მთავარი » ქრისტიანობა

ტურინის სუდარა – “მეხუთე სახარება”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 14.10.2014 ერთი კომენტარი | 8,031 ნახვა

იტალიის ქალაქ ტურინში, წმ.იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში (Cattedrale di San Giovanni Battista) ინახება ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდე – სუდარა, რომელშიც ჯვარცმის შემდეგ მაცხოვრის სხეული გაახვიეს. თანამედროვე ღვთისმეტყველები სუდარას „მეხუთე სახარებას“ უწოდებენ, რადგან მასზე სასწაულებრივადაა აღბეჭდილი ის ვნებანი, რომელიც ჯვარზე გაკრულმა მაცხოვარმა განიცადა. წმინდა მოციქულები გვიმოწმებენ, რომ ქრისტეს ფარულმა მოწაფეებმა იოსებ არიმათიელმა და ნიკოდიმოსმა მენელსაცხებლე დედებთან ერთად, ქრისტეს სხეული ჯვრიდან ჩამოხსნეს, ნელსაცხებლებით განბანეს, სუდარაში გაახვიეს და კლდეში გამოკვეთილ ახალ სამარხში დაასვენეს ისე, როგორც თავიანთი ჩვეულებისამებრ ებრაელები გარდაცვლილებს კრძალავდნენ. სახარებაში ნათქვამია, რომ როდესაც იოანე და პეტრე იესო ქრისტეს საფლავზე მივიდნენ, აკლდამა, სადაც მაცხოვარი ესვენა, ცარიელი დახვდათ … იქ მხოლოდ სუდარა იყო.

ტურინის სუდარის ისტორიის შესახებ “ამბიონს” ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მუზეუმის დირექტორი, ნინო მურცხვალაძე ესაუბრა:

„სუდარა არის გრძელი ნაჭერი (4,36×1,1 მ, 2,45 კგ, სისქე-0,34 მმ) ძველებური, განსაკუთრებულად ნაქსოვი, რომელზეც აღბეჭდილია ორი მთლიანი სიგრძის გამოსახულება უაღრესად ნაწამები ადამიანისა. ამ ანაბეჭდებს ახასიათებს უზუსტესი ფოტოგრაფიული ნეგატივის ყველა შესაბამისი თვისება. შემდგომმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ სუდარაზე აღბეჭდილი გამოსახულება სამგანზომილებიანია და ხასითდება ანატომიური და ფიზიოლოგიური მონახაზის განსაკუთრებული სიზუსტით და დეტალურობით. ანაბეჭდები სუდარაზე თავით თავზეა გადაბმული, რადგან სუდარა სხეულს ქვემოთ ჰქონდა დაგებული, თავზე გადადიოდა და მთლიანად ფარავდა მას.

ყოვლადწმიდა

სუდარამ 2000 წლის მანძილზე მძიმე გზა განვლო, იგი სამჯერ გადაურჩა ხანძარს (ერთხელ კონსტანტინოპოლში და ორჯერ ევროპაში), მაგრამ მნიშვნელოვნად არ დაზიანებულა. მათ შორის ყველაზე მასშტაბური იყო ხანძარი, რომელიც 1532 წლის 4 დეკემბერს მოხდა. მაშინ წმინდა სუდარა ინახებოდა ქალაქ შამბერის (საფრანგეთის აღმოსავლეთი) ერთ-ერთ მონასტერში, ვერცხლის სკივრში. ხანძრის დროს ტემპერატურამ ისეთ ნიშნულს მიაღწია (900-960oC), რომ ვერცხლმა დნობა დაიწყო. რადგან სუდარა დაკეცილი იყო, გამდნარმა ვერცხლმა კუთხეები ამოწვა, რის შედეგადაც ქსოვილზე დარჩა სიმეტრიული ლაქები. საფუძვლიანი ვარაუდით, ხანძრები სპეციალურად, სიწმინდის განადგურების მიზნით იყო მოწყობილი, თუმცა დაზიანებები თავად გამოსახულებას არ შეხებია.

გადმოცემის თანახმად, სუდარა თავდაპირველად პეტრე მოციქულთან ინახებოდა, შემდგომ კი გადაეცემოდა მოციქულიდან მოციქულს. ქრისტიანების დევნის დროს სუდარას მალავდნენ, რადგან იუდეველები და რომაელები ქრისტიანული რელიქვიების განადგურებას ცდილობდნენ. ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადების შემდეგ (IV საუკუნე) სუდარა კონსტანტინოპოლში, ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ბაზილიკაში დააბრძანეს.

ხატმებრძოლთა პერიოდში სუდარა იერუსალიმში გადაიტანეს, შემდგომში კი კვლავ კონსტანტინოპოლში დააბრუნეს, სადაც საგანგებო დღეებში გამოჰქონდათ ხალხის წინაშე.

ჯვაროსნების მიერ კონსტანტინოპოლის აღების და გაძარცვის შემდეგ სუდარა ევროპაში აღმოჩნდა (1353 წელი). იგი ჯერ საფრანგეთში, პარიზთან ახლოს ინახებოდა, შემდგომში კი იტალიაში, ქ. ტურინის იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში გადაიტანეს, სადაც ის დღემდეა დაბრძანებული. სუდარის სანდოობაში, რა თქმა უნდა, ეჭვი ბევრს შეჰქონდა. იმის დასამტკიცებლად, რომ გამოსახულება სუდარაზე არ იყო დახატული, 1508 წელს ის დიდხანს ადუღეს ზეთში, შემდეგ მოედანზე გაიტანეს და ხალხის თანდასწრებით გარეცხეს და გახეხეს. მიუხედავად ამისა, ადამიანის სხეულის ანაბეჭდები სუდარაზე არ გამქრალა.

1898 წლის 26 მაისს, პარიზში გამართულ რელიგიური ხელოვნების გამოფენასთან დაკავშირებით, სუდარა ხალხის წინაშე გამოასვენეს. იტალიელმა არქეოლოგმა, ადვოკატმა და მოყვარულმა ფოტოგრაფმა სეკონდო პიამ სუდარას 50×60 სმ. ზომის პირველი ფოტო გადაუღო. ფირების გამჟღავნების შემდეგ კი წარმოუდგენელი რამ მოხდა: ფოტოგრაფიულ ნეგატივზე აღიბეჭდა ადამიანის პოზიტიური გამოსახულება. ეს იყო უდიდესი აღმოჩენა. სუდარაზე აღბეჭდილია მაცხოვრის გამოსახულების ნეგატივი, რომელიც არსებობდა 19 საუკუნით ადრე ფოტოგრაფიის გამოგონებამდე! ამ სურათის გამო სკეპტიკოსები პიას ფირების გაყალბებაში სდებდნენ ბრალს, ზოგს ეს უბრალო სასწაული ეგონა, ზოგს კი ფირფიტის დაზიანების შედეგი. მოგვიანებით ანატომ-პათოლოგმა ივეს დელაგმა უცნაური ნეგატივები გამოიკვლია და დაადგინა, რომ ნამდვილად სხეულის ანაბეჭდთან ჰქონდა საქმე. მეცნიერი ირწმუნებოდა, რომ ეს მაცხოვრის ჯვარცმული სხეულია, მაგრამ მოსაზრება ცრურწმენაში ჩაუთვალეს და ნაშრომი არ გამოუქვეყნეს.

1931 წლის 3 მაისს ფოტოგრაფმა ჯუზეპე ენრიმ მეორედ გადაუღო ფოტო სუდარას. მეცნიერების გასაკვირად ნეგატივზე კვლავ აისახა სხეულის ანაბეჭდი. იმ დროისთვის ევროპის მრავალ ეკლესიაში ინახებოდა სუდარები ადამიანის სხეულის გამოსახულებით. ენრიმ მათაც გადაუღო სურათები, მაგრამ ნეგატივებზე გადასული გამოსახულება არ იკითხებოდა.“

რა სახის მეცნიერული კვლევები ჩატარდა ტურინის სუდარაზე და როგორი იყო დასკვნები?

1978 წელს ვატიკანმა ოფიციალური თანხმობა განაცხადა, მომხდარიყო სუდარისა და მასზე აღბეჭდილი გამოსახულების მეცნიერული ანალიზი.

აღმოჩნდა, რომ ეს არის ძალიან ძველი და განსაკუთრებულად ნაქსოვი ტილო, ე.წ. “დამასკო”, რომელიც მზადდებოდა მხოლოდ ძველი წელთაღრიცხვის II საუკუნიდან ახალი წელთაღრიცხვის I საუკუნემდე; შემდგომში მისი დამზადების ტექნოლოგიის საიდუმლო დაიკარგა. უფრო ადრეულ ან გვიანდელ საუკუნეებში მსგავსი ტიპის ქსოვილის ნიმუშები ცნობილი არაა. იგი პალესტინელებისათვის დამახასიათებელი წესითაა დამზადებული. ძაფი თითისტარზეა დახვეული და ძველი წესისამებრ გათეთრებული. ნაქსოვია ნაძვისებურად, მის ბოჭკოებში შეინიშნება ბამბა. დოქტორმა რაესმა გამოიკვლია ბოჭკოებში შემავალი ბამბის წარმომავლობა და მისი თქმით, ქსოვილის ბოჭკოებში ბამბის აღმოჩენა კიდევ ერთხელ ადასტურებს თეორიას სუდარის ახლოაღმოსავლურ წარმოშობაზე, რადგან IX საუკუნემდე ევროპელები ბამბის ქსოვილს არ იცნობდნენ.

სუდარის ასაკზე მიუთითებს მონეტები, რომელიც 1931 წელს ფრენცის ფილასმა სუდარაზე აღბეჭდილი ადამიანის თვალების არეში დააფიქსირა. ებრაული ტრადიციის მიხედვით, მიცვალებულს თვალებზე ადებდნენ მონეტებს, რათა არ გახელოდა. მონეტები მოჭრილია იუდეის პრეფექტის, პონტოელი პილატეს დროს 29-30 ან 30-31 წლებში და ამიტომ მათ „პილატეს წვლილს“ უწოდებენ. მონეტებზე წარწერებში დაშვებულია გრამატიკული შეცდომები. სიტყვებში „ტიბერიუსი“ და „იმპერატორი“ ლათინური და ბერძნული ასოებია არეული. თავდაპირველად მეცნიერებს ეს აბსურდი ეგონათ, მაგრამ მოგვიანებით კერძო კოლექციებში მოძიებულ მონეტებზეც იგივე შეცდომები იპოვეს. მეცნიერების აზრით, ამის მიზეზი ისაა, რომ მონეტების უმრავლესობა იჭრებოდა პროვინციებში და საკმაოდ დაბალი ხარისხის იყო. 1979 წელს არქეოლოგიური გათხრებისას ერთ-ერთ ებრაულ საფლავში თავის ქალაში 44-45 წლებში მოჭრილი ორი მონეტა იპოვეს იგივე გრამატიკული შეცდომებით, რამაც ტურინის სუდარის სინამდვილის არგუმენტები კიდევ უფრო გაამყარა.

მიუხედავად ამისა, კამათი ქსოვილის ასაკთან დაკავშირებით მაინც გრძელდებოდა. 1987 წელს რომის პაპმა იოანე-პავლე II-მ ქსოვილის ასაკის დასადგენად მეცნიერებს ნება დართო, სუდარიდან მცირე ნაწილი მოეჭრათ. სუდარისათვის მიყენებული ზიანის მინიმუმამდე დასაყვანად, ქსოვილის ნიმუშები აღებულ იქნა მარცხენა კუთხის ვიწრო ზოლიდან (15X80მმ). 1988 წელს აღებული ნიმუში გაიყო სამ ნაწილად; კვლევები მიმდინარეობდა ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, მსოფლიოს სამ ქვეყანაში: არიზონას უნივერსიტეტი (აშშ), ოქსფორდის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი) და ციურიხის ფედერალური პოლიტექნიკური ინსტიტუტი (შვეიცარია). ქსოვილის ასაკის დასადგენად ჩატარდა რადიო-იზოტოპური ანალიზი. გამოკველვამ დაადგინა სუდარის ასაკი – დაახლ. XIII-XIV სს. ამ შედეგებმა ურწმუნოებში მითქმა-მოთქმა გამოიწვია, მაგრამ, ბევრმა მეცნიერმა გამოთქვა მოსაზრება, რომელიც შემდგომში მართლაც დადასტურდა: სუდარიდან ნიმუშები აღებული იყო შუა საუკუნეებში დაზიანებული ფრაგმენტიდან. იგივე დაადასტურა წამყვანმა ამერიკელმა მეცნიერმა რ. როჯერსმა თავის ცნობილ კვლევებში, შუა საუკუნეებში სუდარა რამოდენიმეჯერ არის აღდგენილი, რაც კარგად ჩანს ფოტოებზე; სუდარა 3-ჯერ მოხვდა ხანძარში და დამუშავდა მცენარეული ზეთით. სწორედ ამ ნივთიერებათა კვალმა გამოიწვია ქსოვილის ”გაახალგაზრდავება”. აღსანიშნავია ისიც, თუ რამდენად ზუსტია თავად რადიო-იზოტოპური ანალიზი, როგორც დათარიღების მეთოდი. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე არქეოლოგიაში დათარიღების ეს მეთოდი დღემდე შეუცვლელია, უახლესი კვლევების საფუძველზე მსოფლიოს მოწინავე მეცნიერებს ეჭვი შეაქვთ ამ მეთოდის სანდოობაში.

თანამედროვე მონაცამებით სუდარის ასაკი ყველა მაჩვენებლების მიხედვით დაახლოებით 2000 წლით განისაზღვრება.

გვესაუბრეთ ტურინის სუდარის ეთნიკური წარმომავლობის შესახებ…

ტურინის სუდარაზე აღბეჭდილი ადამიანის სხეულის ანაბეჭდის სიმაღლე დაახლოებით 178-80 სმ-ია, წონა 75-80 კგ, ასაკი 30-45 წელი. ეს მონაცემები მიახლოებითია, რადგან მაცხოვარს ფეხები მოკეცილი ჰქონდა მუხლებში, თავი კი ქვის შემაღლებულ ბალიშზე ედო. ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი, კარლტონ კუნი აღწერს ეთნიკურ წარმომავლობას: ქრისტეს სახე-პოზიტივი,ნეგატივი “გარდაცვლილი ეკუთვნის მკვეთრად გამოხატულ სემიტურ ტიპს, თმა გრძელია, წვერი მოკლე, ორივე შუაზეა გაყოფილი. ასეთი ვარცხნილობა ახასიათებდათ ანტიკური დროის ებრაელებს.”

2008 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორებმა ქრისტოფერ რამსის ხელმძღვანელობით სუდარა სხვა მიმართულებით გამოიკვლიეს, კერძოდ, შეისწავლეს ადამიანის სისხლის ლაქები და აღმოაჩინეს მისი კომპონენტები:

ჰემოგლობინი, ალბუმინი (სისხლის შემადგენლობაში შემავალი ცილოვანი ნივთიერებები) და ბილირუბინი (სისხლის შემადგენლობაში შემავალი პიგმენტი). დადგინდა, რომ სუდარაზე აღმოჩენილი სისხლის ლაქები ნამდვილად ადამიანისაა. ალბუმინის მომატებული რაოდენობა მიუთითებს, რომ ადამიანი გარდაიცვალა უაღრესად სტრესულ მდგომარეობაში, წამებისას. ლეიკოციტებში ქრომოსომათა განლაგებით განისაზღვრა მამრობითი სქესი და კიდევ ერთხელ დადასტურდა ინფორმაცია სისხლის ჯგუფის შესახებ – მე-4 ჯგუფი უარყოფითი რეზუსით.

ესპანეთის ქალაქ ოვიედოში, წმინდა სალვადორის ტაძარში, ინახება ასევე უდიდესი სიწმინდე – ნაჭერი, რომელიც ჯვრიდან ახლადგარდამოხსნილ მაცხოვარს სახეზე დააფარეს. თავის მხრივ, ეს სიწმინდე წარმოადგენს სელის ქსოვილის ფრაგმენტს, ზომით 84X53 სმ, მასზე შერჩენილი სისხლისა და ლიმფის შემადგენლობა, ჯგუფი, ასევე დნმ-ის ნიმუში ზუსტად ემთხვევა სუდარიდან აღებულ ნიმუშებს.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, მაცხოვრის სუდარაზე ჩატარებულმა იგივე გამოკვლევებმა ცხადყო, რომ სისხლისა და სითხის ლაქები ქსოვილზე გაჩნდა უფრო ადრე, ვიდრე თავად მაცხოვრის გამოსახულება.

ქალბატონო ნინო, როგორ იკითხება ტურინის სუდარაზე მაცხოვრის წამების კვალი?

ტურინის სუდარაზე ჩატარებული თანამედროვე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის კვლევები უფრო დეტალურად აღწერენ მაცხოვრის ტანჯვას გოლგოთიდან ჯვარცმის ჩათვლით, ვიდრე ეს სახარებებშია აღწერილი. სუდარაზე აღბეჭდილ სხეულზე ნათლად ჩანს მათრახებით ცემის კვალი, რომელთა ღვედებსაც ბოლოებში სიმძიმეები, სავარაუდოდ ტყვიის ორმაგი ბურთულები ჰქონდათ დამაგრებული. ასეთი მათრახები რომაული წარმოშობისაა, მას „ფლაგრუმს“ უწოდებენ და მშრალი ტყავის ღვედებისაგან აკეთებდნენ. ბიოლოგმა პოლ ჯოზეფ ვინიონმა სუდარის შესწავლისას აღადგინა ეს მათრახები. ისინი ერთმანეთისაგან 3 სმ-ით დაშორებულ 2-3 წვრილი ღვედისაგან შედგებოდა და მოკლე ტარზე იყო მიმაგრებული. ჯარისკაცები უფალს სცემდნენ 3 სახის მათრახით. სუდარაზე აღბეჭდილია მთელი სიძლიერით მიყენებული 98-100 დარტყმა. აქედან 59 მიყენებულია სამწვერა მათრახით, 18 – ორწვერიანით და 21 – ერთწვერა მათრახით. ებრაელთა კანონის მიხედვით მათრახების დარტყმის რაოდენობა არ უნდა გასცილებოდა 39-ს. ამ ზღვარს არ იცნობდნენ რომაელები, რადგანაც გვემა ყოველთვის წინ უსწრებდა ჯვარცმას, ისინი არ თვლიდნენ საჭიროდ სასიკვდილოდ განწირული ადამიანის დაზოგვას. მაცხოვრის ჭრილობათა ფორმა გავს ციფრ 8-ს, ვინაიდან კანი მათრახის ორმაგი ბურთულებისაგან იყო დაგლეჯილი. დარტყმები ყველაზე მეტად ემჩნევა მხრებს, ზურგს და წელს. მკერდი შედარებით დაფარული იყო, რადგანაც დასჯილს აშიშვლებდნენ და 70-სმ სიმაღლის სვეტზე ხელებით აბამდნენ. ამასთანავე, დარტყმები ისეთი ძლიერი იყო, რომ გულის მხარეს შეგნებულად არ ურტყამდნენ, რათა პატიმარს გული არ გახეთქოდა. ღვედები გვემის დროს გარს ერტყმოდნენ წვივებს, განსაკუთრებით მარცხენა ფეხისას. ისიც კი არის დადასტურებული, რომ ერთი ჯალათი მაღალი იყო, მეორე დაბალი და მარცხნივ და მარჯვნივ იდგნენ.

სუდარაზე სახის ანაბეჭდები ატარებენ გაწნული სილებისა და შემოკრული მუშტების კვალს.

წმ. სუდარა გვიდასტურებს მაცხოვრის გოლგოთის გზაზე მსვლელობასაც, რასაც მოწმობს დაცემის შედეგად მიღებული დაზიანებების კვალი. მარცხენა მუხლი გადაფლეთილია არაერთი წაქცევისაგან; დაცემის შედეგად ჯვარი ძლიერ ტრამვას აყენებდა მარცხენა ბეჭს, ცხვირისა და მუხლების არეში დაღვრილ სისხლს მტვერი აქვს შერეული. საბოლოო ანალიზებმა აჩვენეს, რომ ეს მტვერი ერთნაირი სახეობისაა. უფალს გამსკდარი ჰქონდა წარბი, მარჯვენა ქუთუთო – გახეული, ცხვირი და მარჯვენა ლოყა – ძლიერ გასიებული. დარტყმები მიყენებულია სავარაუდოდ 4-5 სმ სისქის ჯოხით. სუდარაზე აღბეჭდილი თავი დაფარულია სისხლის ნაკადით. მაცხოვარს თავზე ეკლის გვირგვინი ედგა, რომელსაც ჰქონდა არა მხოლოდ ჰორიზონტალური სალტის, არამედ ქუდის, გვირგვინის ფორმა, რაც აღმოსავლეთში ძალაუფლების სიმბოლოს წარმოადგენდა. ყოველი დარტყმის შედეგად გვირგვინის ეკლები სულ უფრო ღრმად ერჭობოდა თავში.

რაც შეეხება განმსჭვალვის ადგილებს, ისინი შეისწავლა სამხედრო ქირურგმა პიერ ბარბემ – იგი ათეისტი იყო და სუდარაზე ჩატარებული კვლევების შემდეგ ირწმუნა ღმერთის არსებობა. რომაელმა ჯარისკაცებმა გამოცდილებით იცოდნენ, თუ რა ადგილას უნდა მოეხვედრებინათ სამსჭვალი, რომ სხეული ჯვარზე დიდხანს გაჩერებულიყო; კერძოდ, მაჯის სახსრის ორ დიდ ძვალს შორის, რაც თავისთავად აუტანელ ტკივილთან იყო დაკავშირებული. მაცხოვრის მაჯიდან სისხლი ორი კუთხით მოედინებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯვარცმული მდგომარეობას იცვლიდა. სუდარაზე აღბეჭდილ მაცხოვარს ორივე ცერა თითი აქვს მოკეცილი – როცა სამსჭვალით მაჯა იხვრიტება, ზიანდება მაჯაში გამავალი ცენტრალური ნერვი და ცერა თითი აღარ იშლება; ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ სუდარაზე აღბეჭდილ გამოსახულებაზე მხოლოდ 4 თითის ფალანგაა გამოსახული.

რამდენად შესაძლებელია ტურინის სუდარის მიხედვით მაცხოვრის გარდაცვალების მიზეზზე საუბარი?

მაცხოვრის გარდაცვალების შესახებ არსებობს ორი თეორია: ასფიქსია და გულის გაჩერება სისხლის წნევის უეცარი დავარდნით. სუდარაზე ჩანს, რომ უფალს ორივე მხარი აქვს გახეხილი ე.ი რაღაც საგანს ეხახუნებოდა ხანგრძლივად. სისხლის ნაკადი ორი მიმართულებით ჩამოედინებოდა მაჯებიდან, იმიტომ, რომ ხელი ტრიალებდა სამსჭვალის გარშემო. ყოველივე ამის გათვალისწინებით, უფრო სარწმუნოა ვერსია, რომლის მიხედვითაც მაცხოვარი გარდაიცვალა ფილტვების მოქმედების უკმარისობით, რამაც ასფიქსია გამოიწვია.

ჯვარცმულის სიკვდილის დასაჩქარებლად პრაქტიკაში მიღებული იყო წვივების გადამტვრევა. ჯარისკაცებმა წვივები გადაუმტვრიეს ორ ავაზაკს. „ხოლო მო-რაი-ვიდეს იესუისა და იხილეს იგი, რამეთუ მომკვდარი იყო, არა განუტეხნეს წვივნი მისნი“ (იოანე 19. 33). ერთ-ერთმა ჯარისკაცმა მარჯვენა გვერდში ლახვარი უგმირა მაცხოვარს „…და მეყვსეულად გარდამოხდა სისხლი და წყალი“ (იოანე 19. 34). მეცხრამეტე საუკუნის ათეისტი კრიტიკოსები (შტრაუსი, ბაუერი, შლეიერმახელი) უარყოფდნენ იოანე მოციქულის ამ მოწმობას. ამტკიცებდნენ, რომ სისხლი გვამში რჩება თხევად მდგომარეობაში არა უმეტეს 1 საათისა. მათი აზრით წყალი გამოეყოფა სისხლს მხოლოდ გვამის სრული გახრწნის შემდეგ ან იმ შემთხვევაში, როცა სიკვდილი გამოწვეულია ტიფით ან წყალმანკით. ეს მოსაზრება გააბათილა დოქტორმა ბარბემ, მისი დასკვნა ასეთია: შუბმა გაიარა მეექვსე ნეკნი, განგმირა მეხუთე ნეკნთაშორისი პლევრა და ფილტვი, შემდეგ პერიკარდიუმი, რომელშიც გული ისეა მოთავსებული, როგორც პარკში, და უწია მარჯვენა წინაგულს. სიკვდილის შემდეგ სისხლი გროვდება წინაგულში. თუ შუბით განგმირვა მოხდებოდა მარცხენა მხრიდან, მაშინ შუბი გაივლიდა ფილტვებში, ის შეიკუმშებოდა და აღარ მისცემდა სისხლს გამოდენის საშუალებას. ტურინი, წმ.იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესიასისხლი გულიდან გამოვიდა პერიკარდიალურ სითხესთან ერთად ფილტვის ღრუს მეშვეობით, რომელიც სხეულში ღიად მოჩანს. ყოველივე ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს სახარებისეულ მონათხრობს.

სასამართლო ექსპერტ-მედიკოსები მივიდნენ დასკვნამდე, რომ გარდაცვალების შემდგომი პროცესების კვალი შეწყდა დაახლოებით 40 საათის შემდეგ, ეს კი მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომის ზუსტ თარიღს ნიშნავს, სახარებისეული მონათხრობის მეცნიერულად გადამოწმებულ დადასტურებას (სამი დღის საათობრივი ჯამი 36 საათს შეადგენს). კრიმინალისტებისა და მედიკოსების ყურადღება იმ ფაქტმა მიიპყრო, რომ მკვდრეთით აღდგომილმა მაცხოვარმა სუდარა იმგვარად დატოვა, რომ არ შეჰხებია მასზე გადასულ სისხლის ლაქებსა და პერიკარდიალურ სითხეს. სავარაუდოდ, იგი სუდარიდან გავიდა ისევე, როგორც გაიარა ჩაკეტილ კარს მიღმა, როცა თავის მოწაფეებს გამოეცხადა, ხოლო საფლავის ქვა გადაგორებული იყო არა თავად მაცხოვრისათვის, არამედ მის სანახავად მისული მენელსაცხებლე დედებისა და მოწაფეებისათვის.

რა დასკნები გაკეთდა სუდარის მიკროსკოპული ანალიზის შედეგად?

1973 წელს შვეიცარელმა კრიმინოლოგმა მაქს ფრეიმ ლაბორატორიული ანალიზისათვის სუდარიდან მტვერი აიღო. წმინდა სუდარაზე აღმოჩნდა დაახლოებით 49 მცენარის თესლი. ფრეიმ შვიდჯერ იმოგზაურა ახლო აღმოსავლეთში და 1978 წელს დაადგინა, რომ შემორჩენილი თესლებიდან 13 ეკუთვნის ენდემურ მცენარეს, რომლებიც მხოლოდ სამხრეთ პალესტინაში იზრდება, მკვდარი ზღვის უდაბნოს აუზში, იერუსალიმთან ახლოს. აღნიშნული მცენარეები ყვავილობენ მარტსა და აპრილში, ეს კი ზუსტად აღდგომის პერიოდს ემთხვევა. რამდენიმე სახეობა ეკუთვნის ისეთ მცენარეებს, რომლებიც სხვადასხვა ადგილას, მათ შორის ევროპაშიც იზრდებიან. დოქტორ ფრეის აზრით, სუდარამ „მოიარა“ ძველი პალესტინა, ასევე ძველი ქალაქები ედესი და კონსტანტინოპოლი. 1995 წელს ზემოთქმული დაადასტურა იერუსალიმის უნივერსიტეტის პროფესორმა, ბოტანიკოსმა კოსმა დენინმა.

1993 წელს ეთნოლოგმა რებეკა ჯეკსონმა გააკეთა სენსაციური განცხადება, რომ ტურინის სუდარად გამოყენებულია ტილო, რომელიც თავდაპირველად იყო გადაფარებული იმ მაგიდაზე, სადაც საიდუმლო სერობა გაიმართა. იუდეველები პასექისათვის იყენებენ მხოლოდ ახალ სუფრას. რებეკა ჯეკსონის აზრით იოსებ არიმათიელი იყო წევრი ოფიციალური ებრაული დამკრძალავი საზოგადოების (Chevan Kidusha) და ამ გზით მას შეეძლო ფორმალურად მოეთხოვა უფლის სხეული პილატესაგან; მას არ ჰქონდათ საკმარისი დრო, რათა მზის ჩასვლამდე ებრაული კანონების შესაბამისი ტილო მოეპოვებინა, რომელიც მაცხოვრის სხეულის გასახვევად გამოდგებოდა; ამიტომ გამოიყენა სუფრა, რომელიც საიდუმლო სერობისას მაგიდაზე იყო გადაფარებული. საგულისხმოა, რომ სუდარა, ერთი მხრივ, ყველა იმ მოთხოვნას აკმაყოფილებს, რაც ებრაული დასაფლავების რიტუალისათვისაა საჭირო, მეორე მხრივ კი მას აქვს ისეთი ზომა, რაც პასექის დღესასწაულზე 13 ადამიანზე გაშლილ მაგიდაზე მისი სუფრად გამოყენების საშუალებას იძლეოდა.

თუ შეიძლება, მოგვიყევით სუდარაზე სამგანზომილებიანი გამოსახულების შესახებ…

მეცნიერებისთვის უმთავრეს გამოცანად რჩება სუდარაზე ქრისტეს სამგანზომილებიანი გამოსახულების არსებობა. თანამედროვე ფიზიკისთვის უცნობმა გამოსხივებამ, რომელიც წამის მემილიონედის განმავლობაში გრძელდებოდა, სუდარაზე დატოვა უზუსტესი ფოტოგრაფიული გამოსახულება, რომლის სისქე დაახლოებით 10 მიკრონია. 1978 წლის ცნობილი გამოკვლევებისას მეცნიერებმა გამოთქვეს აზრი, რომ ანაბეჭდები სუდარაზე გადავიდა თერმობირთვული აფეთქების მსგავსად მომხდარი ზემძლავრი განათების შედეგად, რომელიც თან ახლდა მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომას. ამგვარ მოვლენას ადგილი ჰქონდა ხიროსიმასა და ნაგასაკიში, სადაც ატომური ბომბის აფეთქების შედეგად შენობებზე დაფიქსირდა ე.წ. “მუდმივი ჩრდილები”. რუსეთის და ევროპის წამყვანმა მეცნიერებმა ვარაუდი გამოთქვეს, რომ გამოსახულება წარმოიქმნა მძლავრი სპეციფიური გამოსხივების შედეგად. შემდგომმა კვლევებმა დაამტკიცეს, რომ გამოსხივება არ ემორჩილებოდა ჩვენთვის ცნობილ ფიზიკის კანონებს. ცნობილმა რუსმა ფიზიკოსმა ა. ბელიაკოვმა დაამუშავა თეორია, რომელსაც ”ცეცხლოვანი სხეულის თეორია” ეწოდა: აღდგომის მომენტში ქრისტეს სხეული სინათლედ გარდაისახა და ქსოვილზე აღიბეჭდა გამოსახულება ისე, რომ მიმხმარი სისხლის და სხვა გვამური სითხეების ლაქები უვნებლად დატოვა (სუდარისა და სხეულის განცალკევების შემთხვევაში აუცილებლად დარჩებოდა ნაკვალევი). ქრისტეს სხეული სუდარიდან სინათლის სახით გავიდა! მეცნიერები ამ ცეცხლოვან ნათებას უკავშირებენ მაცხოვრის საფლავზე გარდამომავალ ღვთაებრივ ცეცხლს. არგუმენტად მოაქვთ ის ფაქტი, რომ ღვთაებრივი ცეცხლი თავდაპირველად იწვევს მხოლოდ პატრუქის წვას და არ ემორჩილება ფიზიკის კანონებს. ცეცხლოვანი სხეულის თეორია ხსნის არა მარტო მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომის საიდუმლოს, არამედ პასუხს სცემს სუდარის ასაკთან დაკავშირებით დასმულ მთავარ შეკითხვასაც – საუბარია რადიოიზოტოპური ანალიზით ჩატარებულ კვლევაზე, რომელმაც სუდარის მცდარი ასაკი (XIII-XIV საუკუნე) განსაზღვრა: მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვრის სხეულის ნათებამ თავისთავად დიდი გავლენა იქონია სუდარის ქსოვილის ატომურ შემადგენლობაზე, რამაც გამოიწვია მასში ნახშირბადის რადიოაქტიური იზოტოპის C14-ის კონცენტრაციის ისეთ ნიშნულამდე მატება, რაც ანომალურია პირველი საუკუნით დათარიღებული ქსოვილისათვის.

გასათვალისწინებელია, რომ მეცნიერებს უხდებათ შეისწავლონ ისეთი მოვლენები, რომელთა გამეორებაც არ შეუძლიათ თავიანთ ლაბორატორიებში. ერთი სხეულებრივი ფორმიდან მეორეში გადასვლა მიმდინარეობს ისეთი ატომურ-მოლეკულური პროცესებით, რომლებიც სცილდება ფიზიკის ჩვენთვის ცნობილ კანონებს, მაგრამ თავად ფაქტი მაცხოვრის აღდგომისა უდავოა!

მნიშვნელოვანია, რომ ტურინის სუდარის ერთი ზუსტი ასლი ინახება საქართველოში, კერძოდ ახალქალაქში. იგი საგანგებოდ აშენებულ ეკვდერშია დაბრძანებული. „ამბიონი“ საქართველოში არსებული უდიდესი ქრისტიანული რელიქვიის ასლის შესახებ თემის გაგრძელებას შემოგთავაზებთ.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი