მთავარი » ქრისტიანობა

თამარ მეფის ეპოქა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 15.01.2014 3 კომენტარი | 29,949 ნახვა

„რაი მივაგო უფალსა ყოვლისათვის, რომელი მომაგო მე?“ (ფსალ.115.3)

გავიდა 1700 წელი რაც შეწყდა ქრისტიანთა დევნა და 800 წელი თამარის გარდაცვალებიდან.

ქართველი ერი ეკუთვნის იმ ერთა ჯგუფს, რომელთაც თავის ენაზე შექმნა მდიდარი ქრისტიანული კულტურა, თამარ მეფე რომლის მძლავრმა განვითარებამ XI-XII საუკუნეებისათვის ნიადაგი მოამზადა არანაკლებ მდიდარი საერო მწერლობის წარმოსაშობად. ესაა ქართული ლიტერატურის კლასიციზმის ეპოქა, რომელმაც რამდენიმე საუკუნით გაასწრო დასავლეთ ევროპის რენესანსს. მისი წარმოშობა გარკვეულწილად იმ ეპოქის პოლიტიკურმა ვითარებამაც განაპირობა.

IX საუკუნის დამლევს საქართველოს ტერიტორიაზე ყალიბდება ხუთი ნახევრად დამოუკიდებელი, პოლიტიკური ერთეული. X საუკუნის 80-იანი წლებიდან იწყება ამ ერთეულების გაერთიანების პროცესი, რაშიც უდიდესი წვლილი შეიტანა ეკლესიამ. ეს პროცესი სრულდება XII საუკუნის პირველი მეოთხედის მიწურულს, დავით აღმაშენებელის დროს, რომლის საშინაო და საგარეო პოლიტიკას ხელს უწყობდა, მის მიერ გატარებული შესანიშნავი რეფორმები და აღნიშნულ ეპოქაში დაწყებული ჯვაროსნული ომები, როდესაც მაჰმადიანთა, კერძოდ, თურქ-სელჯუკების ყურადღება გადატანილი იქნა საქართველოდან, პალესტინა-ევროპისაკენ. ამ პერიოდში და განსაკუთრებით XII საუკუნის დამლევს ჩვენი ქვეყანა ისე გაძლიერდა რომ ტერიტორია გადაჭიმული იყო შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე და კავკასიიდან სპარსეთის აზერბაიჯანსა და არზრუმამდე, წმინდა ქართული წარმოშობის მოსახლეობა შეადგენდა დაახლოებით 8 მილიონს, ხოლო ქვეყანას მართავდა სახელმწიფო მმართველობის მოქნილი აპარატი, წმინდა თამარ მეფის ხელმძღვანელობით.

ამ ეპოქისათვის დამახასიათებელმა, საწარმოო ძალთა განვითარებამ, ეკონომიკის დაწინაურებამ, სოციალური ურთიერთობების გაღრმავებამ, პოლიტიკური ცხოვრების უჩვეულო, უმაგალითო სიმაღლეზე ასვლამ, გამოიწვია კულტურულ-ლიტერატურული ცხოვრების იმდენად მძაფრი და არაჩვეულებრივი ზრდა-აყვავება, რომ ამ პერიოდს საქართველოს ისტორიისა სრულიად სამართლიანად „კლასიკური“, ანუ მხატვრულად რომ ვთქვათ, “ოქროს ხანა” ეწოდება.

როდესაც ამ პერიოდზე ვსაუბრობთ, აუცილებელია გავიხსენოთ მემატიანის სიტყვები საქართველოს იმ დროის საჭეთმპყრობელს, თამარ მეფეს რომ ეხება.

აი, რას ბრძანებს მისი დროის მემატიანე და ეზოსმოძღვარი ბასილი: „წმინდა თამარი იყო საკვირველად თავმდაბალი, გულმოწყალე და დიდსულოვანი, მისი სიტყვა იყო ძვირუხსენებელი, მშვიდი, ხოლო ზნეობა მისი იყო როგორც სანთელი გონიერთა და უგუნურთა, პირველთა განმანათლებელი და მეორეთა დამწველი; გარეგნობითა ქმნილ კეთილი, ტანსა ზომილსა გრემანობა, თუალთა და ღაწუთა სპეტაკტა ზედა ვარდებრივ ფეროვნება, მორცხვ ხედვა…“

ქართული ისტორიოგრაფიის მამა ივანე ჯავახიშვილი თამარის მოღვაწეობასა და პიროვნებას ასე აფასებს: ქართველი ერისათვის მაშინაც და შემდეგაც, თამარის სახელი იმიტომ იყოსათაყვანებელი, რომ ზესთაბუნებრივის ძალით მასში გაერთიანებული იყო ქალის მომხიბლავი მშვენიერება და ვაჟკაცური მამაცობა, სახელმწიფო მოღვაწის სიბრძნე და უმანკო, რჯულშემწყნარებელი, ყოვლად მოწყალე, ობოლთა მამა, განურისხებელი გული, იგი იყო დიდი მლოცველი…

აღსანიშნავია რომ თამარი თავისი ხელით ქსოვდა სამღვდელო შესამოსლებს. ბასილი ეზოსმოძღვარი გადმოგვცემს: „რამეთუ რაჟამს მოიცლის მარტოებით ყოფად მყის აღიღოს სართუელი გინა საკერავი და ნაშრომსა მას თვისთა ხელთასა ხუცესთა და გლახაკთა განუყოფნ თვისისთა ხელითა“.

ისმის კითხვა! რატომ უნდა ეშრომა თამარს ფიზიკურად, როდესაც გარშემო ყოველთვის ჰყავდა ისეთი ადამიანები, რომლებიც მისთვის სამუშაოს შესრულებას კი არა, სიცოცხლესაც კი არ დაიშურებდნენ?!
ივანე ჯავახიშვილი განმარტავს: ,,ქართველ საზოგადოებაში ფულისა და ქველსაქმარის მიცემა,ზნეობრივ ღვაწლად რომ ჩათვლილიყო, საჭირო იყო გაგეცა საკუთარი ხელით, ოფლითა და ღვაწლით მოპოვებული. თამარი თავისი სამეფოს გასაოცარმა გაფართოებამ, გაფურჩქვნამ, თავისმა ქველმა საქმეებმა არ გაამაყა. მემატიანე გადმოგვცემს: „განა ამა ყოველთა ზედა აღზვავდა გული თამარისა? განლაღნა ერთისაცა წარბისა აღებითა? არა ნუ იყოფინ! არამედ უფროსად დამდაბლდებოდა წინაშე ღმრთისა მმადლოდლობელი“ „აღასრულებდა ლიტანიობასა და ღამისთევასა“ .

მთელი ჩვენი მრავალსაუკუნოვანი წარსული მდიდარია გამოჩენილ მანდილოსანთა სახელებით: წმინდა ნინო,ნანა დედოფალი, წმინდა შუშანიკი, წმინდა მოწამე ქეთევანი, მათი დედობა, ღმერთისა და მამულისათვის თავდადება, პატიოსნება ფიზიკურ მშვენიერებასთან შერწყმული, მაღალი ზნეობა სამშობლოს სინდისის სიმბოლო იყო. ალბათ ძნელად თუ მოიძებნება მსოფლიოში ისეთი ერი, ვისაც ამდენი წმინდა დედა ჰყავდეს მფარველად და მეოხად ღვთის წინაშე.

განსაკუთრებით დღეს, 21-ე საუკუნეში, როდესაც ქალთა უფლებებზე საუბრობენ, საქართველოში, თამარის ეპოქაში ცხადდება ის სულისკვეთება, რასაც ქართველი ადამიანი ქალის მიმართ ყოველთვის განიცდიდა. ოდიდგანვე ცნობილია, რომ ქართველი ხალხის ზნეობრივი სიწმინდის, შრომისმოყვარეობის, ვაჟკაცური სულისკვეთებისა და ქართული ხასიათის ჩამოყალიბებაში ქალი ყოველთვის თვალსაჩინო როლს ასრულებდა. ტყუილად არ შეამკო და ადიდა საყვარელი წმინდა მოღვაწე და მეფე თამარი ქართველმა ერმა, იმ მრავალ, ღირშესანიშნავ სალიტერატურო, ისტორიულ ძეგლებსა თუ პოეზიაში, თხზულებებსა თუ ხალხურ გადმოცემებში, განა შეიძლება არ დაწერილიყო „ვეფხისტყაოსანი“, “თამარიანი“, „თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“, „დემეტრე თავდადებული“, „ბაზალეთის ტბა“ და სხვა…

სოლომონ გელაშვილი
თბილისის სასულიერო აკადემიის II კურსის სტუდენტი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

3 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი