრა. ხელშეკრულებას 2008–ში ხელს ვაწერდით და შემდეგ ხელმოწერა გადაიდო, საპატრიარქომ კიდევ ითხოვა დრო შეჯერებულიყო, იმ სამი მუსულმანური მეჩეთის აღდგენის საკითხზე, რომელიც ხელშეკრულებაში იყო”, – ესაა ამონარიდი ნიკა ვაჩეიშვილთან ჩაწერილი ინტერვიუდან, რომელიც თანხვედრილი არ არის, პატრიარქის წერილის შინაარსთან; მასში არ წერია, რომ ეკლესია ითხოვს დროს პოზიციების შესაჯერებლად; მისი უწმინდესობა საქართველოს ხელისუფლებას სთხოვს პოზიციების თავიდან, ერთობლივად შეჯერებას და თურქულ მხარესთან მოლაპარაკების დროს, პრინციპული პოზიციის გამოჩენასა და არგუმენტირებული შემხვედრი პრეტენზიების დაყენებას.

შეგახსენებთ, რომ 2007 წლის აპრილში, სწორედ თურქეთთან მიმდინარე მოლაპარაკების დროს, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მძიმე ტექნიკის გამოყენებით დაანგრიეს ფერიის მთაზე მშენებარე ეკლესია, ხოლო ქობულეთსა და ხაშურში, ცენტრალური ტრასიდან დიდი რკინის ჯვრები აიღეს, რომლებიც თურმე თურქ მძღოლებს აღიზიანებდა. მაშინ საზოგადოებაში ამ ფაქტებით გამოწვეულ მღელვარებას, კიდევ უფრო გაამძაფრებდა იმის თქმა, რომ ბათუმში მეჩეთი შეიძლებოდა აშენებულიყო.

ამიტომ, ხელისუფლებამ “საუკეთესო” გამოსავალი მონახა – ხელი ეკლესიას შეაწმინდა, მოლაპარაკებები ჩაშალესო და იმის ნაცვლად, რომ თურქული მხარისთვის რაიმე სხვა შეთავაზება გაეკეთებინა, მათ მოთხოვნებს თავი მორჩილად დაუკრა – “საფუძველს ვერ ვხედავ, რომ რამე სხვა შევთავაზოთ. ახალციხის რაიონშიც არის ბევრი მეჩეთი, ისევე, როგორც აჭარაში და შეიძლება შევთავაზოთ, მაგრამ ხელშეკრულებაში ეს გამორჩეული კულტურის ძეგლებია შეტანილი. შეიძლება სხვაც მოიძებნოს, მაგრამ მაშინ ვარჩიოთ და ვიყოთ – ის ძეგლები იღუპება და ჩვენ ვიქნებით”, – ესაა კიდევ ერთი ამონარიდი ნიკა ვაჩეიშვილთან ჩაწერილი ინტერვიუდან.

მეოთხე წელია ორმხრივი მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ამ ხნის მანძილზე, თურქული მხარის მიერ წამოყენებული პირობები უცვლელია და ბუნებრივია, ასევე დარჩება, თუ ქართული მხარე მასში კორექტივების შეტანას არ შეეცდება. ახლა ამ პროცესში კულტურის მინისტრებთან ერთად, საგარეო საქმეთა მინისტრებიც ჩაერთვნენ. როგორც კულტურის სამინისტროდან პრესა.გე-ს აცნობეს, “2010 წლის 27 აპრილს გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, გრიგოლ ვაშაძის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში.
ვიზიტის ფარგლებში მინისტრი შეხვდა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, აბდულა გიულს და საგარეო საქმეთა მინისტრს, აჰმეთ დავითოღლუს. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და თურქეთს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები, მათ შორის ოშკის ტაძრის აღდგენის საკითხიც”.

ვიმოდოვნებთ, დიპლომატების ჩარევა, უკანა პლანზე გადაწევს პოზიციას – “მაშინ ვარჩიოთ და ვიყოთ” და ამ ორმხრივი მოლაპარაკების პროცესს ლოგიკურ ფინალამდე მიიყვანს, რა დროსაც ქართული მხარე მაქსიმალურად გააცნობიერებს იმ შესაძლო უარყოფით შედეგს, რაც უპრინციპობამ შეიძლება გამოიწვიოს.

ნინო მიქიაშვილი
წყარო: http://presa.ge/index.php?text=news&i=10752


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

5 კომენტარი »

  • გიორგი says:

    რ ო დ ე მ დ ე!?
    .
    როდემდე უნდა ვიყოთ ხალხო ასე დაჩმორებულები, როდემდე უნდა გვასხან თავზე ლაფი და სიბინძურე, როდემდე უნდა ვიდგეთ ასე თავჩაქინდრულები და ვითმენდეთ ამ უღმერთოების პარპაშს?
    ფერიის მთაზე ხომ დაგვანგრიეს ტაძარი თავზე, უწმინდესი ხომ შეგვიგინეს და ამასხარავეს, ეპისკოპოსები ხომ მამათმავლებად მოგვინათლეს, ქრისტე შეგვირყვნეს და სარწმუნოებაში ჩაგვაფურთხეს… რ ო დ ე მ დ ე ?
    ვითმინოთ, ვითმინოთ და ერთ მშვენიერ დღეს ეკლესიაში შესვლას და რწმენას აგვიკრძალავენ ეს ნეობოლშევიკები.
    თამამად ვამბობ და ვამტკიცებ, ბოროტების ბუდე, საქართველოს წამბილწავი, ქრისტეს რწმენასთან მებრძოლი ეგრეთ წოდებული ,,თავისუფლების” ინსტიტუტი გახლავთ. ამ კეთილშობილ სახელს ამოფარებული ცხვრის ქურქში გახვეული მგლები, ვითომდა დემოკრატიისა და ტოლერანტობის დამკვიდრების იდეით, ანგრევენ ქართულ სულსა და ცნობიერებას.
    აბ ბოლო 6 წლის განმავლობაში საქართველოში გატარებული ყველა ეგრეთწოდებული რეფორმების უკან ისინი დგანან, სწორედ მათი იდეოლოგია კვებავს სახელმწიფო ჩინოვნიკების აზროვნებას, ახალი ქართველისა და ახალი საქართველოს შექმნის შესახებ.
    იქამდეც კი მივიდნენ წმინდანად შერაცხულ წმიდა ილიას, რომელმაც წმინდა ანდერძად დაგვიტოვა ,,მამული, ენა, სარწმუნოება” შეინახეთ, დაიცავით, გადაარჩინეთო, ეს ღვთისპირიდან გადავარდნილები ამოეფარნენ და სამივე მცნებას დაუპირისპირდნენ.
    .
    მამული გაგვიჩანაგეს, გაყიდეს, გაასხვისეს, ყოველდღიურად სპობენ.
    .
    ენა შეგვირყვნეს, შეგვილანძღეს,ყოველდღიურად ბილწსიტყვაობის პროპაგანდას ეწევიან, პრიორიტეტული ინგლისური ენა გახადეს და სამაგიეროდ ქართული ენა სკოლის პროგრამებში დააკნინეს და შეამცირეს.
    .
    სარწმუნოებას ყოველდღიურად, მიზანმიმართულად, ათასგვარი მზაკვრული ხერხებით გვირყვნიან და გვინგრევენ, მკრეხელობენ და ჩვენ რწმენას შეურაცყოფენ, სამაგიეროდ ხელი ეწყობა გეი პარადებს, ჰელუვეინებს, გარყვნილებისა და სიბილწის დამკვიდრებას.
    .
    ეხლა გეკითხებით, როდემდე უნდა ვითმინოთ ჩვენი სამშობლოს, ჩვენი მშობლიური ენის და ჩვენი წინაპრების მიერ სისხლის ფასად დღემდე მოტანილი სარწმუნოების ჯიჯგვნა და ნგრევა? თუ ჩვენ ასე დაგვიბნელდა თვალები და გონება, რომ ვერ ვხედავთ, არ გვესმის და აღარ ვლაპარაკობთ!?
    .
    დროა გამოვფხიზლდეთ, თვალი გავახილოთ , სიმართლეს დავუმეგობრდეთ, თორემ ერთ მშვენიერ დღეს, იმ ქვეყანაში გაგვეღვიძება, რომელსაც საქართველო აღარ ერქმევა!
    .
    უფალო ღმერთო ჩვენო ნუ მიგვატოვებ, გევედრებით შეიწყალე ჩვენი სამშობლო და ჩვენი ერი.

  • ნინო says:

    თქვენ გაიხარეთ და გამრავლდით, გიორგი! სახადს მოვიხდით და აღმართიც დაიწყება, აუცილებლად!

  • დავით ლაცუზბაია says:

    სოხუმელი ვარ და ცოტა არ მინახავს საქართველოს დანგრევის, გაჩანაგებისა და ერის სულიერად დაკნინებისთვის შეტევაზე გადმოსული მტერი. ცხადია, ასმაგად საშიშია ჩასაფრებული, სხვადასხვა კეთილ მანტია მორგებული, ადამიანთა გონების დამაბნეველი ვერაგი წარმონაქმნები. მათ მრავალჯერ დაუშავეს ჩვენს ქვეყანას, მაგრამ, უფლის ნებით, ოპტიმისტი ვარ და, ვფიქრობ, ბნელეთიდან შემოგზავნილი ჭინკები ვერ მოგვაჯდებიან თავზე. (…ერთი, მათ ფიზიონომიებს დაკვირვებით, რას გვანან). მე უცილობელ იმედს საზოგადოებაში რწმენის გაძლიერების თვალნათელი, შეუქცევადი და ბოლო პერიოდის მრავალი პოზიტიური ტენდენცია მაძლევს. თუმცა, რთხილად და ფხიზლად ყოფნას ვარჩევ; შეტევით ზომებსაც ა გამოვრიცხავ… მხოლოდ ჩემი რწმენის გაძლიერებით, საკუთარ თავზე გამარჯვებისთვის ზრუნვით წარმომიდგენია მაღალი სულიერების ოკეანეში ცურვა.
    …ოშკს, ხანძთს და იშხანს მეჩეთების გამრავლების გარეშეც მოვუვლით!

  • ლალი says:

    ჩვენი უწმინდესის პირით უფალი მეტყველებს,დროა,გონს მოეგოს ყველა,სანამ დროა!!!

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი