თამარ ყალიჩავა – “ჩემი სკოლა” – სსიპ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის N1 საჯარო სკოლა
სოფელ ინგირს ადრე ერქვა ჯოღეჯიანი, რაც ნიშნავს შერჩეულ ადგილსამყოფელს ველური ტახებისათვის. ვინაიდან ამ ადგილას ხარობდა მუხა, ღორები ეტანებოდნენ რკოს. მთელი ტერიტორია ატალახებული იყო და ფეხით ძნელად გასასვლელი ყოფილა. დროთა განმავლობაში შეიცვალა სოფლის იერსახე. სოფლის სახელის შეცვლა ახლოს გამდინარე მდინარე ენგურს უკავშირდება. მის ერთ-ერთ უბანს დღესაც ჰქვია ოირემე. ამ ადგილას დღესაც არის წყაროს წყალი, სადაც ადრე ირმების ჯოგი წყურვილს იკლავდა. ამიტომ უბანმა მიიღო მეგრული სახლწოდება ოირემე, რაც ნიშნავს ირმების ადგილსამყოფელს. ინგირი ქალაქ ზუგდიდიდან დაშორებულია 4 კმ-ით.
1939 წლიდან სოფელში ფუნქციონირებდა დაწყებითი სკოლა, რომლის დირექტორად მუშაობდა ვალიკო კვარაცხელია, მარია პილუგინა. 1945 წლიდან, დირექტორი ვასო ყუფუნია, ხოლო 1950 წლიდან ვერა ჟვანია-შენგელაია. აღნიშნული სკოლები განთავსებული იყო დაბალ ქვითკირის შენობაში, ბარაკში, საცხოვრებელ სახლში, საწარმო კომბინატის შენობაში. შემდეგ დაიწყო საშუალო სკოლის მშენებლობა. 1968 წლიდან ახალ სასკოლო ორსართულიან შენობაში მეცადინეობა დაიწყო ინგირის I საშუალო სკოლამ, რომელსაც ხელმძღვანელობდა ნიკოლოზ ესებუა. პერიოდულად დირქტორად მუშაობდნენ: დავით აბსავა, სერგი ყურუა, ნოდარ დარასელია, მიშა თოდუა, ანზორ გვაჯაია, თენგიზ თორდია.
სკოლაში, 1992 წლამდე, მუშაობდა ქართული და რუსული სექტორი. სკოლამ აღზარდა ბევრი შესანიშნავი პიროვნება. ისინი ნაყოფიერ მუშაობას ეწევიან სხვადასხვა ქალაქებში. მაგალითად: ალექსანდრე ლობჟანიძე, პროფესორი, მუშაობს სანკტ-პეტერბურგის ერთ-ერთ საავადმყოფოში ქირურგიული განყოფილების გამგედ. ხუბულავა გენადი, პროფესორი, სანკტ-პეტერბურგის სამედიცინო აკადემიაში პრორექტორად. ბევრი კურსდამთავრებული ცნობილი ექიმი, პედაგოგი და ინჟინერია.
სკოლამ ეროვნული მოძრაობის პერიოდში ძნელი გზა განვლო. წლების განმავლობაში აქ შესახლებული იყვნენ დევნილები. მათი განსახლება მხოლოდ 1998 წლის ნოემბერში მოხდა. 8 წლის განმავლობაში სკოლაში ფუნქციონირებდა გალის რაიონის სოფელ სიდის საშუალო სკოლა.
სკოლა ორსართულიანია. ეზო შემოკავებულია და აქვს ორი შესასვლელი. პირველ სართულზე არის 6 საკლასო ოთახი, სპორტ დარბაზი და აღსადგენი სააქტო დარბაზი, მეორე სართულზე 10 საკლასო ოთახი, სამასწავლებლო, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ლაბორატორია, დირექცია. სკოლაში 26 მასწავლებელი და 7 ტექპერსონალია. ვსწავლობთ ინგლისურ და რუსულ ენას. სკოლაში 7 სერტიფიცირებული და 8 თითო გამოცდა ჩაბარებული მასწავლებელია. სწავლობს 254 მოსწავლე, აქედან 111 დევნილია, ხოლო 143 ადგილობრივი მოსწავლე.
2007 წლიდან სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ არჩეული დირექტორი არის ინეზა კვიტატიანი. სკოლას ჰყავს წარჩინებული მოსწავლეები, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდებით 100%, 70%, 30% გრანტებით ჩაირიცხნენ.
2010-12 სასწავლო წლებში სკოლის შენობას ჩაუტარდა ნაწილობრივი რეაბილიტაცია. 2009 წელს სკოლამ რესპუბლიკურ კონკურსში ,,ოკუპაციის კვირეულში” მიიღო მონაწილეობა. გამარჯვებისათვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსაგან დაჯილდოებულია პროექტორით და ლეპტოპით.
სკოლა თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ასოციაცია ათინათთან ერთად ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს. მუშაობს კლუბები: ჯანსაღი ცხოვრების, ეკოლოგიის, სამოქალაქო განათლებისა და საბუნებისმეტყველო, რომლის ერთ-ერთი წევრი მეც ვარ.
მომწონს ჩემი სკოლის პედაგოგების თანამედროვე მიდგომები. თვითმმართველობის და კლუბების მუშაობა. მასწავლებლების შედეგზე ორიენტირებული გაკვეთილები. მიყვარს ჩემი კლასის დამრიგებელი მზია როდონაია და მასწავლებლები.
სკოლაში, სადაც მე ვსწავლობ სკოლის შენობა ნაწილობრივ რეაბილიტირებულია. პირველ რიგში, აღვადგენდი სააქტო დარბაზს, კეთილმოვაწყობდი მას, რათა მოსწავლეთა შემოქმედებას უფრო მეტი მოტივაცია ჰქონდეს. ჯანსაღი ცხოვრების წესის სრულყოფისათვის სპორტულ დარბაზს თანამედროვე მოთხოვნის დონეზე მოვაწყობდი. გავხსნიდი სამედიცინო კაბინეტს. მოსწავლეთა სულიერი განათლების ამაღლებისათვის ვასწავლიდი, ცალკე საგნად, მართლმადიდებლური და სხვა აღმსარებლობის რელიგიასა და კულტურას.
თამარ ყალიჩავა
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის N1 საჯარო სკოლა
13 წლის, VII კლასის მოსწავლე
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.