მთავარი » კონკურსი

თინათინ ბეჟუაშვილი, მარიამ დაჰკოშვილი – “ჩემი სკოლა” – ქ.გორის N3 საჯარო სკოლა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 26.01.2015 | 1,643 ნახვა

“ვილოცოთ,რომ ვისწრაფოდეთ
სრულყოფილებისაკენ და მთელი ცხოვრება
ჩვენი იქცეს ერთ ცოცხალ
ქრისტიანულ მაგალითად და დაუცხრომლად
ვადიდებდეთ უფალს.”
(ათონელი უცნობი ბერის ეპისტოლე-
ლოცვა-კურთხევა ქართველ ხალხს)

“შევიყვაროთ და მოვიხვეჭოთ კეთილშობილება, რომელიც შეიძინება უსასყიდლოდ, მაგრამ ყიდულობს ყველაფერს.
ვირწმუნოთ, თინათინ ბეჟუაშვილი, მარიამ დაჰკოშვილირომ არ არსებობს “კარი” დაკეტილი, რომელიც არ იღება სიყვარულითა და მოთმინებით.
ვისწავლოთ,როგორ გავიღოთ მსხვერპლად რაიმე პირადი დროიდან, რომ სიყვარული იქცეს საქმედ… იქცეს მსხვერპლად… იქცეს ძღვნად…

ვეცადოთ, რომ ჩვენში მხოლოდ ღმრთის სიყვარული სუფევდეს და ვცხოვრობდეთ მისი წმინდა ნების ასასრულებლად და მოყვარის სიყვარულისთვის.”

ასე გვმოძღვრობს ათონელი უცნობი ბერი, რომელმაც თავიცი ვინაობის გამხელა არ ისურვა. მამასაბას მიერ ბერძნულიდან ნათარგმნ და მის მიერ ჩვენამდე მოტანილ ჭეშმარიტ სიბძნეში დიდი მადლი, სითბო და სიყვარულია, რომელიც ინკოგნიტოდ დარჩენილმა ბერმა საქართველოსა და ქართველ ხალხს გამოუგზავნა.

ამ სიბრძნით მინდა ვიცხოვრო! მისი მიღება კი, უპირველეს ყოვლისა, სკოლიდან შეიძლება.
მე ქ.გორის N3 საჯარო სკოლაში ვსწავლობ, x კლასის მოსწავლე ვარ.

ჩემი საყვარელი სკოლა და პედაგოგები ყოველდღიურად მასწავლიან, როგორ გამოვიყენო თეორიული ცოდნა პრაქტიკულად, ცხოვრებაში, როგორ გავუმკლავდეთ წარმოქმნილ პრობლემებს, სირთულეებს, როგორ დავძლიოთ სიბოროტე, გაუტანლობა, უმადურობა-კაცთმოყვარეობით, ჰუმანიზმით, დიდი სიკეთით. სწორედ ამას ვგრძნობ ჩემს საყვარელ სკოლაში, ამიტომ ყველა ძალიან მიყვარს, მშობლიური სკოლის უტყვი კედლებიც კი.

დასვენების დღეებში შენობის წინ ჩავლისას სიამოვნებისაგან გულში სითბო მეღვრება და გვერდით მდგომს სიამაყით გეუბნები: “ეს ჩემი სკოლაა!”

სკოლა ცოცხალი ორგანიზმია. ის წლების განმავლობაში იზრდება, იხვეწება, ვითარდება.

ჩვენი სკოლა 39 წლის წინ აშენდა მას შემდეგ უფრო და უფრო წარმატებული ხდება.სკოლაში შექმნილია უსაფრთხო გარემო, ყურადღების ცენტრში დგას მოსწავლე და მიღწეული შედეგი.

ყოველი ჩემი დილა სიხარულითა და ბედნიერებით იწყება, რადგან სკოლისაკენ მიმეჩქარება. ამჟამად შვენს სკოლაში შექმნილია სასიამოვნო საგანმანათლებო გარემო, სასწავლებელი აღჭურვილია შესაფერისი, თანამედროვე სასწავლო ავეჯით, ინვენტარით, კაბინეტ-ლაბორატორიებით, მდიდარი ბიბლიოთეკით, კომპიუტერული კაბინეტებით, სააქტო და სპორტული დარბაზით.

სკოლაში სასწავლო პროცესის უძღვება ნიჭიერი, შემოქმედებითი, სწავლისა და სწავლების თანამედროვე მეთოდებით მომზადებული მაღალკვალიფიციური პედაგოგიური კოლექტივი, რომლის უმრავლესობა სერთიფიცირებულია. სკოლას მართავს ახალგაზრდა მოტივირებული დირექტორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, რომელიც ხელს უწყობას სკოლის უწყვეტ განვითარებას, ზრუნავს მოსწავლეთა წარმატების ამაღლებაზე.

ბავშვებს ყველაზე მეტად მასწვლებელთა მხრიდან სიყვარული და პიროვნული აღიარება აკლდათ, თუმცა ეს ჩემს სკოლაში არ ხდება.

სკოლა ის ადგილია, სადაც ცხოვრების უბედნიერეს წლებს ვატარებთ, სადაც ვსწავლობთ სიყვარულს, ერთმანეთის პატივისცემას, ურთიერთგაგებას, ვყალიბდებით დამოუკიდებელ პიროვნებებად. ჩემი სკოლის მასწავლებლები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მყუდრო და ხელსაყრელი გარემო შეგვიქმნან სასწავლო-განათლებისათვის. ყველა სასწავლო წელი შობა-ახალი წელივითაა, თავიდან იბადები და მთელი წლის მანძილზე კლასელებთნ ერთად იზრდები.

ქ.გორის N3 საჯარო სკოლა

სკოლა ცოდნის ტაძარია, სადაც ბავშვი უნდა აღიზარდოს, პიროვნებად ჩამოყალიბდეს, მიიღოს სათანადო ზოგადი განათლება, გარკვეული უნარ-ჩვევები. სკოლაში, ჩვენთნ ყველა პირობაა საამისოდ შექმნილი.

ჩემი ბავშვობის ყველაზე მძიმე წლები სკოლაში გავატარე. მიმიღეს ისეთი, როგორც ვიყავი, ჩემი ყველა ნაკლით. მხარში დამიდგა თითოეული მასწავლებელი და მოსწავლე, რათა თავი გარიყულად არ მეგრძნო. მათ ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ჩემთვის თბილი და მეგობრული გარემო შეექმნათ. სკოლა ჩემი მეორე სახლია.

“პერტესი”(ძვლის დაშლა) ჩემი ბავშობის მძიმე დაღია. ის თითქმის არ იკურნება. ბავშვებთან თამაშის დროს ეზოში წავიქეცი, ფეხი ვიტკინე და დავკოჭლდი. თბილისში ექიმმა გვითხრა, ძვლის დაშლის ბოლო ფორმაა, რომელსაც ბევრი მკურნალობა და ოპერაციები ჭირდებაო. 4 დან 9 წლის ასაკამდე გრელდებოდა გლოვა-ტირილი ჩვენს ოჯახში, მკურნალობისთვის გაწეულ ხარჯებზე აღარაფერს ვამბობ. ბოლოს მივხვდი, რომ ჩემს დაავადებას აღარაფერი ეშველებოდა. გადიოდა მძიმე დღეები… ვეღარ ვთმაშობდი, ოთხ კედელში ვიყავი გამოკეტილი და დეპრესია მკლავდა. ძალიან მიჭირდა. დამჭირდა ურთულესი ოპერაცია-ძვლის შეცვლა ყოველ ოთხ თვეში ერთხელ. რაც შეუძლებელი იყო. პეტერბურგელმა ექიმმაც უიმედოდ ჩაიქნია ხელი. იმედს მაინც არ ვკარგავდი დედაჩემისა და ღმერთის შემწეობით.
6 წლის ბავშვი, ხელში აყვანილი, დავყავდი დედას. მალე სკოლაში წაყვანის დროც დადგა. ექიმი წინააღმდეგი იყო, რადგან დიდი სიფრთხილე იყო საჭირო.

მე და დედა ერთად დავდიოდით სკოლაში, ის ხანგვერდით მიჯდა , ხან გარეთ მელოდებოდა, დერეფანში. კლასელები დედას ზოგჯერ მაკა მასწავლებელსაც უძახდნენ. ჩემი კლასელები მხარში მედგნენ, დიდ თანაგრძნობას იჩენდნენ, ყოველთვის მეთამაშებოდნენ, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, ვინც თავისი დაუფიქრებლობით, უტაქტობით მტკენდა გულს. უცნობ ადამიანებს უკვირდათ: “ამხელა გოგო ხარ და არ გრცხვენია, დედა ხელში აყვანილს გატარებსო?!” იმათ რა იცოდნენ, როგორ ტკივილს მაყენებდნენ ვითომ “უწყინარი” სიტყვებით. სულით მაინც არ ვეცემოდი, ვმკურნალობდი, ვვარჯიშობდი, ვცურავდი, მუხლებით გადავაადგილდებოდი… ასეთი იყო ჩემი ცხოვრება, რომელსაც მხოლოდ რწმენით ვაგრძელებდით, დავდიოდით ეკლესიაში, ვლოცულობდით; ასე მივედი 9 წლამდე. რენტგენის პირველმა სურათმა საიმედო ვერაფერი გვითხრა, არანაირი უკეთესობა, პირიქით. რენტგენის მეორე სურათის გადაღებამდე რამდენიმე დღე გვქონდა.

დედამ მცხეთაში, მამა გაბრიელის საფლავზე წამიყვანა. დავიჩოქე,მიწა თითებით ავიღე და ჯიბეში ჩავიყარე. სახლში დაბრუნებულმა ძილის წინ მიწა ნატკენ ფეხზე დავიდე. მთელი ღამე მშვიდად მეძინა.მეორე დღეს ექიმთან წავედით, ექიმს რენტგენის სურათი ხელიდან გაუვარდა, ეხლაც მახსოვს, გაოცებულმა ხელები თავზე შემოიწყო და გვითხრა, ამ ორ კვირაში ეს ძვალი როგორ გაამთელეთო?! ცოტახნის შემდეგ კი მშვიდად მკითხა, სკოლაში როდის მიდიხარო? ვუპასუხე, 15 სექტემბერს-მეთქი. ჰოდა, პირველად მიხვალ სკოლაში შენი ფეხითო.

მართლაც, ხუთი წლის მერე პირველად დავდგი ფეხი მიწაზე, დამოუკიდებლად შევედი კლასში. მაშინდელი გულის აჩქარება და ემოციები ეხლაც მახსოვს. ის დღე უბედნიერესი იყო ჩემს ცხოვრებაში. არ დამავიწყდება ჩემი კლასელების სახეები, სიხარულისაგან ცრემლიანი თვალები…

მადლობა უფალს, მადლობა ჩემს მშობელ დედას, მადლობა ჩემს სკოლას, კლასელებს.
სკოლა ჩემი მეორე სახლია, ამიტომ მიმიხარია ყოველდღე მისკენ.

გავა წლები, გავიზრდებით, დავფრთიანდებით და დავტოვებთ სკოლის კედლებს, გავალთ ცხოვრების ასპარეზზე, დავვოჯახდებით გვეყოლება შვილები, იმათაც ჩვენს სკოლასა და აღმზრდელ მასწავლებლებს ჩავაბარებთ, იმათაც ისეთივე სიყვარულით დამოძღვრავენ, როგორც ჩვენ. მერე იმათაც ეყოლებათ შვილები და… ასე გაგრძელდება დიდხანს და დაე, იარონ, იარონ, ამინ!

დაე, მარადჟამს იწკრიალოს სკოლის ზარმა!
დაე, მარადჯამს იშრიალოს იაკობის ,,დედა ენამ!“
გოგებაშვილის სიბრძნით დამოძღვროს კვლავაც ჩვენი და მომდევნო თაობები!
დაე, სიყვარულით სუფევდეს ყველგან: სკოლაში, ოჯახში საყვარელ სამშობლოში. მსოფლიოში!
დაე, გვიყვარდეს ერთმანეთი!

თინათინ ბეჟუაშვილი და მარიამ დაჰკოშვილი
ქ.გორის N3 საჯარო სკოლა
მე-3 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები (16 წლის)


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი