მთავარი » ქრისტიანობა

ტაძრის მშენებლობა – სულიერი გადარჩენის კუნძული

სტატიის ავტორი: | თარიღი: 04.03.2011 9 კომენტარი | 5,339 ნახვა

ეკლესიის მშენებლობაში მონაწილე ადამიანს უფალი დალოცავს

,,ერთია სხეული, შემდგარი მრავალი ნაწილისგან. ეკლესიის ერთიან სხეულს მოციქული ქრისტეს უწოდებს, რადგან იგია თავი ამ სხეულისა,’’-ნეტარი თეოდორიტე.

მთავარანგელოზისაქართველოში, ღვთის წყალობით, უამრავი ახალი ეკლესია-მონასტერი შენდება. თუმცა ყველას როდი ახარებს ღვთის სახლის მშენებლობის წამოწყება. ხშირად გვესმის განკითხვა იმ ადამიანებისა, რომლებიც ღვთისათვის სათნო ამ უდიდეს საქმეს უდგანან სათავეში.
,,ეკლესიის არსს მხოლოდ ის მიხვდება და იგრძნობს, ვინც ეკლესიურად ცხოვრობს. გარეშე მაყურებელი კი მხოლოდ მის ზედაპირულ მხარეს ხედავს; სული, ძალა და დიდება ეკლესიისა მისთვის უხილავი და შეუცნობელი რჩება, რადგან თვითონაც უსულოდ ცხოვრობს,’’ – აღნიშნავს უწმიდესი და უნეტარესი ილია II.

რატომ არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი ახალი ტაძრის აშენება, რატომ უჩნდებათ ადამიანებს აზრი, რომ ჯობს, ეკლესიის ასაშენებელი თანხა გაჭირვებულ ადამიანებს მოვახმაროთ და სწორია თუ არა მსგავსი შეხედულება? ამ საკითხებზე გვესაუბრება წმ. მთავარანგელოზთა სახელობის მშენებარე ტაძრის ხელმძღვანელი, დეკანოზი დავითი (დათუაშვილი).

მამა დავითი: ,,სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ძალიან გახშირდა გაუთვითცნობიერებელი ხალხის აზრი, თითქოსდა ამდენი ტაძრის მშენებლობა არ არის საჭირო. მათ მოჰყავთ არგუმენტი, რომ თანხა, რომელიც ტაძრის აგებაზე იხარჯება, ჯობს, გაჭირვებულ ადამიანებს გადავცეთ. ამ საკითხს ჯერ საერო თვალსაზრისით შევხედოთ. ვთქვათ, ერთი ტაძრის მშენებლობაზე 200 000 ლარი იხარჯება. ერთჯერადი დახმარების შემდეგ ეს თანხა ამოიწურება და შემდეგ ვერავის დავეხმარებით. თუ ამ ფაქტს სასულიერო თვალსაზრისით დავუკვირდებით, მივხვდებით, რომ ტაძრის მშენებლობა არის სწორედ სულიერი გადარჩენის კუნძული. ჩვენი მწირი შემოსავლიდან ვცდილობთ, დავეხმაროთ ყოველ გაჭირვებულ ადამიანს, ვინც კი გვაკითხავს. როცა ტაძრის აგება დასრულდება, ცხადია, მათ დახმარებას გავაგრძელებთ და ამავდროლად, სულიერად გადარჩენის საშუალებასაც მივცემთ.

ყოველი ახალი აშენებული ტაძარი არის გაჭირვებული და ხელმოკლე ადამიანებისათვის ერთგვარი ხსნისა და გადარჩენის ადგილი.

ვისაუბროთ საღვთისმეტყველო თვალსაზრისით. ტაძარი, რომელიც ფუნქციონირებას იწყებს, არის ადგილი, სადაც ტარდება უფლისადმი აღვლენილი წირვა-ლოცვა. ეს მსახურება გახლავთ ყველაზე აღმატებული მსახურება, თუკი რაიმე შეიძლება ჩატარდეს დედამიწაზე, ან რაიმე სავედრებელი ლოცვა იქნას წარმოდგენილი უფლის წინაშე. ამ დროს უდიდესი სასწაული გარდამოევლინება ქრისტეს ეკლესიაში. უბრალო პური და უბრალო ღვინო, რომელიც შეიწირება ჟამნის წირვაზე, სპეციალური სავედრებელი ლოცვებით, სულიწმიდის მადლის მოქმედებით გარდაიქმნება ქრისტეს სისხლად და ხორცად. რა თქმა უნდა, ფიზიკურ სისხლსა და ხორცზე არ გვაქვს საუბარი. ლაპარაკია იმ თვისებაზე, რომელიც მას შეიძლება ჰქონდეს. ეს უბრალო პური და ღვინო იძენს განმწმენდელ, ღვთაებრივ თვისებას და როდესაც ადამიანში შედის, არის მადლის მატარებელი, მიმტევებელი იმ ცოდვებისა, უღირსებისა, რომელიც პიროვნებას გააჩნია და ხდება მასში ამ მადლის დამკვიდრება. ხშირად წირვა-ლოცვის მოსმენისას ადამიანს გონება ეფანტება, მიუხედავად მათი აზრებისა, ღვთაებრივი მადლი მაინც გადმოდის მათზე.

თუ ჩვენ ვისაუბრებთ მხოლოდ იმაზე, ხილულად რას ვხედავთ, რა გვეძლევა და სხვა აზრს არ ჩავდებთ ამაში, მაშინ ვიტყვით, ერთხელ და ორჯერ დასწრება ღვთისმსახურებაზე საკმარისია, რათა მადლი სრულად მივიღოთო. თუ დავფიქრდებით, რომ ჩვენ ვიმყოფებით წუთოსოფელში, საიდანაც ყველა უნდა გავიდეს და წარსდგეს უფლის წინაშე, რა თქმა უნდა, სულიერების ტაძარზე თითოეული დადებული აგური უფლის წინაშე მადლის მატარებელი იქნება. მოგვეტევება, შეგვენდობა ცოდვები, რათა მაცხოვარმა სასუფეველი დაგვიმკვიდროს.

წუთისოფელში ხომ იმისთვის ვიმყოფებით, რათა ავაგოთ სულიერი ტაძარი, დავიმკვიდროთ სამოთხისეული მდგომარეობა. ვისაც ეს სწამს, მისთვის ტაძარი არის ყველაზე ამაღლებული, განსაკუთრებული ადგილი დედამიწაზე და ის ყოველ შაბათ-კვირას მიილტვის ტაძარში ამ მადლის მისაღებად. ვისაც ეს არ სწამს, მას შეიძლება დაებადოს აზრი, რომ ტაძრების მშენებლობას ჯობს, თანხა ქვრივ-ობლების დახმარებას მოვახმაროთ. ამგვარი მატერიალისტური თვალთახედვა კომუნისტურ წყობას ახასიათებდა.

გავიხსენოთ სახარებაში ადგილი, რომელიც მიძღვნილია მარიამ მაგდალინელის მიერ ნელსაცხებლის ყიდვასა და უფალთან მის მიტანაზე. სწორედ იუდა ამბობს, რომ ჯობდა ნელსაცხებელი ფულად ექციათ და ქვრივ-ობლებისათვის დაერიგებინათ. კარგად ვხედავთ, ამგვარმა მატერიალისტურმა შეხედულებამ სადამდე მიიყვანა მოციქული, რითი მთავრდება მისი სიცოცხლე – თვითმკვლელობით. ის აბსოლუტურად ცარიელი რჩება, ყიდის თავის მოძღვარს, მოძმეებს 30 ვერცხლში და საბოლოოდ ხდება ჯოჯოხეთის კერძი. ის ადამიანები, რომელთაც ეკლესიის მშენებლობაზე მცდარი შეხედულება აქვთ, უნდა დაფიქრდნენ ამაზე!

ხშირად ამბობენ, ახალი ტაძრის აგებას ჯობს, ის ძველი ტაძრები აღვადგინოთ, რომლებიც დანგრევის პირასააო…

ვერასოდეს ამოვწურავთ სახარებისეულ სიბრძნეს. მთესველის შესახებ იგავში უფალი ამბობს: მოვიდა მთესველი თესვად. ზოგი თესლი დაყარა გზაზე, ზოგი – ნოყიერ ნიადაგზე. ნაყოფიც ზოგიდან მივიღეთ. თუ ჩვენ ნოყიერი ნიადაგი მრავლად არ გვექნება, ვერასოდეს მივიღებთ ნაყოფს. ნოყიერი ნიადაგი ხომ მრავალი ეკლესიაა?! როგორ შეიძლება, ადამიანმა ეკლესიური ცხოვრება ეკლესიის გარეშე შეძლოს?! ეს ხომ ღვთის სახლია, ღვთისმსახურების აღსასრულებელი ადგილი, სადაც ადამიანი აღსარებას ამბობს, განიწმინდავს სულს და თავისუფალი ბრუნდება?! რაც უფრო მომრავლდება დედამიწაზე აღდგენილი თუ ახლად აშენებული ტაძარი, ისევ ხალხისთვის იქნება სათნო.

ჩვენ მართლმადიდებელი ერი ვართ. სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 83% მართლმადიდებელი ქრისტიანია. მათგან მხოლოდ 15-20%-ია ეკლესიურად მაცხოვრებელი (2000 წლის მონაცემები). ტაძრები იმიტომ შენდება, რომ ეს ადამიანებიც მოვიდნენ ეკლესიაში და არ დარჩნენ მარტო ნათლობით მართლმადიდებლებად. ისინი უნდა გახდნენ სულიერად ქრისტიანები, მრავალი ტაძარი კი ამაში გვეხმარება.

მამაო, რა სასჯელი ელით ეკლესიის დამანგრეველთ?

უფალი ეუბნება ადამინებს: თუ თქვენთვის ეკლესია არ არის დედა, ვერც მამა იქნება თქვენთვის ღმერთი. ეკლესიაში, სადაც აღესრულება უდიდესი სასწაული, ხდება ზეციური და ამქვეყნიური ეკლესიების გაერთიანება, ცხადია, მძიმე იქნება სასჯელი იმ ადამიანისთვის, ვინც ეკლესიებს ანგრევს, რადგან ის, ფაქტობრივად, ღმერთსა და ადამიანს შორის ურთიერთობას არღვევს.

გადმოცემის მიხედვით ვიცით, გურიაში კომუნისტებმა ტაძრები დაანგრიეს. იყო შემთხვევები, მღვდლები ეკლესიის კარებზეც ჩამოახრჩეს. ვინც ამ ქმედებაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა, აღმოჩნდა, რომ მათ საგვარეულოში ცოცხალი მამაკაცი აღარ გადარჩა. როგორც კი 18 წელს მიაღწევდა მამაკაცი, ის გარდაიცვლებოდა. ეს ხდებოდა არა იმის გამო, რომ უფალი შეუბრალებელი და შეუწყალებელია, არამედ იმიტომ, რომ სასჯელის ეს სახე სხვებისთვის აღსრულებულიყო. დაენახათ, რა სასჯელი ელით ამ ცოდვის ჩამდენ ადამიანებს. უფალი მათ აძლევს პერიოდს, მოინანიონ და მიხვდნენ, რომ თავიანთი საქციელით ცუდს აკეთებენ. ხოლო თუ მათ სინანულის გრძნობა არ გაუჩნდათ, სასჯელიც არ აყოვნებს.

ეკლესიის მშენებლობაში მონაწილე ადამიანს კი უფალი დალოცავს. ხშირად შევხვედრივართ პიროვნებებს, განსაკუთრებით სოფლებში, რომლებიც არ გამოირჩევიან არც ღვთისმსახურებაში განსაკუთრებული მონაწილეობით, არც ტაძარში სიარულით, მაგრამ მადლიანი ადამიანები არიან. შესაძლოა, მათმა წინაპარმა ღვთის წინაშე კარგი საქმე გააკეთა, მონაწილეობა მიიღო ეკლესიის მშენებლობაში… ეს მადლი ცხადია, მათ შთამომავლებზეც გადადის.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

9 კომენტარი »

  • მარი says:

    ძალიან საინტორესოა ინტერვიუ მამა დავითთან. ღვთის სახლის მშენებლობა უდიდესი მადლია და აუცილებელია ყოველი ჩვენგანის მონაწილეობა ამ ღვთისნიერ საქმეში!

  • გიორგი (სხვა) says:

    დაგვლოცეთ მამა დავით!
    მადლობა ამბიონს, რომ მისი მადლიანი სიტყვა მოგვასმენინეთ. მართლაც ტაძარი სულიერი გადარჩენის კუნძულია ამ ცოდვებით დამძიმებულ მსოფლიოში. ნეტარ არს კაცი რომელი ესავს(თაყვანსცემს, სასოებს) უფალსა… და სად? თუ არა ტაძარში ყველაზე მეტად?!
    თუ შეიძლება მიმითითეთ, როგორ შეიძლება მოვაგნო თქვენ მშენებარე ტაძარს, რათა ჩემი მოკრძალებული მონაწილეობა მივიღო მშენებლობაში.

  • გრიგოლი says:

    მშენებარე ტაძრების შესახებ შეგიძლიათ შეიტყოთ ორთოდოქსი.გე ზე, განყოფილებაში ერთად ავაგოთ ტაძარი

  • ნინო says:

    მე მამა დავითის მრევლიდან ვარ და ვიცი როგორ თავდაუზოგავად შრომობს მამა დავითი რომ ააშენოს ეკლესია.ამას ხომ ისევ მრევლისთვის ცდილობს,ჩვენი სულების გადასარჩენად.მამა დავით უფალმა მოგცეთ გამძლეობა ამ სასიკეთო საქმეში,ძალიან მიყვარხართ და გაფასებთ.როცა თქვენ მესაუბრებით და მლოცავთ სული მიმშვიდდება.დიდი მადლობა თქვენ რომ ჩვენზე ზრუნავთ.

  • ქეთი says:

    მამა დავით, ძალიან მიყვარს თქვენი საუბრის მოსმენა. დღეგრძელობა და ჯანმრთელობა მინდა გისურვოთ…

    უფალმა გაგაძლიეროთ!

  • წმ. მთავარანგელოზთა სახელობს მშენებარე ტაძარი მდებარეობს გლდანის რაიონში, მე-5 და მე-6 მ/რ შორის.

  • ნინო სარჯველაძე says:

    მამაო დავით,ვამბობთ-ცხოვრება უსასრულო სატკივარია,თქვენი სიცოცხლე უადვილებს ბევრს ამ სატკივარს.წუთისოფელი-ამაო არის, მხოლოდ თქვენებრნი შეასხამენ სიცოცხლის ძალას-გისურვებთ დღეგრძელობასა და ჯანმრთელობას.

  • მაია says:

    როგორც მე ვიცი,დღეს საქართველოში უამრავი ტაძარი შენდება და ასეთი აღმშენებლობა საქართველოს ისტორია არ ახსოვს,ამდენი მშენებარე ტაძარი…ეს ნამდვილად ღვთის დალოცვაა და მადლი,და რა თქმა უნდა ჩვენი პატრიარქის,უწმინდესის და უნეტარესის დამსახურება.ღმერთმა ყველას მოგვცეს იმის საშვალება რომ ასეთ კურთხეულ საქმეში მივიღოთ მონაწილეობა,ეს ნამდვილად უფლის დალოცვააა.

  • tea says:

    როცა გვაქვს ეჩვი რომ ჩვენს წინაპარს შეიძლება მონაწილეობა მიეღო ტაზრის დანგრევაში როდორ უნდა მოვიქცეთ?

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი