მთავარი » კულტურა

თბილისის ჯადოსნური ხიბლი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 14.02.2012 | 3,858 ნახვა

თბილისის განსაკუთრებულ მომნუსხველობასა და სითბოზე უამრავი რამ თქმულა. მისი სილამაზე და ეგზოტიურობა, ამ ქალაქის განსაკუთრებული ხიბლი ადამიანებში ძლიერ მიჯაჭვულობას იწვევს. თბილისი ყველას ერთი ნახვით უყვარდება. თბილისური აივანი ქართველი პოეტების, მხატვრების,მუსიკოსებისა და სხვა შემოქმედთა უცვლელი მუზა ბევრი უცხოელი ხელოვანისა თუ მოგზაურის შთაგონების წყარო გამხდარა. გთავაზობთ რამდენიმე მათგანის შთაბეჭდილებას თბილისის შესახებ:

მონტესკიე:”თბილისი ედემია, ზღაპრული ქალაქი, მიჯნურთა საამებლად აშენებული.”

ალ.დიუმა: “მე თითქმის ყველაფერი ვნახე თბილისში-ქართულ სამოთხეში და მთელი ცხოვრების მანძილზე ისე არსად მიმუშავია, როგორც თბილისში.”

რობერტ ბლაიხშტაინერი: “მარადიული თოვლით დაფარული მწვერვალების კონტრასტია მწვანე ხეობა, რომლის შუაგულშიც გადაშლილა დიდმშვენიერი ქალაქი. ეს გახლავთ თბილისი! დიდებული სახლები ჭადრაკის ფიგურებს მოგაგონებენ. დიდი ქუჩები თითქოს უზარმაზარ ფიანდაზებში ჩაწნული ნატიფი ბაფთებია. ვდგავარ შუაგულ თბილისში და შევყურებ მთებს, ყოველი მხრიდან რომ გალავნად აკრავს ქართველთა ძველ სატახტოს, შორს კი აქლემების ზურგივით აწვდილი ყაზბეგი ღრუბლებზე ამაღლებულა.ქაიროს შემდეგ აღმოსავლეთის არც ერთი ქალაქი არ გვთავაზობს იმდენ საინტერესო, ცვალებად სურათს, რამდენსაც თბილისი. აღმოსავლეთი და დასავლეთი, ეგზომ განსხვავებული ორი სამყარო ამ ერთ ვიწრო უბანზე ხვდება ერთიმეორეს. აღმოსავლურად განკიდეგანებულ ამ ერთ ქალაქში ევროპის კულტურა იფურჩქნება.

არსად არ დაღვრილა ამდენი სისხლი, არსად არ ყოფილა იმდენი ნგრევა და ხანძარი, რამდენიც მტკვარზე ნაგები ამ დიდებული ქალაქის გულში… თათრის ურდოები, დიდი თემურ ლენგის აფთრები, მაჰმად-ხანის ბრბოები, თურქთა და სპარსთა ურდოები რისხვის ნაკადივით გადავლებია თავზე საქართველოს ტანჯულ დედაქალაქს. ხშირად დამსგავსებია მტკვარი სისხლის მდინარეს, ნაპირებზე რომ გადადიოდა. ქრისტიანთა ტაძრები და ძველი სასახლეები თუ მაჰმადიანთა მეჩეთები ხშირად ერთნაირად იფარებოდა მტვრითა და ფერფლით. მაგრამ ყოველთვის ახლად აშენებდა და ამშვენებდა ეს საოცარი ხალხი თავის შედევრებს.”

ფრიდრიხ ბონენშტედტი: “საქართველოს დედაქალაქი მუზებისა და გრაციების უმაღლესი სასწავლებელია.”

თბილისური აივანი “მტკვრის ქალაქო, სავანეო სიუხვის და სიყვარულის,
დარჩეული ქალ-ვაჟი გყავს, ხარ სიკეთის მაგალითი!
ზღვაო ჩემთა სატანჯველთა, ზღვაო ჩემი სიხარულის,
რომლის ფსკერზეც მიპოვნია ბევრი სიბრძნის მარგალიტი!”

რიზკაჰალ-ჰასუნი (არაბი პოეტი):

“დამასკოს აქებს, ვით სამოთხეს, ყურანის სურა,
აღმოსავლეთის პოეტებიც მას უმღერიან.
ჰოი, აშუღნო, ალაჰის წიგნს ნუ იღებთ ყურად,
თბილისი ქვეყნად ყველაფერზე მშვენიერია.”

ვიქტორ კერნბახი: “თბილისი თითქოს ბუმბერაზი პრომეთეა, ტაფობში ჩაწოლილ მკერდს ჯაჭვის პერანგი რომ უფარავს, რომლის ნაჭედურებიდან შუქი გამოკრთის, ხოლო ბეგთარზე მრავალი მარგალიტი ჰკიდია… თბილისი თავისებური დევგმირია, მაგრამ ამ დროს ის ფენიქსიცაა, რადგან თხუთმეტი საუკუნის მანძილზე ბევრჯერ გაუსწორებიათ მიწასთან, მაინც დგებოდა ფერფლიდან და კიდევ უფრო მიმზიდველი, ლამაზი ხდებოდა.”

ალი,რაშიმ -ჰაშიდი:

“არაბულად ამამღერა არა მზემ და არა ბედმა-
არაბულად ამამღერა განახლებულ არაბეთმა,
მაგრამ თბილისს როცა ვხედავ, ვხედავ, გული აქა მრჩება,
ისე მხიბლავს საქართველო, მისი მზე და გამარჯვება.
ზეიმობენ მთა-გორები და მათ ნისლი არა ჰბურავთ-
ათასწლოვან მზიურ ქალაქს მეც ვუმღერი არაბულად.”

ლ.კუზმიჩევა: “ასჯერ დაეცა თბილისი და ჰოი, საოცრებავ!ასმეერთედ აღდგა! მოშავდებოდნენ და წაშავდებოდნენ გადამთიელი დამპყრობლები-რომისა და ბიზანტიის მხედრიონი, არაბი, სპარსი და თურქი, მონღოლი თუ სხვა უცხო ტომი, დააქცევდნენ დედაქალაქს და ის ისევ აღდგებოდა ფერფლიდან, როგორც ბუფერი,რომელიც ანელებდა, ასუსტებდა დარტყმებს. ასე იბრძოდა, ასე ეცემოდა თბილისი თუნდაც ვენისათვის, დასავლეთ ევროპისათვის, გიორგი სააკაძის-ამ სახალხო ჰერცოგის შემდეგაც სამასი არაგველის მეთაურობით, რომლებიც საქართველოს კარიბჭეს ლომებივით იცავდნენ, ვიდრემდეც ასგზის აღმატებულმა ურდომ ისინი არ გადათელა”.

ნესტან ბლუაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი