მთავარი » საეკლესიო ხელოვნება

თამარ გურგენიშვილის ხატწერა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 23.10.2016 | 3,215 ნახვა

თამარ გურგენიშვილისთვის ბავშვობიდან მოყოლებული ხატვა  უსაყვარლესი საქმიანობა იყო. ხატწერით მოგვიანებით დაინტერესდა, როცა ეკლესიური ცხოვრება დაიწყო. პროფესიით ინგლისური ენის ფილოლოგია და ამჟამად ინგლისურენოვანი მთარგმნელის პოზიციაზე მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსში“ მუშაობს. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი – მარიამი და ქეთევანი. თამარ გურგენიშვილის ხატწერა მიუხედავად იმისა, რომ ყოველი დღე დატვირთული აქვს, ცდილობს ხატწერისთვის დრო გამოყოს, რადგან მისთვის ხატწერა ლოცვას, სულიერ ამაღლებასა და ღვთის დალოცვას ნიშნავს. საკუთარი შემოქმედების შესახებ „ამბიონს“ თავად ხატმწერი ესაუბრა.

თამარ გურგენიშვილი: „ხატვა დაახლოებით 5-6 წლის ასაკიდან დავიწყე, განსაკუთრებით მიყვარდა პორტრეტების ხატვა, თუმცა ნატურმორტებსა და პეიზაჟებზეც მიმუშავია. შესაბამისად, ბავშვობიდან მოყოლებული, ხატვა ჩემი უსაყვარლესი საქმიანობაა. რაც შეეხება ხატწერას, განსაკუთრებით დავინტრესდი 19-20 წლის ასაკში, რაც უკავშირდება ჩემ მიერ ეკლესიური ცხოვრების დაწყებას. ჩემი სულიერი დის ვიკა ურიდიასგან (ასევე გახლავთ ხატმწერი) შევიტყვე, რომ იქმნებოდა ხატწერის ჯგუფი ხატმწერ გიორგი ეგნატაშვილის ხელმძღვანელობით და ერთად გადავწყვიტეთ ჯგუფში ჩაწერა. სწორედ გიორგი ეგნატაშვილის დახმარებით ავიდგი პირველი ნაბიჯები ხატწერის შესწავლაში. დაახლოებით 12 წელია, რაც ხატებს ვწერ უფლის დიდი შემწეობით. სწორედ ღმერთი აძლევს თითოეულ ხატმწერს ძალას და ნიჭს ხატების შესაქმნელად. თუ არა უფლის კურთხევა და შემწეობა, ხატის შექმნა შეუძლებელი იქნებოდა. შესაბამისად, მე მოძღვრის კურთხევით დავიწყე ხატებზე მუშაობა. დაახლოებით 50-მდე ხატი მაქვს შექმნილი. ჩემი პირველი დაწერილი ხატი მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი გახლავთ. სიმართლე გითხრათ, ხატის წერა სულ სხვა რამ აღმოჩნდა, გაცილებით რთული – ვიდრე მე წარმომედგინა.

თუმცა გიორგი ეგნატაშვილის დახმარებით ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ შევძელი ხატის დასრულება. გიორგი მუდამ გვამხნებევდა, რომ ხატის შექმნა დიდ შრომას, გამოცდილებას და მოთმინებას მოითხოვს. თამარ გურგენიშვილის ხატწერა რასაკვირველია დღევანდელი გადმოსახედიდან პირველ ნამუშევრებში ბევრ ხარვეზს ვხედავ, თუმცა ღმერთი ხედავს ჩვენს უძლურებას და ასევე გულმოდგინებას და ვფიქრობ, რომ ყველა კანონიკურად შექმნილი ხატი ღვთის მადლის მატარებელია. ჩემ შემთხვევაში, სანამ ხატის შექმნას დავიწყებ, აუცილებლად ვკითხულობ იმ წმინდანის დაუჯდომელ საგალობელს, რომლის ხატსაც ვწერ. ხატი ლოცვით იქმნება და ნელ-ნელა შენს ხელებში ცოცხლდება. ეს ენით აღუწერელი განცდაა, რომელიც მხოლოდ ხატმწერმა შეიძლება განიცადოს.“

რას ნიშნავს თქვენთვის წმიდახატის დაწერა?

ხატის საღებავებით გადმოცემული ღვთის სიტყვაა. ხატი ეს საღებავებით ამეტყველებულია წინდა წერილია. სწორედ ამას გვასწავლის ბევრი წმინდა მამა. სხვადასხვა წინდანთა თუ მოწამეთა ხატებიც, ამა თუ იმ წმინდანის ცხოვრებისეული ეპიზოდები მათი სულიერი ღვაწლის მაუწყებელია. მაგალითად, ხშირად ნახავთ ტაძრებში წმინდა გიორგი ცხოვრებიდან ხატებს, სადაც გადმოცემულია მნიშვნელოვანი ეპიზოდები წმინდა გიორგის ცხოვრებიდან. უხილავად სწორედ უფლის მარჯვენა ქმნის ხატს, ხატმწერი მხოლოდ მის კუთხევას ასრულებს. ხატის წერისას სულ მახსენდება სახარებაში ამოკითხული მაცხოვრის სიტყვები „გარეშე ჩემსა არა რაი ძალგიძთ არცა ერთი“. ასე, რომ მე მხოლოდ ღვთის კუთხევას ვასრულებ. ხატწერა ჩემთვის ნიშნავს, უპირველეს ყოვლისა, დიდ პასუხისმგებლობას უფლისა და იმ მორწუნე ადამიანის წინაშე, რომლისთვისაც ეს ხატი ნუგეშისმინიჭებელი უნდა გახდეს. მუშაობისას სულ თვალწინ მიდგას ის გაჭირვებული თუ უბრალოდ მლოცველი ადამიანი, რომელიც დადგება ამ ხატის წინაშე სალოცავად, ნუგეშისა და შემწეობის მისაღებად. ასე, რომ ხატის დაწერა უდიდესი პასუხისმგებლობაა, როგორც ღვთის, ასევე – ადამიანთა წინაშეც. ხატის წერა ღვთის მოშიშებითა და კეთილკრძალულებით უნდა სრულდებოდეს.

როგორ ქმნით ხატს, როგორ ხდება ფერების შერჩევა…?

როგორც უკვე გითხარით, ხატი ლოცვით იქმნება. ლოცვაა ის უხილავი იარაღი, რომელიც სრულყოფილი ხატის დაწერის ძალას გვანიჭებს. რაც შეეხება ფერების შერჩევას, ყველა წმინდანის ხატს თავისი კანონიკა აქვს; ხატწერაში ყოველ ხაზს, ფერს თუ ატრიბუტს თავისი ღრმა სულიერი შინაარსი და მნიშნელობა აქვს. მაგალითად, წმინდა მოწამეებს ძირითადად წითელ ფერში გამოსახავენ, რაც უკავშირდება მათ მიერ ქრისტეს სარწმუნოების დასაცავად დაღვრილ სისხლს, წმინდა მოღვაწეებს და ღმერთშემოსილ მამებს საბერო, მუქ შესამოსელში გამოსახავენ, ნიშნად მათ მიერ გაწეული უდიდესი სულიერი ღვაწლისა და მოსაგრეობისა, ღვთისმშობელს მეწამური ფერის შესამოსელში – მამფორიუმში გამოსახავენ, რაც დაკავშირებულია უფლის განკაცებასთან და დედა ღვთისას წარმოაჩენს, როგორც მიწიერ და ზეციერ დედოფალს და უფლის განკაცების საიდუმლოს მატარებელს. თამარ გურგენიშვილის ხატწერა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გამოსახულებას ყოველთვის ახლავს სამი ვარსკვლავი, ერთი შუბლზე და ორი მხრებზე, რაც მის მარადის ქალწულებას გულისხმობს; ქალწულებას ქრისტეს შობამდე, შობისას და ქრისტეს შობის შემდეგ. მაცხოვარის გამოსახულებისათვის დამახასიათებელია მუქი მოწითალო ფერის ქიტონი და მუქი ლურჯი ქიმატი, რაც მის მიწიერ და ზეციურ წარმომავლობაზე მიგვანიშნებს. ხატმწერი შეზღუდულია თავად შეარჩიო ფერი ამა თუ იმ წმინდანის ხატის დაწერისას, ყველა ფერს თავისი მნიშვნელობა, კანონიკა და შინაარსი აქვს. ხატმწერი ისევ და ისევ კანონიკას ექვემდებარება. აქ ყველაფერი იკონოგრაფიაზე აგებული. ფერწერისაგან განსხვავებით, სადაც თავისუფალი ხარ ფერთა არჩევანში, ხატის შემთხვევაში ყველაფერი კანონიკის მიხედვით კეთდება.

როგორ იწერება ხატის წარწერა?

ხატის წარწერა სრულდება ძველ ქართულ ენაზე (ასომმთავრული ასოებით). წარწერას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ის ერთგვარად წარმოადგენს ბეჭედს, დამაგვირგვინებელ ეტაპს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხატი დასრულებულია. სიმეტრიულობა აუცილებელი პირობაა წარწერის გაკეთებისას. გარკვეული თვალსაზრისით ის ორნამენტს წააგავს და შესაბამისად სიზუსტის დაცვა გარდაუვალია.

რა არის საჭირო იმისათვის, რომ ვისწავლოთ ხატის დაწერა?

ხატწერის შესასწავლად, უპირველეს ყოვლისა, დიდი შრომაა საჭირო. ხაზებზე მუშაობა უდიდესი მნიშვნელობისაა, რადგან ხატი ეს ხაზების ერთობლიობაა. სწორი ხაზი ქმნის სრულყოფილ ხატს. ამბობენ, იმისათვის, რომ სწორი ხაზი გამოგივიდეს უფალს უნდა მიანდო შენი ხელი და ხაზი ერთი ამოსუნთვით უნდა გაავლოო. ამას ემატება უდიდესი ყურადღება და მოთმინება. ხატის წერისას ხატმწერი ახდენს მთელი თავისი სულიერი და ფიზიკური ძალების მობილიზებას. ნიჭს უფალი აძლევს ადამიანს, ამიტომ თუ ადამიანს გულით სურს ხატის დაწერა, მას უფალი აუცილებლად შეეწევა. რასაკვირველია სულიერება, ეკლესიური ცხოვრება, აღსარება და ზიარება აუცილებელია. სხვაგვარად წარმოუდგენელია ადამიანმა შეძლოს ხატის შექმნა. დამწყებ ხატმწერებს ვურჩევდი ბევრი იმუშაონ ხაზებზე და გამოიჩინონ კრძალვა ყოველი ხატის შექმნისას.

რომელ ტაძრებშია ძირითადად თქვენი ხატები დაბრძანებული?

ჩემ მიერ დაწერილი ხატები ძირითადად ოჯახებშია დაბრძანებული, თუმცა თბილისის რამდენიმე ტაძარში, კერძოდ კი ნახალოვკის ღვთისმშობლის შობის ტაძარში გახლავთ წმ. პანტელეიმონის ხატი, ხატი ქაშვეთის წმინდა გიორგი ეკლესიაში წმ. გრიგოლ ხანძთელის და ჩიტაძეზე მდებარე წმინდა ნინოს ეკლესიაში წმ.ნინოს ხატი. 6-7 წლის წინ გამოფენა-გაყიდვა მოეწყო წმ. სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში, სადაც მეც ვიღებდი მონაწილეობას და რამდენიმე ჩემ მიერ შექმნილი ხატი გაიყიდა ევროპის ქვეყნებში. მიუხედავად დღევანდელი ცხოვრების დაძაბული რიტმისა, დროდადრო ღმერთი მაძლევს საშუალებას ვიმუშავო ხატებზე, რაც ჩემთვის უდიდესი სულიერი ძალისა და მხნეობის მომცემია. ამ დროს ვგრძნობ სულიერ ერთობას უფალთან, რაც მავსებს დიდი მადლითა და სულიერი ენერგიებით. მადლობა უფალს ამ უდიდესი წყალობისათვის და კურთხევისათვის! დიდება ღმერთს ყველაფრისათვის!

თეონა ნოზაძე

იხილეთ თამარ გურგენიშვილის ხატები


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი