მთავარი » ქრისტიანობა

თავის შეცნობა – სულიერი ცხოვრების ძირითადი არსი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 14.10.2011 6 კომენტარი | 7,355 ნახვა

“მორჩილება აძლევს ადამიანს საშუალებას, ურთიერთობა ჰქონდეს ქრისტესთან, რომელიც გამუდმებით ჩვენი გულის კართან დგას და ელის, ვინ გაუღებს კარს.…”

წიგნი“ქართველმა ერმა, პირველ რიგში, საკუთარი თავი უნდა შეიცნოს. ჩვენ წინაშე მრავალი პრობლემაა. უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია, ერთმანეთის მოსმენა ვიცოდეთ. ჩვენ არ უნდა გვქონდეს კატეგორიული აზროვნება. არ უნდა ვიფიქროთ, რომ ყოველთვის მართალი ვართ, სხვა კი ცდება. ჯერ კიდევ ძველ რომაელებს აქვთ ნათქვამი: “შეიცან თავი შენი”, ჩვენ კი, უპირველესად, სხვის შეცნობას ვიწყებთ. ყოველ ადამიანს აქვს სამი სახე: როგორსაც სხვები ხედავენ მას, როგორადაც თავის თავს ხედავს და როგორიც სინამდვილეშია. ყველაზე ძნელია საკუთარი თავის შეცნობა და ეს არის ადამიანის უდიდესი ღვაწლი.”

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

სწორი ადამიანური ცხოვრება იმის შემეცნებაში მდგომარეობს, თუ რას წარმოადგენს ადამიანი ღვთის გარეშე, როგორია მისი შესაძლებლობანი.

ღირსი პიმენი ამბობს: “მას, ვინც ვერ შეიცნო თავი, ძნელად თუ შეიძლება ეწოდოს ადამიანი”.

ქრისტიანობაში სწორედ თავის შეცნობაა ადამიანის სულიერი ცხოვრების ძირითადი არსი. ეს არის შეცნობა იმისა, თუ ვინ ვარ მე და რა შემიძლია.

ჭკვიანია ის, ვინც იცის თავისი უჭკუობის შესახებ. ვინც ამას ვერ ხედავს – ბრიყვი. ეს სწორედ ის კრიტერიუმია, რომლიდანაც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა იხელმძღვანელოს: შეცნობა საკუთარი თავისა და ჩვენ გარეშემო მყოფებისა ადამიანის სულიერი ცხოვრების წყაროა.

წმიდა სიმონ ახალი ღვთისმეტყველი იძლევა ოქროს შუალედს და მასში გადმოგვცემს ადამიანის სულიერი გამოცდილების ერთობლიობას: ეს უნდა მოხდეს ქრისტეს მცნებების საგულდაგულო შესრულებით, წმიდა წერილის შესწავლით, რადგან იგი გვასწავლის ამ გზას, განგვიმარტავს მას და გვიჩვენებსო.

ის ერთადერთი გზაა, რომელსაც ნამდვილად უნდა მიჰყვეს ადამიანი და ამის საშულებით გაიგოს კიდეც, რასაც წარმოადგენს იგი სინამდვილეში. სახარებისეულ მცნებებს ჭეშმარიტად გააჩნია ეს უნიკალური თვისება.
ვერცერთ რელიგიაში ვერ ნახავთ მსგავს რამეს. ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც საინტერესოა ეს. ყველაზე განსაცვიფრებელია შედეგები, თუ სადამდე მიჰყავს ამ მცნებათა შესრულებას ადამიანი. ეს არის ძალიან ძლიერი კრიტერიუმი იმის განსასაზღვრად, თუ როგორ დგას ადამიანი, – სწორი გზით მიდის თუ – მცდარი.

ქრისტე ფარისევლებსა და სადუკევლებს სიამაყისათვის, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენისათვის ამხელდა.
ქრისტიანულ მცნებებს ადამიანი მიჰყავს სრულიად საწინააღმდეგო დასკვნებამდე.

ღირსი პეტრე დამასკელი ამბობს: სულის სიჯანსაღის პირველი ნიშანი საკუთარი ცოდვების ხედვააო.
სახარების მცნებანი ღმერთმა იმისთვის მისცა ადამიანს, რომ ის პიროვნების ნორმალურ, ჯანსაღ თვისებებს აყალიბებს, რადგან მათი მეშვეობით ადამიანი შეიცნობს, რამდენად შეუძლია მას ამ მცნებათა შესრულება, რამდენად ძალუძს ამ თვისებების საკუთარ თავში გამომუშავება. სწორედ ასე ახდენს იგი საკუთარი თავის გამუდმებულ კონტროლს და ეს მცნებანი აძლევს მას საშუალებას, დაინახოს, თუ რამდენადაა დაშორებული ადამიანურ ნორმებს, რამდენად დასნეულებულია.

ღვთის მცნებების გულმოდგინედ შესრულება გვაძლევს საშუალებას, დავინახოთ საკუთარი თავი. სწორედ საკუთარი თავის კონტროლს მიჰყავს კაცი ქრისტიანულ მორჩილებამდე.

ქრისტიანი მხოლოდ ისაა, ვისაც ქრისტე სჭირდება. ეს ხდის ადამიანს ქრისტიანად.

მრავალი ადამიანი ინათლება, კითხულობს სახარებას, მაგრამ იგი არ არის ქრისტიანი, სანამ არ დაინახავს, რომ მას სჭირდება ქრისტე – მხსნელი.

მორწმუნე ბევრია ჩვენ გარშემო, რელიგიური კი – ძალიან ცოტა. რწმენა რელიგიის გარეშე არაფრის მომცემია. ხშირად ადამიანები სწორედ რელიგიის გარეშე აღიარებენ.

სანთლებიქრისტიანი მხოლოდ მაშინ ხდება მორწმუნე, თუ გამუდმებით, ყოველდღიურად კითხულობს ლოცვებს, დადის ტაძარში, მარხულობს, არ პასუხობს ავ სიტყვას სიამაყით თუ ჩვენ ცოტათი მაინც ვცდილობთ ამის შესრულებას და როცა მას ვარღვევთ, გულწრფელად ვინანიებთ, და ამას ვაკეთებთ განუწყვეტლივ, მაშინ ჩვენს სულში თავს იჩენს განწმენდის პროცესი და ახალი ადამიანის მარცვლების გაღვივება, ასე იწყებს ღვთისაგან მოცემული ტალანტი მოქმედებას, რაც საბოლოოდ თავის ნაყოფს გვაძლევს…

ხომ არსებობენ ჩვენ გარშემო საშინელი წყლულებით დაავადებული ადამიანები?! ჩვენ ხომ არ განვიკითხავთ მათ ამის გამო?! ხომ არ განვიკითხავთ ავადმყოფს იმიტომ, რომ მას რაღაც აწუხებს?! ყველაფერი, რაც გარს გვაკრავს, ჩვენთვის სასიამოვნო როდია. ამიტომ ის, ვინც იცის ეს, კი არ განიკითხავს ვინმეს, საკუთარ თავს უკვირდება და შეიცნობს. სწორი ქრისტიანული სიყვარული წარმოიშვება იმ ქრისტიანული შეგრძნებიდან, რომ მე სნეული ვარ და ისიც სნეულია, და რომ ჩვენ ყველა ავადმყოფები ვართ, ამიტომ საჭიროა, კი არ განვიკითხოთ, არამედ დავეხმაროთ ერთმანეთს.
ქრისტიანული ცხოვრების პრაქტიკულ მხარეს ქრისტეს საქმეები, მოწყალების გაცემა წარმოადგენს. თვითონ იესო ქრისტე ამბობს:

– იყავით მოწყალენი, როგორი მოწყალეცაა მამა თქვენი ზეციერი.
აქედან გამომდინარე, მოწყალების გაცემა და სიყვარული მთავარია ქრისტიანულ საქმიანობაში.
სახარებაში ნათქვამია, რომ ღმერთი სიყვარულია. და ამით განსაზღვრულია, რომ მთელი ყოფის ფუნდამენტალურ და ამავე დროს ადამიანურობის ყველაზე მყარ კანონს სიყვარული წარმოადგენს. ამიტომაც ვისაც სურს თავისთვის სიკეთე, სულიერი სრულყოფის მიღწევა, გამთლიანბა და თავის აღდგენა, მან სიყვარულის კანონს უნდა მისდიოს…

ვერცერთ სხვა რელიგიაში ვერ ნახავთ მცნებას, რომელიც მტრის სიყვარულისაკენ მოგიწოდებთ და ამბობს: მიაგე კეთილი მაჭირვებელთა შენთა, ილოცე შენი მაწყევარისთვის, იმისთვის, ვინც ავის მქმნელია თქვენ მიმართ.
მხოლოდ ქრიტიანობაშია მტრის სიყვარულზე საუბარი….

როცა სიყვარული ადამიანის თვისებად იქცევა, ის აღარ დაიწყებს იმის გარჩევას, ვინ არის მისი სიყვარულის საგანი. უფალი ამ მიმართებით ადამიანს მზეს ადარებს და ამბობს: როგორც მზე უნათებს ყველას, ასევე ჩვენც ჩვენი სიყვარული უნდა დავაფრქვიოთ ყველაზე.

ადამიანს, რომელსაც ვიღაც სძულს, თვითონვე აწუხებს ეს, ხოლო ვისაც უყვარს, ხარობს ამ სიყვარულით, სიხარულითაა გარემოცული. მაგრამ, სამაგიეროდ, იტანჯება ის, ვისაც არ უყვარს. ეს სუფთა ფსიქოლოგიური მომენტია, მაგრამ ამის გამო კიდევ უფრო დიდი მნიშნველობა გააჩნია.

ჩვენი ცხოვრების ძირითად მცნებას სიყვარული უნდა წარმოადგენდეს.

წმიდა ტიხონ ზადონელს აქვს გამონათქვამი, რომელიც მოგვცემს საშუალებას, გავიგოთ, თუ რას ემყარება ქრისტიანული სიყვარული, რისგან გამომდინარეობს იგი:
“თუ პავლე მოციქულისთვის ყველაზე მთავარი სათნოებათა შორის სიყვარულია, ეს იმიტომ, რომ მის გვერდით დგას და არსებობს მორჩილება”.

წმიდა ტიხონ ზადონელი, ამ შემთხვევაში, გამოთქვამს წმიდა მამათა ჩვეულებრივ, თავისთავად ნაგულისხმევ და თვალსაჩინო, ეკლესიისთვის დამახასიათებელ ცნობიერებას, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარული მხოლოდ მორჩილებას ემყარება, მასზეა დაფუძნებული და აქედან საზრდოობს. არავითარი სხვა წყარო არ იძლევა სწორ სიყვარულს.
თუ არ არის მორჩილება, არც სიყვარულია ნამდვილი.

ქრისტიანულ სიყვარულს სიმშვიდისკენ მივყავართ. ასეთი ადამიანი იმდენად მორჩილია, რომ თანდათან სულ უფრო მშვიდ გარემოს იქმნის. ეს მორჩილება აძლევს საშუალებას, ურთიერთობა ჰქონდეს ღმერთთან, ქრისტესთან, რომელიც გამუდმებით ჩვენი გულის კართან დგას, აკაკუნებს და ელის, ვინ გაუღებს კარს. სწორედ მორჩილი ადამიანი უღებს უფალს კარს და ამკვიდრებს მას გულში.

წმიდა სერაფიმე საროველი ამბობს: “მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენ გარშემო სხვებიც გადარჩებიან”.

სწორედ მორჩილებით შემოდის უფალი გულში და მოაქვს სიმშვიდე.
ადამიანი როდესაც აღსავსეა სიმშვიდით, იგი გადასცემს მას იმ ადამიანებს, რომელთა გვერდითაც ცხოვრობს. სწორედ ასეთ პიროვნებას გააჩნია სწორი სიყვარული სხვა ადამიანებისადმი, იმიტომ, რომ იგი ვნებებს კი არ ემორჩილება, არამედ გამუდმებით ებრძვის მათ, ეგოიზმს კი არ ავითარებს, არამედ თრგუნავს.

ქრისტიანული მდგომარეობა ეხმარება ადამიანს სხვებთან ურთიერთობაში. მას ძალუძს ამ გზაზე თანდათან გაიყოლიოს სხვებიც. აქ ძალიან მნიშვნელოვანია დაინახო, როგორ ეხმარება უფალი პიროვნებას ვნებების დაძლევაში. იგი ამას აკეთებს არა ძალდატანებით, არამედ იქიდან გამომდინარე, თუ რამდენად შეუძლია ადამიანს მისი მიღება.

ადამიანი, რომელმაც შეიცნო თავი, დაინახა, რას წარმოადგენს იგი ღვთის გარეშე, აღარ ემორჩილება უკვე საკუთარ წარმოდგენებს. ეს ძალიან საინტერესო, სულიერი სამყაროს უმნიშვნელოვანესი მომენტია და მის ახსნას ვერანაირ ლექსიკონში ვერ წააწყდებით. მორჩილება, სიმდაბლე არ აძლევს პიროვნებას საშუალებას, წარმოდგენა შეიქმნას თავზე, რაც არ უნდა დიდი წყალობა დააფრქვიოს ღმერთმა. და თუ ადამიანს ეს სიმდაბლე არ გააჩნია, მაშინ მიზეზი იმისა, თუ რატომ არ წყალობს მას ღმერთი, უკვე გასაგებია.

ადამიანი სასუფევლის ღირსი მხოლოდ მაშინ ხდება, როცა თავს შეიცნობს, სწორი სულიერი ცხოვრებით აღარ ემორჩილება განცდებს, გრძნობებს. მას, ვინც იცის, რომ უღმერთოდ არაფერს წარმოადგენს, სწორედ ღვთისაგან აქვს სიცოცხლე მაცხოვარი წმენდს ვნებებისაგან, ვინც დაინახავს, რომ სწორედ უფალია ცხოვრება, გზა და მხოლოდ მისით ცოცხლობს და მოძრაობს, ამ გზით ხდება ადამიანი სასუფეველის ღირსი, რადგანაც მხოლოდ ასე იხვეჭს იგი სიმტკიცეს და აღარ განეშორება ღმერთს”.

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

6 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი