მთავარი » საეკლესიო ხელოვნება

თიხის ოსტატი – მარიამ მაჭავარიანი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 25.02.2020 | 2,400 ნახვა

მარიამ მაჭავარიანი თიხის ოსტატია, მას თბილისში აქვს საკუთარი სახელოსნო, სადაც ქმნის ნამუშევრებს და ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას. მარიამი ასევე ფლობს ტრადიციული რეწვის სხვა ტექნიკებსაც – მინანქრის ტექნოლოგიას, ქსოვასა და ქარგვას. ის ქმნის სხვადასხვა ტიპის სუვენირებს და საეკლესიო ნივთებს.

მარიამ მაჭავარიანმა თიხაზე მუშაობა სრულიად შემთხვევით დაიწყო. მეგობარმა ნაჩუქარი თიხა მოუტანა და მასთან ერთად ბურთები, შემდეგ მძივები და კულონები გააკეთა. ბუნებრივი, რბილი მასალა და ნამუშევრებიც იმდენად მოეწონათ მათი გაყიდვა დაიწყო. 90-იან წლებში პირველი შემოსავალი აიღო. მძიმე და რთულ წლებში ეს ოჯახისთვის დიდი დახმარება იყო. მეგობარს სხვა ინტერესი გაუჩნდა, მარიამმა კი ეს საქმე პროფესიად აქცია და უკვე 27 წელია რაც თიხაზე მუშაობს.

„1995 წელს კულტურის სამინისტრომ მომანიჭა სახალხო ოსტატის წოდება. მაშინ ხალხური შემოქმედების განყოფილების უფროსი, აწგარდაცვლილი ბატონი გურამ გაბაშვილი იყო. მას დიდი ამაგი მიუძღვის ჩემზე და ყოველთვის დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვიხსენიებ. ჩემი პირველი გამოფენა “ქარვასლაში” გაიმართა. მას შემდეგ აქტიურად ვიღებ გამოფენებში მონაწილეობას.

თიხა ჩემთვის არამხოლოდ სამუშაო მასალაა, ის მეხმარება დახარჯული ენერგიის აღდგენაში. თიხას დიდი ენერგეტიკული თვისებები აქვს. უფალმა ადამიანი თიხისგან შექმნა, ჩვენმა პატრიარქმა იქადაგა თიხის დადებითი ძალის შესახებ და მოუწოდა მრევლს, ეცადათ, ხშირად ეკონტაქტათ თიხასთან (მიწასთან).

პატრიარქს მიართვეს ჩემი ნამუშევრები და როგორც მითხრეს ძალიან მოეწონა. ეს ჩემთვის დიდი სტიმული იყო. საპატრიარქომ ოფიციალურად ნება დამრთო, ჩემი ნამუშევრები საეკლესიო მაღაზიებში ჩამებარებინა.

დღეს თიხაზე ლოცვების წერა და ჯვრების გაკეთება ჩემი მთავარი საქმიანობაა. ვფიქრობ, ეს ღვთის დიდი საჩუქარია,“- ამბობს მარიამი.

თიხის ოსტატი სხვადასხვა წლებში გატაცებული იყო ქარგვით, ქსოვით, ბისერზე მუშაობით.

„დავამთავრე მინანქრის სრული კურსი პროფესორ გელა გიორგაძესთან. პარალელურად ვაგრძელებდი მუშაობას თიხაზე. ამ საქმის განვითარებაში მეხმარება და მუდამ გვერდში მიდგას დედა.

მაქვს საკუთარი პატენტი „ფირფიტოვანი“ პაპირუსის ხვევის
მეთოდზე. პაპირუსის ხვევას თავისებურად ვიყენებ ლოცვების დასაწერად.

ლოცვების გარდა ვაკეთებ ქართულ სუვენირებს: ოქროს საწმისს,
საქართველოს რუკას, ქართულ ანბანს და სხვ.

2011 წელს მცირე ხნით ბოდბის წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტერში ვიმყოფებოდი. მონასტრიდან დაბრუნებულს დამიკავშირდნენ „წმინდა ნინოს ჯვრის“ ქრისტიანული პოეზიის ფესტივალის ორგანიზატორები, ქალბატონი ლია და ბატონი აკაკი დაუშვილები. მათ შემომთავაზეს მთავარი პრიზის „წმინდა ნინოს ჯვრის“ დამზადება. მათთან დღემდე ვთანამშრომლობ. ისინი დიდ ეროვნულ საქმეს აკეთებენ,“ – აღნიშნავს მარიამ მაჭავარიანი.

როგორც მარიამი ამბობს, ის ბოდბის მონასტერში ხშირად მიდის სტუმრად, დედებს შეძლებისდაგვარად ეხმარება და სულიერადაც ისვენებს. მონასტრიდან დაბრუნებული კი სულ სხვა ენერგიით აგრძელებს თავის საყვარელ საქმეს.

თეონა ნოზაძე




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი