მთავარი » ეკლესია-მონასტრები

თბილისის სიონის საკათედრო ტაძარი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 31.03.2012 ერთი კომენტარი | 9,951 ნახვა

თბილისის სიონის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძრის მშენებლობა VI საუკუნეში ქართლის ერისმთავრის გუარამ კურაპალატის დროს დაიწყო და VII საუკუნის 20-იან წლებში ადარნასეს ერისმთავრობისას დასრულდა.

თბილისის სიონი ტაძარი მტკვრის მარჯვენა დაბალ ნაპირზე, ზემო კალაში, სიონის ქუჩაზე მდებარეობს.
სახელი სიონი იერუსალიმში არსებული წმიდა მთის სახელწოდებიდან მომდინარეობს. იგი ებრაული სიტყვაა და მზიანს ნიშნავს. საქართველოში სიონის სახელწოდების მრავალი ტაძარი არსებობს და ყველა ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა, მათგან განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობისაა თბილისის სიონის საკათედრო ტაძარი.

არქიტექტურული თვალსაზრისით, სიონის ტაძარი თავისი გეგმით განვითარებული შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურის ნიმუშია. იგი ცენტრალურ-გუმბათოვანი ნაგებობაა აღმოსავლეთით გამოშვერილი წახნაგოვანი აფსიდებით. გუმბათი ყელითურთ დასავლეთის ორ თავისუფლად მდგომ ჯვარისებური კვეთის სვეტსა და საკურთხევლის კედლებს ეყრდნობა. ტ.კიპაროიძემ შეადგინა ტაძრის სამხრეთისა და ჩრდილოეთის კარიბჭეთა პროექტი (აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთის კარიბჭის ნაკვალევი აღმოაჩინეს სარესტავრაციო სამუშაოების წარმოების დროს). 1983 წელს დასრულდა მშენებლობა. კანკელის ავტორიც ტ. კიპაროიძეა. გუმბათზე დაიდგა ახალი ჯვარი.

ხატები და სიწმინდეები: თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში ინახება ჯვარი ვაზისა, რომელიც ქართველთა განმანათლებელს, წმიდა ნინოს იერუსალიმში ღვთისმშობელმა გადასცა. ცენტრალური ტაძრის კანკელის სამხრეთით კედელში წმიდა თომა მოციქულის თავის ქალა ასვენია. ტაძარში ინახება წმიდა დავით გარეჯელის მიერ იერუსალიმიდან ჩამოტანილი სასწაულთმოქმედი მადლის ქვა. სიონის საკათედრო ტაძარში საქართველოს სახელოვანი შვილები, მეფეები და კათოლიკოს-პატრიარქები განისვენებენ. სადიაკვნეს კარის წინ, სამხრეთ კედელთა თეთრი ქვის აკლდამაში ასვენია ეპისკოპოს იოანე მანგლელის (1666-1751) ნეშტი. საკურთხევლის წინ და გუმბათქვეშა ბურჯებთან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქების: კირიონ მეორის (1855-1918), ლეონიდეს (1861-1921), ამბროსის (1861-1927), ქრისტეფორეს (1873-1932), კალისტრატეს (1863-1952), მელქისედეკ III-ის (1872-1960), ეფრემ II-ის (1896-1972) და დავით V-ის (1903-1977) საფლავებია, დასავლეთ მკლავში – პოეტ ვახტანგ ორბელიანისა (1812-1890).

თბილისის სიონი
სიონის ხატებიდან ყურადღების ღირსია მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი, ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და სიონის ღვთისმშობლის, წმიდა ბარბარეს, წმიდა ნინოს, წმიდა გიორგის, წმიდა ნიკოლოზის, „საქართველოს ეკლესიის დიდების“, წმიდა სერაფიმე საროველის ხატები.
სიონის ტაძრის ისტორიას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ უამრავი ჭირ–ვარამი გამოუვლია ისევე, როგორც სრულიად საქართველოს თავისი ისტორიის მანძილზე.

ტაძარი მრავალჯერ დაუნგრევია და დაურბევია მტერს. ამიტომ თავდაპირველი სახით შენობა არ შემოგვრჩა. სავარაუდოდ, იგი საფუძვლიანად განაახლეს დავით IV აღმაშენებლის მიერ თბილისის აღების (1122 წლის) შემდეგ.

თბილისის სიონი 1226 წელს, როცა ხვარაზმის შაჰმა ჯალალ-ედ-დინმა თბილისი აიღო, მისი ბრძანებით სიონის გუმბათს თავი მოხადეს და იქ ტახტი დადგეს. ამ ტახტზე მჯდარი ადევნებდა ჯალალ-ედ-დინი თვალს იმ ქართველებს, რომელთაც არ შეურაცხყვეს სიონის ტაძრიდან გამოტანილი და მეტეხის ხიდზე დასვენებული მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატები. იმ დღეს ასი ათასზე მეტი ქართველი ეწამა ქრისტესთვის. ნაგებობა მალევე შეაკეთეს.

1386 წელს თემურ-ლენგმა დაარბია სიონის ტაძრის შენობა. XV საუკუნეში იგი მეფე ალექსანდრე I-მა განაახლებინა.

1522 წელს შაჰ-ისმაილმა სიონის ღვთისმშობლის ძვირფასი თვლებით შემკული ხატი გაძარცვა და შემდეგ მტკვარს მისცა. კახეთის მეფემ ლეონ მეორემ ხატი იპოვა, შეამკო და კვლავ სიონში დააბრძანა. შემდეგ იყო შაჰ-თამაზისა და შაჰ-აბასის შემოსევები.

1657 წელს, როსტომ ხანის მმართველობის პერიოდში, ეპისკოპოსმა ელისე საგინაშვილმა სიონს სამხრეთის მხრიდან მცირე სამლოცველო (ეგვტერი) მიაშენა და ტაძარს ახალი გუმბათი დაადგა; ხელახლა მოახატვინა და მოართვევინა ჯვრის მკლავები და კარიბჭე. როსტომ ხანს სიონის მიწაზე ქარვასლა აუშენებია და მისი შემოსავლიდან ყოველწლიურად ას მარჩილს სწირავდა ტაძარს.

1668 წლის მიწისძვრამ განახლებული ნაგებობა კვლავ დააზიანა. 1710 წელს ვახტანგ VI-მ ტაძრის გარეთა კედლები და გუმბათის დოლურა ბოლნისის ტუფის ქვით მოაპირკეთა. ამ მოვლენას გვაუწყებს ჩრდილოეთის ფასადის წარწერა.

თბილისის სიონის ჯვარცმა 1724 წელს კახეთის მაჰმადიანმა მეფემ ალი-ყული-ხანმა გაიტაცა სიონის ღვთისმშობლის ხატი. შემდეგ სიონი ლეკებმა გაძარცვეს. 1726 წელს თურქეთის სულთანს თბილისის მმართველ ისაყ-ფაშასთვის სიონის ახალციხის რაიონის მეჩეთად გადაკეთება უბრძანებია. თბილისის მიტროპოლიტ დომენტი ორბელიანისა და სასულიერო პირთა თხოვნით, თავადმა გივი ამილახვარმა თავისი გავლენა გამოიყენა და დიდძალი ძღვენის ფასად ფაშისაგან ტაძრის ხელუხლებლობის პირობა მიიღო. მადლიერი სამღვდელოება 1795 წლამდე ყოველწლიურად, თომას კვირიაკეს შაბათს წირვას აღავლენდა გივი ამილახვრისა და მისი შთამომავლობის სახელზე. ეს ტრადიცია 1899 წელს კვლავ აღადგინეს.

1795 წელს აღა-მაჰმად-ხანმა თბილისის დარბევისას არც სიონის ტაძარი დაინდო. XIX საუკუნეში ნაგებობა რამდენჯერმე შეაკეთეს: საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ მმართველმა თავადმა ციციანოვმა სიონის ტაძარს „რემონტი“ ჩაუტარა, 1803 წელს ეკლესია მოიხატა. 1850-60 წლებში თავადმა გრიგოლ გაგარინმა, რომელიც დიდხანს ცხოვრობდა საქართველოში, სიონი ახლიდან მოხატა.

1867 წლის 17 დეკემბერს საქართველოს ეგზარქოსმა ევსევიმ განახლებული სიონის ტაძარი აკურთხა და საღვთო ლიტურგია აღასრულა.

1978-79 წლებში ტაძრის დასავლეთი ნაწილი ხელახლა მოხატა ლ. ცუცქირიძემ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრების შემდეგ ინტენსიურად წარიმართა სიონის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები. 1980-1983 წლებში ეკლესიის პერანგი ნაწილობრივ განაახლეს; სამხრეთ მინაშენში მოეწყო წმიდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია, ხოლო ჩრდილოეთ მინაშენში – ვახტანგ გორგასლის სახელობისა (პროექტის ავტორი: არქიტექტორ-რესტავრატორი ტარიელ კიპაროიძე).

2008 წლის 1-ელ ოქტომბერს, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ბრძანებით, დეკანოზი გიორგი ზვიადაძე დადგენილ იქნა პროტოპრესვიტერად და დაინიშნა სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრად.

დავით დანელია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი