მთავარი » ქრისტიანობა

თავისუფალი ნება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 06.08.2011 ერთი კომენტარი | 3,880 ნახვა

ეკლესიური გაგებით, ადამიანს თავისუფალი ნება გააჩნია და ხშირად იგია საკუთარ მოქმედებაზე, თავის ცხოვრებაში მომხდარ მოვლენებზე პასუხისმგებელი.

ჯვარითუმცა მხოლოდ ზეციურ დაშვებაზე, ან ჩვენგან დამოუკიდებელ გარეშე ფაქტორებზე კი არ არის დამოკიდებული, როგორი იქნება საკუთარი ყოფა, არამედ იმაზე, როგორ არჩევანს გავაკეთებთ: სწორსა თუ მცდარს, საითკენ გადავიხრებით, ცოდვილი თუ ღვთისნიერი ქცევისკენ? ამის შესაბამისად დავისჯებით, ან – არა.

კლდის უბნის წმ. გიორგის ტაძრის მღვდელმსახური დავით ციცქიშვილი:

“საკუთარი ცხოვრების წარმართვის სადავეები ჩვენს ხელშიც არის მოქცეული და ამის ერთ-ერთი განმაპირობებელი გახლავთ ის, რომ გაგვაჩნია თავისუფალი ნება, ნებისყოფა და თავად განვსაზღვრავთ, როგორ გამოვიყენოთ ეს ღვთივბოძებული უნარი.

ამ ეკლესიურ დაშვებას ერთგვარად ხაზს უსვამს ხალხში საკმაოდ გავრცელებული აზრი ბედისწერის გარდაუვალობის, ბედის წინასწარ განსაზღვრის შესახებ, რომლის მიხედვითაც ამქვეყნად არაფრის შეცვლა შეგვიძლია. ყველაფერი, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, თავიდანვე არის დადგენილი, ისიც კი დაბადებამდე გახლავთ ცნობილი, სამოთხეში მოვხვდებით თუ ჯოჯოხეთში.

ჩვენს არსებობაზე დაკვირვება ნათლად მიუთითებს, თუ რამდენი რამ არის დამოკიდებული საკუთარი ნებისყოფის, თავისუფალი ნების გამოვლინებაზე. ცოდვა არავის შერჩენია, ადრე თუ გვიან ყველას მოეკითხება. ბევრისთვის ეს ცხოვრების დაუწერელი კანონია, მათ შორის რელიგიისგან შორს მდგომი ხალხისთვისაც. ამ კანონის შემჩნევა, გაცნობიერება კი საკუთარ და გარშემომყოფთა ყოფაზე დაკვირვების შედეგიცაა, რაზეც, რომც არ მოინდომო, მაინც მიგანიშნებს ცხოვრება.

ყველას დაუნახავს, გაუგონია, თუ როგორ ისჯებიან მძიმე ცოდვებისთვის. ცოდვის ჩადენა ხომ ადამიანზეა დამოკიდებული?! მეზობლის კარი ღია რომ დაინახო, შეხვიდე და გაქურდო, შემდეგ კი ეს ბედისწერას გადააბრალო, თავიდანვე ასე მეწერაო, ყველა სასაცილოდ აგიგდებს და შენც არასერიოზულად ჩათვლი ასეთ ახსნას. თან თუ ღრმად არ აქვს მავნე ჩვევას ფესვები გამდგარი, განსაკუთრებით მაშინ, როცა საძრახის საქციელს პირველად სჩადიან, ჩვეულებრივ დიდ შინაგან ბრძოლას განიცდიან. სინდისი ქენჯნით, ეშინიათ, რცხვენიათ, ყოყმანობენ, გადადგან თუ არა ეს ნაბიჯი, მაგრამ ზოგჯერ ვერ სჯობნიან საკუთარ თავს და უზნეოდ იქცევიან. ამ დროს ნათლად ჩანს, რომ საკუთარ ნებისყოფაზეა დამოკიდებული, როგორ მოვიქცევით, დავეცემით თუ არა ცოდვით, შესაბამისად, დავისჯებით თუ არა ამის გამო, მოგვეკითხება თუ არა პასუხი?!

დიდი წმიდა მამა იოანე ოქროპირი წერს: “თუკი ცუდს და კარგს ბედი აყალიბებს, რატომ არიგებ და აძლევ რჩევებს ბავშვებს? ყველაფერი ხომ უსარგებლო და ამაოა? თუკი ბედი აქცევს კაცს ღარიბად ან მდიდრად, ნუ გზავნი შვილს სასწავლებლად, ნუ აძლევ ფულს, ნუ ცდილობ გამდიდრდე და საქმე ბედს მიანდე. მაგრამ ამას ვერ ბედავ.… რატომ სჯი, თუკი ცუდი იმიტომაა, რომ ასეა შექმნილი, ცოდვა ხომ მისგან არ მოდის, არამედ ბედისგან, რომელმაც უბიძგა მას?! რატომ აქებ ადამიანს სიკარგისთვის? ეს ხომ მისი სათნოება არ არის, ბედისწერისაა. აბა რისთვის ვაქებთ ვინმეს? რისთვის ვკიცხავთ? რისთვის ვწყევლით, რისთვის ვაამებთ? ხედავ რა უაზრობამდე მიგვიყვანა ბედზე ლაპარაკმა?”

ეკლესიურად მცხოვრებ ხალხთან, თუ ოდნავ დაკვირვებული თვალი გაქვს, კარგად შეიმჩნევა ერთი მეტად მნიშვნელოვანი კანონზომიერება: მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ცოდვით დაცემასა და უმეტეს შემთხვევაში, მალევე უფლის მიერ დასჯას შორის. ღმერთი მკაცრად სჯის თავის საყვარელ შვილებს და რომ არა ეს, მაშინ ჩვენს სულიერ ზრდას, გამოსწორებას ადგილი არ ექნება.
სამწუხაროდ, ადამიანის ბუნება ისეთია, მარტო თეორიულად ვერ სწავლობს, მარტოოდენ ცოდნა არ შველის, რომ ამის გაკეთება ეკლესიურად დაუშვებელია. ხშირად სანამ ამა თუ იმ ცოდვის ჩადენის შემდეგ არ იგრძნობს ზეციური დასჯის მომენტს, კარგად არ მოხვდება არასწორი საქციელისთვის, ფიქრებისთვის, ისე არ სწორდება. ცოდვას მომნუსხველი, მაჰიპნოტიზირებელი, მეტად მიმზიდველი ძალა აქვს, თავისკენ გიბიძგებს, მაგრამ შენზეა დამოკიდებული, ძლევ თუ არა მას. ხშირად დიდი ბრძოლა შეიმჩნევა ადამიანის არსებაში. ამ დროს ჩვენს ნებისყოფაზე, თავისუფალ ნებაზეა დამყარებული, რითი დამთავრდება ეს პაექრობა. სასუფეველი ცისა იიძულების, – ვკითხულობთ სახარებაში და ეს სიტყვები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის.

უნდა ითქვას, რომ თავისუფალი ნების, ნებისყოფის გამოვლინება ცვალებადია და იგი შეიძლება შევადაროთ თოთო ბავშვს, რომელსაც მოვლა სჭირდება. თუ რომელიღაც ვნებას, საცდურს აყევი, შემოუშვი გონებაში ცოდვილი ფიქრები, წარმოდგენები და არ განდევნე ისინი თანდათანობით, ამის სურვილის შემთხვევაში, უფრო ძნელი გახდება და ბოლოს – შეუძლებელიც კი. ასეთ დროს კარგად ჩანს, თუ როგორ სუსტდება ადამიანის წინააღმდეგობის გაწევის უნარი და ეს, უპირველეს ყოვლისა, იმაში გამოიხატება, რომ სულ უფრო ნაკლები ნებისყოფის სიმტკიცეს იჩენს ცოდვის მარწუხებისგან გასათავისუფლებლად.
თუ ერთხელ გამოხვედი წყობიდან, გაღიზიანდი, წარმოთქვი მრისხანე სიტყვები, მეორედ ამას უფრო ადვილად შეძლებ. ასეთ შემთხვევაში თვალშისაცემია, თანდათანობით როგორ უფროდაუფრო უჭირთ ნებისყოფის დაძაბვა, სიმშვიდის შენარჩუნება. და პირიქით, თუ ერთხელ მოერიე თავს, გამოიჩინე ნებისყოფის სიმტკიცე, მერე უფრო გაგიადვილდება იმავე განსაცდელის შემთხვევაში ღირსეულად მოქცევა. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩავარდნების შემდეგ ხშირად მხოლოდ აღსარებაში მათი თქმის შემდეგ იგრძნობა, რომ უბრუნდებათ წინააღმდეგობის გაწევის ის უნარი, რომელიც დაცემამდე ჰქონდათ. მხოლოდ მაშინ იწმინდება სული იმ ჭუჭყისგან, დემონური განწყობისგან, რომელიც წინაპირობას, საფუძველს წარმოადგენს ბოროტი ძალის ზემოქმედებისა ადამიანზე, მაშინ სუსტდება ბოლო დროს განმტკიცებული მიდრეკილება ამა თუ იმ ცოდვისკენ.

ეკლესიური სწავლებით, ბოროტ ძალას ნებელობით განცდებზე ზემოქმედების საშუალება აქვს და ეს ხშირად გამოიხატება იმაში, რომ ადამიანს ენერგია ერთმევა, სურვილი უქრება, ვითომდა სამომავლოდ დებს მისთვის მნიშვნელოვან საქმეთა განხორციელებას. ამგვარი სურათი განსაკუთრებით ეკლესიური წესების შესრულებისას იკვეთება. არცთუ იშვიათად გაიგონებთ: აღსარება მინდა ვთქვა და ვერ ვახერხებ, დავაპირებ, მაშინვე რაღაც მიზეზი გამომიჩნდება და ვდებ, მიზეზებს კი რა გამოლევს. კიდევ: თითქოს ხელს არაფერი მიშლის, მაგრამ მიჭირს ვაიძულო თავი, მღვდელთან მივიდე, თუმცა სურვილი მაქვს.

ლოცვა ყოველთვის შეიძლება, სადაც არ უნდა იყო და როცა გინდა, მაგრამ ზოგჯერ ამისთვის დიდი ძალისხმევის გამოჩენაა საჭირო.
ვისაც გარკვეული სულიერი გამოცდილება აქვს, მას შეუმჩნევია, რომ ხანდახან, მიუხედავად იმისა, იცის, მძიმე წუთებში – სასოწარკვეთილების, უიმედობის შემოტევისას, ნერვიულობისას, გაღიზიანებისას – ლოცვის დაწყება მეტად შეუმსუბუქებს მდგომარეობას, მაინც მეტად უჭირს, აიძულოს თავი, გააკეთოს ეს.

ჩვენს ცხოვრებაზე დაკვირვება ნათლად მიუთითებს, თუ რამდენი რამ არის დამოკიდებული, კერძოდ კი, მისი თავისუფალი ნების გამოვლინებაზე.

ჩვენი ჭკუა არა მხოლოდ იმაში ვლინდება, ჩავწვდეთ ღვთის არსებობას და მისდა სათანადოდ ვიცხოვროთ, არამედ მასშიც გავიგოთ, რომ არ ვართ მარიონეტები. ზეციურ სამყაროში სურთ, ეს კარგად შევიგრძნოთ”.

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

  • ლია says:

    vetanxmebi dznelia da giwhirs tavidan codvis chadena.sindisi gamxilebs.amitom mogvca ghmertma sindisi.magram sindiss ar usmen roca whaobshi xar,roca codvebs chadixar.grdznob rom ar aketeb swored magram tavs ver anebeb da ufro da ufro eflobi.da ra qnas adamianma tu ar icis gza gadarchenis… ese iyo komunistebis dros ar vicodit ra iyo codva,sindisi gamxelda magram wamali ar icodi… am dros suli kvdeba da ver grdznob sad xar,vin xar,ristvis moxvedi suli tiris da vai imas vinc ver ipovis ghvtisken gsas… ra tqma unda sheni nebaa ra gzas airchev,mixval tu ara ghmerttan magram vighacam ynda gaswavlos es gza,roca ar ici cxovreba dznelia. gisurvebt yvelas gepovnot es gza,gza gadarchenisa. amin.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი