მთავარი » ხატები და ფრესკები

ტოლგის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 27.12.2010 | 2,226 ნახვა

(ხსენება – 8 (21) აგვისტო)

ტოლგის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი1314 წელს, როდესაც რუსეთის ეკლესიას წმიდა მიტროპოლიტი პეტრე მართავდა, გამოჩნდა ტოლგის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი. როსტოვისა და იაროსლავის ეპისკოპოსი პროხორე, რომელსაც სქემაში ტრიფონი ერქვა, თავისი სამწყსოს მოსახილავად კირილო-ბელოოზეროს მონასტერში ჩავიდა. აქედან წყლით მდინარე შექსენის გაყოლებით ვოლგაზე გადავიდა და იაროსლავისკენ გაემართა. ქალაქიდან შვიდი ვერსის დაშორებით მან ვოლდის მარჯვენა დასახლებულ სანაპირომდე მიაღწია და იქ მთაზე ღამის გასათევის მოწყობა ბრძანა, – ზუსტად იმ ადგილას, რომლის პირდაპირ ვოლგას მდინარე ტოლგა უერთდება და იმ დროს გაუვალი ტყით იყო მოცული. შუაღამისას, როდესაც ყველას ეძინა, ეპისკოპოსს გამოეღვიძა და გაოცებულმა კაშკაშა სინათლე იხილა, რომელიც მთელ მიდამოს ანათებდა. კარვიდან გამოსულმა ვოლგის მეორე მხარეს, ცეცხლოვანი, არაჩვეულებრივად ნათელი სვეტი დაინახა. მდინარეზე, იმ სვეტიდან გამოღმა სანაპირომდე, ხიდი იყო გადებული. ეპისკოპოსმა მხურვალედ ილოცა და ხიდზე ფეხი შედგა. ეს აღმოჩნდა ზებუნებრივი ძალით შესქელებული წყალი, რომელზედაც ის, როგორც ფიცარზე, ისე მიაბიჯებდა. მდინარის მეორე მხარეს რომ გადავიდა და ცეცხლოვან სვეტს მიუახლოვდა, ეპისკოპოსმა დაინახა ღვთისმშობლის ხატი, რომელზედაც იგი ყრმა ღმერთით ხელში იყო გამოსახული; ხატი ისეთ სიმაღლეზე იდგა, რომ ადამიანის ხელი ვერ შესწვდებოდა. ის ცრემლითა და მეტანიებით დიდხანს ლოცულობდა აქ, ბოლოს უკან გამობრუნდა, თუმცა კვერთხი კი ლოცვის ადგილას დარჩა. იმავე გზით ის თავის კარავში დაბრუნდა. ყველას კვლავ ეძინა და მასაც თავისი ხილვის და მდინარეზე გასვლის შესახებ არავისთვის უამბია.

მეორე დღეს ცისკრის დასრულებისას, როდესაც ეპისკოპოსი ნავში ჯდებოდა, მისმა მსახურებმა კვერთხი დიდხანს ეძებეს, მაგრამ ვერსად იპოვეს. აქ იგი მიხვდა, რომ ღმერთს სურდა, მის მიერ ხილული სასწაული გაცხადებულიყო, მაგრამ ცრემლით მოცული ხმას ვეღარ იღებდა და მხოლოდ თითით მიანიშნებდა იმ ადგილს, სადაც კვერთხი დატოვა. ჩუმი ხმით მან თავისი ხილვა უამბო და მსახურები კვერთხისათვის ვოლგის გადაღმა გაგზავნა. როდესაც ისინი მდინარეზე გადავიდნენ, ტყეში ღვთისმშობლის ხატი დაინახეს, მაგრამ ის უკვე ხეზე იყო მისვენებული და იქვე ეპისკოპოსის კვერთხი იდო. ხატის წინაშე ღვთისმოსაურად ილოცეს, კვერთხი აიღეს, ეპისკოპოსთან დაბრუნდნენ და ნანახი უამბეს. მაშინ ის, მხლებლებთან ერთად ვოლგის გადაღმა გაემართა და როდესაც ხატი იხილა, მიხვდა, რომ სწორედ ის იყო, რომელიც მას წინა ღამეს ცეცხლოვან სვეტში გამოუჩნდა. მან მთელი სულით გაიხარა, ხატის წინაშე დაემხო და თანმხლებ ხალხთან ერთად ცრემლით დიდხანს ლოცულობდა. ლოცვის შემდეგ ეპისკოპოსმა ცული აიღო და თავისი ხელით დაიწყო ტყის გაჩეხვა, რათა აქ ეკლესიის ასაშენებლად ადგილი მოესუფთავებინა. მისმა თანამგზავრებმა მღვდელმთავრის შრომა გაინაწილეს და აქ დაუყოვნებლივ აშენდა ტაძარი. როცა იაროსლავის მოსახლეობამ ამ სასწაულებრივი მოვლენების შესახებ შეიტყო, ხატის თაყვანისსაცემად აქეთ გამოემართა და ეკლესიის მშენებლობაში ყველამ მხურვალე მონაწილეობა მიიღო. ასე, რომ შუადღისთვის, ტაძრის მშენებლობა დამთავრებული იყო. ეპისკოპოსმა იმავე დღის საღამოს, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელზე აკურთხა ის და 8 აგვისტოს ხატის გამოჩინების დღესასწაული დაადგინა. ეკლესიასთან დაფუძნდა მონასტერი და მაშინვე იღუმენი დაინიშნა. ამგვარად დაარსდა ჯერ მცირე, ხოლო, დროთა განმავლობაში დიდი სავანე, რომელსაც დღემდე ტოლგის მონასტერი ეწოდება.
ტოლგის ღვთისმშობლის ხატი გამოჩინების დღიდან მრავალ სასწაულს აღასრულებს.

ტოლგისა–სოფელ სპასკში

სპასკის ფერისცვალების ტაძარში იმყოფება ტოლგის მადლმოსილი ხატი, რომელიც 1313 წელს იაროსლავის ახლოს ეპისკოპოსის ტრიფონის მიერ ნაპოვნი ტოლგის ხატის ზუსტ ასლს წარმოადგენს. სპასკის ტოლგის ხატის წარმომავლობის შესახებ ორი გადმოცემა არსებობს. პირველის მიხედვით ერთი იაროსლაველი ვაჭარი მაშინ ჯერ კიდევ დაუსახლებელ სპასკის მიწაზე, ავაზაკებმა მოიქციეს ალყაში. ვაჭარმა შემწეობისთვის ღვთისმშობელს მიმართა და უცებ ავაზაკები გაიფანტნენ. ისინი შეაშინა საგზაო ზანზალაკის ხმამ, მაგრამ გზად მიმავალი არავინ ჩანდა და ვაჭარი ირწმუნებოდა, რომ მას ზეციური დედოფალი შეეწია. მადლიერების ნიშნად ვაჭარმა ტოლგის ღვთისმშობლის ხატის ზუსტი ასლი დააწერინა და თავისი ოჯახის სახელზე სპასკის ეკლესიას შესწირა. მეორე გადმოცემის მიხედვით, ამ ხატმა სპასკის ფერიცვალების ტაძარი სამყოფელად თვითონვე აირჩია. მისი პატრონი სოფელ სპასკში მხოლოდ ღამის გასათევად შეჩერდა, ხატი სახლში მიჰქონდა, მაგრამ დილით ის ეკლესიაში ნახეს. ვაჭარმა განაცხადა, რომ ეს ხატი მისი იყო, დაიბრუნა და გზას უნდა გასდგომოდა, მაგრამ ხატი კვლავ მიიმალა და სპასკის ეკლესიაში აღმოჩნდა. აქ ის მიხვდა, რომ ზეციურ დედოფალს სურდა, მისი ხატი ეკლესიაში დარჩენილიყო და თუმცა მასთან განშორება მეტად ეძნელებოდა, მაინც დატოვა ტაძარში. სპასკის ტოლგის ხატი უძველესი დროიდან განდიდდა. ქალაქი სპასკი ვერასოდეს დაივიწყებს ზეციური დედოფლის შემწეობას 1828–1839 წლების ხანძრის დროს. ცეცხლი არ შეხებია მათ სახლებს, ვინც მხურვალე ლოცვით ევედრებოდა ტოლგის ხატს, ამავე დროს, ვინც სარწმუნოებით მიმართა, ყველა განიკურნა.

მოამზადა თეონა ნოზაძემ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი