მთავარი » საეკლესიო ხელოვნება

თამარ გოჩიაშვილის ხატწერა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 20.05.2013 8 კომენტარი | 5,972 ნახვა

“ყველა ხატს თავისი ისტორია, ლოცვითი განწყობა და ფუნქცია აქვს…”

თამარ გოჩიაშვილის თქმით, ხატმწერს მუშაობისას განსაკუთრებული მოთმინება, შრომა და თავდადება სჭირდება. ის არა მარტო ტექნიკურ, არამედ თეორიულ, სახელოვნებო და საღვთისმეტყველო ცოდნასაც უნდა ფლობდეს, რათა ხატი ღირებული იყოს და მხოლოდ ფერებისა და ხაზებისგან შემდგარ გამოსახულებას არ წარმოადგენდეს. ღვთისმშობლის ხატი როგორ დაიწყო ქალბატონმა თამარმა ხატწერაში მუშაობა და რას ფიქრობს თანამედროვე ხატწერის შესახებ? ამ თემაზე „ამბიონს“ თავად ხატმწერი ესაუბრა:

„როდესაც სამხატვრო აკადემიაში ფერწერის ფაკულტეტზე ჩავაბარე, მაშინ არც კი მიფიქრია, რომ ოდესმე შემეძლო საეკლესიო მხატვრობა მეკეთებინა, დაინტერესებული ყოველთვის ვიყავი ქრისტიანული ხელოვნებით, თუმცა მხოლოდ თეორიულად. ვკითხულობდი კვლევებს, სამეცნიერო ნაშრომებს, მაგრამ პრაქტიკულად რომ განმეხოლციელებინა ის, რასაც საუკუნეების განმავლობაში ძველი მხატვრები აკეთებდნენ, ამაზე არ მიოცნებია. მოხდა ისე, რომ ჩემმა უდიდესმა სიყვარულმა დიდი ქართველი მთარგმნელის, ღვთისმეტყველის, დიდი წმინდა მამის გიორგი მთაწმინდელის მიმართ სურვილი გამიჩინა, მისი შრომების წაკითხვის შემდეგ ეს წმინდა მამა გამომესახა… რაღაცნაირად, მაშინ კი არ ვიცოდი, როგორ. და აი, ავიღე პერგამენტის პატარა ფორმატი და დავიწყე ფანქრით ხატვა, ისე გამიტაცა, რომ ფერი არც კი მიხმარია და ფანქარშივე დავასრულე (გრაფიკაში). მხოლოდ რამდენიმე ფერადი ფანქარი მივახმარე. რამდენიმე დღეში ანჩისხატის ტაძარში ნახატი მამა რევაზს (ტომარაძე) ვუჩვენე. აღფრთოვანებული დარჩა ჩემი ნამუშევრით და მითხრა: „ესა, შვილო, ხატია და უნდა ვაკურთხოთ ახლაო“… ასე მოულოდნელად ჩემი ნახატი ხატად იქცა. ყველაფერი ასე დაიწყო…

ამ დღიდან შევუდექი იკონოგრაფიის ფუნდამენტურად შესწავლას. აკადემიაში სწავლის პერიოდში რამდენიმე ხატი შევასრულე და ძირითადად მეგობრებს ვაჩუქე, სამახსოვროდ, თანაც ვიწაფებოდი. აკადემიის დამთავრების შემდეგ მოსკოვში რამდენიმე გამოცდილ რუს და ბულგარელ ხატმწერთან მომიწია სტუდიური სწავლა და კონსულტაციები, რაც შემდგომში ძალიან დამეხმარა. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ კი სამხატვრო აკადემიას კვლავ მივუბრუნდი და ჩავაბარე კედლის მხატვრობის რესტავრაციის ასპირანტურაში და დავიცავი დიპლომი. რამდენიმე წელი ხატწერის პარალელურად კედლის მხატვრობის რესტავრაციაზეც ვიმუშავე სხვადასხვა ტაძრებში.

1989 წლიდან დღემდე საეკლესიო ხელოვნებით ვარ დაკავებული. გაგიკვირდებათ, ალბათ, და ეს არც თუ ისე დიდი დროა იმისთვის, რომ სრულფასოვანი ხატმწერი (ხატის მხატველი) გერქვას. გამომდინარე იქედან, რომ ჩვენში ძალიან დიდი წყვეტა იყო, ხატწერის სკოლა არ არსებობდა, როდესაც ჩემზე წინა თაობამ და ჩემმა თაობამ, ფაქტობრივად, ერთდროულად მოკიდა ხელი ამ საქმის ხელახლა აღორძინებას. ჯერ ისევ სწავლის პროცესია. ნურავის გაუკვირდება და ჩემი კოლეგებიც – დავით მორგოშია, დავით ხიდაშელი, ამირან გოგლიძე, ირაკლი ცინცაძე, ლაშა კინწურაშვილი, დეა ჯაბუა, ზურაბ მოდებაძე და კიდევ სხვები ამაში დამეთანხმებიან. ზოგს ჰგონია, რომ ხატწერას ისწავლი 3-5 წელიწადში და მორჩა, სრულფასოვანი ხატმწერი ხარ და ყველაფრის კეთება შეგიძლია. თამარ გოჩიაშვილი ეს მხოლოდ ილუზიაა. სინამდვილეში არანაირი ღირებული ასეთი მოკლე დროის სწავლის შემდეგ არ იქმნება. ხატმწერს კი განსაკუთრებული მოთმინება სჭირდება, დიდი შრომა და თავდადება. არა მარტო ტექნიკური ცოდნა, მასალების, ხატვის ტექნიკისა და დამუშავებისა, არამედ თეორიულის, სახელოვნებო და საღვთისმეტყველო, უამისოდ ხატი ემსგავსება ყველაფრისგან დაცლილ ფერებისა და ხაზებისგან შემდგარ რაღაც გამოსახულებას, რომელსაც რატომღაც ვუწოდებთ ხატს, რადგან ის შეიძლება ზუსტი კოპირება იყოს რომელიმე ძველი ხატისა. ასე ღირებული ხატი არ იქმნება.

ხატის შექმნის პროცესი საკმაოდ რთულია და დიდ ფიზიკურ და სულიერ ძალისხმევას საჭიროებს. ხატი სხვადასხვა სირთულის შეიძლება იყო, გააჩნია რა ამოცანაა გადასაწყვეტი. უმნიშვნელოვანესია ესკიზი, რომელსაც ხშირ შემთხვევაში უფრო მეტი დრო მიაქვს, ვიდრე ხატის ხატვას. ესკიზსაც კი დიდი ფიქრი უნდა და მთავარი კი ისაა, რომ ნამუშევრები ერთმანეთს არ დაემსგავსოს (ნაწილობრივ, ტექნიკურად ამას ვერ ავცდებით, რა თქმა უნდა, ერთი ხელწერა იქნება). როცა მხატვარი იწაფება, ის ერთი საცდურის წინაშეა, სწრაფად მუშაობს, ბევრ ხატს ქმნის და შეიძლება მას ეს მუშაობა მექანიკურობაში გადაუვიდეს და ხშირადაა, რომ მერე ეს ხატები პლაკატურ იერს იღებს, ინდივიდუალურობას კარგავს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და არ უნდა დაიკარგოს.

ყველა ხატს თავისი ისტორია აქვს, თავისი ლოცვითი განწყობა და ფუნქცია… რისთვის იქმნება და ვისთვის, ამას კი აქვს მნიშვნელობა. რაც შეეხება მასალას, ხატწერაში ბუნებრივი პიგმენტები გამოიყენება, დაგრუნტული ხის დაფა და მაკავშირებლად კვერცხის ემულსია. სასურველია, თუ ფერწერული ხატი სხვა მხრივაც შეიმკობა, ჭედურობით, მინანქრებითა და ძვირფასი ან ნახევრადძვირფასი თვლებითა და ქვებით. მასალაში შესრულებულ ხატს განსაკუთრებული მოფიქრება სჭირდება. როგორც წესი, ფერმწერი კარნახობს მჭედელსაც და მემინანქრესაც ხატის ამ აქსესუარების ესკიზსა და დიზაინს. 1989 წლის მერე ვერც მოვთვლი, ალბათ, რამდენი ხატი დამიხატავს, სხვადასხვა სირთულის: ზოგი – მხოლოდ ფერწერული, ზოგიც – გამშვენებული. გამიჭირდება საკუთარის შეფასება. ერთს ვიტყვი მარტო: სანამ ხატი სახლშია, ის ჩემია, როგორც კი გადის და დაივანებს იქ, სადაც მისი ადგილია, ჩემთვის უცხოვდება. დრო რომ გადის, მგონია, რომ მე ის არ დამიხატავს. უკვე საზოგადო ხდება და ყველას უყოფს თავის მადლმოსილებას.

ჩემი ბოლოდროინდელი ნამუშევრებიდან სამ ხატს გამოვყოფდი. ამჯერად კი მხოლოდ ორ მათგანზე გავამახვილებ ყურადღებას (მესამე ხატი ორმხრივია, ოშკის ტაძრისთვის შეიქმნა. წინა პირი კი გასრულებულია უკვე, მაგრამ მეორე მხარე ჯერაც დაუსრულებელი, ამიტომ შევჩერდები):

„ცხუმის (სოხუმის) ღმრთისმშობლის ხატი, რომელიც უწმინდესის კურთხევითა და არქიმანდრიტ ანდრეა (ოსიაშვილის) შემწეობით დაიხატა. ამ ხატზე დედა ღვთისაა ყრმით და მის ფერხთით მავედრებელი სტრატოფილე, ბიჭვინთის ეპისკოპოსი და პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების მონაწილე. ალბათ, ყველა მიხვდება ამ ხატის იდეურ დატვირთვას. მეორე კი დიპტიქია (ორფრთიანი ხატი) წმინდა ნიკოლოზისა და წმინდა სპირიდონის გამოსახულებით, როგორც საეკლესიო კრების მონაწილეებისა. ხატი შემკობილია ვერცხლის მოოქროვილი ჭედურობით, მინანქრებით, მღვდელმთავართა გამოსახულებებითა და ნახევრადძვირფასი თვლებით. ხატი ეკუთვნის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და დაბრძანებულია საპატრიარქოში. ამ ხატებს ჩემთვის ეტაპური მნიშვნელობა აქვს.

წმიდა სიპირიდონ ტრიმიფუნტელი და წმიდა ნიკოლოზი

თანამედროვე ხატწერასთან დაკავშირებით ამ ბოლო წლებში გავრცელებულია სხვადასხვა აზრი, არა ხატების შეფასების თვალსაზრისით, არამედ ხატწერის ენასთან დაკავშირებით. არის მოსაზრება, რომ ეს ენა უნდა დარჩეს და გააგძელოს საუკუნოვანი ტრადიცია, ხოლო მეორენი მის შეცვლას ითხოვენ.

საგულისხმო ისაა, რომ რაც არსებობს საეკლესიო მხატვრობა, ეს ენა არ შეცვლილა, არადა ყველა ეპოქის, საუკუნის, ქვეყნისა თუ რეგიონის არც ერთი ძველი ნამუშევარი ერთმანეთს არ ჰგავს არც სტილურად, არც სკოლით, არც მანერით, არც მხატვრულობითა და ტექნიკით. ყველა სხვადასხვაა და მათ მხოლოდ ერთი რამ – ენა (გადმოცემის საშუალება) აერთიანებთ. დღეს ეს საკითხი დადგა იმიტომ, რომ თანამედროვე საეკლესიო მხატვრობამ ჯერ ვერ დაიწყო ახლის ქმნა, მაინც ძველს მისდევს და ხშირ შემთხვევაში მას იმეორებს, მაგრამ გამოსავალი არა ენის შეცვლაა, არამედ ამ ენის ზედმიწევნით ცოდნა. ერთი ქართული ან ევროპული ენა აიღეთ და შეადარეთ სხვადასხვა მწერალი ერთმანეთს… ისინი წერენ ერთ ენაზე, მაგრამ სხვადასხვა ნაწარმოებს, მათ არაფერი აერთიანებთ, გარდა ენისა, ორივე შედევრია და რატომ? მათ ენა (გადმოცემის საშუალება) იციან ზედმიწევნით კარგად. ასე რომ, როგორც არ უნდა შევცვალოთ ეს ენა, ჩვენ უბრალოდ გზას ავცდებით და მიზანს უფრო დავშორდებით.

რაც შეეხება ჩემს ხატებს, ისინი, ღვთის წყალობით, ბევრ ტაძარშია გაბნეული: უპირველესად – მის უწმინდესობასთან, საპატრიარქოში, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახ. მონასტერში, ვარკეთილში (ამავე მონასტეშია დავით ხიდაშელისა და ჩემ მიერ მოხატული გუმბათი, საკურთხეველი, სამკვეთლო-სადიაკვნე), ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახ.ტაძარში, დავით გარეჯელის ლავრაში, დოდოს რქის მონასტერში, იტრიის მონასტერში, სხალთისა და ლომისას მონასტერში, თერჯოლის წმინდა გიორგის ტაძარში (ამავე ტაძარში კედლის მხატვრობა – დავით ხიდაშელთან ერთად), ქუთაისის წმ.ილია თეზბიტელის სახ.ტაძარში (ამავე ტაძარში კედლის მხატვრობა – დავით ხიდაშელთან ერთად), უკრაინის, სერბეთის, საბერძნეთის, იტალიისა და კვიპროსის ტაძრებსა თუ მონასტრებში, ასევე, კერძო კოლექციებში…“

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

8 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი