მთავარი » სხვადასხვა

თითქოს მოვასწარითო – რეპორტაჟი ტაო-კლარჯეთიდან

სტატიის ავტორი: | თარიღი: 15.07.2010 3 კომენტარი | 1,645 ნახვა

ბანა ისტორიული ტაო-კლარჯეთი ოდითგანვე საქართველოს განუყრელ ნაწილს წარმოადგენდა. დროთა სიავემ საქართველოს ეს ულამაზესი კუთხე მთლიანად ააოხრა და ჩვენი მფლობელობიდანაც გაქრა. აქ მდებარე ტაძრები, რომლებიც დღეს ჩვენ აღარ გვეკუვნის, ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო ქართველებისთვის. ბოლო წლებში მომლოცველთა ჯგუფები ხშირად აწყობენ ტურებს ამ მიმართულებით. თითქოს, ასწრებენ კიდეც მათ ხილვას. რადგან ქართული ტაძრების მდგომარეობა დღითიდღე უარესდება და მათი პირვანდელი სახით წარმოდგენა რთულდება კიდეც.

როცა ჩვენს ისტორიულ მიწა-წყალს მივუახლოდით წმ. მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის მომლოცველთა ჯგუფის თითოეული წევრი დარდმა და ბრაზმა შეიპყრო, რომ უკვე თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ქართული ეკლესია-მონასტრები მიტოვებულია და არც შეგვწევს ძალა, მცირედით მაინც გავაუმჯობესოთ მათი მდგომარეობა. შეუძლებელია, სულში ფათური არ იგრძნო, როდესაც ასეთ მემკვიდრეობას უმძიმეს მდგომარეობაში ხედავ, შენ კი იძულებული ხარ თვალი დაიბრმავო და მხოლოდ გულის მოოხებას დაჯერდე.

ბანა მომლოცველები პირველად ბანას ვესტუმრეთ. რთულია ის განწყობა ზუსტად გადმოსცე, რაც ისტორიულ ტაო-კლარჯეთში მდებარე ბანას ტაძრის ხილვისას გეუფლება. “ბანასნაირი ტაძარი მთელ აღმოსავლეთში არ მინახავს. აია-სოფიის ტაძრის შემდეგ აზიაში მსგავსი არაფერი შემხვედრიაო”- უთქვამს XIX საუკუნეში გერმანელ მოგზაურს კარლ კოხს. იმ დროს ტაძარს, პირვანდელი სახე ჯერ კიდევ შემორჩენილი ჰქონია. ტაძარი, რომელიც IX საუკუნეში ქართველთა მეფე ადარნასე II-ეს კვირიკე ბანელის ხელით აუგია, ერთ დროს სამსართულიანი ეკლესიისა და მრგვალი გალერიისგან შედგებოდა.

ამ ტაძარში დაიწერა ჯვარი XI საუკუნეში ერთიანი საქართველოს მეფემ ბაგრატ IV-მ ბიზანტიის იმპერატორის ძმის, რომან არგონის ასულ ელენზე. თავისი სიდიადით ბანა მნახველს დღესაც აოცებს. როცა მის ნანგრევებად ქცეულ კედლებთან დააბიჯებ, სული ყელში გებჯინება. იხსენებ იმ განსაცდელებს, რაც მან საუკუნეების განმავლობაში გამოიარა. ოსმალეთის იმპერიის დროს ბანას ტაძარი ციხე-სიმაგრედ უქცევიათ. 1877-78 წლებში რუსეთ-თურქეთის ომის პერიოდში ძლიერ დაზიანებულა. ტაძრის ნანგრევების ქვეშ განისვენებს ფანასკერტელის ასული სითი-ხათუნი და მისი მეუღლე ვახტანგ IV. დღეს ქართული ისტორიული მემკვიდრეობის უდიდესი საგანძური განადგურების პირასაა. გათხრილია საძირკველი და დაზიანებულია სამარხი.

ქართველი მომლოცველების დანახვისას ბანას ტაძარი თითქოს წელში გასწორდა. მიუხედავად რეალობისა, სიცოცხლის უნარი ისევ შერჩენია. თითქოს თავისი კბილებითა და თითებით ებღაუჭება სიცოცხლეს. სანატრელია, ერთი წუთით მაინც მისი პირვანდელი სახით ხილვა…

ბანა ბანას სიამაყე მალევე გაქრა, თითქოს ღრმად ამოიოხრა. მრგვალ ბორცვზე ისევ მარტო დარჩა. დაღამების ეშინია, გათენებას კი სიხარულით ელის. არ კარგავს იმედს, ქართველი მომლოცველები ისევ ესტუმრებიან, რომელიც შემატებს საოცარ ძალას მხნედ იდგეს ველზე, სანამ სამუდამოდ დახუჭავს თვალებს.

ბანას მოლოცვის შემდეგ იშხანში გადავინაცვლეთ. იშხნისკენ მაღალი და ვიწრო გზა ადის, რაც უფრო დიდ გზას გადიხარ, უფრო გიძლიერდება ტაძრის ხილვის სურვილი. ის სოფლის შუაგულში დგას. ხალხმრავლობა შეიმჩნევა. ტაძრის შესასვლელთან სტენდი დგას, რომელიც იშხნის ისტორიას მხოლოდ თურქულ და ინგლისურ ენებზე გვამცნობს. მომლოცველთა დანახვისას იშხნის წყაროსთან იქ მცხოვრებმა თურქმა ბავშვებმა მოიყარეს თავი. თითქოს შეუმჩნევლად გვათვალიერებდნენ, თუმცა მათი მზერა გულს ეკალივით გვჩხვლეტდა.

იშხანი იშხანი IX საუკუნის I ნახევარში გრიგოლ ხანძთელის დედის დისწულის და მისი მოწაფის, საბას მიერ აშენებულა. საბას ტაძარი ძველი ეკლესიის ნანაგრევებზე აუგია, რომელიც VII საუკუნის I ნახევარში, მართლმადიდებელი ეპისკოპოსის, ნერსეს მიერ ყოფილა აშენებული. იშხანი ცენტრალურ-გუმბათოვანი ტაძრისა და სამნავიანი ბაზილიკის გაერთიანებას წარმოადგენს. ტაძრის კედლებს ულამაზესი ასომთავრული წარწერები ამშვენებს. იშხნის თაღის შიგნითა კედლები, X საუკუნის II ნახევარში ყოფილა მოხატული, თუმცა მათი დიდი ნაწილი განადგურებულია.

გუმბათის ცენტრში, სადაც ჯვრის ამაღლების სფეროა გამოხატული, მხატვრობა გაცილებით კარგად ჩანს.

იშხანი ტაძრის სილამაზემ ჩვენც ძველ დროში გადაგვიყვანა. თითქოს ძარღვები დაგვეჭიმა, ვერც ვაცნობიერებდით ცამდე აზიდული ტაძრის სიდიადესა და მის განვლილ გზას.

დანთებულ სანთლებს ცხელი სიო უბერავდა, სანთელი მაინც არ ქვრებოდა. ხავსმოკიდებულ ტაძარს იმ იმედით დავემშვიდობეთ, რომ ტკივილი, რომელიც მის კედლებზე ეწერა, მცირედით მაინც შევუმსუბუქეთ.

თეონა ნოზაძე
თბილისი-ტაო_კლარჯეთი
08.07.2010.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

3 კომენტარი »

  • ნაtია says:

    რა სამწუხაროა რომ არაფეს ვაკეთებთ ამ ტაძრების გადასარჩენად. საბედნიეროდ საქართველოში დღეს მომრავლდა ტაძრების მშენებლობა და კარგი იქნებოდა ამ უძველესი და უდიადესი ტაძრების მაკეტებით ააგონ თუნდაც ბევრად მცირე ზომის ტაძრები. ასე მაინც შევინარჩუნებთ ამ ტაძრების სახეებს, რომელიც ქართული კულთურის უდიდესი განძია.

  • ნონია says:

    კი არ ვაკეთებთ,ვერ ვაკეთებთ.მომწონს ნათიას აზრი,ჯობია მათი მსგავსი ტაძრები აშენდეს.

  • დავით გოგლიჩიძე says:

    ბანას ტაძრის ანალოგის მშენებლობა დაგეგმილია ბათუმში, ფერიის მთაზე.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი