მთავარი » ეკლესია-მონასტრები

თბილისის ზემო ბეთლემის მაცხოვრის შობის ტაძარი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 24.07.2012 | 8,296 ნახვა

ზემო ბეთლემის მაცხოვრის შობის ტაძარი XVIII-XIX სს. სახით არის მოღწეული. ეკლესია “გუმბათოვან-დარბაზული” ტიპის ნაგებობაა და ქვით მოპირკეთებული აგურის სუბსტრუქციაზეა აღმართული.

ბეთლემის კიბე-ქუჩა 120 საფეხურს ითვლის, ბეთლემის უბანში კლდეს აჰყვება და ზემო ბეთლემთან მთავრდება.

დეკანოზი იოანე როსტიაშვილი (ზემო ბეთლემის ტაძრის წინამძღვარი):

“პირველ საუკუნეში, როდესაც ქრისტიანობის გავრცელება დაიწყო, საქართველოშიც შემოვიდნენ მოციქულები: ანდრია პირველწოდებული, სვიმონ კანანელი, მატათა. ნელ-ნელა დაიწყო ერის გაქრისტიანება, მაგრამ ფესვი ვერ გაიდგა. მესამე საუკუნის ბოლოსა და მეოთხე საუკუნის დასაწყისში საქართველოში შემოვიდა წმიდა ნინო ღვთის განგებულებითა და ღვთისმშობლის კურთხევით და გააქრისტიანა საქართველო.

ზემო ბეთლემი

შემდგომ მეფე მირიანმა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა მართლმადიდებლობა და დაიწყო ეკლესიების აღმშენებლობა.

ბეთლემის მშენებლობა ეკუთვნის წმიდა მეფე ვახტანგ გორგასალს. ვიცით, რომ მან დაუდო საფუძველი ჩვენს დედაქალაქს. აქედან 150 მეტრში არის სარიტუალო ცეცხლის სანახავი. მაზდეანობის პერიოდში იქ ინახავდნენ სარიტუალო ცეცხლს. ვახტანგ მეფემ ამ სარიტუალო საკერპოს დაუპირისპირა და ააშენა მაცხოვრის შობის სახელობის ქრისტიანული სალოცავი.

საძირკველი ვახტანგ გორგასლის მიერ ჩაეყარა და მის მიერვე ეკურთხა. ტაძარი იმ დროს მომცრო ზომის იყო.
ამ ტაძარშივე არის დაკრძალული ვახტანგ მეფის დედა და და.

ტაძრის პირველი სახე ეკუთვნის ვახტანგ გორგასალს, ხოლო ამ ზომის ტაძარი, დღეს რაც არის აშენებული – გივი ამილახვარს.
კომუნისტების დროს აქ იყო ბიჟუტერიის საამქრო, 1991 წელს საპატრიარქოს გადაეცა. მიმდინარეობდა გათხრები და აღმოჩენილ იქნა ვახტანგ გორგასლისეული ტაძრის საკურთხეველი. შემდეგ ეს ყოველივე მიწით ამოვავსეთ და იატაკი დავაგეთ. საკურთხევლის ადგილი დავტოვეთ და როგორც ბეთლემში არის, ისე გავაფორმეთ ვარსკვლავით, სადაც შობის ხატია დაბრძანებული და კანდელები არის ჩაკიდული.

ტაძარში სიმბოლურადაა გამოყოფილი პატარა ადგილი ისევე, როგორც ბეთლემშია ბაგა, რაც საკურთხევლის ნაწილს წარმოადგენს.
ტაძარი ნალესი ალაგ-ალაგ იყო, რაც წვიმისგან ჩამოყრილი გახლდათ. ამიტომ თავიდან გაილესა (ლესვის პროცესი 2000 წელს დაიწყო) და ხელახლა მოიხატა. ძირითადად გამოყენებულია აგური. გარედან აღმოსავლეთი- ჩრდილოეთ კედელი და გუმბათი მოპირკეთებულია ქვით. გივი ამილახვრის მიერ აშენებული. აგურის წყობა მარიამ დედოფლისეულია, რაც იშვიათ წყობას მიეკუთვნება.
კანკელი არ გახლავთ მოხატული. იგი ქვისგანაა გამოთლილი. მისი ავტორები ჩვენი მრევლის წევრები არიან. კანკელის აღსავლის კარი ხისაა.
ტაძარს აქვს სამრეკლო, რომელიც შედარებით მოგვიანებით აიგო.
ტაძარი ფუნქციონირებს 1994 წლიდან.

ტაძარში ძველი ხატებია დაბრძანებული თუ ახალი?

ტაძრის მოხატულობა და ხატები ახალია, რომელიც ეკუთვნის ბასილ ზანდუკელს. ტაძარში დაბრძანებულია 6000 ბერ გარეჯელთა წმიდა ნაწილი თავიანთივე სახელობის ხატში.

ტაძრის ტიპიკონი:

პარასკევსა და შაბათ-კვირას წირვა-ლოცვები ტარდება, დღესასწაულებში – საუფლო მსახურებები. ქალაქის წმიდანების ასი ათასი მოწამის ხსენება. ტაძრის და ქალაქის დამაარსებლის ვახტანგ გორგასლისა და ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს 13 დეკემბერსა და იოანე ნათლისმცემლის შობა, თავისკვეთის დღეები სრულდება ღამისთევის მსახურება.
ტარდება იესო ტკბილოს პარაკლისი. მარხვების პერიოდში ყოველ პარასკევს ტარდება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის პარაკლისი, რომელსაც ქვია „აღსარების“ პარაკლისი.

რომელ დღესასწაულს აღნიშნავთ განსაკუთრებულად?

ყველაზე მეტად აღინიშნება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. ასევე ტაძრის დღესასწაული – შობა, რადგან ეს ტაძარი არის ქრისტეს შობის სახელობის.

ტაძარში მსახურობს სამი სასულიერო პირი: წინამძღვარი – დეკანოზი იოანე როსტიაშვილი, იღუმენი კირიონ ზეინკლიშვილი და დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი.

თეა სულაბერიძე

ფოტო ნინო ჩალაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი