მთავარი » კულტურა

თბილისის მე-10 საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 08.12.2009 | 1,115 ნახვა

თბილისის მე-10 საერთაშორისო ფესტივალიქართველი და არა მარტო ქართველი კინომოყვარულებისთვის ექვსი დაუვიწყარი დღე დასრულდა. 2009 წლის კინოფესტივალი განსხვავებული ფორმატით და მრავალფეროვანი პროგრამით ჩატარდა. მე-10 საიუბილეო ფესტივალი კონკურს გარეშე იყო და პირველიდან ექვსი დეკემბრის ჩათვლით მას კინოთეატრები “ამირანი” და “რუსთაველი” მასპინძლობდა.

ნინო ანჯაფარიძე (ფესტივალის დირექტორი): “თბილისის მე-10 საერთაშორისო კინოფესტივალმა წარმატებით ჩაიარა. ფესტივალის მონაწილეები და სტუმრები კმაყოფილნი იყვნენ წარმოდგენილი პროგრამით და კინოთეატრებში შექმნილი ატმოსფეროთი”.

ქართველი საზოგადოება ნამდვილად მოიხიბლა კინოფესტივალის მრავალფეროვანი პროგრამით, სადაც წარმოდგენილი იყო 100-მდე მხატვრული, მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმები მსოფლიოს 19 ქვეყნიდან. კერძოდ პროგრამები: “ევროპული კინოს ფორუმი”, “ფრანგული კოლექცია”, “დამზადებულია გერმანიაში”, “ქართული პანორამა”, “კადრშია იტალია” და სხვა.

საინტერესო იყო ბრიტანული პროგრამა, თბილისს სტუმრობდა ერთ-ერთი უდიდესი ბრიტანელი რეჟისორი მაიკ ლი, ფესტივალის დახურვაზე ნაჩვენები იყო მაიკ ლის გამხაურებული სურათი “ვერა დრეიკი”, ფილმი ხანშიშესულ დიასახლისზეა.

ბრიტანული პროგრამის ფარგლებში შედგა ლონდონის კინო სკოლის პრეზენტაცია და ამავე სკოლის სტუდენტებმა სასწავლო ფილმების პროგრამა წარმოადგინეს.

კინოფესტივალი 2008-2009 წლებში შექმნილ ქართულ კინოპროდუქციასაც დაეთმო. უნდა აღინიშნოს ორი ქართული ფილმის პრემიერა: ნანა ჯორჯაძის “მეტეოიდიოტი” და ლევან კოღუაშვილის “ქუჩის დღეები“, სწორედ ამ ფილმმა გახსნა თბილისის მე-10 კინოფესტივალი.

კინო ეკრანები დოკუმენტურ ფილმებსაც დაეთმო, რომლებიც საქართველოს თემაზე და ჩვენს ქვეყანაში ბოლოდროინდელ მოვლენებს ეხმიანებოდა. პროგრამაში ჩართული იყო ცნობილი ქართველი დოკუმენტალისტის ნინო კირთაძის ახალი ფილმი “ზოგი რამ საქართველოს შესახებ” და ამერიკელი რეჟისორის ჯონ ფილპის “მიშა მოსკოვის წინააღმდეგ“. აგრეთვე, შალვა შენგელის “უცნობი ჯარისკაცები” და სალომე ჯაშის მოკლემეტრაჟიანი ფილმი “დადუმებულები” აგვისტოს ომის შესახებ.

სალომე ჯაში (დოკუმენტური კინოს რეჟისორი): “თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის ერთადერთი დრო მთელი წლის განმავლობაში, როდესაც თბილისში მცხოვრებ ადამიანებს საშუალება აქვთ ნახონ თანამედროვე და რაც მთავარია, ხარისხიანი ფილმები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, ასევე, გაეცნონ ახალ ქართულ ფილმებს. ეს ფესტივალი საშულებას გვაძლევს, ვნახოთ არა მარტო მსოფლიო კინემატოგრაფია, არამედ ის, თუ რა ხდება ჩვენი ქვეყნის გარეთ, რაზე ფიქრობენ, რას განიცდიან სხვა ქვეყნებში.

ყოველ წელს იღებთ მონაწილეობას?

ყველა ფილმი, რომელიც გამიკეთებია (სულ 3 ფილმი), ნაჩვენები იყო ფესტივალზე. “მათი ვერტმფრენი” ნაჩვენები იყო 2006 წელს, ხოლო წელს ნაჩვენები იყო ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმი: “დადუმებულები” და “ერთ-ერთი მინისტრი“.

რას მატებს შენს შემოქმედებას ეს ფესტივალი?

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფესტივალზე ფილმებს ჰყავს მაყურებელი. მათთან ერთად სულ სხვანაირი ჩანს ფილმი, მაშინ მეძლევა საშუალება უცხო თვალით შევხედო საკუთარ ნამუშევარს.
გარდა ამისა, ყველა ფესტივალი, მათ შორის თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი მნიშვნელოვანი ადგილია, სადაც საშუალება მეძლევა ვნახო სხვა ფილმები და გავიგო, რას იღებენ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

კინო ფესტივალი მხოლოდ ფილმების ჩვენებას არ მოიცავდა, მსოფლიოს ცნობილმა რეჟისორებმა (მაიკ ლი, ფრენდ როდამი და ა.შ) ქართველ კინომოყვარულებს მასტერკლასები და სემინარები ჩაუტარეს.

ფესტივალი ორ იუბილესაც აღნიშნავდა – მიხეილ კობახიძეს და ირაკლი კვირიკაძეს 2009 წელს 70 წელი შეუსრულდათ, ამიტომაც ფესტივალის ფარგლებში მომზადებული იყო სპეციალური პროგრამა.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი ყოველწლიურად ტარდება.

ფესტივალი 2000 წელს დაარსდა და არის არაკომერციული, მრავალმხრივი კულტურული ღონისძიება, რომლის მიზანია, ქართულ საზოგადოებას გააცნოს მსოფლიო კინოს ახალი ტენდენციები და ხელი შეუწყოს ქართული კინოინდუსტრიის განვითარებას.

ლიკა ალადაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი