მთავარი » საზოგადოება

თურქ-სელჩუკები საქართველოში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 18.07.2017 2 კომენტარი | 3,186 ნახვა

სად ვართ და რას ვფლობთ

თურქ-სელჯუკები მართალია, კლდეკარის საერისთავო წარმოადგენდა ქართულ ფეოდალურ ადმინისტრაციულ ცენტრს, მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს XI ს-ის ქვემო ქართლის სხვა ეთნო-ადმინისტრაციული ერთეულებიც, რომლებიც არსებობდნენ ქართულ საფუძველზე, მაგრამ ცენტრალური ხელისუფლების სისუსტის, ან არარსებობის გამო მოქცეულნი იყვნენ მეზობელი სახელმწიფოების გავლენის ქვეშ. ასეთი იყო ქვემო ქართლის სამხრეთ ნაწილში არსებული გაგის სამეფო, სადაც სომეხი ბაგრატუნები მეფობდნენ ( გარკვეული პერიოდის განმავლობაში). X-XIს-ის დასაწყისში ისინი ისე მომძლავრდნენ, რომ შეძლეს სამშვილდის დაკავება და მდინარე ალგეთისა და ქციის ქვემო წელზე გავლენის დამყარება. მათ აღმოსავლეთით იყო თბილისის საამირო, ჯერ კიდევ ძლიერი, რომელიც ბაღდადის ხალიფის მხარდაჭერით სარგებლობდა. გამომდინარე რელიგიური ფაქტორიდან, როგორც კი სუსტდებოდა ბაღდადის გავლენა, თბილისი ექცეოდა თურქ-სელჩუკთა გავლენის ქვეშ.

ქვემო ქართლის კიდევ ერთი რეგიონი – გარდაბნის (ხუნანის) მხარე იყო მუდმივი დაპყრობისა და შემოსევის ობიექტი, ეს გასაგებიცაა, რადგანაც იგი წარმოადგენდა სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან მომავალი მტრის პირველ ქართულ გადასალახავ ბარიერს. X-XI საუკუნეებისთვის გარდაბნის მხარე, ფაქტობრივად, განადგურებული, დანაწევრებული იყო და, როგორც წინა საუკუნეებში, იგი ერთიან საერისთავოს აღარ წარმოადგენდა. მის გაქრობაში დიდი როლი ითამაშა V-VIს-ში ჩამოყალიბებულმა განჯის სახანომ. ქვემო ქართლში არსებობდა კიდევ ერთი ადმინისტრაციული ცენტრი, რომელიც ყველა მის გარშემო არსებულ მსხვილ ტერიტორიულ წარმონაქმნებთან ძირითადად მშვიდობას ინარჩუნებდა. ეს იყო ქალაქი-,,რესპუბლიკა“ – დმანისი, რომელიც მძლავრ სავაჭრო-სახელოსნო ცენტრს წარმოადგენდა. ქვემო ქართლში არსებულ თრიალეთის საერისთავოს, გაგის სომხურ სამეფოს, თბილისის საამიროს დმანისთან ვაჭრობა უფრო იზიდავდა, ვიდრე მისი დაპყრობა-განადგურება. XIს-ის დასაწყისიდან ქართველი მეფეები აგრძელებენ ბრძოლებს ქვეყნის გასაერთიანებლად, რაც ცვალებადი წარმატებით მიმდინარეობდა. საბრძოლო კი, მართლაც, ბევრი იყო: გარდა ქვემო ქართლისა, დასაბრუნებელი იყო კახეთი, სადაც XIს-ში ქვემო ქართლიდან გაგის მეფე კვირიკეს შთამომავლები და მართავდნენ კახეთს.

1014-1027 წლებში საქართველოს მეფემ გიორგი I-მა ძირითადი ყურადღება ქვეყნის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით გადაიტანა. იგი ქვეყნის გაერთიანებისთვის ძირითადად ბიზანტიელებს ებრძოდა, თუმცა, მიუხედავად დიდი მცდელობისა, ამ მიმართულებით წარმატებას ვერ მიაღწია. 1027 წელს ტახტი მისმა მცირეწლოვანმა შვილმა ბაგრატმა(IV) დაიკავა, რომელმაც, გარკვეული დროის მანძილზე, თრიალეთის ერისთავებთან, ბაღვაშებთან თანხმობას მიაღწია და 1039 წელს ფარცხისი და ორბეთი დაიბრუნა, შემდეგ ( უფრო აღმოსავლეთით) თბილისიც ალყაში მოაქცია. ლიპარიტ ბაღვაშმა, დაინახა რა მეფის გამარჯვებანი, თავისი საერისთავოსთვის საფრთხე იგრძნო და 1044 წელს მეფეს განუდგა. 1047 წელს მათ შორის მოხდა შებრძოლება, სადაც ლიპარიტმა შეძლო ბაგრატ IV-ის დამარცხება და ქვეყნის გაერთიანების იდეამ გარკვეულწილად მომავლისკენ გადაიწია. მიუხედავად ამისა, ბაგრატი აგრძელებდა ქვემო ქართლის ციხეების დაკავებას. XIს-ის 60-იან წლებში იგი უკვე ფლობდა სამშვილდეს და ორბეთის ციხეს. ფაქტობრივად, მან შეძლო სომეხ კვირიკიან მეფეთა შევიწროვება, მაგრამ შემდგომ დაიწყო თურქ-სელჩუკთა დაპყრობები, რომელიც20 წელი გრძელდებოდა. აღმოსავლეთ საქართველო, კერძოდ: ჯავახეთი, ქვემო ქართლი და შიდა ქართლი მთლიანად განადგურდა. თურქ-სელჩუკებმა თავიანთ კონტროლს დაუქვემდებარეს თბილისი და რუსთავი. გამომდინარე იქიდან, რომ ისინი მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდნენ, გარდაბნის მხარე მკვიდრი მოსახლეობისგან მთლიანად განადგურდა და მომთაბარეთათვის ზამთრის სადგომებად გადაიქცა. დაკარგულ იქნა ყველა ის ციხე- სიმაგრე, რომელიც ბაგრატმა დაიბრუნა. თურქებმა თრიალეთის ერისთავიც შეავიწროვეს, მაგრამ იქ ფეხი ვერ მოიკიდეს და დასჯერდნენ: ალგეთის, ქციის და მდ. მაშავერას ხეობების ქვემო წელის ფლობას. ფაქტობრივად, როგორც მატიანე გვეუბნება, საქართველოს საზღვარი ლიხის მთაზე გადიოდა და აღმოსავლეთ საქართველოში მხოლოდ თრიალეთი იყო ქართული, ხოლო თბილისი და დმანისი ,,თავისუფალ“ ქალაქებს წარმოადგენდნენ, მაგრამ მაინც სელჩუკებს ექვემდებარებოდნენ.

გიორგი II გარდაიცვალა 1072 წელს და მომდევნო 1073 წელს საქართველოს სამეფო ტახტი დაიკავა დავით IV-მ. ნათლად ვხედავთ, თუ როგორი დიდი საფრთხის წინაშე იდგა ქვეყანა და რა ძალისხმევა დასჭირდებოდა დავითს იმისთვის, რომ შებრძოლებოდა მოწინააღმდეგეს, დაემარცხებინა და შემდეგ დაბრუნებულ ტერიტორიებზე ხელმეორედ აეღორძინებინა ქვეყანა. ამისათვის, მოდით, წარმოვიდგინოთ, თუ ვის უნდა შებრძოლებოდა ქართული მხედრობა. როგორც ვიცით, აღმოსავლეთი დასავლეთისგან(ევრაზია) განსხვავდება იმით, რომ აღმოსავლეთში, საუკუნეების მანძილზე, ველური ტომების გადმოსახლება არ შეწყვეტილა: ჯერ იყვნენ არაბები, მერე თურქები, მონღოლები, ოსმალები… ასეთი უბედურება დასავლეთის ცივილიზაციას თავს არ დასტეხია, ქართველებისთვის ამას ემატებოდა ბიზანტიის იმპერატორების დამპყრობლური პოლიტიკა და მეზობელი სამეფოებისა და სახანოების სწრაფვა რაც შეიძლება დიდი ტერიტორიები ჩამოეჭრათ საქართველოსთვის. 1073 წლისათვის წინა აზიისა და სამხრეთ კავკასიის ყველაზე დიდი უბედურება თურქ-სელჩუკები იყვნენ. მათ, ჩვენი ქვეყნის გარშემო, თითქმის ყველა ტერიტორია დაიპყრეს, სრულად მოსპეს იქ არსებული მდგრადი ყოფითი ცივილიზაცია, მაგალითად, წინათ თუ ჩვენს სამხრეთით ჰყვაოდა სომხეთის სახელმწიფო, რომელიც დაფუძნებული იყო მიწათმოქმედებაზე, ვაჭრობა-ხელოსნობაზე, ქრისტიანულ მორალზე – სელჩუკთა შემდეგ ყველაფერი წაიშალა. თუ თურქები ზამთრობით მოედებოდნენ აღმოსავლეთ საქართველოს თავიანთი საქონლით, ზამთარში ისინი ყველანი მიდიოდნენ სამხრეთ სომხეთისა და ყარაბაღის მაღალმთიანი საძოვრებისკენ. თურქ-სელჩუკთა ძირითადი საქმიანობა მესაქონლეობა და ომი იყო, ამიტომაც ამას შეეწირა მრავალი ქალაქი და სოფელი, რომლის არსებობაშიც ისინი აზრს ვერ ხედავდნენ. წინა აზიის თურქ-სელჩუკთა უზარმაზარ მორევში მხოლოდ ერთი, მათგან ენით, რელიგიით, ყოფითა და შეხედულებით განსხვავებული პატარა ქვეყანა არსებობდა – საქართველო. ეს ის პერიოდია, როცა ბიზანტიის იმპერიამაც ვერ გაუძლო სელჩუკთა შემოსევას და იძულებული გახდა მათთვის ვრცელი ტერიტორია დაეთმო, რამაც შემდგომში ოსმალეთის იმპერიის წარმოშობა განაპირობა.

დავით აღმაშენებელი

აი, ასეთ ვითარებაში მოუწია დავითს მეფობის დაწყება. ჩვენ აქ არ განვიხილავთ დავითის მიერ გატარებულ რეფორმებს, ყურადღებას გავამახვილებთ მისი მოღვაწეობის მხოლოდ იმ ფაქტებზე, რამაც ხელი შეუწყო ქვემო ქართლის დაბრუნებას ერთიან ქართულ სახელმწიფოში. 1104-1105 წლებში დავითმა ჰერეთ-კახეთი შემოიერთა. ამის შემდეგ ქვეყნის ერთიანობის მიღმა დარჩენილი იყო მხოლოდ თბილისი და ქვემო ქართლი. პირველი, რაც დავითმა ქვემო ქართლში გააკეთა, იყო სამშვილდის ციხის აღება 1110 წელს. სამშვილდე თავისი სიძლიერით, ყველაზე დიდი მნიშვნელობისა იყო. (ფაქტობრივად, ის კეტავდა თბილისისაკენ მიმავალ გზას). სამშვილდის აღების შემდეგ დავითს აღარ გასჭირვებია ქვემო ქართლის სხვა ციხე-სიმაგრეთა აღება.
1110 წლისთვის დავითი, ფაქტობრივად, სრულად აკონტროლებდა ქვემო ქართლს, გარდა დმანისისა და რუსთავისა. მეორე დიდი ბრძოლა 1112 წელს მოხდა თრიალეთში. მატიანე აღნიშნავს, რომ თურქები ვერ შეეგუენ სამშვილდის დაკარგვას და მოვიდნენ თრიალეთს 100000 მებრძოლით, რომელსაც დავითმა 1500 მეომარი დაახვედრა და ბრძოლა მოიგო. რეალობას რომ დავუბრუნდეთ, ჩვენი აზრით, 100 000 ძალზე გადაჭარბებული ციფრია, იგი სულ მცირე ათჯერ ნაკლები უნდა იყოს, რადგანაც ფიზიკურად ამხელა ჯარის მართვა, კვება, ტრანსპორტირება-მომარაგება იმ პერიოდისათვის (თურქ-სელჩუკებისთვის) შეუძლებელი იყო. 1115 წელს დავითმა თურქებს რუსთავიც წაართვა და ამით წერტილი დაუსვა მათ საქართველოში ყოფნას, რადგანაც რუსთავი აკონტროლებდა მტკვრისა და ივრის ზამთრის საძოვრებს.

1118 წელს დავითმა ლორეს ციხეც აიღო და ფაქტობრივად, თბილისი სრულიად მოსწყვიტა გარე სამყაროს. რჩებოდა მხოლოდ ერთი ნაბიჯი მის დასაბრუნებლად. ამანაც არ დააყოვნა, რადგანაც ეს მოხდა 1122 წელს, მაგრამ მანამდე იყო დიდგორის ბრძოლა(1121წელს). თუ კარგად დავაკვირდებით საქართველოს რუკას, მივალთ აზრამდე, რომ ქვემო ქართლი არის საქართველოს სტრატეგიული ცენტრი.

მოამზადა გოჩა ომაიძემ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

  • დიმიტრი says:

    გიორგი II 1072 წელს არ გარდაცვლილა და არც დავით IV ასულა ტახტზე 1073 წელს, ჩაასწორეთ სახელები და თარიღი და მოვლენებიც! გიორგი II ტახტიდან გადაგა 1089 წელს და არ გარდაცვლილა შესაბამისად დავით IV ტახტზე ავიდა 1089 წელს.

  • დიმიტრი says:

    გიორგი II 1072 წელს არ გარდაცვლილა და არც დავით IV ასულა ტახტზე 1073 წელს, ჩაასწორეთ სახელები, თარიღი და მოვლენებიც! გიორგი II ტახტიდან გადაგა 1089 წელს და არ გარდაცვლილა შესაბამისად დავით IV ტახტზე ავიდა 1089 წელს.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი