ტერმინ “ხატის დაწერის” განმარტება
“ხატის დაწერა” არის თარგმანი ბერძნული εικoνα γραφειν-ისა. სადაც ბერძნული γραφω ნიშნავს წერას. ტერმინები “ხატის დაწერა” ან “ხატის გამოწერა” (რაც სრულიად უიგივდება “ხატის გამოსახვას”) უძველესი ქართული ლიტურგიკული რჯულდებითი და ურყევი ტრადიციის კუთვნილებაა, რაც დადასტურებულია არაერთ უადრეს და უმნიშვნელოვანეს დოგმატურ ტექსტში.
ტერმინ “ხატწერის” განმარტების შესახებ “ამბიონს” თბილისის სასულიერო აკადემიის პატროლოგიისა და დოგმატიკის კათედრის გამგე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ ჭელიძე ესაუბრა:
“რამდენიმე უმნიშვნელოვანეს წყაროს წარმოგიდგენთ, რომელთა საფუძველზეც ტერმინი “ხატის დაწერა” ძველთაგანვე წარმოჩნდება როგორც ქართულენოვანი უმყარესი დოგმატური სინტაგმა:
“ესეცა მოიწია სასმენელთა ჩუენთა, ვითარმედ ქუეყანასა მას სომხითისასა წმიდათა და პატიოსანთა ხატთა გამოსახვასა არა შეიწყნარებენ, არცა თაყუანის-სცემენ ჩუენთჳს განჴორციელებულისა მის უფლისა და ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტეს ხატსა და ყოვლად წმიდისა მის და უმეტესად კურთხეულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა და სხუათა მათ წმიდათა მთავარანგელოზთა, მოციქულთა, მოწამეთა და ყოველთა წმიდათა, … პატივი ქრისტჱს ხატისაჲ ქრისტესა მიიწევის და პატივი ღმრთისმშობლისა ხატისაჲ წმიდისა ღმრთისმშობელისა მიიწევის და უფროჲსად მისგან განჴორციელებულისა მის უფლისა, ეგრეთვე სხუათა წმიდათაჲ, რომელთა სათნოებანი და სიქველენი მოგჳყვანებენ სიმჴნედ და ბაძვად ახოვნებისა მათისა და დიდებად ღმრთისა … ესე უკუე წესი წმიდათა ხატთა წერისაჲ პირველითგანვე წმიდათა მოციქულთა და ღმერთშემოსილთა მამათა მიერ განწესებულ არს, ვითარცა თაყუანისცემაჲ ჯუარისაჲ და ვითარცა თაყუანის-ცემაჲ აღმოსავალით კერძო და ვითარცა ნათლის-ღებაჲ და ზიარებაჲ ბრძანებისა უფლისაჲთა წმიდათა მოციქულთა მიერ განწესებულ არს, თაყუანის-ცემაჲ წმიდათა ხატთაჲ” (მცირე სჯულისკანონი, წმ. ექვთიმე მთაწმიდელის თარგმანი, ე. გიუნაშვილის გამოც. თბ. 1972, გვ. 63-64).
“შემსგავსებულად პატიოსნისა და ცხოველისმყოფელისა ჯუარისა აღმართებულ იყვნენ და პატივცემულ ეკლესიათა შინა წმიდანი და პატიოსანნი ხატნი, გინათუ წამლითა დაწერილ იყვნენ, გინათუ სოფიოჲთა, გინათუ ოქროჲსა, ანუ ვეცხლისანი იყვნენ, ანუ სხჳსა რაჲსმე ნივთისა” (მცირე სჯულისკანონი, წმ. ექვთიმე მთაწმიდელის თარგმანი, ე. გიუნაშვილის გამოც. თბ. 1972, გვ. 127).
“ბარძიმ-ფეხშუემთა ზედა, ანუ საკურთხეველისა შესამოსელთა ზედა გამოწერილნი ხატნი კედელთა ზედა, გინა ფიცართა ეკლესიათა შინა, გინა სახლთა, ანუ სადაცა, უფლისა და ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესი იყოს ხატი ანუ უხრწნელისა მის დედუფლისა ჩუენისა წმიდისა ღმრთისმშობლისა და წმიდათა ანგელოზთაჲ, დიდებულთა მოციქულთაჲ, ღუაწლისა მძლეთა მოწამეთაჲ, ღმერთშემოსილთა მღდელთმოძღუართაჲ და სანატრელთა მამათაჲ, რამეთუ რაოდენცა იხილვებოდინ ხატნი უფლისა და წმიდათა მისთანი, მხილველნი იგი მათნი მოვლენ პირმშოთა მათ სახეთა ჴსენებად და სურვიელად თანამდებ არს უკუე ყოველი ქრისტიანე შემთხუევად, ამბორის-ყოფად, პატივად და თაყუანისცემად წმიდათა ხატთა” (მცირე სჯულისკანონი, წმ. ექვთიმე მთაწმიდელის თარგმანი, ე. გიუნაშვილის გამოც. თბ. 1972, გვ. 127).
“პატიოსანთა ხატთა მწერალობასა შინა თითითა წინამორბედისაჲთა ჩუენებულად გამოისახვის კრავი” (დიდი სჯულისკანონი, წმ. არსენ იყალთოელის თარგმანი, თბ. 1975, გვ. 399).
“უფროჲს პატივ-ვსცემთ მადლსა და ჭეშმარიტებასა, ვითარცა აღსავსებად სჯულისა მიმთუალველნი მისნი, და ამისთჳს ყოვლითურთ სრულად ფერთამიერსაცა გამოსახვასა შინა წინაშე სახედველებისა ყოველთაჲსა გამოვსახავთ ამხუმელისა ცოდვათა სოფლისათაჲსა ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა კაცობრივსა მსგავსებასა და ხატთა შინა გამოწერასა მისსა” (დიდი სჯულისკანონი, წმ. არსენ იყალთოელის თარგმანი, თბ. 1975, გვ. 399).
“საფლავსა მისსა ზედა წერილ არს ხატი მისი, სწორი ასაკისა მისისა” (ჯუანშერი, ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა, ქართლის ცხოვრება, ჳ, ს. ყაუხჩიშვილის გამოც. თბ. 1955, გვ. 204).
“ეგრეთვე ამის წმიდისათჳს ყვეს ზემოჴსენებულთა ამათ მამათა და ხატიცა დაწერად სცეს ყოლად წმიდისა ღმრთისმშობელისაჲ. და ამიერ და იმიერ ორნივე მამანი: წმიდაჲ მამაჲ ეფთჳმი მარჯუენით და მამაჲ გიორგი ერთკერძო, მვედრებელად და მეოხად ჩუენთჳს მდგომარენი წინაშე წმიდისა ღმრთისმშობელისა. და ესე წმიდაჲ ხატი წარმომგზავნეს მთაწმიდას. და დაუსუენეთ სამარხოსა ზედა წმიდისა მამისა ჩუენისა გიორგისსა” (ცხორებაჲ გიორგი მთაწმიდელისაჲ, იხ. ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, II, თბ. 1967, გვ. 201).
“ძალმან საქმისამან და სიტყუათა შეტყუებამან მოღუაწე ესე დიდი გიჩუენა, ვითარცა ძეგლი აღმართებული, ვითარცა ხატი დაწერილი სახილველად თანაწარმავალთა ამის ცხორებისათა” (ცხორებაჲ გიორგი მთაწმიდელისაჲ, იხ. ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, II, თბ. 1967, გვ. 204).
“და გამოწერეს იგი [წმ. თეკლა, ე. ჭ.] ფიცარსა” (“წამებაჲ წმიდისა თეკლაჲსი”, ი. აბულაძე, შრომები, I, Tb. 1975, gv. 64).
“გამოწერილი ხატითა, აგებულითა განსრულებული” (წმ. გრიგოლ ნოსელი, კაცისა შესაქმე, X ს-მდელი თარგმანი, შატბერდის კრებული, თბ. 1976, გვ. 115.47).
“რომელ მწერალი (=მხატვარი) უკუეთუ არა მოძღუარი არნ, აბრალებედ და ჰგმობედ წერილსა ხატისა მისისასა, რაჟამს ვერ გამოწერის კეთილად. და შენ მსგავს ხარ მწერალსა (=მხატვარსა) დაფარულად. აწ უკუე შეამკვე კეთილითა და მრავალფერითაწამლითა გონებაჲ შენი, რაჲთა არა შენ ძლით იგმოს გამომხატველი შენი და განირყუნეს შუენიერებაჲ ხატისა შენისაჲ” (მამათა სწავლანი, ი. აბულაძის გამოც. თბ. 1955, გვ. 290).
და ა. შ.
ტერმინოლოგიური დასკვნის სახით აღვნიშნავთ, რომ საეკლესიო იკონოგრაფიის შინაარსით ძველ ქართულ ლიტერატურულ (მით უმეტეს, დოგმატურ) ძეგლებში დაკანონებულად გვხვდება მხოლოდ “ხატისა გამოსახვაჲ” და “ხატისა დაწერაჲ//გამოწერაა”, ზოგადად დახატვის მნიშვნელობით ყველაზე უფრო გავრცელებულია იგივე “გამოსახვაჲ”, თითო-ოროლა შემთხვევაში “გამოხატვაჲ”, ხოლო გამოთქმა “ხატისა დახატვაჲ” საერთოდ არ დასტურდება V-XIII სს-ის ძეგლებში (თარგმნილსა თუ ორიგინალურში) არათუ საეკლესიო იკონოგრაფიის, არამედ თვით მხატვრობითი ხელოვნების კონტექსტშიც კი. “ხატის დახატვამ” შეიძლება თავი იჩინოს მხოლოდ ხალხურ მეტყველებაში, რაც ასახულია ანდერძ-მინაწერებში, ნაწილობრივ წარწერებში და მისთ. რაც შეეხება არა კონკრეტულ ხატს, არამედ მთლიან ტაძარს, რამდენადაც მასთან დაკავშირებით მრავალჯერადი ხატწერითი მოქმედებანი უნდა შესრულდეს, ცხადია, ვეღარ ვიტყვით ვერც “ტაძრის დაწერას”, ვერცთუ “ტაძრის გამოხატვას”, არამედ მხოლოდ “ტაძრის მოხატვას”, ან “ტაძრის მოწერას” (უიშვიათეს შემთხვევაში “ტაძრის გამოსახვას”), ხოლო თვით ტაძრის კედლებზე აღსრულებული ცალკეული ხატწერანი, ცხადია, ითქმის როგორც ხატთა “გამოსახვა” ან ხატთა “წერა”. მაგალითად:
“შუვაღამე ოდენ, მიხედნა წმიდამან [სჳმეონ] ლუსკუმასა მას ნეტარისასა და იხილა მან წმიდაჲ მართა, დედაჲ თჳსი, მდგომარე წესიერად მსგავსად ჩუეულებისა მის თჳსისა შუა ოდენ კონქისა მის, ვინაჲცა იყო მდებარე, და ცად მიმართ შიშითა დიდითა ხედვიდა იგი და ტკბილსა და შუენიერსა ანგელოზებრივსა გალობასა ჴმითა მაღლითა შესწირვიდა ღმრთისა და იტყოდა იგი სამგზის: “დიდებაჲ შენდა, ღმერთო, დიდებაჲ შენდა, ალელუია”. და ყოველი იგი მონასტერი თანა-შეუჴმობდა, და ნაწილნი მისნი წმიდანი იძრვოდეს ლარნაკსა მას შინა დიდების-მეტყუელებისა მისგან. … ხოლო მეყსეულად დღესა მას ამის ჩუენებისა ხილვისასა, შთაასხა წმიდამან მონამან სათნომან ღმრთისამან სჳმეონ საკუმეველი სასაკუმეველესა შინა და ყო მას ზედა ლოცვაჲ, და ბრძანა მოწერაჲ და გამოსახვაჲ სალოცველისა მის სახლისაჲ სამკონქისა, ვითარცა ჩუენებულ იყო მათდა ნეტარისა მის მიერ. ხოლო ვითარცა იწყეს მათ წერად და გამოსახვად, აჰა მეყსეულად ხოლო სიმრავლე მუშაკთა მაშენებელთაჲ შემოკრბა მიერ ისავრელთა-ცა სოფლებისაგან (“ცხორებაჲ და მოქალაქობაჲ ნეტარისა მართაჲსი სჳმეონის დედისა”,Version géorgienne de la Vie de Sainte Marthe,édité par Gérard Garitte,Louvain 1968, p. 48).
საგულისხმოა, რომ “დიდი სჯულისკანონის” წმ. არსენ იყალთოელისეულ თარგმანში ერთგან ბერძნული γραφας თარგმნილია ორსიტყვედად როგორც “წერილნი და მოხატულნი”, რაც ამ ტერმინთა შინაარსობრივ იდენტურობას ცხადყოფს (შდრ. “ამისთჳს წერილთა მათ და მოხატულთასა რომელნი-იგი შეჰგრძნებენ სახედველთა და გონებასა განჰხრწნიან …, რომელნი გინათუ ფიცარსა ზედა ანუ სხუასა რასმე ნივთსა გამოსახულ იყვნენ…”, დიდი სჯულისკანონი, დასახ. გამოც. გვ. 404, ტრულის კრების მეასე კანონი – τας … την ορασιν καταγοητευουσας γραφας …και τον νουν διαφθειρουσας …, Συνταγμα, ΙΙ, σ. 543. შდრ. რუსული თარგმანი: Посему изображения на деках, или на ином чем представляемыя, обаяющия зрение, растлевающия ум). იქვე ასევე ერთი ბერძნული ტერმინი εγχαραττεσθαι კვლავაც ორი ქართული შესატყვისით არის გადმოცემული როგორც “გამოსახვა და გამოწერა”, რაც, ზემორე მაგალითისებრ, აღნიშნულ ტერმინთა სრულ შინაარსობრივ თანხვდენილობას სწამებს (შდრ. “ვბრძანებთ, რაჲთა ამიერითგან არღარა გამოისახვოდინ, არცა გამოიწერებოდინ” – ουδαμως απο του νυν οιωδηποτε τροπω [τοπω] προστασσομεν, εγχαραττεσθαι. შდრ. რუსული თარგმანი: не позволяем отныне, каким бы то ни было способом, начертавати).
ზემოწარმოდგენილი უეჭველი წყაროები ააშკარავებს “ხატის დაწერასთან” დაკავშირებით გავრცელებულ იმ ე. წ. დებულებათა სრულ უსაფუძვლობას, რომელთა მიხედვითაც თითქოსდა (მოვახდენთ ციტირებას) “წერილობით წყაროებში არსად გვხვდება სიტყვა “წერა” [ხატის გამოსახვის შინაარსით]”, ანდა თითქოს ‘ხატი იხატება და არა იწერება”. ჭეშმარიტი სურათი, როგორც ვნახეთ, სრულიად სხვაგვარია.
ქეთი ჭელიძე
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.
ბოლომდე ვერ დავეთანხმები. სტატიის ავტორივე შენიშნავს რომ სიგელ–ანდერძებში აქტიურად გამოიყენება სიტყვა მოხატვა. ამ ტერმინის ხმარება მხოლოდ საღვთისმეტყველო არა არის. ისინი წმინდა მხატვრული ტერმინებია:ძეგლწერა, ფერწერა, ხატწერა. სადაო რომ არ იყოს და საკითხს ტექნიკური მხრიდანაც ნათელი მოვფინოთ, აუცილებლად უნდა აღინიშნოს რომ მაშინდელი სამეტყველო ენა ამგვარად გამოთქვამდა. და აქ ეპოქის ტერმინოლოგიასთან გვაქვს საქმე. დღეს ხატთან მიმართებისას სიტყვა გამოსახვა უფრო მართებულია.
ამ საკითხზე მარტივად და ნათლად წერს მამა ლევან ფიროსმანაშვილი. იგი ხატმწერია და ხატში მხატვრული ღირებულების გარდა საღვთისმეტყველო შინაარს გვიხსნის. ვფიქრობ ამ საკითხში, როგორც მხატვარი და ღვთისმეტყველი კომპეტენტურ პასუხს იძლევა. მოვიყვან მის სიტყვებს;
ხ ა ტ ი ი წ ე რ ე ბ ა თ უ ი ხ ა ტ ე ბ ა.
ეს წმიდა მხატვრული ტერმინია . აქ გამონათქვამში მხატვრულს მეტი ადგილი უკავია ვიდრე რელიგიურს. ისტორიულ წყაროებში საეკლესიო მხატვრობის შესახებ ყოველთვის აღნიშნულია ხატი ესე მაცხოვრისა დ ა ვ ა ხ ა ტ ი ნ ე! ეკლესია ესე წამლითა (ანუ ფერებით) მ ო ვ ა ხ ა ტ ვ ი ნ ე! კანკელი ესე საოხად სულისა ჩემისა მ ო ვ ა ხ ა ტ ვ ი ნ ე! წერილობით წყაროებში გვხვდება სიტყვა “წერა”–”გამოწერა” და ეს ძველად ხმარებული ტერმინია, რომელსაც ხატთან მიმართებაში აზრის უფრო ხაზგასასმელად გამოსახვას ხმარობდნენ. დღეს ეს გამონათქვამი პირდაპირი თარგმანითაა გადმოსული რუსულიდან. “написал икону”. რუსულში იგივე ფრაზა ითქმის ნახატის მიმართაც.
“написал пеизаж”. ეს ნაწარმოებია სიტყვებიდან иконопис და живопис. ქართულადაც ტერმინები სამხატვრო მიმდინარეობაში ხატწერა და ფერწერაა.
თუმც შესრულებული სამუშაოს გამოსახატავად არსად გამოიყენებოდა და გამოიყენება სიტყვა “წ ე რ ა” . ამგვარი გამონათქვამი მეტისმეტად არასწორია. გავრცელებული მოსაზრებით, უცოდინრობით, ამგვარად ხსნიან: თითქოს კონტურული მონასმები ხატის შესრულების დროს ჭარბობს. არც ესაა მართებული. ხატწერაში გამოიყენება ხაზთა და ლაქათა სისტემები. ასევე იმდენად მრავალფეროვანია ხატწერის მიმდინარეობანი, რომ ზოგიერთში ხაზები საერთოდ არ გამოიყენება. ტექნიკურად ხატი იხატება და არ იწერება. საღვთისმეტყველო თვალსაზრისით ხატი გამოისახება. მაგრამ როცა ტაძარს ხატავ იქ სიტყვა მოხატვას იყენებ. “დაწერა”–”მოწერვა” ძალიან არასწორია. თვითონ ხატწერა პირდაპირი მემკვიდრეა ხატვისა!!!!.საუკუნეების განმავლობაში მისი ტექნოლოგიური წესები პირდაპირ იგივეობრივი იყო ეპოქალური მხატვრობისა. დროის მიხედვით, როგორც ხატავდნენ საეროში, ზუსტად ისევე ტაძარში. უფრო მეტიც ქრისტიანულ აღმოსავლეთში სამხატვრო(ფერწერა, ადრე ყველაფერი ფერწერა იყო, დიფერენცირება გვიან საუკუნეებში დაიწყო) ხელოვნება ძირითადად რელიგიური იყო. ერთდროულად სხვადასხვა მხატვრობა: საერო და სასულიერო ტექნიკურად არ არსებობდა. დამუშავების, მხატვრულად გადმოცემის–შესრულების მეთოდი ერთი იყო!!! დანარჩენი ხატის არსის შესახებ იხილეთ სტატია: http://www.ambioni.ge/dekanoz-levan-firosmanasvilis-xatwera
მგონი მიმიხვდით სათქმელს.
ისევ მამა ლევანი
თუ კი ვიტყვით რომ ხატმწერი ხატვის დროს წმიდანის ცხოვრებას ან რაიმეს აღწერს და ეს ასეც არის, ვიცოდეთ რომ სხვა შემთხვევაშიც ასეა. ფერმწერიც, გრაფიკოსიც, მძერწავიც, მოქანდაკეც და ა. შ. თავისი ნამუშევრით რაიმეს მოგვითხრობენ, აღწერენ. ამიტომ ტექნიკურად ხატი იხატება და გამოითქმება გამოსახვა.
წერილის ავტოორი აშკარად ტენდენციურად წარმოაჩენს რეალობას და იმას რომ სიტყვა ხატვა თითქოს ხალხური ტერმინია და არ ასახავს იკონოგრაფიულ რეალობას, ჯერ ერთი რჯულის კანონი და სხვა წერილები ვერ ვიტყვი რომ იდეალურად შეიძლება იყოს თარგმნილი ( დამეთანხმეთ რომ თვით სახარებაშიც კი არის სადავო ტექსტები, მაგალითად აქლემია რეალურად თუ ბაგირი რომელიც ნემსის ყუნწში ვერ ეტევა, და ასე შ. არ მოვყვები) ასევე გასათვალისწინებელია ის რეალობა რასაც ბერძნული შინაარსი ატარებს, გეთანხმებით იმაში რომ ბერძნულად სხვანაირად ითარგმნება და წერა აღწერა გამოდის, რუსულადაც დაახლოებით ასეა, თუმცა არავის აქვს ექსკლუზივი იმაზე რომ მხოლოდ მისი ტერმინებით უნდა ვიხელმძღვანელოთ,… მთელი შუასაუკუნეების ქართული ფრესკები, სადაც კი არის ან ქტიტორის ან მხატვრის წარწერა, ყველგან არის ნახსენები ხატვა ან დახატვა ან დავხატე, ან დავახატვინე და ასე შ. ვინც ხატს ხატავდა იყო მხატვარი, მაგალითად მეფის მხატვარი თევდორე, და არა მეფის მომწერი თევდორე. ხატი მოგეხსენებათ არის სახე, ვისია ხატი ესე, ეკითხება მაცხოვარი ფულზე გამოსახულ მონეტაზე, ხატვაც ძველი სიტყვაა და ნიშნავს მოქმედებას რომლის დროსაც სახეს გამოსახავს გამომსახველი ანუ მხატვარი… დავხატე მე ფრიად ცოდვილმა. და რავიცი რამდენი ასეთი წარწერაა შემონახული, ეხლა მაგას არ მოვყვები, დაინტერესებულმა ნახოს გურამ შარაძეს აქვს ამ თემაზე კარგი გამოკვლევა…. სტატიის ავტორი ცდილობს დაამკვიდროს ( კიარადა უკვე დამკვიდრდა) ისეთი ტერმინი რომელიც მხოლოდ სიტყვათა თამაში კი არარის არამედ მთლიანად ცვლის ხატის ხატვის ფილოსოფიას, საქმე იქამდეც კი მივიდა რომ ბევრი ეკლესია მოვწერეო ამბობს რაც სრული იდიოტიზმია, მაღაზიაში რომ შედიხარ და ეკითხები დახატული ხატი თუ გაქვთ, იმ წამსვე გისწორებენ მკაცრი ტონით, დაწერილი!!!!! ამიხნას ამ წერილის ავტორმა მაშინ საიდან მოდის სიტყვა ხატვა? მეოცე საუკუნის 50 იანი წლებიდან ხო არა? ან სად იყო საერო მხატვრობა შუასაუკუნეებში რომ ვინმეს გაემიჯნა ხატწერა და ფერწერა? კიდევ ერთხელ განვმარტავ რომ რჯულის კანონიდან მოტანილი არგუმენტები არ არის საკმარისი მიზეი იმისა რომ ჩვენ ჩვენი ქართული ტრადიციული ტერმინები მიწაში დავმარხოთ, ეს მიუღებელი რომ ყოფილიყო ამას ჩვენამდე ჩვენი წინაპრები ჩაიდენდნენ… ყველაზე სამწუხარო ისაა რომ სტატიის ავტორი შეგნებულად გვერდს უვლის იმ წყაროებს სადაც ტერმინი ხატვაა ნახსენები…………….. ასევე მინდა ვთქვა რომ ვეთანხმები ფორებიჭის მოსაზრებას, საკმაოდ კარგად და არგუმენტირებულად აქვს ჩამოყალიბებული კომენტები
ავტორის მიერ მოტანილი წყაროებიდან კარგად იკვეთება ის რომ ხატის ხატვას ამ კონკრეტულ შემთხვევაში მთარგმნელები არქმევენ გამოსახვას, რაც ასევე მართებული ტერმინია, რაც შეეხება წერას ან მოწერას ეს გამოყენებულია კონკრეტული კალიგრაფიული ქმედების სათქმელად, მაგალითად, მე თუ ხატს გამოვსახავ, ანუ ხატის სახეს თუ ვხატავ, ვიყენებ მეთოდს რომელიც გარკვეულწილად შეიძლება ანალოგიური იყოს კალიგრაფიული მეთოდისა, ვასველებ ფუნჯს საღებავში და წინასწარ განსაზღვრული მიმართულებით ვუსმევ საფუძველზე,ისე როგორც ტექსტის წერის დროს, ამ მონასმებისგან შედგება ხატი, რომელიც არის სახე, გამოსახულება და არა ასევთქვათ “წერი” ხატს ვხატავთ და არის ხატი, გამოვსახავთ არის გამოსახულება, ვწერთ არის ნაწერი:))))))))) თავად განსაჯეთ
დღესდღეობით განსხვავებით ადრეშუასაუკუნეებისგან, საეკლესიო მხატვრობა საკმაოდ განვითარდა და გამოსახვის მეთოდებიც გამრავალფეროვანდა, ბევრი მხატვარი საერთოდ არ იყენებს ხაზის და ლაქის კომბინაციას და მხოლოდ ფერის გრადაციით გამოსახავს ხატს, ანუ მხატვარი იგნორირებს კალიგრაფიულ მომენტებს ხატვის დროს, ამ შემთხვევაში წერა ყველანაირი გაგებით არ არსებობს….
კიდევ ერთი, მხოლოდ 2 ქვეუანა ამ დედამიწაზე ხატვას უწოდებს წერას, საქართველოს არ ვგულისხმობ, საეკლესიო მხატვრობა აქვს გერმანიას ბრიტანეთს იტალიას, საფრანგეთს სადაც არავინ ამბობს რომ ხატი დაწერა( სანამ კათოლიკები ან პროტესტანტები გახდებოდნენ მანამდეც) გერმანიაში არის არა შრაიბე, არამედ მალერაი და ვსიო, ან ვანდმალერაი. ინგლისურში პეინტ პეინტინგ პეინტერ..
ვფიქრობ კი არ უნდა ვიდაოთ, არამედ უფრო მეტი ნათელი მოვფინოთ საკითხს. წერილის ავტორის ჩანაფიქრს ვხვდები. ჩემი აზრით ერთმანეთთან შეჯერებით პირიქით ვამდიდრებთ ინფორმაციას ამ თემის შესახებ. მაგრამ პრობლემა მდგომარეობს შემდეგში: ამას მესამე პირები მეტად არასწორად გაიგებენ და გაუმართლებლად და თანამედროვე ენისთვის არაგრამატიკულად და მხატვრობისთვის–ხატწერისთვის ტექნიკურად უცხო სიტყვას “წერას” დაამკვიდრებენ. მე მხატვარი ვარ და იკონოგრაფია ჩემთვის უცხო თემა არ არის.
გავეცანით ჩვენს პუბლიკაციასთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარს ‘ხატის დაწერის” ვითომცდა უმართებულობის თაობაზე. ცხადია, საკუთრივ კომენტარის ავტორისადმი ჩვენ არანაირი დამატებითი განმარტების მიწოდების მოვალეობა არ გვაქვს, ვინაიდან ერში არსებული ცთომილი აზრების აღმოფხვრის ერთადერთი საშუალება წმინდა სწავლებათა ციტირებანია, რაც ჩვენს პუბლიკაციაში საკმარისზე მეტად იყო წარმოდგენილი.
მოცემულ შემთხვევაში ჩვენგან ყურადღებას იქცევს კომენტარში დამოწმებული ვრცელი მოძღვრება დეკანოზ ლევან ფიროსმანაშვილისა, რომელიც, თუ კომენტარის ავტორის კვალიფიკაციით ვიხელმძღვანელებთ, ხატმწერიცაა და ღვთისმეტყველიც.
აღვნიშნავთ, რომ ჩვენთვის არ არის დაზუსტებული, თუ სად, როდის ჩამოაყალიბა და მიაწოდა მკითხველს (ანუ გამოაქვეყნა) კომენტარში ციტირებული სამოძღვრო ახსნა-განმარტება დეკანოზმა ლევანმა (ამგვარი პუბლიკაცია ვერსად ვნახეთ), თუმცა რადგან ეს განმარტება ‘ამბიონის” საიტზე უკვე ხელმისაწვდომია, შეგვიძლია იგი პუბლიკაციად ჩავთავალოთ, რაც მისდამი (როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელო პირის ნააზრევისადმი) აუცილებელ გამოხმაურებას გვავალდებულებს, მით უმეტეს ნათელია, რომ დეკანოზი გასცნობია ‘ხატის დაწერის” შესახებ ჩვენს მიერ მოწოდებულ ზემორე წყაროებს და მაინც ხაზგასმულად შეუნარჩუნებია (ზოგ შემთხვევაში კი უფრო გაუმკვეთრებია) თავისი ცთომილი პოზიცია.
როდესაც ვამბობთ, რომ პატივცემულ დეკანოზი უნდა იცნობდეს ‘ამბიონის” საიტზე ჩვენს მიერ ზემოგამოქვეყნებულ უწმინდეს წყაროებს, ამას უტყუარად გვიდასტურებს შემდეგი:
საქმე ისაა, რომ მღვდელი ლევანის ზემორე განმარტების შესახებ ჩვენ მანამდეც გვქონდა ინფორმაცია, თუმცა არ ვიცოდით, თუ ვინ იყო ავტორი (განმარტების ტექსტი მოგვეწოდა ანონიმური სახით ანუ ავტორის აღუნიშვნელად). სწორედ ამ (მაშინ ანონიმური, აწ უკვე დეკანოზ ლევანის) განმარტების ძირეულ ცთომილებათა განსაქარვებლად შემოვკრიბეთ ის უწმინდესი წყაროები, რაც ‘ამბიონის” მკითხველებმა უკვე იციან.
მაგრამ რას წერდა პატივცემული მღვდელ-ხატმწერი თავისი განმარტების პირვანდელ ვარიანტში? მოვიტანთ ციტატას:
‘წერილობით წყაროებში არსად გვხვდება სიტყვა “წერა”. ეს გამონათქვამი არა გრამატიკულია და პირდაპირი თარგმანითაა გადმოსული რუსულიდან. “написал икону”. რუსულში იგივე ფრაზა ითქმის ნახატის მიმართაც”.
როგორც ვხედავთ, პირდაპირაა იმპერატიულად ხაზგასმული, რომ ‘ხატვის” მნიშვნელობით ‘წერა” თურმე ‘წერილობით წყაროებში არსად გვხვდება”. ჩვენს ზემორე პუბლიკაციაში დამოწმებული აურაცხელი უძველესი და უწმინდესი ციტატის ნახვის შემდეგ დეკანოზმა ლევანმა თავისი ზემორე დებულება ასე შეცვალა:
‘წერილობით წყაროებში გვხვდება სიტყვა “წერა”–”გამოწერა” და ეს ძველად ხმარებული ტერმინია, რომელსაც ხატთან მიმართებაში აზრის უფრო ხაზგასასმელად გამოსახვას ხმარობდნენ. დღეს ეს გამონათქვამი პირდაპირი თარგმანითაა გადმოსული რუსულიდან. “написал икону”. რუსულში იგივე ფრაზა ითქმის ნახატის მიმართაც”.
ანუ რა? თუ ადრე მოძღვარი იმ აზრს აყალიბებდა, რომ ‘წერა” ‘ხატის გამოსახვის” მნიშვნელობით ‘წერილობით წყაროებში” არსად გვხვდებაო, ამჯერად, ნაცვლად იმისა, რომ უწმინდესი წყაროების გაცნობის შემდეგ, თავადვე აღმოეფხვრა თავისი უკიდურესად ცთომილი შეხედულება, ‘სიძველედ” გამოაცხადა ტერმინი ‘ხატის დაწერა” და, მეტიც, ეს უადრესი (V-VI სს-ის) და უწმინდესი ცნება-ტერმინი “დღეს” რუსულიდან თარგმნილად მიიჩნია.
აღვნიშნავთ კიდევ ერთ უაღრესად უცნაურ გარემოებას:
მიუხედავად ზემორე ტერმინის დაწუნებისა და, მეტიც, ‘მეტისმეტად არასწორად” გამოცხადებისა (შდრ. ‘შესრულებული სამუშაოს გამოსახატავად არსად გამოიყენებოდა და გამოიყენება სიტყვა “წერა”. ამგვარი გამონათქვამი მეტისმეტად არასწორია”), კერძოდ, იმ ზომამდე ‘არასწორად” მიჩნევისა, რომ პატიოსანი მღვდელ-ხატმწერი არ ერიდება მისი აზრის არგამზიარებელთა მიმართ შეურაცხმყოფელი გამონათქვამის გამოყენებასაც, კერძოდ მათდამი ‘უცოდინრობის” უცერემონიოდ მიკუთვნებას (შდრ. ‘ამგვარი გამონათქვამი მეტისმეტად არასწორია. გავრცელებული მოსაზრებით, უცოდინრობით ….”), – დიახ, ამ ყოველივეს მიუხედავად, გადავავლებთ რა თვალს საკუთრივ ხატწერის შესახებ მღვდელი ლევანის საკმაოდ ვრცელ ‘მოზრახულს” (რომლის ლინკიც ზემორე კომენტარის ბოლოსვეა მითითებული), ყველგან ‘ხატის დახატვის” ნაცვლად ვპოულობთ სწორედ ‘ხატის დაწერას” (შდრ. ‘პირველი ხატის დაწერის დროს ერისკაცი ვიყავი”; ‘პირველი ხატის დაწერა მარტივი არ აღმოჩნდა”; ‘დაახლოებით 16 წელია ხატებს ვწერ”; ‘ხატის წერის პროცესი ტოლფასია ლოცვაზე დასწრებისა, ანუ ლიტურგიის წინამდებარე მსახურებისა”). ანუ რა გამოდის? იმას, რასაც მოძღვარი სრულიად ცალსახად ‘მეტისმეტად არასწორად” და ‘უცოდინრობად” მიიჩნევს, თავადვე ამკვიდრებს ერში! ჩვენ არ გვინდა არსებითს ავცილდეთ, მაგრამ აღვნიშნავთ, რომ განუკურნელი უცოდინრობა ერთადერთია: საფუძველდამდები შრომების, უწმინდესი წყაროების (მაგალითად, წმ. არსენის მიერ თარგმნილი ‘დიდი სჯულისკანონის”, წმ. ექვთიმეს მიერ თარგმნილი ‘მცირე სჯულისკანონის”, აგრეთვე მეცხრე საუკუნეში თარგმნილი ‘მამათა სწავლანის”, გიორგი მცირის მიერ დაწერილი ‘წმ. გიორგი მთაწმინდელის ცხოვრების” და ა. შ. და ა. შ.) ელემენტარული უვიცობა.
ახლა, რაც შეეხება ზემოხსენებულ არსებითს:
ცხადია, არსებითი ყოველთვის დოგმატურია, ხოლო რაც დოგმატურია, ის უცილობლად მკაფიოა და ორაზროვნების შესაძლებლობას არ ტოვებს.
ამიტომ, დოგმატური ცთომილება ყოველთვის სრულიად გამჭვირვალეა და ამგვარი ცთომილება სხვა არაფერია, თუ არა იგივე ცრუსწავლება, ხოლო შეუნანებელი ცრუსწავლების შედეგი დოგმატურადვეა დადგენილი და ყველასთვის ცნობილია.
დავიწყოთ მთლად თავიდან:
მღვდელი ლევანი აღნიშნავს:
‘ხ ა ტ ი ი წ ე რ ე ბ ა თ უ ი ხ ა ტ ე ბ ა. ეს წმიდა მხატვრული ტერმინია. აქ გამონათქვამში მხატვრულს მეტი ადგილი უკავია ვიდრე რელიგიურს”.
ამ სიტყვებში უკვე სახეზეა საეკლესიო ხატწერის კარდინალური ვერგაგება, ვინაიდან ტერმინი ‘ხატის დაწერა” მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში არის არა მხატვრული, არამედ უმყარესი ლიტურგიკული ტერმინი, გამომდინარე იქიდან, რომ თავად წმინდა ხატწერა ანუ იკონოგრაფია წარმოადგენს საკუთრივ და ოდენ ლიტურგიკულ მოვლენას (შდრ. წმ. იოანე დამასკელისადმი განკუთვნილი სიტყვები, რითაც იგი მიმართავს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს: ‘გიხაროდენ, რომლის მიერ ჩვენ ქრისტესსახოვან და წმიდადსათაყვანო ხატწერებს ვეთაყვანებით” – Χαιρε, δι ης ημεις τας χριστομορφους και σεπτοπροσκυνητους προσκυνουμεν εικονογραφιας, PG. 96, col. 657.5-7).
ხატი სწორედ იმიტომაა თაყვანსაცემი, რომ იგი კურთხევითი, ლიტურგიკული ანუ სამღვდელოდ ცხოველმყოფელობითი სიწმინდეა და არა ‘მხატვრული”, ხოლო ის, რაც ლიტურგიკულია ანუ სამღვდელოა, ამგვარია არა მხოლოდ შინაარსით, არამედ იმ ტერმინებითაც, რომლებითაც იგი გამოითქმის.
შესაბამისად, საკუნუთა განმავლობაში დადგენილი და ცხოველქმნილი ლიტურგიკული ტერმინების უარყოფა და “მეტისმეტ” ცთომილებად მიჩნევა მათი ‘სიძველის” მოტივირებით გაუგონარი კადიერებაა.
საეკლესიო დოგმატურ ტრადიციაში უცთომელობის მქონეა არა მხოლოდ შინაარსი დოგმატისა, არამედ ამ დოგმატის გამომხატველი ტერმინოლოგიაც.
კვლავ აღვნიშნავთ, რომ თუმცა უწმინდეს ქართულენოვან ლიტურგიკულ ტრადიციაში ხატთან დაკავშირებით სახეზეა ‘გამოსახვაც”, ‘გამოხატვაც”, “დაწერა//გამოწერაც”, უცვალებელი ლიტურგიკული სიმყარე შეიძინა სწორედ ამ უკანასკნელმა, ვინაიდან მხოლოდ იგი დაკანონდა ბერძნული ‘იკონოგრაფიის” შესატყვის ტერმინში ‘ხატწერა”, რომელსაც ვერ შევუნაცვლებთ ვერც ‘ხატსახვას”, ვერც ‘ხატხატვას”.
ამრიგად, ისევე როგორც ხატწერითი მსახურებაა უთუოდ სამღვდელო კურთხევას დაქვემდებარებული და, აქედან გამომდინარე, ოდენ ლიტურგიკული სიწმინდე, მისი შესაბამისი ტერმინოლოგიაც მხოლოდ და მხოლოდ ლიტურგიკულია, სამღვდელოა და არანაირად ‘მხატვრული”.
აქედან გამომდინარე, ღვთივკურთხეული ტერმინ ‘ხატის დაწერის” უარყოფა და ცთომილებად მიჩნევა პირწავარდნილი ცრუსწავლებაა და იგი სრულად უნდა იქნეს აღმოფხვრილი.
ეს ნიშნავს, რომ ტერმინი ‘ხატის დაწერა” კი არ არის “მხატვრული”, არამედ ‘მხატვრულია” და კანონიკურად აკრძალულიც ხატის ახლებნური შინაარსით დაწერა, კერძოდ იმგვარით, როგორიც თავად პატივცემული დეკანოზისგან არის ერთგან მითითებული:
‘წყნეთის წმიდა ნინოს სახელობის ეკლესიაში დაბრძანებულ მაცხოვრის ხატზე ცხოვრების მომცემელი უფლის სახე აპრილის ყვავილების ფონითა და ქარვა-ჩალისფერი ტონებით გადმოვეცი. ერთი შეხედვით, ეს თითქოს უცხო სიახლეა”; კიდევ: ‘ვცდილობ, საღვთო სიტყვა მლოცველამდე უფრო მეტი სიმსუბუქით, სიახლით მივიტანო”).
ხატთან დაკავშირებული არაერთი სხვა მოსაზრებაც მღვდელ ლევან ფიროსმანაშვილისა მეტად მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს. ამ მოსაზრებებს ამჯერად, ცხადია, ვერ განვიხილავთ, თუმცა ერთ მომენტზე მაინც გავამახვილებთ ყურადღებას:
ჟურნალისტთან საუბარში დეკანოზი ლევანი ხატწერაში თავის დოგმატურ განსწავლულობას თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიას უკავშირებს და აღნიშნავს:
‘მოგვიანებით, სასულიერო აკადემიაში სწავლისას, დოგმატური ღვთისმეტყველების შესწავლა დამეხმარა გამეაზრებინა, თუ რას წარმოადგენს ხატი”.
ამ სიტყვებიდან მკითხველს დარჩება უაღრესად მცდარი შთაბეჭდილება, რომ დეკანოზ ლევანის ზემოგანხილული მოძღვრება ხატის შესახებ თითქოს სასულიერო აკადემიასთან, პერსონულად კი ჩვენთან იყოს კავშირში, ვინაიდან სასულიერო აკადემიაში ხსენებულ მოძღვარს სწორედ ჩვენ ვუკითხავდით დოგმატიკის (და კონკრეტულად ხატმეტყველებითი დოგმატიკის) კურსს. აღვნიშნავთ, რომ ხატის საღვთისმეტყველო რაობასთან დაკავშირებით თავის დროზე ჩვენ გამოვაქვეყნეთ ნაკრები ეკლესიის მამათა უხრწნელი სწავლებებისა (იხ. ე. ჭელიძე, მართლმადიდებლური ხატმეტყველება, თბ. 2000), რომელთა შესწავლა-დამუშავება, ვფიქრობთ, სავალდებულო უნდა იყოს ყოველი მართლმადიდებელი ხატმწერისთვის.
ვინაიდან დეკანოზ ლევან ფიროსმანაშვითან, მისი სტუდენტობის წლებიდან მოკიდებული დღემდე, მეტად კეთილგანწყობილი ურთიერთობა გვაკავშირებს, სრულიად გულწრფელი გულშემატკივრობით შევნიშნავთ მას, რომ დოგმატურ საკუთხთა განხილის დროს ყოვლითურთ განიშოროს პიროვნული აღქმა-შთაბეჭდილებანი და მხოლოდ ეკლესიის მამათა მოძღვრების საზღვრებში გასცეს პასუხი მისდამი დასმულ ყველა შეკითხვას. ამას შევნიშნავთ მას არა მხოლოდ ხატწერასთან დაკავშირებით დაშვებული არსებითი საღვთისმეტყველო ცთომილებების გამო, არამედ არაერთი სხვა საკითხის გამოც, რომელთა შესახებ განმარტებათა მოცემაც სხვადასხვა ინტერვიუში მას უვალდებულებია. კერძოდ, ერთი ამგვარი გახლავთ პირველმშობელთა და პირველქმნილი ცოდვის შესახებ მისგან მოწოდებული შეხედულებანი, რომლებიც სრულიად უცხოა მართლმადიდებლური ღვთისმეტყველებისთვის (იხ. ცოლქმრული ურთიერთობის შესახებ, http://www.ambioni.ge/colqmruli-urtiertobis-sesaxeb).
დასასრულს, დავიმოწმებთ კიდევ ორ დამატებით ნიმუშს, რომლებიც კვლავაც უეჭვოდ ადასტურებენ ტერმინ “წერის” (‘დაწერის”, ‘გამოწერის”) განუყრელ კავშირს ‘ხატთან” და მისსავე იგივეობას ტერმინ ‘გამოხატვასთან” თვით სრულიად არალიტურგიკულ კონტექსტშიც კი:
ეზეკ. 23.14, ოშკური რეადქცია: ‘ხატნი გამოწერილნი ხატვით”. შდრ. ამავე ტექსტის გელათური თარგმანი: ‘ხატნი … გამოხატულნი დაწერით” (ბერძნ. εικονας … εζωγραφημενους εν γραφιδι, რუს. красками нарисованные изображения).
‘მხატვარნი ანუ მწერალნი პირმშოსა მას ხატსა ანუ წერილსა განიცდიან, რამეთუ ვერ ძალ-უც ჯეროვნად გამოწერად, უკუეთუ არა ხედვიდენ მაგალითსა მას წინამძღურად საქმისა თჱსისა” (წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, ძისათჳს, A 92; შდრ. άρα ώς οι τάς μορφας γράφοντες, και τα γράμματα, δια το μη ειναι της αληθείας άλλως έπιτυχεϊν, εΐ μή προς το άρχέτυπον βλέποντας, κάκεϊθεν χειραγωγουμένους ; რუს. Ужели и здесь то же, что видим в списывающих картины или письмена, которые не иначе могут написать верно, как смотря на подлинник и им руководствуясь?).
ედიშერ ჭელიძე
რა საჭიროა ამდენი.ლაპარაკი და რაღაც შუასაუკუნეების ციტატების მოყვანა. ხატი ნახატია, თავად ენა მიგითითებთ,რა უნდა თქვათ, დავწერე წიგნი, დავხატე ან მოვხატე ხატი, რა არის აქ მიუღებელი, ვერ გამიგია? ზოგადად, რადგან შუა საუკუნეებში ვიღაც მღვდლებმა რაღაც მიიჩნიეს, რომ ასე უნდა იყოს და არა ისე, ეს მაინცდამაინც ამოსავალ წერტილად და უტყუარ ჭეშმარიტებად რატომ მიგაჩნიათ?
‘ხ ა ტ ი ი წ ე რ ე ბ ა თ უ ი ხ ა ტ ე ბ ა. ეს წმიდა მხატვრული ტერმინია. აქ გამონათქვამში მხატვრულს მეტი ადგილი უკავია ვიდრე რელიგიურს”.
ამ სიტყვებში უკვე სახეზეა საეკლესიო ხატწერის კარდინალური ვერგაგება, ვინაიდან ტერმინი ‘ხატის დაწერა” მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში არის არა მხატვრული, არამედ უმყარესი ლიტურგიკული ტერმინი, გამომდინარე იქიდან, რომ თავად წმინდა ხატწერა ანუ იკონოგრაფია წარმოადგენს საკუთრივ და ოდენ ლიტურგიკულ მოვლენას (შდრ. წმ. იოანე დამასკელისადმი განკუთვნილი სიტყვები, რითაც იგი მიმართავს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს: ‘გიხაროდენ, რომლის მიერ ჩვენ ქრისტესსახოვან და წმიდადსათაყვანო ხატწერებს ვეთაყვანებით” – Χαιρε, δι ης ημεις τας χριστομορφους και σεπτοπροσκυνητους προσκυνουμεν εικονογραφιας, PG. 96, col. 657.5-7).
ხატი სწორედ იმიტომაა თაყვანსაცემი, რომ იგი კურთხევითი, ლიტურგიკული ანუ სამღვდელოდ ცხოველმყოფელობითი სიწმინდეა და არა ‘მხატვრული”, ხოლო ის, რაც ლიტურგიკულია ანუ სამღვდელოა, ამგვარია არა მხოლოდ შინაარსით, არამედ იმ ტერმინებითაც, რომლებითაც იგი გამოითქმის.
შესაბამისად, საკუნუთა განმავლობაში დადგენილი და ცხოველქმნილი ლიტურგიკული ტერმინების უარყოფა და “მეტისმეტ” ცთომილებად მიჩნევა მათი ‘სიძველის” მოტივირებით გაუგონარი კადიერებაა.
საეკლესიო დოგმატურ ტრადიციაში უცთომელობის მქონეა არა მხოლოდ შინაარსი დოგმატისა, არამედ ამ დოგმატის გამომხატველი ტერმინოლოგიაც.
კვლავ აღვნიშნავთ, რომ თუმცა უწმინდეს ქართულენოვან ლიტურგიკულ ტრადიციაში ხატთან დაკავშირებით სახეზეა ‘გამოსახვაც”, ‘გამოხატვაც”, “დაწერა//გამოწერაც”, უცვალებელი ლიტურგიკული სიმყარე შეიძინა სწორედ ამ უკანასკნელმა, ვინაიდან მხოლოდ იგი დაკანონდა ბერძნული ‘იკონოგრაფიის” შესატყვის ტერმინში ‘ხატწერა”, რომელსაც ვერ შევუნაცვლებთ ვერც ‘ხატსახვას”, ვერც ‘ხატხატვას”. ……………………………..
მე ვფიქრობ რომ ავტორი შეგნებულად გვერდს უვლის და იგნორს უკეთებს სიტვა თუ ტერმინ ხატვას, ერთგან ხატხატვაც კი აქვს ნახსენები,ამ შემთხვევაში არ არსებობს ტერმინის კანონიკურად თუ არაკანონიკურად შერაცხვა, მთავარია ესა თუ ის სიტყვა რას გამოხატავს, მართლა ვერ გამიგია რას გამოხატავს სიტყვა დაწერა ხატთან მიმართებაში( გარდა იმისა რა განმარტებაც მე გავაკეთე), თან თურმე ეს სიტყვა კანონიკურია და ხატვა არაკანონიკური. ან რა შუაშია ლიტურგია ამ კონკრეტულ სიტუაციაში? “ხატი დავხატე” რომ ვთქვა ერესია?
მე ჩემს თავს ვთვლი მხატვრად, ვხატავ ხატებს, თან ვამბობ რომ ვხატავ და არა ვწერ, ერეტიკოსი ვარ და შეცდომილი? :)))
ჰოდა ძამია ხატე და ნუ შეგვაწუხე ამ შენი კომენტატორობით.
ვისაც უნდა დაწერს და შენ თუ გინდა ხატე, მარა ამ პატივსაცემ ადამიანს, რომ დაუგდო ყური იგი აჯობებს, გამიგე ძამია?
მე გავიგე უსწავლელმა ადამიანმა და ვითომ შენ ვერ გეიგე ხომ?
ბუჯო რავარც დედაჩემს ვწერ წერილში- დედა სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ და როის გნახავ ერთი სული მაქ და ცრემლი მომდის თვალიდან. ასე იწერება ძამია ხატიც! იმიტომაა მერე, რომ ვუყურებ ცრემლი მომდის თვალიდან და დედასავით ვეფერები, გულში მინდა ჩავიკრა და ის სიტყვები ვეჩურჩულო სულიდამ რომ ამომდის, გეიგე ძამიაა.
ბატონი ედიშერ ჭელიძე სტატიაში განხილული თემის შესახებ არა სიტყვის დონეზე, არამედ დასაბუთებულად და დოკუმენტურად გვიხსნის საკითხს, გახლავთ პატრიარქის მიერ საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი დაჯილდოვებული თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაწეული დიდი შრომისთვის, უკაცრავად მაგრამ იქნებ ყურადღება მის სტატუსსაც მიაქციოთ.
keti სტატუსი რა შუაშია ვმსჯელობთ, ყველას გვაქვს რაღაც სტატუსი, ბატონ ედიშერს დიდ პატივს ვცემ და ძალიან ვაფასებ. ბატონი ედიშერი არის ფილოლოგი და პატროლოგი, მე ვარ მხატვარი, ხოდა მიუხედავად მისდამი დიდი პატივისცემისა ჩემზე კარგად ვერ ხატავს, როგორც მე ვერ შევედრები მის სპეციალობაში:)
ვსვავ მარტივ კითხვას; ვამბობ რომ ხატი დავხატე, რამეს არასწორად ვამბობ? მეტიც ეს გამონათქვამი არაკანონიკურია?
მცირე განმარტებას გავაკეთებთ და ჩვენი მხრიდან ამით დავასრულებთ: “ხატის დახატვა” ან “ხატის ხატვა” ან, საზოგადოდ, ტერმინი ‘ხატვა” კი არ არის რაიმე სახის ცთომილება, ცთომილებაა ‘ხატის დაწერის” მცდარ ტერმინად მიჩნევა. ვისაც სურს, შეუძლია თქვას, რომ იგი ხატს ‘გამოსახავს”, ან ‘ხატს ხატავს” ან “ხატს ქმნის”, მაგრამ არ შეუძლია თქვას რომ “მცდარია” ან ‘მეტისმეტად არასწორია” “‘ხატის დაწერა”, ვინაიდან ეს ნიშნავს საუკუნოვანი (სწორედ ქართული) ლიტურგიკული ტრადიციის ფეხქვეშ გათელვას. კვლავ გავიმეორებთ, რომ “ხატის დახატვა” წმინდა ტრადიციაში ერთგზისაც კი არ არის დამოწმებული, რაც მის მხოლო ზეპირ გავრცელებულობას ცხადყოფს და ეს უეჭველი ფაქტია, რაც იმას კი არ ნიშნავს, რომ საზოგადოდ გამოთქმა ‘ხატის დახატვა” თითქოს რაიმე სახის ერესი იყოს, არამედ მხოლოდ იმას, რომ საქართველოს ეკლესიას ლიტურგიკულ ტერმინად დაკანონებული ჰქონდა და აქვს სწორედ “ხატის დაწერა”, რასაც ცხადყოფს თუნდაც ყველასთვის მისაღები და შეუცვლელი ტერმინი “ხატწერა”. არავინ იზღუდება იმაში, რომ თქვას ‘ხატი დავხატეო”, მაგრამ აბსოლუტურად დაუშვებელია (მეტიც სრული უმეცრებაა) იმის თქმა, რომ თითქოს მცდარია და რუსულიდან ნათარგმნი ტერმინია სულ ცოტა მეხუთე-მეექვსე საუკუნეებიდან დამკვიდრებული ცნება-ტერმინი’ხატის დაწერა”, რაც არა მხოლოდ თარგმნილ, არამედ ორიგინალურ ძეგლებშიცაა სრულიად ბუნებრივად (ანუ დაკანონებულად) გამოყენებული (იხ. ქართლის ცხოვრება”, ‘წმ. გიორგი მთაწმინდელის ცხოვრება” და მისთ.). ამიტომაა, რომ ჩვენი მიზანი იყო არა ტერმინ “ხატვის” ისტორიის ჩვენება, არამედ ტერმინ ‘ხატის დაწერის” კანონიკურობის (არამცდარობის) და უძველესობის წარმოჩენა. ვისაც ეს ჯერ კიდევ ეეჭვება,უმჯობესია ჩემს კომენტარებს საერთოდ ნუ გაეცნობა. კიდევ, ერთ-ერთი კომენტატორი ზემოთ ნიშნისმოგებით ამბობდა, მეფეს დავხატავთ თუ დავწერთო და მისთ. საზოგადოდ, მკითხველს ტექსტიდან აზრის გამოტანის უნარი უნდა შესწევდეს, ვინაიდან განა საუბარი იმაზეა, ვინ რას ხატავს? ჩვენ განვიხილავდით და განვიხილავთ ტერმინ ‘წერას” მხოლოდ ტერმინ “ხატთან” შეწყვილებაში ანუ ვეხებოდით მხოლოდ და მხოლოდ სინტაგმას ‘ხატის დაწერა”, რაც სათაურშივეა გატანილი და რასაც თვით ოპონენტებიც კი (ამ შემთხვევაში დეკანოზი ლევან ფიროსმანაშვილი) ყოველ ნაბიჯზე იყენებენ. შესაბამისად, გაურკვეველია, რას და რატომ იწუნებენ ისინი. რაც შეეხება ზოგადად ლექსიკურ ერთეულებს ‘წერა” და ‘ხატვა”, მათ გამოყენების უფართოესი დიაპაზონი აქვთ და, რა თქმა უნდა, ერთმანეთს არ ფარავენ. ამასთან, წმინდა ტრადიციის შეურაცხყოფა იმის კადნიერი აღნიშვნით, რომ რჯულისკანონი ‘იდეალურად არ არის თარგმნილიო” (ვითომ შეედარებინოს ორიგინალისთვის) სინამდვილეში მართლა ამ სიწმინდეს კი არ შეურაცხყოფს (მის არსობრივ შეურაცხყოფას ვერავინ შეძლებს), მხოლოდ თავის თავს განუსაზღვრავს უმძიმეს მდგომარეობას. ამგვარივე სრული კატაგნოზისია, აგრეთვე, იმაზე მითითება, რომ სახარებაც კი არა გვაქვს კარგად თარგმნილიო, ვინაიდან აქლემი უნდა თუ საბელი, ვერ გაიგებო. ეს აზრი, კერძოდ, იმიტომაა კატაგნოსტური, რომ ამ აზრის გამომთქმელს ჰგონია, საბელისა და აქლემის მონაცვლეობა ქართველ მთარგმნელთა ბრალია. სინამდვილეში ამგვარი რამ სახეზეა ბერძნულ ნუსხებში, სადაც ზოგან ‘აქლემია”, ზოგან ‘საბელი” და წმინდა მოძღვარნიც, მათზე დაყრდნობით, ზოგჯერ ‘საბელს” განმარტავენ. ზოგჯერ ‘აქლემს”.
რა თქმა უნდა, ვგრძნობთ, რომ მთელი ჩვენი განმარტებანი მიზანმიუღწეველია და წყლის ნაყვაა იმგვარ პირებთან მიმართებით, რომლებისთვისაც სრულიად გაუგებარია, თუ რა კავშირი აქვს ხატწერას ლიტურგიასთან, ანთუ რას ნიშნავს წმინდა წყაროები, ან კიდევ რატომ არის ‘ხატის დაწერაც”, ‘ხატის გამოსახვაც” და ‘ხატის გამოხატვაც” არა მხატვრული არამედ მხოლოდ და მხოლოდ ეკლესიის უხრწნელი ლიტურგიკული წიაღის ‘აღუტეხელი” ტერმინები, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენგან გამოქვეყნებული წერილობითი მასალა იმგავარდვე ძვირფასი აღმოჩნდება თუნდაც ერთი მკითხველისთვის, როგორც ეს არის ჩვენთვის (და როგორიც ეს მასალაა ბუნებითად). ამიტომ, თუ ერთ მორწმუნეს მაინც განვარიდებთ ტერმინ “ხატის დაწერის” მცდარობის შესახებ გავრცელებული უმძიმესი ცრუსწავლებისგან, ჩვენს მიზანს სავსებით მიღწეულად ჩავთვლით.
ედიშერ ჭელიძე
დიდი მადლობა ბატონო ედიშერ ასეთი ღრმა და შინაარსიანი კომენტარებისათვის!
ეს ჩემთვის ლექციების ციკლის ტოლფასია.
რა თქმა უნდა, ვგრძნობთ, რომ მთელი ჩვენი განმარტებანი მიზანმიუღწეველია და წყლის ნაყვაა იმგვარ პირებთან მიმართებით, რომლებისთვისაც სრულიად გაუგებარია, თუ რა კავშირი აქვს ხატწერას ლიტურგიასთან
როგორც ჩანს ვერ ავცდით ქედმაღლურ და დამამცირებელ დამოკიდებულების გამოხატვას ოპონენტებისადმი, ესეც ალბათ ჩვენი შუასაუკუნეებიდან მომდინარე პრობლემაა……….. ბატონო ედიშერ ჩვენც ვიცით რომ საეკლესიო მხატვრობა ლიტურგიასთან კავშირშია, სამწუხაროდ ამ თემასთან დაკავშირებით აზრის გამოთქმა როგორც ბრძანეთ თქვენს გარეშე გაგრძელდება, რაც ალბათ არარის კარგი, თქვენ გსურთ რომ ადამიანებმა უპირობოთ დაგიჯერონ თუნდაც 2 განმარტების შემდეგ, არამგონია ეს საინტერესო გამოვიდეს, მე შეიძლება ლიტურგიაში ისე არ ვერკვევი მაგრამ რაშიც ვერკვევი ძალიან კარგად ვიცი კომენტარებსაც სწორედ ჩემი პროფესიის და შეხედულების შესაბამისად ვაკეთებ:)
იმედს ვიტოვებ რომ ამ თემაზე მსჯელობა გაგრძელდება და მეტი ადამიანი ჩაერთვება დისკუსიაში, განსაკუთრებით საინტერესოა მხატვრების და ზოგადად “არტ”-ისტების აზრი
დიდი ბოდიში ბატონო მხატვარო, მაგრამ თქვენი მოქმედება გავს არა საკითხში გასარკვევად წამოწყებულ დისკუსიას, არამედ პატარა ბავშვის ახირებულ მოქმედებას, მე ასე მომწონს და ეს არის სიმართლეო. ხოლო რაც შეეხება ქედმაღლობას და დამცირებას ეგ თქვენგან უფრო გამოსჭვივის, რადგან ყოველგვარი დასაბუთებული არგუმენტების გარეშე ჯიუტად იმეორებთ ერთხელ აკვიატებულ აზრს.
თქვენ თუ გეხამუშებათ გამონათქვამი ,,ხატის დაწერა” ეს სრულადაც არ ნიშნავს, რომ ეს ტერმინი არასწორია და მიუღებელი. როგორც თქვენი კომენტარებიდან ჩანს, პრობლემა იმაში გახლავთ, რომ ხატს, როგორც ლიტურგიკულ სიწმინდეს ვერ აღიქვავთ და ხედავთ მას, როგორც თქვენი პროფესიული საქმიანობის მორიგი სახეს, ამიტომაცაა დოგმატური სწავლებების უგულველყოფა და ,,ახალის” ძიების დამკვიდრება, აი თქვენთვის მკვებავი კონცეფციაც ,,… მაცხოვრის ხატზე ცხოვრების მომცემელი უფლის სახე აპრილის ყვავილების ფონითა და ქარვა-ჩალისფერი ტონებით გადმოვეცი. ერთი შეხედვით, ეს თითქოს უცხო სიახლეა”. ამით ვფიქრობ ყველაფერი ნათქვამია.
პატივცემულო მხატვარო (ისე კარგი იქნებოდა თქვენი სახელიც დაგეწერათ) ხატწერას სწორედაც, რომ დოგმატური საფუძველი გააჩნია, ამიტომ იქნებ ყური დაგეგდოთ და გესწავლათ იმ პირებისაგან ვისაც ეს საკითხი მართლაც, რომ შესწავლილი აქვთ და ამასთან ერთად მინიჭებული სწავლების უფლებაც!
პატივისცემით ლაზარე
… მაცხოვრის ხატზე ცხოვრების მომცემელი უფლის სახე აპრილის ყვავილების ფონითა და ქარვა-ჩალისფერი ტონებით გადმოვეცი. ერთი შეხედვით, ეს თითქოს უცხო სიახლეა”. ამით ვფიქრობ ყველაფერი ნათქვამია.
ეს ხატი დახატა სხვამ, მე ის სხვა არ ვარ, თუმცა ვაღიარებ რომ ვინც ეგ ხატი დახატა პროფესიონალი მხატვარია და იცის რაც გააკეთა, თან სასულიერო პირია და ლიტურგიაშიც საკმაოდ გარკვეული..)
რც შეეხება ხატის დაწერას მე განვმარტე რომ ეს არის ძალიან სპეციფიური კალიგრაფიული მომენტი, როდესაც მონასმი კეთდება კალიგრაფიული სიზუსტით და რაღაცით გავს ასოების მოხაზულობას თქო, ამას უკაცრავად და მხატვარი უფრო კარგად მიხვდება ვიდრე არამხატვარი… მაგრამ სიტყვა დახატვის სრულ იგნორირებას ნამდვილად ვერ შევეგუებით რადგან ეს სიტყვა ძალიან ბევრ ისტორიულ წყაროებშია დაფიქსირებული და შემონახული, რასაც სტატიის ავტორი ხალხურ გადმოცემას უწოდებს, ანუ ავტორი თავის სტატიაში ხაზს უსვამს იმას რომ ხატის წერა არის რაღაც განსაკუთრებული ტერმინი რომელიც გადმოსცემს ხატის ლიტურგიულ შინაარსს.
ლაზარე ან თქვენ საიდან დაასკვენით რომ ვერ აღვითქვავ ხატის ლიტურგიკულ სიწმინდეს, ან რას ნიშნავს ლიტურგიკული სიწმინდე?( ხატი თავისთავად წმინდაა) ან სად ხედავთ რომ დოგმატურ სწავლებას ვუგულებელვყოფ?
მე ვსაუბრობ იმაზე რომ ზოგადად ხდება სიტყვა ხატვის მიზანმიმართული ჩანაცვლება წერით, დახატული ხატი კი არა დაწერილი ხატი და ასე შ.
ამ საკითხს უფრო განვავრცობ შემდეგ კომენტარებში……….
სახელის დაწერას რაც შეეხება რათქმაუნდა არ დავწერ:)))))))))))))) ან რაში გაინტერესებთ ვინ ვარ? ესეთ კითხვას ნორმალურ სიტუაციაში არ სვავენ ხოლმე.. მთავარია რომ აქ ერთმანეთის და სარწმუმოების მტრები არავინ არ ვართ, ვმსჯელობთ, ვკამათობთ და ჩვენს აზრებს ვაფიქსირებთ რაც დამეთანხმეთ რომ ნამდვილად დიდი მიხწევაა, მდლობა ამისთვის სოციალურ მედიას და გაზეთ ამბიონს
ერთი კითხვა მაქვს.რატომ არ გვხვდება ტერმინი კედელზე ხატი დაწერა.ყველგანაა მოხსენებული კედლის მხსტვრობა და ეკლესიის მოხატვა.ტაძრის მოხატულობა გვხვდება ყველგან.სიტყვა ხატიდან არ მოდის ხატვა?