მთავარი » ქრისტიანობა

ტექნოლოგიები ქვემო ქართლში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 23.04.2017 | 1,404 ნახვა

ალგეთის წყალსაცავი

ვაგრძელებთ სტატიათა სერიას, რომელიც ეძღვნება ქვემო ქართლს, მის წარსულს და თანამედროვეობას. განხილულ იქნება ქვემო ქართლში შემავალი ადმინისტრაციული რაიონების სხვადასხვა შესაძლებლობები. მათ ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ძეგლები და სხვა. ეს განხილვები ხელს შეუწყობს ამ ჟურნალის მკითხველს უფრო კარგად გაეცნოს და დაინტერესდეს ქვემო ქართლით.

როდესაც ვეხებით საშენი მასალების მოპოვება-დამუშავების თემას, აუცილებელია, რომ ვახსენოთ, აქ, გარდა კერამიკის გამოწვისა, დასტურდება თიხის მომინანქრების ტექნოლოგიაც, რომელიც ფართოდ გამოიყენებოდა სამოქალაქო და საკულტო შენობებში. მომინანქრება ხდებოდა: კრამიტის, აგურის და სხვა. რათა შენობებს უფრო ლამაზი სახე მიეღო. მომინანქრების ტექნოლოგია მდგომარეობს იმაში, რომ თიხის გამოსაწვავ ღუმელში უნდა მიიღო 1200-14000C. ეს კი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღება, თუ ღუმელი სპეციფიკურადაა მოწყობილი და გამოიყენება წიფლის ნახშირი. ამ შემთხვევაში ქვემო ქართლში არსებული ღუმელები და ხის მოპოვება პასუხობს მომინანქრების პირობებს. ეს რაც შეეხება მშენებლობას, მეორე, როგორც ზემოთ ვთქვით, არის თავდაცვითი საშუალება – იარაღი.
ნათლად რომ წარმოვიდგინოთ საბრძოლო და შრომითი იარაღის როლი ჩვენი ერის ისტორიაში, ამისათვის პატარა ექსკურსი ჩავატაროთ: 3500 წლის წინათ, ქრისტეს შობამდე, კაცობრიობამ დაიწყო ბრინჯაოს გამოყენება. ბრინჯაო კალისა და სპილენძის ნადნობია, შედარებით მაგარი და, რაც მთავარია, მისთვის შეიძლება მრავალი საჭირო ფორმის მიცემა. ზოგი ისტორიკოსი ამტკიცებს, რომ პირველი მეტალურგები საქართველოში იყვნენ, ადგილსაც მიუთითებენ – თაბორის მთას, მაგრამ ეს ნაკლებ სავარაუდოდ გვეჩვენება, რადგანაც ბრინჯაოს იარაღის ფლობა იმ პერიოდში ნიშნავდა უახლესი ტექნოლოგიის ფლობას, რაც შრომით საქმიანობაში დიდი სივრცეების ათვისებას, მოსახლეობის მატებას და კლასობრივი საზოგადოების არსებობას ნიშნავს, ხოლო პოლიტიკურ ასპექტში – დიდ დაპყრობას.

აღნიშნული ფაქტორები ბრინჯაოს იარაღის ფლობისა ჩვენთან არ აღინიშნება, მეზობლად კი არსებობდა, შუამდინარეთსა და ეგვიპტეში. მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ კავკასია მდიდარია სპილენძისა და კალის საბადოებით (ქვემო ქართლი, ყარაბაღის მთიანეთი) აქ, ამ ტერიტორიაზე, ზემოთ აღნიშნული თვისებების მქონე სახელმწიფოები შედარებით გვიან ჩამოყალიბდა. შემდგომ ამისა, ძვ.წ.აღ.-ის XIII-VIII საუკუნეებში კაცობრიობა იწყებს რკინის გამოყენებას, რასაც მოჰყვა ბრინჯაოს იარაღზე დაფუძნებული ცივილიზაციების გაქრობა და ისინი, ვინც ფლობდნენ ახალ რკინის ტექნოლოგიას, წინა აზიაში გაბატონდნენ: ასურელები, მიდიელები, ურარტელები. ზოგიერთმა მათგანმა ილაშქრა კიდევაც საქართველოში და ჩვენს წინაპრებს ყველა ომი მოუგეს, რადგანაც ჩვენთან, დიაოხსა და კოლხაში, ჯერ კიდევ ბრინჯაოს იარაღი არსებობდა. ამ დაპყრობებმა ჩვენი წინაპარიც აზიარა რკინის კულტურას და დაიწყეს რკინის აქტიური გამოყენება საბრძოლო თუ სამეურნეო დანიშნულებით. თუ სპილენძი მოიპოვებოდა საქართველოში და კერძოდ, ქვემო ქართლში, (სხვათაშორის, სპილენძის, ბრინჯაოს მოპოვება-გადამუშავება ფართოდ იყო განვითარებული მტკვარ-არაქსის და შემდგომ თრიალეთის კულტურებში) რკინის საბადო არ არსებობს, ამიტომაც იგი შემოჰქონდათ და რადგანაც ყოველთვის არ იყო მშვიდობიანი პერიოდი ვაჭრობისა და გაცვლისათვის, საჭირო იყო ისეთი მეთოდების დანერგვა, რომ ქვეყანას, რომელსაც ხშირად ებრძოდნენ მეზობლები და რომელსაც სჭირდებოდა მძლავრი იარაღით კარგად შეიარაღებული მებრძოლი,გაფრთხილებოდა და სისტემატურად შეევსო თავისი რკინის რეზერვები. ამის მეთოდს ჩვენმა წინაპრებმა მიაგნეს მრავალი საუკუნის შემდეგ.

ეს იყო იარაღის წრთობა, ანუ დაინერგა ისეთი ტექნოლოგია, როდესაც საბრძოლო ან სამეურნეო იარაღი უფრო გამძლე და მკვრივია. დღესდღეობით საქართველოში შემონახულია წრთობის განსაკუთრებული ტექნოლოგია. მას ბაწარაული წრთობა ჰქვია. ამის შედეგად, რკინა იმდენად მძლავრი ხდება, რომ თითქმის არ ტყდება, არ ჩლუნგდება და დიდხანს სძლებს. ჩვენმა წინაპრებმა რკინის დეფიციტი მისი გამძლეობით შეავსეს, ხოლო ისტორიამ გვაჩვენა, რომ რკინის იარაღი, საბრძოლოც და სამეურნეოც, მასიურად ვრცელდება იმ არეალზე, სადაც მას ინტენსიურად გამოიყენებენ.

ასეთი ერთ-ერთი რეგიონი საქართველოში და სამხრეთ კავკასიაში იყო ქვემო ქართლი. მრავალი საუკუნის მანძილზე დამპყრობლები ქვეყნის გულისკენ მოიწევდნენ, რადგან იდეალური პირობები იყო სოფლის მეურნეობის, ქალაქური ცხოვრების და ვაჭრობა-ხელოვნების განვითარებისათვის. ქვემო ქართლის ყველა ხეობაში დგას რამდენიმე ციხესიმაგრე, რომელიც იცავდა ქვეყანას სამხრეთიდან. მათ შორის ყველაზე მძლავრი ციხესიმაგრე ოდითგანვე იყო სამი: სამშვილდე, ხუნანი ანუ გარდაბანი და ლორე. თუ რუკას დავხედავთ, ეს სამი ციხესიმაგრე ქმნის ერთგვარ სამკუთხედს, რომლის შუაშიც, განსაკუთრებით მშვიდობიანობის პირობებში, ვითარდება მძლავრი სამეურნეო-საწარმოო, სავაჭრო და კულტურული კერები.

რაც შეეხება სამეურნეო-საწარმოო მხარეს, აქ, გამომდინარე რეგიონის კლიმატური და გეოგრაფიული პირობებიდან, კარგად იყო განვითარებული სარწყავი მეურნეობა. ერთ-ერთი პირველი სარწყავი არხიც აქ იყო გაყვანილი, ეს რუსთავის არხი იყო, რომელიც ჯერ კიდევ ჩვ. წ. აღ.-ის მეორე საუკუნეში დასტურდება.

საინტერესოა არხის სათავის ორგანიზება. აქ აგებული იყო ციხესიმაგრე, რომელიც იცავდა არხის სათავეს. მდინარე მტკვარში დგამდნენ ხის წნულ დიდ კალათებს, რომელშიც ათავსებდნენ ქვებს. მდინარე იმდენად იკეტებოდა, რამდენი წყალიც იყო საჭირო არხში გასაშვებად. ამგვარი არხები არსებობდა მდ. ხრამზე, ამჟამინდელი სოფ. ნახიდურის მიდამოებში, მდ. ფოლადაურზე, მის ზემო წელში და მდ, შულავერზე. აღნიშნული არხები დღემდე მოქმედია. იყო პერიოდები, განსაკუთრებით შუა საუკუნეებში, როდესაც გარეშე ფაქტორის ჩარევით, ისპობოდა ქვემო ქართლის მთლიანი ეკონომიკა. მაგ., მონღოლთა , თემურ-ლენგის და ლეკიანობის დროს, მარგამ საჭირო იყო მცირე ხანი და ცენტრალური ხელისუფლების ქმედითი ღონისძიებების შემდეგ მალევე აღორძინდებოდა ხოლმე. ამ აღორძინების ერთ-ერთი მძლავრი წინაპირობა იყო ის, რომ ქვემო ქართლი მდებარეობდა ქ. თბილისის მიმდებარედ და აქ იმდენად უმნიშვნელოვანესი გზები გადიოდა, რომ აუცილებელი იყო მათი დაცვა. აქ მდებარეობდა ქვეყნის ხაზინის ერთ-ერთი მთავარი შემავსებელი საბადოები: სპილენძის, ვერცხლის და, როგორც ამჟამად არის დადასტურებული, ოქროსი. მისი მოპოვება დაწყებულა ჯერ კიდევ ძვ. წ. აღ.-ის III-IV ათასწლეულში, ეს ევროპის უძველესი საბადოა, სადაც ადამიანი მოიპოვებდა ძვირფას ლითონს.

ყველა ამ ფაქტორმა განაპირობა ქალაქური ცხოვრების აღმავლობა ( რუსთავი, ხუნანი, ცურტავი, სამშვილდე, დმანისი). იმდენად დიდი და მნიშვნელოვანი ქალაქები იყო, რომ VIII- X საუკუნეებში ქ. დმანისში იჭრებოდა საკუთარი ფული. ქ.რუსთავი იყო საუფლისწულო დომენი, ქ. ცურტავი(აგრაჯი) – ზამთრის და სანადირო რეზიდენცია. ყველა ამ ქალაქზე გადიოდა უმნიშვნელოვანესი სავაჭრო გზები, რომლებიც მიემართებოდა თბილისისაკენ. სამხრეთიდან წამოსული მტერი პირველად ცდილობდა სწორედ ქვემო ქართლის ქალაქებისა და ციხესიმაგრეების აღებას, რასაც შემდგომ თბილისის და მთლიანად საქართველოს დაკავება მოჰყვებოდა. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი არის დიდგორის ბრძოლა 1121 წელს.

( გაგრძელება იქნება)

მოამზადა ისტორიკოსმა გოჩა ომაიძემ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი