მთავარი » სხვადასხვა

თავსაფრიანი დედაკაცი – ნიკო ლორთქიფანიძე

სტატიის ავტორი: | თარიღი: 20.08.2013 15 კომენტარი | 23,972 ნახვა

ვწერ შემთხვევით შეხვედრილის ამბავს.
თუ ოდესმე დანჟღრეული ომნიბუსით გიმოგზაურნიათ სამტრედიიდან მახლობელ სოფლებისაკენ, თქვენ, უეჭველია, დაინახავდით მესრის იქეთ, ეზოში, მოფუსფუსე, შავათ ჩაცმულ ქალს, რომელსაც თან დასდევდა ჭადის ნატეხით ხელში პაწია ბავში. ნიკო ლორთქინაფიძე
ახლა იქ რომ ჩავიარე, დადაკაცის უნახაობა დამაკლდა.
გამოვიკითხე, და აი ძიებამ ძველ მოგონებებთან ერთად რა აღმოაჩინა.
ნუ დამიწუნებთ! არ შემიძლია გრძნობა-გონება შევაჩერო დიდ პიროვნებებზე… ისინი აშლიან სულისშემხუთავ სურათაბეს… შემდეგ, ოდესმე, მათ აღმოუჩნდებათ მოციქული ვინმე მარკოზი და იოანე.
მე ვწერ თავსაფრიან დედაკაცზე.

1

ყველაფერი ჩატარდა ძველებურათ, სულ ძველებურათ, ისე როგორც ჩვენში წინათ ხდებოდა ყველგან, სადაც კი ჯვარს იწერდენ, ორმოცი წლის წინათ ხდებოდა ხშირათ, 20 წლის წინათ ზოგჯერ, 10 წლის წინათ იშვიათად, და ახლა კი შეუძლებელია.
გაძვრა-გამოძვრა მაჭანკალი.

ნამალევათ შორიდან დაანახვა ქალი; მოაწყო „ქალის ნახვა“ და მიაცემინა შარნა.
და მერე?
მერე ძმადეებმა სამჯერ შეუცვალეს ბეჭედი, თავს დაახურეს ოქროს კავებიანი გვირგვინი;
გავარდა დამბაჩა და მაჭახელა.
აჭიჭყინდა ზურნა.

მეფე-დედოფალს სუფრაზე, ცხვირის წინ, ულაგებდენ „თავზეგადასაგდებს“: პატარა სარკეს, მოოქრულ სათითურს, ძეწკვს, თითბრის ტაშტს, დანა-ჩანგალს, ვერცხლის მანეთიანებს და ათ შაურიანებს.
…ქვიჯასაც,
და განგებ მოწვეული სოფლის მწერალი სისწორით ადგენდა სიას…
სვეს,
იცეკვეს,
არა მარტო გოგო-ბიჭებმა,
მოხუცებულებმაც.
დაიშალენ სტუმრები.
აბღავლდენ დანაკლავ ადგილზე ძროხა და ხარი.

ეზოზე ჩოჩიალა ურემმა გადაიტანა ნაჭა, საბანი, ლები… ხორაგი.
გადავიდენ 60 მანეთით დატვირთული სიძე, მაყრები, რომ ახალ ადგილს
ეცეკვათ,
ესვათ,
არა მარტო გოგო-ბიჭებს,
არამედ მოხუცებულებსაც.
დასახლდენ, დაფუძნდენ.

2

კაი ნოგროს გამოდგენ:
სამი წელი –
სამჯერ გამოწეული მუცელი და შეზნექილი წელი;
სამჯერ ჭორფლი და მჟავე კიტრი;
ჩქარობდენ თითქოს!

სადედოფლო:
მაქვა და თითისტარი;
კეცი და ჩოგანი;
ლარი და საჩეჩელი;
პრასი და ოხრახუში;
მეწველი ძროხა;
კრავიანი ცხვარი;
გოჭებიანი ღორი;
თხას… თხას არ გაუშვებს: ნამყენ ხეხილით სავსე კარ-მიდამოს გადაღრღნიან!
ბატები სისინებენ და ამაოთ ეძებენ ტბას;
ქათმები ჩიტებივით დაფრენენ ტოტიდან ტოტზე.
ციცარი გასართობათ.
სავსე ოჯახი!
სამეფო:
ხარდანიანი ვენახი საკუთარ ეზოში;
სიმინდის მაღალი კალო – სამესამედოთ ნაბატონართან;
გაპრიალებული ნაჯახი სახელმწიფო ტყეში;
წელმაგარი კომლი!

ააშენა ღმერთმა ნადი – ბევრი ილაზღანდარეს, ზღაპრები თქვეს, იმღერეს, იცეკვეს, სვეს, დილას დაიშალენ; ერთი ცხვარი მოუნდათ და ერთი ჩაფი ღვინო, – ქალები იყო უმეტესი. მაგრამ ამოათავეს მთელი მოსავალი, წლის სარჩო სიმინდი გადაარჩიეს… ცალკე მთად სდგას ოქროსფერი ტაროები; პატარა ხროვათ ჰყრია დამპალი და ჭყინტი; ფუჩეჩი მოდებულია მთელ ეზოში.
ცოლი გოდრის ასაწევათ არ მიიხმარა: მოერიდა ახალ ნალოგინევს.
და თვით ეცა უძინარი:
კარგი სიმინდი – ნალიაში;
უვარგისი – ცხვენზე;
ფუჩეჩი – საბძელში.
მიეგდო ხის ძირში გასაოთებული, ოფლით გაღვითქული.
ადგა მთქნარებით – ისევ სამუშაოთ, მაგრამ…
ხან ოფლი, სიცხე, ბოდვა,
ხან სცივა, კანკალებს, სამი საბანი,
სიყვითლე!
– „რავა ვიფიქრებდი მე თვალდასავსები, უჟმური აყვა“…
ექიმი და მარჩიელი,
წამალი და შელოცვა.
ფეხშიშველი მოიარა გელათი და მოწამეთა, თან მიიტანა
მთელი ოჯახის წევრების სიგრძე თაფლის სანთელი.
„საშველი არ დაადგა“.
თმაგაშვებული ქალები…
ზარი…
ფლავი…
„განუტევე, უფალო, სული მონისა შენისა“.
სენმა და სიკვდილმა გაანიავა ოჯახი.

4

ქართველი ქვრივი დედაკაცი თავსაფრიანად წუღებამდის… წინდაც კი შავი… თუ გამოჩნდა, მეტისმეტათ ლილიან წყალში გავლებული საცვალი,
თეთრი შუბლი,
შავი მაყვალივით თვალები,
მზეზე გაშავებული ლოყები,
მოქნილი ცხვირი,
სისხლისფერი ტუჩები,
თეთრი, გრძელთითებიანი ხელები, ეტყობა ბევრს ვეღარ საქმიანობს, – იმატა ობლების მტერმა, იკლო მოყვარემ, და იგი დადის
პოლიციაში,
სასამართლოში,
მეზობლებთან,
მამასახლისთან,
თავმდაბალი,
საჩივრით,
მუდარით,
ისე რომ ვერ აჩერებს კედელი,
მარკა,
სიშორე, –
გადაიფრენს, იშოვის, გადივლის, გასცურავს, მიიფრენს,
თავისას კი მიაღწევს:
ბავშებს სამართალს მოუნახავს,
დახმარებას გამოითხოვს,
მაგრამ ოჯახს არ უმტყუნებს,
კერიას არ გააცივებს.
ბევრი ეარშიყებოდა… შორიდან
მაჭანკლებიც მოუგზავნეს.
– „როგორ უმტყუნო ობლებს?!“
იყო შემთხვევა.
არა პოეტმა გვიამბო:
„მასპინძელმა რიჟრაჟზე გაგვაღვიძა; გადვიხედე ფანჯარაში – ნადირობისთვის თენდებოდა: ცვარი ნაწვიმარივით ეყარა: ფოთოლი არ იძროდა, სანაქებო მეძებრები მოუთმენლათ წკმუტუნებდენ; დარჩეული მწევრები იზმორებოდენ.
გავსწიეთ.
სეირი მალე ვნახეთ. იყო გაბმული ყეფაც, მწევრების მოტოვებაც, შემდეგ მეძებრები მაჩვს წააწყდენ, და სოროს ვეღარ გააშორეს.
შინ ვბრუნდებოდი. ვიღაცის ღობეს მივადექი. შევჩერდი დასასვენებლათ.
ცვარი კიდევ ეყარა. მზეს ამოეწვერა, სხივს ნაზათ აპკურებდა ქოხს, ხეების წვერებს; ჩიტები ათასფრათ ჟღურტულობდენ…
შავად მოსილმა ქალმა უკან კარებში გამოიტანა ნაბადი, ეზოს მივარდნილ კუთხეში, ჩემს მახლობლათ, ბოსტანში, გაშალა და ფეხშიშველა, თმაგაშვებულმა დაიწყო ტირილი… მოთქმა.
წრფელათ, გულამომჯდარი ისეთ ნაზს სიტყვებს, ისეთის შვენიერის ხმით ამბობდა, რომ მესრის გადმოღმა მე ავტირდი, ტირილი ზლუქუნად გადამექცა… უეცრათ მე შემრცხვა… ქალი კი საჩქაროთ ადგა და თავის ნაბდიანათ სახლში მიიმალა“…
ბავშები დაზარდა.
ასწავლა ათასჯერ მეტი, ვიდრე შეეძლო.
ერთი ვაჟი მოანგარიშეა კოოპერატივში.
მეორე სასამართლოს მოხელეა…
დააცოლშვილა ორივე.
ჩამოისიძა სოფლის მასწავლებელი.
წელში გახრილი, ყავარჯენით ხელში გადადიოდა ერთისგან მეორესთან.
არსად იყო ზედმეტ სტუმრათ:
ბავშების მოვლა, ჭუკის წამალი.
მთრთოლვარე ხელებით, ამღვრეული თვალებით მოქსოვა წინდები, მიუტანა ბავშს.
ფეხი არ ჩაეტია.
– გაიხადე, ბები, ამას შენ ძამიას წაუღებ, შენ კი სხვას მოგიქსოვ.
ბავშის ტირილი.
დედამ სთხოვა:
– მიეცი, სულ ერთია, ოღონდ გაჩუმდეს…
– რათა, შვილო, ამას კოწიას წაუღებ… ბავშს ნუ გაანებივრებ…
ბავში უფრო ტირის.
– რა, დედა, შეგენანა განა ერთი წინდა?! გინდა მეორე შვილიც მოიმადლიერო!.. ნუთუ ამის საღირალ პატივს არ გცემთ?
წინდები ხელთ გავარდა.
სიტყვა არ ამოუღია.
შეისწორა თავსაფარი.
ქალიშვილმა შეამჩნია ქცევა და კიდევ დაუმატა:
– ტყუილს ვამბობ თუ?
ქალი ადგა, კალთები დაიბერტყა.
ბავში არ ცხრებოდა.
კაპასი შვილი:
– ნუ ტირი, ნუ ტირი, უკეთესს გიყიდი, რომ ბებიამ არ დაგამადლოს.
ქალი წავიდა უმიზნოთ; შემოუარა სახლს, რომელსაც შეალია თვალის ჩინი, სიცოცხლის ჟინი; ჩაჯდა ბოსტანში.
არავითარი აზრი, არავითარი ფიქრი, მხოლოდ სიტყვები:
„შეგენანა“, „მოიმადლიერო“, „საღირალი პატივი“.
გადავიდა მეზობლებში.
– რა დაგემართა, ბეჩა, სახე სახეს არ გიგავს?
– არაფერი, ჩემო ფოტინე, დამსიცხა უსათუოდ.
დაბრუნდა შინ.
ჭუკებს ჯამით დაუდგა ცომნარევი ჭინჭარი.
მიწვა.
გრძნობს თავის სიმძიმეს, ტანის სიმჩატეს.
არავითარი აზრი, არავითარი ფიქრი, მხოლოდ სიტყვები:
„შეგენანა“,
„მოიმადლიერო“ (თუ „მოინადირო“?..),
„საღირალი პატივი“…
და მოულოდნელათ მოკვეთილი, დასაბუთებული გადაწყვეტილება:
„აღარავისთვის ვარ საჭირო, სრულიად არავისთვის; ვარ სრულიად ზედმეტი… დიდი ხანია ჩემ კაცთან უნდა წავსულიყავი“…
და გაიხადა, მოიხსნა, მოაგროვა, ერთად ზანდუკში ჩაალაგა ყოველივე ხელსადები, ფასიანი, გამოსადეგი და კონკებში გახვეული, თითქმის საცვლების ამარა ჩუმათ გამოვიდა ნაჭირნახულევ ქოხიდან.
თითქოს შემთხვევით ჩაუარა ქმრის საფლავს, დიდხანს არ შეჩერებულა, ერთი კი მიუჯდა, ხელი გადაუსვა ბალახში მიმალულ ქვას და მკაცრათ უთხრა:
– „ჰო, მოვალ, მოვალ… მოვალ, ჩემო ფილიპე“.

5

შვილებმა კარგა ხანს ვერ გაიგეს დედის გადაკარგვა: ერთს მეორესთან ეგონა.
გაიგეს – შეძრწუნდენ, შერცხვათ: „მოგვეჭრა თავი სოფელ-ქვეყანაში… რას იტყვიან, მოხუც დედას ვერ მოუარესო?!“
უნდოდათ საძებრათ წასვლა – ეძვირათ; უნდოდათ გაზეთებში გამოცხადება – „უარესათ მოგვეჭრება თავიო“.
ასე იცდიდენ.
დედას გულმა უგრძნო: „შვილები დამეჩაგრება, სახელი გაუტყდებათ“ და ჩამოთხოვილი ფულით დაზღვეული, მისი ნაკარნახევი, სხვისი დაწერილი, ბარათი გაგზავნა:
„საყვარელო შვილებო, ნუ მიწყენთ, სალოცავად წავედი, ნუ მეძებთ… შვილიშვილები დამიკოცნეთ, ჩემზე ნუ სწუხართ. მშვიდობით სამუდამოთ“.
ეს იყო თავსაფრიანი ქალის ერთი იშვიათი სიცრუეთაგანი.
ბარათი შესაფერისად გრძელი იყო.
შვილები დაწყნარდენ, გაუხარდათ, სხვებსაც აჩვენებდენ თავის გასამართლებლათ. კეთილსინდისიერათ გაიყვეს მცირე მემკვიდრეობა: რამდენიმე ვერცხლის ფული, აბრეშუმის თავსაფარი, ძვლისტარიანი ხანჯალი და სხვა…

6

მოკრძალებით მდგომ მათხოვარს ავარამ უთხრა:
– დედი, რას გვაწვალებ, თავს რათ იწამებ?
– რა ვქნა, შვილო, მე კი მინდა სიცოცხლე?!
– ა, მტკვარი და მისი ჯანი…
– უიმე, ჩემის ხელით სული როგორ წავიწყმინდო?!
და სწრაფად გაშორდა, როგორც კეთროვანს.

7

გაზეთის ქრონიკაში ეწერა:
„ვაკის ჩიხში მილიციამ იპოვა მოხუცებული ქალის გვამი. აცვია დახეული შავი ხამი და ძველი წუღები; გულზე ჰკიდია თითბრის ჯვარი; მარჯვენა ხელის უსახელო თითზე აქვს ხმარებისაგან დალეული ნიშნობის ვერცხლის ბეჭედი, რომლის შინა გვერდზე ნახევრათ წაშლილი ასოებისაგან ჩვენ ამოვიკითხეთ (ვერ დავადასტურებთ!) „ფილიპე“.
უცნობის გვამი გადაგზავნილია…“
შვილებს ქრონიკიერის შენიშვნა, მგონი, არ წაუკითხავთ და არც არავის უამბნია მათთვის.
ყველაზე უფრო განათლებული და თან ყველაზე უფრო ტუტუცი შვილი ზოგჯერ ბრძნულად შენიშნავს: „მოხუცებისაგან ზოგიერთს გამოელევა მოსაზრების უნარი და მოქმედებს შეუგნებლად, მაგალითად, გაჰყვება გზას და მიდის და მიდის… ამას ჩვენში „მხარის შეცვლას“ უძახიან, მეცნიერებმა კი „მანიაკალური მდგომარეობა“ უწოდეს.

დიდებული ადამიანები უძეგლოდ იკარგებიან.

1925 წ.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

15 კომენტარი »

  • გიორგი says:

    გული შემეკუმშა.. სული მეხუთება, დავდნი, მეტირება.. არ ვიცი რა ვთქვა რა, ეს არის ქართველი დედა, ქართველი ქალი.. გმირი. გმირის გარდა სხვა არაფერი არ შეიძლება ეწოდოს, თანაც დაუფასებელი, დავიწყებული და გულნატკენი გმირი, გულში ნაწყენინები.. არ ვიცი რა.. სული ამიდუღდა, გულში მეტირება.. გული დამეწვა.. რავიცი კიდე რა ვთქვა, ვერ ვიტყვი, არაა საკმარისი..

    დიდებული ადამიანები მართლა უძეგლოდ იკარგებიან!

    სხვა ასეთი ქალი არ არსებობს, არა! არ არსებობს და მორჩა!

    ქართველ ქალზე მეტი ქალობა რასაც ქვია, არავის არა აქვს.. ეს თუ ვინმეს ზედმეტი ნათქვამი გონია, მიპასუხოს: სხვა ასე ვინ იცხოვრებს?

    “ჩემი ნენეც” გამახსენდა.. “ქალო ათასი ჭირის ამტანო..”

    რამხელა ღვაწლი დაიდო ამის დამწერმა ნიკო ლორთქიფანიძემ, რომ უბრალოდ ქართველი ქალი დააფასა, აი განუზომელი!

    არ შეიძლება რა, ქართველი ქალის არ დაფასება, ამის არ დანახვა, უბრალოდ წაკითხვა, ქართველი ქალის გულის ტკენა არ შეიძლება. გულის დაწყვეტაც არ შეიძლება..

    1925 წელი, 100 წლის წინათ ჯერ კიდევ იყვნენ ჩვენში ასეთი ადამიანები, 100 წელიც არ გასულა, ამხელა შეგნება იყო ჩვენში, ასეთ დონეზე ვიყავით.

    და დღეს რას ითხოვენ, რა ჭკუას გვასწავლიან, რა უნდათ ჩვენგან? ქართველ ქალს ამასხარავებენ, ხსენებაც არ მინდა, ნამუსი მთავარ პრობლემად დააყენეს!

    სერიალები გაწყვიტეთ დროზე!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

  • nino says:

    Dzalian damwyda guli rom moxuc adamians ase moeqcnen, mxolod sakutar tavze fiqrobdnen tu rogor gaemartlebinat tavi….

  • ana says:

    martlac rom namdvili qartveli qali a gmiri dedaa…….shvilebi ki ar ufaseben im amags rac matze aqvs da mxolod sakutar tavze fiqroben…er warmomidgenia dedas ase rogor unda moeqcee…

  • სალომე says:

    სიტყვები არ მყოფნის ! ..
    გული დამეწვა .. ეს არის ნამდვილი ადამიანის განსახიერება.
    ძლიერი .. სულით უძლიერესი.
    ადამიანის რომელმაც უმადურობის გემო იგრძნო.
    რომელსაც საკუთარმა შვილებმა ერთობ უღალატეს.
    ადამიანის რომელსაც გული ატკინეს, მაგრამ მან ეს უსიტყვოდ გადაყლაპა.
    ოღონდ შვილები იყვნენ ბედნიერნნი.
    ოღონდ შვილებს არ დააკლდეთ არაფერი.
    ის წავიდა.
    უსიტყვოდ,
    ჩუმად.
    გაუჩინარდა ..
    მის შვილებს კი მხოლოდ საკუთარი თავი აღელვებდათ.
    საკუთარი ნამუსი .. რომელიც არც გააჩნდათ ფაქტობრივად.
    ასეა სამწუხაროდ.
    ასეა ..
    დიდებული ადამიანები უძეგლოდ იკარგებიან.

  • nina says:

    udzlieresiaa,namdvilad asaxavs im problemas rac dges chven yvelas gvchirs.. vamayob rom iyvnen aseti dedebi da vimeodvneb ro isini dgesac arian da rac ar unda moxdes sul shvilebis gverdit iknebian :)))) tumca chven ar vicit mati pasi.. chvenc xom viknebit shvilebis dedebi da mamebi !! amitom yvelam waikitxos es patara motxroba da iswavlos ;))))

  • darkness says:

    უბრალოდ სიტყვებით ვერ გადმოვცემ, იმას რაც ვიგრძენი… უძლიერესია, ეს არის ნამდვილი დედა, ნამდვილი სიყვარული და ნამდვილი ქალი, ძლიერი ადამიანი, რომელმაც დათმო ყველაფერი თავმოყვარეობის და შვილების გამო, მან ვერ აიტანა რძლის სიტყვები, პირად შეურაცხყოფად მიიღო <3 არ ვიცი რა ვთქვა. უძლიერესია.

    • ხათუნა says:

      მაპატიე შენიშვნისთვის მაგრამ რძალის კი არა, არამედ ქალიშვილის სიტყვები სტკენს გულს. ეს მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ეს განსაკუთრებით მტკივნეულია დედისთვის. ასეთივე მტკივნეული არ იქნებოდა ვაჟისაგან ან თუნდაც რძლისაგან ნათქვამი.

  • Ana baramidze says:

    This novel is very sad.
    The main charecter dies.
    Every genius writer is writing shortly but with big morality

  • Ana baramidze says:

    novela aris dzalian sevdiani.
    Mtavari… Ara, umtavresi gmiri kvdeba
    yvela geniosi mwerali wers mokled, magram didi moralit. Magalitad msoflioshi agiarebuli Anton chexovi, is werda mokled magram Im mokle motxrobrbshi Iyo udidesi morali. Swored aseti mweralia niko lortqipanidze.
    Mokle magram didi…

  • novela aris dzalian sevdiani.
    Mtavari… Ara, umtavresi gmiri kvdeba
    yvela geniosi mwerali wers mokled, magram didi moralit. Magalitad msoflioshi agiarebuli Anton chexovi, is werda mokled magram Im mokle motxrobrbshi Iyo udidesi morali. Swored aseti mweralia niko lortqipanidze.
    Mokle magram didi…
    (Love)

  • marika says:

    am nawarmoebma chemze warushleli shtabechdileba datova tu rogor umadurad eqceva sakutari shvili mas misi gvawli daufasebeli rcheba bolos ise kvdeba rom veravin ver ipovis

  • თინათინი says:

    იდეალურია, სიტყვები არ მაქვს იმ შეგრძნებების ასაღწერად რასაც ეს მოთხრობა ჩემზე ტოვებს

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.