მთავარი » ქრისტიანობა

თანამედროვე მორწმუნე

სტატიის ავტორი: | თარიღი: 09.12.2010 4 კომენტარი | 4,718 ნახვა

თანამედროვე მორწმუნედღეს თითქოს თანამედროვე მორწმუნე შეიცვალა, შესაბამისად, განსხვავებულია მისი ბუნება, სულიერება, აზროვნება. ადამიანთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ თანამედროვე მოთხოვნებიდან გამომდინარე ეკლესია ზოგიერთი ცოდვის მიმართ შემწყნარებელიც კი გახდა. რამდენად სწორია ასეთი შეხედულება და რა განსხვავებაა დღევანდელ და ძველი დროის მორწმუნეს შორის, გვესაუბრება ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვარი, მამა თეოდორე გიგნაძე.

მამა თეოდორე: “დღეს ეკლესია შემწყნარებელი კი არ გახდა, არამედ ის სასჯელს ამსუბუქებს. სჯულის კანონის მიხედვით, თუ ადამიანი სიძვისთვის – 7, ხოლო მრუშობისთვის 14 წლით უზიარებლობით ისჯებოდა, საუკუნეების შემდეგ ეს სასჯელი 3 წლამდე შემცირდა. სიმკაცრის გარეგნული ფორმები იცვლება, არსობრივად კი ყველაფერი უცვლელია. ეკლესია ცოცხალი ორგანიზმია და არ შეიძლება ის ხისტად მოქმედებდეს კანონიკურ და სამართლებრივ სფეროში. რა თქმა უნდა, ის უცვლელია სწავლების სფეროშიც. ქრისტიანული დოგმატები და ქრისტიანული სწავლება კი გამოისახება თითების წყობით, როგორც პირჯვარს ვისახავთ. ეს არის სწავლება ღმერთის შესახებ, რომ ის არის მამა, ძე და სული წმიდა და რომ ძე ღმერთი ადამიანად ჩვენთვის მოვიდა. სხვა ყველაფერი ნაკლებად მნიშვნელოვანია და მუდამ ცვალებადიცაა. შესაბამისად, რა ელაპარაკო, რა მოთხოვნები წაუყენო დღევანდელ ადამიანს, განსხვავდება იმისაგან, რაც ადრე იყო. თანამედროვე ადამიანი განსხვავებულია, სხვა დინამიკა, მისწრაფება და ინტერესები აქვს.”

ძველად ქართველს შეეძლო, ეტვირთა უფლის ჯვარი, დღევანდელი ადამიანი კი მიიჩნევს, რომ თუნდაც მხოლოდ სააღდგომო მარხვის შენახვა საკმარისია, რათა თავს მართლმადიდებელი უწოდოს…

ადამიანს სუბიექტური განცდები ყოველთვის შეიძლება ატყუებდეს. რა მეგონება ჩემი თავი, ეს სხვა თემაა და რა ხარ სინამდვილეში, ეს – მეორეა.

როცა ადამიანი საკუთარ თავს ეკლესიის გარეთ აყენებს და თვითნებურად ცხოვრობს, თან მიიჩნევს, რომ მართლმადიდებელი და ქრისტიანია, ჩვენ მას ვეკითხებით: დავიჯერო, შენ ის ღმერთი გწამს, რომელიც მე, ქრისტიანს, ეკლესიის წევრს? თუ ჩავეძიებით, დავინახავთ, რომ მას სინამდვილეში ის ღმერთი არ სწამს, რომელიც – ეკლესიურ ადამიანს. თუ იმ ღმერთს იწამებს, რომელიც არის მართლა ღმერთი, ის აუცილებლად ეკლესიის ნაწილი გახდება, რადგან ეკლესია გახლავთ განსხივოსნებული ქრისტე დედამიწაზე და თავისით არაფერს იგონებს.

თანამედროვე ეკლესია არის უზარმაზარი ხე, რომლის დღევანდელი წევრები არიან ბოლო ყლორტები და ფესვები – მოციქულები. ეს კი ერთიანი ორგანიზმია. როგორ შეიძლება ადამიანი ამ ხის ნაწილი არ იყოს და თავს ქრისტიანად თვლიდეს?! ის ვერ იქნება ქრისტიანი. შესაბამისად, ვინც ქრისტიანია, ის ყველა მარხვის შენახვას ცდილობს.

მამაო, ხომ არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დღევანდელი ადამიანი სუსტი და უნებისყოფოა?

რაღაც გაგებით, შეიძლება, ფიზიკურად მართლაც სუსტი, მაგრამ, ამავდროულად, ძლიერიც იყოს, მეტი გამოცდილებაც ჰქონდეს. ძველად, მაგალითად, XII საუკუნის ქართველი მთელ ცხოვრებაში ვერ დააგროვებდა იმდენ სიბინძურეს, რასაც თანამედროვე ქართველი ერთ დღეში ტელევიზორის ყურებით აგროვებს. ადამიანის სულში, ქვეცნობიერ შრეებში კი ერთხელ რასაც ნახავ, ის არასდროს იშლება, პირიქით, ილექება. ე.ი. ძველი ადამიანისთვის უფლისადმი ერთგულება გაცილებით ადვილი იყო. უფალი კი გვეუბნება, გულითაც არ იმრუშოო. ამ კუთხით თუ შევხედავთ, შეიძლება ვთქვათ, თანამედროვე ადამიანი უფრო ძლიერია.

წმ. მამები ამბობენ, ბოლო ჟამის ქრისტიანები, რომელიც ამ საცდურებს გადაურჩებიან, უფრო მაღლა დადგებიან, ვიდრე ძველი დონის მოღვაწეები, რომლებიც ასკეტური ღვაწლის საოცარ სიმაღლეს აღწევდნენო. დღევანდელ საცდურებს გაუძლო ეხუმრები?

ქართველები ხშირად ვამაყობთ, რომ უფლის რჩეული ერი ვართ, რომ საქართველო გაბრწყინდება… ებრაელებიც ამაყობდნენ რჩეული ერის ხვედრით…

ქართველები ებრაელების მგავსად მართლაც რჩეული ერი ვართ. უფალი ებრაელ ერს იმისათვის ქმნიდა, რომ იქ განხორციელებულიყო ღმერთად. იმ დროს ძალიან ცოტა ადამიანს თუ შეეძლო ქრისტეს ერთგულება. ამ ერმა კი ეს მოახერხა.

ჩვენ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ. უფლის დედა პატრონობს ქართველებს. ჩვენმა ერმა თავის ისტორიაში დაამტკიცა უფლისადმი ერთგულება, მაგრამ ეს არის ნათქვამი იმათზე, ვინც ეს შეძლო. რაც შეეხება საქართველოს, მე ხშირად ვამბობ, საქართველო დიდი ხანია გაბრწყინებულია. 100 000 კაცი რომ ერთ დღეს შეეწირება და უფალს არ შეურაცხყოფს, 300 არაგველი წაგებულ ბრძოლაში რომ შედის და შოთა რუსთაველი რომ “ვეფხისტყაოსანს” დაწერს, ეს გაბრწყინება არ არის? ეს ხომ ზნეობრივი გამარჯვებაა. მაგრამ როგორია ვიამაყო ამ ყველაფრით, თითქოს “ვეფხისტყაოსანი” ჩემი თუ არა, ბაბუაჩემის დაწერილია, 300 არაგველი კი ჩემი ძმაკაცები იყვნენ?! ვინ ვარ, როგორ შეიძლება ამით ვიამაყო და არაფერს წარმოვადგენდე?! დამოკიდებულებაა არასწორი და როდესაც ქართველი კაცი გულში მჯიღს ირტყამს და არაფრის გამკეთებელია, ეს ხდება არა იმის გამო, რომ ის ღვთის რჩეულია, არამედ იმიტომ, რომ არაფრად ვარგია. გვაქვს თათქარიძის მაგალითიც და თვითონ აირჩიე. ივერია კი დიდი ხანია გაბრწყინებულია.

ეკლესია ატარებს იმ სიცოცხლეს, რომელმაც წარმოშვა 300 არაგველისა და შოთა რუსთაველის ეპოქა. თუ გინდა მოდი, გადაისხი სისხლი და იქნებ შენც შეიცვალო. ესაა სწორი დამოკიდებულება.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

4 კომენტარი »

  • მეორედ მოსვლა
    ეწვიეთ ჩემს გვერდს და წაიკითხეთ – მეორედ მოსვლა. უდიდეს ცოდნას შეიძენთ!
    გააზიარეთ და გააცანით ყველას, რათა გონს მოვეგოთ და დროულად გამოვასწოროთ მდგომარეობა, თორემ ღმერთი აუცილებლად დაგვსჯის. კაპიანი ჯოხების გათლა მოგვიწევს მხეცებისგან თავდასაცავად!
    ”Kap iTal“ ლათინურად – მთავარს, ქონებას ნიშნავს, პირველყოფილი საზოგადოების დროიდან.

  • ლია says:

    dzlieri natqvamia vinc gaigebs gaigebs.

  • ეგზორცისტი says:

    ,,ქართველები ებრაელების მგავსად მართლაც რჩეული ერი ვართ”
    ჭეშმარიტად ქართველი პრესვიტერი! :D

  • მარი says:

    იქნებ იმაზეც დაგეწერათ, რა განსხვავებაა დღევანდელ და ძველი დროის სასულიერო პირს შორის?!

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი