მთავარი » საზოგადოება

ტრეფიკინგი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 29.01.2010 10 კომენტარი | 19,143 ნახვა

ადამიანებით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) – თეთრი მონობა ოცდამეერთე საუკუნეში

ტრეფიკინგიტრეფიკინგი ადამიანების უფლებების სერიოზული დარღვევაა, რომელიც მსხვერპლს დიდ სულიერ და ფიზიკურ ზიანს აყენებს. ზიანი ხშირად ისეთი მძიმეა, რომ სამედიცინო ჩარევის შემთხვევაშიც კი ვერ ხდება მსხვერპლის ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობის სრულად აღდგენა. ტრეფიკინგის დანაშაული სხვადასხვა ეტაპებისგან შედგება.

პირველი ეტაპი არის გადაბირება – მოტყუებით ან ძალისმიერი გზით.
მეორე ეტაპს წარმოადგენს გადაყვანა – კანონიერად თუ უკანონოდ საზღვრების კვეთა ან ქვეყნის ფარგლებში გადაადგილება.
მესამე ეტაპი კი ექსპლუატაციაა – ადამიანების მოვაჭრის მიერ მსხვერპლის გამოყენება ან გაყიდვა ფინანსური სარგებელის მიღების მიზნით.

ხათუნა ჭითანავა (“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ტრეფიკინგთან ბრძოლის პროექტის კოორდინატორი): “გადაბირება – ადამიანებით ვაჭრობა ხშირ შემთხვევაში მიმზიდველი შეპირებებით იწყება, რომლებიც პოტენციური მსხვერპლის მახეში გასაბმელად გამოიყენება. გადამბირებელს საუბარი კარგად შეუძლია, რათა დაარწმუნოს ეს ადამიანი.

მსხვერპლის ტრანსპორტირება და საზღვარზე გადაყვანა – მსხვერპლის ერთი ადგილიდან მეორეზე გადაყვანა ადამიანებით ვაჭრობის ერთ-ერთი კომპონენტია. თუმცა, იშვიათად ტრეფიკინგი თვით ქვეყნის შიგნითაც ხორციელდება. მსხვერპლი ან მსხვერპლთა ჯგუფი გადაჰყავთ ერთიან ან რამდენიმე ქვეყნის საზღვრის გავლით. საქართველოს რეალობაში მსხვერპლი თურქეთში კანონიერი გზით გადაჰყავთ, თუმცა საბოლოო დანიშნულების ადგილი თურქეთი არ არის, მსხვერპლს მალავენ ავტომანქანის ან ავტობუსის საბარგულებსა და სათავსოებში, ან ღამით უკანონოდ ფეხით აკვეთინებენ საზღვარს. ხშირია შემთხვევები, როდესაც მსხვერპლი ტრანსპორტირებისას უჰაერობის, სიცივის ან უწყლობის გამო იღუპება.

მსხვერპლის დანიშნულების ქვეყანაში ჩაყვანისას იწყება შემდეგი ეტაპი: მსხვერპლის კონტროლი და ექსპლუატაცია – ადამიანს ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე აიძულებენ, რაღაცა ტიპის სამუშაო შეასრულოს. საქმე გვაქვს შრომით ტრეფიკინგთან, როდესაც ადამიანებს ძალით ამუშავებენ. ამის მსხვერპლი არიან, როგორც კაცები და ქალები, ასევე ბავშვებიც. ასევე არის სექსუალური ტრეფიკინგი, როდესაც ადამიანებს აიძულებენ სექსუალური მომსახურება გაუწიონ კლიენტებს”.

ტრეფიკინგის მსხვერპლს შეზღუდული აქვს გადაადგილებისა და ახლობლებთან კონტაქტის უფლება. ასევე ანაზღაურებას არ აძლევენ. ამას ემატება ცემა, დამცირება და ცუდ პირობებში ყოფნა. რა თქმა უნდა, ეს ადამიანების უფლებების დარღვევაა. ტრეფიკინგი მათხოვრობაშიც არის, ამ ადამიანებზე ხდება ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზემოქმედება.

ხათუნა ჭითანავა: “ტრეფიკინგის მსხვერპლის მათხოვრობასთან დაკავშირებით ერთი ასეთი ამბავია ცნობილი, რომელიც საქართველოში არ მომხდარა. ქალბატონი უცხოეთში გაემგზავრა სამუშაოდ, იცოდა, რომ ვიღაცისთვის უნდა მოევლო და ამიტომ შვილებიც თან წაიყვანა. იგი ტრეფიკიორების ხელში მოხვდა, რომლებიც მათხოვრობით იყვნენ დაკავებულნი. მათ ამ ქალის მათხოვრობაში ჩაბმა გადაწყვიტეს. კარგი შემოსავალი რომ მოეტანა ამ ქალს, მის უმცროს შვილს ორივე ფეხი გადატეხეს და ინვალიდის ეტლში ჩასვეს. ეს ქალი რომ არ გაქცეულიყო, მისი მეორე შვილი მძევლად ჰყავდათ დატოვებული. ამ გზით აიძულებდნენ მათხოვრობას”.

ადამიანებით მოვაჭრენი იძულების მრავალ საშუალებას იყენებენ, რათა აკონტროლონ თავისი მსხვერპლი და განაგრძონ მათი ექსპლუატაცია:

იზოლირება – პირადობის დამადასტურებელი და სამგზავრო დოკუმენტების კონფისკაცია;
იზოლირება – ენობრივი და სოციალური ბარიერები;
მუქარა, დაშინება და სხვა ძალისმიერი მეთოდები.

ადამიანმა, რომელიც საზღვარგარეთ წასვლას აპირებს, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, დაიცვას უსაფრთხოების ზომები, ბრმად არ ენდოს ნებისმიერ ტურისტულ და დასაქმების სააგენტოს, რომლებიც უცხოეთში მუშაობას სთავაზობს.

ხათუნა ჭითანავა: “აუცილებლად გადაამოწმეთ მსხვერპლის საიმედოობა, რომელთან თანამშრომლობასაც აპირებთ. გადაამოწმეთ, ეს ფირმა რეგისტრირებულია თუ არა საქართველოში, ვინ არიან მისი დამფუძნებლები, რამდენი წელია, რაც ფუნქციონირებს და ა.შ. აღნიშნული ინფორმაციის მოპოვება ნებადართული და საჯაროა. იმ შემთხვევაში, თუ გამგზავრებას კერძო პირი გთავაზობთ, მოითხოვეთ კონტრაქტი, რომელიც აუცილებლად თქვენთვის გასაგებ ენაზე უნდა იყოს შედგენილი. აუცილებლად გაანდეთ თქვენი გადაწყვეტილება ოჯახის წევრებს. ყოფილა შემთხვევა, როცა ადამიანი გაუჩინარებულა. უცხო ქვეყანაში წასვლის წინ უნდა გაიგოთ, სად არის იქ საქართველოს საელჩო და შეატყობინოთ, რომ იმ ქვეყანაში ჩახვიდით”.

ამბიონი” ტრეფიკინგის მსხვერპლსაც გაესაუბრა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ამჯობინა. იგი საბერძნეთში კერძო პირის დახმარებით აღმოჩნდა.

ტრეფიკინგის მსხვერპლი: “თბილისში ვცხოვრობდი, ვსწავლობდი უნივერსიტეტში, მისი დამთავრების შემდეგ ვერანაირი სამსახური ვერ ვიშოვე, მოსწავლეები კი მყავდა, მაგრამ ჩემს თვით რეალიზებას ვერ ვახდენდი.

ერთხელ ჩემი კარის მეზობელს საბერძნეთში მცხოვრები ძმა ჩამოაუვიდა. ჩვენ ძალიან დაგვიახლოვდა. შემპირდა, რომ საბერძნეთში წამიყვანდა მის მეგობართან, რომელსაც იქ სამშენებლო კომპანია ჰქონდა. რადგან ინგლისური კარგად ვიცოდი, იქ ოფისში უნდა მემუშავა. ერთ თვეში საბუთები გავაკეთე და წავედი, ვიზა საბერძნეთიდან გამომიგზავნეს იმის სახელით, ვისი კომპანიაც იყო.

ჩავედი საბერძნეთში, აღმოჩნდა, რომ ჩემი მეზობლის ძმამ 10000₤ აიღო ამ საქმეში და მე ბორდელში უნდა გავეყიდე. საშინელ სიტუაციაში ჩავვარდი. ვინც ვიზა გამომიგზავნა, მათ ოჯახში მოვხვდი, იმ ადამიანსაც გრძნობები გაუჩნდა ჩემს მიმართ. მას არანაირი კომპანია არ ჰქონდა. თავის მოკვლასაც ვაპირებდი. საქართველოდან ლოცვების წიგნი მქონდა წაღებული და უფალი ძალიან დამეხმარა.

საქართველოში დაბრუნების საშუალებაც არ მქონდა. პასპორტი იქ დაიტოვეს. იძულებული გავხდი იმ ადამიანს ცოლად გავყოლოდი. შევეცოდე და ბორდელში არ გამყიდა. ახლა შვილიც მყავს. აღმოჩნდა, რომ ჩემი ქმარი საშინელი ნარკომანი იყო.

ნევროზი დამემართა, მძიმე მდგომარეობაში ვიყავი. მშობლების დახმარებით თბილისში დავბრუნდი. ვმკურნალობდი, ბავშვიც ჩემთან არის, საბედნიეროდ, ჯანმრთელი შვილი მეყოლა.

სანამ მე ვმკურნალობდი, ბავშვს დედაჩემი ზრდიდა. სრულიად გამოჯანმრთელებული არ ვარ. ის სტრესი ალბათ ბოლომდე გამყვება. შვილი ჩემთან იზრდება, ჩემს მუეღლეს და მის მშობლებს ბავშვზე არანაირი პრეტენზია არ აქვთ”.

თუ როგორია ტრეფიკინგის მსხვერპლის მდგომარეობა, როგორ უნდა ვესაუბროთ მას, ამ კითხვით “ამბიონმა” თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორს, ფსიქოლოგიის მიმართულებით, მაია კალანდარიშვილს მიმართა.

ტრეფიკინგიმაია კალანდარიშვილი: “ტრეფიკინგის მსხვერპლის მდგომარეობა, ბუნებრივია, მძიმე იქნება. მას უნდა ვესაუბროთ, როგორც ავადმყოფს, როგორც დისტრაციის მდგომარეობაში მყოფს. დისტრაცია არის, როდესაც სტრესული სიტუაცია ინტენსიურად გრძელდება. შემდგომ იწყება უკვე დისტრესი, ანუ შეუქცევადი მდგომარეობა, რომელიც მკურნალობის გარეშე არ აღდგება. მას შესაბამისი მკურნალობა სჭირდება.

ტრეფიკინგის მსხვერპლს, პირველ რიგში, ფსიქოლოგიური ტრამვა აქვს მიღებული, გარკვეულწილად ფიზიკურიც. დაზარალებულმა ფსიქოთერაპევტს უნდა მიმართოს. შემდგომ ის განსაზღვრავს, როგორი მკურნალობა ესაჭიროება. იშვიათად ფსიქიატრიული მკურნალობაც სჭირდებათ.

იძულებითი სტრესული მდგომარეობის შემდეგ უნდა მოხდეს ტრამვის მონელება. ამ ადამიანმა ვინმესთან უნდა ისაუბროს. თერაპევტი იმისთვის არის, რომ მოუსმინოს. დაზარალებულისთვის მოსმენა ძალიან ბევრს ნიშნავს. მერე მისგან რჩევასაც ითხოვს.

ტრეფიკინგის შემთხვევაში როგორც კი ეს ყველაფერი დამთავრდება და სიტუაცია შეიცვლება, ხდება ტრამვის მონელება. თუ მსხვერპლი იმ სიტუაციას მოწყვეტილია, სტრესის მონელება მაქსიმუმ ერთ წელიწადში მოხდება”.

ტრეფიკინგის მსხვერპლის უფლებებთან დაკავშირებით “ამბიონმა” იურისტ ნათია ბერიკაშვილსაც მიმართა.

“ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში პირს ეძლევა უფლება, მიმართოს ადამინით ვაჭრობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებას (თავშესაფარს) და ისარგებლოს მისთვის კანონით მინიჭებული უფლებებით.

ისარგებლოს მოსაფიქრებელი ვადით – არანაკლებ 30 დღისა, რათა მიიღოს გადაწყვეტილება, სურს თუ არა ითანამშრომლოს სამართალდამცავ ორგანოებთან შესაბამის დანაშაულზე სისხლის სამართლის პროცესის განხორციელებაში.

მოსაფიქრებელი ვადა აითვლება პირის მიერ ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებისათვის, სამართალდამცავი ორგანოსათვის ან შესაბამისი დაწესებულებისათვის მიმართვის დღიდან.

ტრეფიკინგის მსხვერპლი მოსაფიქრებელი ვადის განმავლობაში თავისუფლდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 371-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან, რომელიც შეეხება მოწმის ან დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმას”.

ტრეფიკინგი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულია და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება. ამ მხრივ გათვალისწინებულია შესაბამისი პასუხისმგებლობა:

“ტრეფიკინგი ეს არის, სისხლის სამართლის დასჯადი დანაშაული. არსებობს პრიმა 1 და 2 მუხლები.
პრიმა-1 მუხლი – სრულწლოვნების ტრეფიკინგს შეეხება, 18 წლიდან ზევით, რომელიც კანონით დასჯადი დანაშაულია. ამ მუხლიში ჩამოყალიბებულია, რომ ტრეფიკინგი არის: გადაბირება, გადაყვანა და ექსპლუატაცია, რომელიც ითვალისწინებს 7-20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, სისხლის სამართლის კოდექსით. ასევე, არის დამამძიმებელი გარემოება, როდესაც ხდება საზღვრის გადაკვეთა, ან ადამიანის სიცოცხლის მძიმე დაზიანება.

რაც შეეხება არასრულწლოვნებს (თვრამედ წლამდე), ეს არის პრიმა-2 მუხლი. ეს ბევრად უფრო მძიმე დანაშაულია. სასჯელი 8 წლიდან იწყება და შეიძლება დანაშაულში ბრალდებულ პირს უვადო პატიმრობაც მიესაჯოს” – განაცხადა “ამბიონთან” საუბრისას “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ტრეფიკინგთან ბრძოლის კოორდინატორმა ხათუნა ჭითანავამ.

სახელმწიფო უზრუნველყოფს და ხელს უწყობს ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა და დაზარალებულთა პატივისა და ღირსების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და უსაფრთხოების სრულ დაცვას; დისკრიმინაციის დაუშვებლობას; სრულყოფილ რეაბილიტაციას; სრულიად ინფორმირებას მათი უფლებების შესახებ, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით.

რაც შეეხება მსხვერპლის აღმოჩენას, ის მას შემდეგ ხდება, როდესაც დაზარალებული მიმართავს პოლიციელს ან რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციას.

საინტერესოა ტრეფიკინგთან დაკავშირებით ეკლესიის მოსაზრება. ადამიანებით ვაჭრობის შესახებ “ამბიონი” სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზს, მამა ამირან ამირანაშვილს ესაუბრა:

“ადამიანებით ვაჭრობა (“ტრეფიკინგი”) – ეს სიტყვა წარმოთქმულიც არ მაქვს. ამიტომ ბევრი ადამიანი ისე წავა ამ ქვეყნიდან, შეიძლება ამ სიტყვის არც მნიშვნელობა და არც მისი შემომტანების აზრი იცოდეს. ვინც შემოიტანა და დაამკვიდრა ეს ტერმინი, სწორედ მათი ხელით დაიწყო ადამიანებით ვაჭრობა, ანუ ფაქტიურად ადამიანს ყიდის.

ტრეფიკინგის მთელი მაფია არის შექმნილი. ეს არის ორგანიზებული, დანაშაულებრივი ბიზნესი, საიდანაც ძალიან ბევრ ფულს შოულობენ.

ყველა მოქალაქეს მივმართავ, რომ უნდა ვიყოთ ფხიზლად. ასჯერ უნდა გავზომოთ და ერთხელ გადავწყვიტოთ. ჩვენ, პირიქით, ასჯერ მოვსინჯავთ რაღაცას და მერე ვიღებთ გადაწყვეტილებებს. მერე ვხდებით ამ ტრეფიკინგის მსხვერპლნი. ასე რომ, ეს თანამედროვე ცხოვრების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, როგორც დიდი ბიზნესი.

იარაღით, ნარკოტიკებითა და ადამიანებით ვაჭრობა – ეს სამი დიდი და უკანონო ბიზნესია. ეს არის თანამედროვეობის სენი, რამდენადაც შეჭირვებულნი არიან ადამიანები, იმდენად იმატებს ეს დანაშაულებანი. გაჭირვებაც ხელოვნურად არის შექმნილი. ასეთი მაქინაციები იმისთვის ხდება, რომ ქვეყანა დააკნინონ.

ჩვენთვის, როგორც მართლმადიდებელი ქვეყნისთვის ეს მიუღებელი და დაუშვებელია. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ტრეფიკინგის გავლენის ქვეშ არ მოვექცეთ”.

ხათუნა ჭითანავა: “მთავრობა, ძალიან კარგად მუშაობს ტრეფიკინგის პრობლემაზე. არსებობს სპეციალური უწყებათა საბჭო, რომელიც ამ საკითხზე მუშაობს. ამ თემასთან დაკავშირებით არის სამოქალაქო გეგმა, რომელშიც გაწერილია, რა უნდა გააკეთოს თითოეულმა სამთავრობო უწყებამ იმისათვის, რომ ადამიანებით ვაჭრობა, ანუ ტრეფიკინგი აღარ იყოს”.

საქართველოში არსებობს ტრეფიკინგთან ბრძოლის ფონდი. “ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” კანონის მიზანია: უზრუნველყოს ადამიანით ვაჭრობის თავიდან აცილება, მის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა, ტრეფიკინგის მსხვერპლთა უფლებების დაცვით. ასევე უზრუნველყოს მათი რეაბილიტაცია. განსაზღვროს ადამიანით ვაჭრობის დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების თავისებურებები.

თეა სულაბერიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

10 კომენტარი »

  • მარიამი says:

    დღეს დღეობით საქართველოში მძიმე ეკონომიკური პირობებისა და გაჭირვების გამო ადამიანები იძულებული ხდებიან მიატოვონ ოჯახები და შედარებით იაფად- არალეგარულად როგორმე მოხვდნენ უცხო ქვეყნებში სამუშაოდ.რასაკვირველია მათ უწირთ მგზავრობის საფასურის შეგროვება, ბევრი სესხს ღებულობს. აქედან გამომდინარე ე.ი. ისევ ძლივს, გაჭირვებით შეგროვილი ფულით იზულებული არიან უფრო იაფ შეთავაზებას დათანხმდნენ, ეს კი ხშირად უბედურებით მთავრდება.ამიტომ როგორღაც ოფიციალური გამგზავრება უნდა გაიოლდეს და თრეფიქინგიც ნაკლები იქნება

  • შაკო says:

    დღეს დღეობით საქართველოში მძიმე ეკონომიკური პირობებისა და გაჭირვების გამო ადამიანები იძულებული ხდებიან მიატოვონ ოჯახები და შედარებით იაფად- არალეგარულად როგორმე მოხვდნენ უცხო ქვეყნებში სამუშაოდ.რასაკვირველია მათ უწირთ მგზავრობის საფასურის შეგროვება, ბევრი სესხს ღებულობს. აქედან გამომდინარე ე.ი. ისევ ძლივს, გაჭირვებით შეგროვილი ფულით იზულებული არიან უფრო იაფ შეთავაზებას დათანხმდნენ, ეს კი ხშირად უბედურებით მთავრდება.ამიტომ როგორღაც ოფიციალური გამგზავრება უნდა გაიოლდეს და თრეფიქინგიც ნაკლები იქნება!!!

  • დათო says:

    მოგესალმებით.მინდა გითხრათ რომ მე თვითონ გავხდი ტრეფიკინგის მსხვერპლი ჩემს მეგობრებთან ერთად.დაუკავშირდით პიროვნებას რომელიც შეგვპირდა რომ დაგვასაქმებდა თურქეთის რესპუბლიკაში.პირობები ისეთი იყო რომ შეიძლებოდა წასვლა და იქ მუშაობა.წავედით, ჩაგვაბარა ერთ თურქს რომელმაც მიგვიყვანა ჩვენს საცხოვრებელ ადგილზე სადაც არანაირი საცხოვრებელი პირობა არ იყო,ანტისანიტარია.მისვლიდან რამდენიმე საათში წაგვიყვანეს სამუშაოდ.მუშაობა დავიწყეთ ღამის პირველ საათზე მთელი ღამე ვიმუშავეთ ისე რომ წყალიც არ დაგვალევინა ვინმემ.შუადღის 12:00 საათზე ისე ვიყავით მოშიებული მუშაობას ვეღარ შევძლებდით მძღოლს ვთხოვეთ რამდენჯერმე და მოგვიტანა პური და ყველი თან გვეუბნებოდა წყალი მიაყოლეთ და მალე დაამთავრებთ ჭამას სამუშაოა გასაგრძელებელიო.გავაგრძელეთ მუშაობა და სახლში დავბრუნდით დღის 14:00 საათზე.სახლში დაბრუნებულებს ჩვენი ნივთები აღარ დაგვხვდა ფული ტელეფონები,ფეხსაცმელები და ტანსაცმელები წაღებული იყო.როდესაც პასუხი მოვთხოვეთ გვითხრეს რომ არ იყო პრობლემა დაგვიბრუნებდნენ,ოღონდ მაშინვე უნდა წავსულიყავით კიდევ ერთი მანქანა იყო დასატვირთი.წავედით ისევ სამუშაოდ იქ რეალურად 1 მანქანის ნაცვლად უფრო მეტი დაგხვდა სამუშაო,როდესაც უარი განვაცხადეთ მუშაობაზე გვიყვიროდნენ და შეურაცყოფას გვაყენებდნენ. მანქანის კაბინაში მძღოლი არ გვსვამდა ზემოთ დაჯექითო,ასე წვალებით თავსხმა წვიმაში სულ სველები და გაყინულები დავბრუნდით სახლში და ,,პატრონს” განვუცხადეთ რომ ჩვენ საქართველოში ვბრუნდებოდით.მოგვიყვანეს იქაური ქართველი რომელმაც გვითხრა რომ ისინი არსად გაგვიშვებდნენ სანამ სამუშაო არ დამთავრდებოდა და იარაღით დაგვემუქრნენ.მეორე დილით მოვიძიეთ თუ რამე გვქონდა დარჩენილი ტანსაცმელი და გამოვიპარეთ.საქართველოში როცა ჩამოვედით დავუკავშირდით ჩვენს ,,დამსაქმებელს” რომელმაც განგვიცხადა რომ მან ამის შესახებ არაფერი იცოდა.მაინტერესებს ვინ გამცემს პასუხს როგორ უნდა დაისაჯოს ეს ადამიანი,მან ფაქტიურად მონებად გაგვყიდა და მე არ შემიძლია იმ სიტუაციის და ჩვენი მდგომარეობის სრულყოფილად აღწერა რაც იქ ჩვენ გადავიტანეთ.თურქს რა უნდა მოვთხოვოთ ქართველი არ გვინდობს.ჩვენ ღვთის წყალობით დავაღწიეთ თავი,მაგრამ რამდენი ადამიანი ეყოლება მას ჩვენამდე გამწარებული და რამდენს გაამწარებს კიდევ.კანონი არსებობს საერთოდ??თურქეთის მოქალაქეს რომ ცუდად შეხედო საქართველოში დაპატიმრება არ აგცდება და თურქეთში კიდე ქართველები მონებად იყიდება.

  • ნათია პიტიურიშვილი says:

    ეკონომიკური პირობების გამო ხდება ტრეფიკინგი. ბევრს უწევს დატოვოს ოჯახი და წავიდეს რომელიმე ქვეყანაში რათა ოჯახს ფული მოაწოდოს.მაგრამ ხშირად იმაზე არ ფიქრობენ რა შეიდზლება მოხდეს.შვილების, საყვარელი ადამიანების და ფულის გამო ბევრი რისკზე მიდის და ყველაფერი ცუდათ მთავრდება!

  • ნინი says:

    – ჩემი აზრით ეს ძალიან დიდი პრობლემააა , რომლის გადაჭრაც არც თუ ისე ადვილია … თუმცა მე მჯერა რომ უფლის ნებით ეს საძაგლობა მალე დასრულდება !!! უფალი გფარავდეთ ყველას :**

  • mago says:

    adamianebs egre ar uda egceodnen eg iwvevs chemi azrit adamianis dachluungebas da gonebis daqveitebas. dzaalian bevri adamianiaa dges dgeobitt datanjuli amit magram imedia rodesme damtavrdeba es tanjva uflis nebitt :* :* :* ufalma agaridot yvelas es tanjva da dagifaroddddd yvelaaa :* :*

  • mago says:

    ratom egcevian ase adamianebss jerac gaurkvevelia da imediaa male gairkveva amis imedi martla maq rom agar iqneba qveyanaze trefikingi

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.