მთავარი » საეკლესიო ხელოვნება

თამარ გლაზოვას საეკლესიო ნაქარგობა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 24.09.2013 3 კომენტარი | 3,987 ნახვა

“ხატს მარტო მე არ ვქმნი. უფლის მადლია თანა–შემოქმედი…”

თამარ გლაზოვა ხატწერის, როგორც ღვთისმსახურების ერთ–ერთი ფორმისა და გამოვლინების შესწავლით წლების წინ დაინტერესდა… “არასოდეს დამავიწყდება ჩემი ერთადერთი დაწერილი ხატის შექმნის დროს განცდილი მადლი. მაშინ ვიფიქრე, რომ, ალბათ, მსგავს რამეს, ოღონდ გაცილებით აღმატებულ ხარისხში, განიცდის სასულიერო პირი ლიტურღიაზე ევქარისტიის მომენტში. მაცხოვარი ვგულისხმობ იმ სიტყვებს, რაც ევქარისტიული კანონის დროს ითქმის: “შენნი შენთაგან, შენდა შემწირველნი…”, როდესაც მღვდელი ხდება ღვთის მადლის თანა– შემოქმედი,” – ამბობს თამარ გლაზოვა, რომელიც დღეს საეკლესიო ნაქარგობის ხელსაქმითაა დაკავებული. “ამბიონი” მას საკუთარი საქმიანობის შესახებ ესაუბრა:

“6–7 წლის წინ მფარველი ანგელოზის ხატი მძივებით, მხოლოდ ნემსითა და ძაფით, წებოს ტექნიკის გამოყენების გარეშე მოვქარგე. ხატი მოზაიკის მსგავსი გამოვიდა და დღესაც ერთ–ერთ წარმატებულ ნამუშევრად მიმაჩნია. სახე არ მომიქარგავს, ლამინირებული გამოსახულება გამოვიყენე (სახის მძივებით გაკეთება, ალბათ, მხოლოდ ძალიან მასშტაბურ ნამუშევრებზეა გამართლებული, რასაც, სამწუხაროდ, ნაკლებად ითვალისწინებენ), ხოლო შარავანდედზე ოქრომკედით ქარგვა პირველად ვცადე. შემდეგი ნამუშევარი ოქრომკედით მოქარგული სერაფიმის გამოსახულება იყო, რომელიც ჩემთვის ახლობელი სასულიერო პირის, მამა ლაზარე გელაშვილის თხოვნით მოვქარგე სანაწილეზე.
თეორიულად ვიცოდი, როგორ უნდა მექარგა, ძირითადი სახელმძღვანელო ჩემთვის რუსულენოვანი ინტერნეტსაზოგადოება ubrus.ru იყო. ასე ავითვისე ოქრომკედისა და სითვის ტექნიკები.

2012 წლის თებერვალ–აპრილში, გორის ეპარქიისთვის განკუთვნილ გარდამოხსნის დასრულებაში მივიღე მონაწილეობა. დიდუბეში მდებარეობს მამა ვიტალი სიდორენკოს სახლი, სადაც საბჭოთა პერიოდში მონასტრული ცხოვრება მიმდინარეობდა. მფარველი ანგელოზი იქ დღესაც მოქმედი მონასტერია, რომელიც გორის მთავარეპისკოპოსის დაქვემდებარებაშია და დედა–შვილი მონაზვნები მოღვაწეობენ; ზუსტად იქ იქარგებოდა საკმაოდ დიდი ზომის გარდამოხსნა. გარდამოხსნა წითელ პარასკევს დასვენდება ხოლმე ტაძარში, მასზე ჯვარზე ვნებული ქრისტეს დაკრძალვის სიუჟეტური კომპოზიცია იქარგება, ხოლო გარშემო –ტროპარი: „შვენიერმან იოსებ ძელისაგან გარდამოხსნა უხრწნელი გვამი შენი, ქრისტე, არმენაკითა წმიდითა წარგრაგნა, სუნნელებითა შემურვილი ახალსა საფლავსა დაგდვა“.
ზუსტად ამ ტროპარს ვქარგავდით რამდენიმე ადამიანი დაახლოებით სამი თვის განმავლობაში. საოცრად მადლიანი პერიოდი იყო…”

რა განსხვავებაა შესრულების ტექნიკის მიხედვით თქვენ მიერ მოქარგულ საეკლესიო ნივთებში?

ჩემ მიერ შესრულებულ საეკლესიო დანიშნულების ნივთებში, როგორც საერთოდ საეკლესიო ნაქარგობაში, საკმაოდ მრავალფეროვანი ტექნიკებია გამოყენებული. ესენია:

1. ოქრომკედი – ოქროს ძაფით ქარგვა. დღესდღეისობით გამოიყენება ხელოვნური – მეტალიზებული ან პოლიმერული ძაფი, ვერცხლისა და ოქროს ფერის, რომელიც დახვეულია სინტეტიკურ ძაფზე, ხოლო ისტორიულად ეს იყო ვერცხლის ან ოქროს უთხელესი ბრტყელი ზოლი, რომელიც აბრეშუმის ძაფზე იყო დახვეული. მასალის სიძვირისა და ასევე, ხელსაქმეზე დასახარჯი დროის მოცულობის გამო, ოქრომკედით ქარგვა ძირითადად დედოფლებისა და დიდგვაროვან ქალთა საქმე იყო, რაც, სხვათაშორის, პირველივე ქართულ წერილობით ძეგლში– „შუშანიკის წამებაში“ აღინიშნება (ნაცვლად ჭიჭნაუხტისა საქმისა ხელთ –იპყრაო დავით<ნ>ი). ოქრომკედით ქარგვისას ნაქაგი რელიეფური გამოდის, ნამაგრის სხვადასხვა სქემის გამოყენება კი ორნამენტალურ ზედაპირს გვაძლევს.

2. ზეზი– ოქროსა და აბრეშუმის შეგრეხილი ძაფებით ქარგვა, რომელიც ფერად, მაგრამ ძვირფასად აელვარებულ ზედაპირს გვაძლევს. სამწუხაროდ, საქართველოში აბრეშუმის ძაფი ძნელად იშოვება და ხშირად მულინეს (ბამბის) ძაფსაც ვიყენებ. ასევე, იყენებენ ვისკოზასაც, ღვთისმშობელი ე.წ. „ხელოვნურ აბრეშუმს“, მაგრამ მე მას არ ვიყენებ ძაფის სისუსტისა და ვარგისიანობის მოკლე ვადის გამო (შედარებისთვის– აბრეშუმის ძაფის ვარგისიანობა 45–50 წელია, ხოლო ვისკოზისა–5–6).

3. სითვი (ე.წ. „წყალი“) , რომელიც რამოდენიმენაირი არსებობს. საქართველოში ძირითადად ქარგავენ ე.წ. ატლასის სითვით, რომელიც მართლაც წყლის– მაგვარ, ოდნავ ტალღოვან ზედაპირს გვაძლევს. ხშირად სხვა ტექნიკას ვიყენებ– ძაფის გახლეჩით ქარგვას ( гладь враскол), რომელიც უფრო გლუვი და მკვრივი ზედაპირის მქონეა.

4. თვალ– მარგალიტით ქარგვა, რომელიც გასამშვენებლად გამოიყენება. მძივების მიმაგრებისას გამოიყენება გასანთლული ძაფი.

არსებობს მრავალი სხვა ტექნიკაც, რომლებსაც ნაწილობრივ ვფლობ და ნაკლებად ვიყენებ, ასევე, ჩამოთვლილი ტექნიკების შესრულებაში, ან მათ გამოყენებაში სხვადასხვაობა შეიძლება იყოს. მაგალითად, საქართველოში სახეები მეტწილად ზეზით იქარგება ხორცის განღმრთობის ხაზგასასმელად. მე, პირადად, სითვს ვიყენებ, რომლითაც უფრო დახვეწილ შედეგს ვიღებ.

დროის რა ნაწილს უთმობთ ხატის მოქარგვას?

ქარგვა საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია, დიდ ნებისყოფასა და დროს მოითხოვს. საქტიტორო გარდამოხსნები და დაფარნები წლების მანძილზე იქარგებოდა და არც დღესაა რამე განსხვავება. 1 კვ.სმ.–ს მოქარგვამ შეიძლება საათზე მეტი დრო მოითხოვოს, განსაკუთრებით სითვით ქარგვისას, ძაფის სიწვრილის გამო. ამასთან ერთად, ეს არაა მექანიკური პროცესი, განსაკუთრებით სახეების შესრულებისას. მაგალითისთვის, ჩემ ერთ–ერთ ნამუშევარზე 40–45 დღე და დაახლოებით 45 ლარის მასალა დაიხარჯა. ეს ტრაპეზის სახარების სანიშნი იყო… თუმცა ხშირად უფრო მეტ დროს ვანდომებ… ხელსაქმე ჩემთვის ღმრთისმსახურების საშუალებაა. წლების მანძილზე, ღვთის წყალობით, წირვა– ლოცვის თანამონაწილე გახლავართ, პატარა სამების ტაძრის მედავითნე ვარ და შემიძლია ვთქვა, რომ ნაქარგის შექმნის დროსაც დაახლოებით იგივე შეგრძნებაა მადლის, როგორც ღმრთისმსახურებისას.

როგორ ქმნით ხატს, რამდენად ადვილია გადმოსცე წმიდანის სახე?

ალბათ, ხატს მარტო მე არ ვქმნი. უფლის მადლია თანა–შემოქმედი. მრავალჯერ გამომიცდია, როგორც კი საკუთარ თავზე დაიმედებით იწყებ საქმეს, განსაკუთრებით ღვთისთვის განკუთვნილს, მადლი გტოვებს და რჩები ის, რაც სინამდვილეში ხარ – არა–რა. და, პირიქით, რამდენჯერაც ღმერთზე მინდობით შევმდგარვარ საქმეს, იმდენჯერ მისთვის უწყებული გზებით წარმატებით დასრულებულა, ზოგჯერ ჩემ მიერ განსაზღვრული შედეგისგანაც განსხვავებულად.

ტრადიციულად, ნაქარგობაში მიზანშეწონილია გამოყენებული იყოს ბუნებრივი და ხარისხიანი მასალა, ძირითადად – აბრეშუმი (ძაფიცა და მატერიაც), თუმცა, სამწუხაროდ, ყოველთვის ვერ ხერხდება ბუნებრივი მასალების გამოყენება.

სანიშნი

თავდაპირველად იქმნება გრაფიკული და ფერადი ესკიზები, თუ იქარგება ხატი, ესკიზს მზა, კანონიკური გამოსახულების მიხედვით ვაკეთებ. აუცილებლად ვაჩვენებ ხატმწერსაც. ორნამენტების ქარგვისას შთაგონების ძირითადი წყაროა ჩემთვის ტრადიციული ქართული ორნამენტები. ფერებიც ძირითადად ხატწერაში გამოყენებულის მსგავსად უნდა შეირჩეს, თუმცა ადაპტაცია სჭირდება ესკიზსაც და ფერთა შერჩევასაც.

ჩემი პირველი ნამუშევრების ფოტოებს რომ ვუყურებ, მეღიმება… დროთა განმავლობაში გამოცდილებას იძენ და ნელ–ნელა სწავლობ, თუმცა სრულყოფის საზღვარი არ არსებობს. რაც შეეხება წმინდანის სახის გადმოცემას, და საერთოდაც – ნახატის „წაკითხვას“, აუცილებელია საწყის დონეზე მაინც ფლობდე ხატვისა და ხატწერის საწყისებს. რაც შეეხება ტექნიკურ შესრულებას – ორმაგი ნაჭერი (ქვედა ფენად ტილოს, ჩითსა და მსგავს ნაჭრებს იყენებენ, ზედა პირად –აბრეშუმს, ატლასს და ა.შ.) ჩარჩოზე უნდა დაიჭიმოს, ესკიზი დაეტანოს და შემდეგ უკვე წინ თვეების შრომა და ლოცვაა.

რა არის საჭირო იმისათვის, რომ ვისწავლოთ ხატის მოქარგვა?

ადამიანი მინიმალურ დონეზე მაინც უნდა ფლობდეს ქარგვისა და ხატვის ტექნიკას, თუმცა მთავარია გულწრფელი სურვილი და სწრაფვა ღვთისკენ, რომელიც ყოველთა კეთილთა მომნიჭებელია და მადლის წყაროა. ქარგვა ნამდვილად ახლოს დგას ხატწერასთან. ტრადიციულად, ხატმწერები ძირითადად მამაკაცები იყვნენ ხოლმე, ხოლო ქალები ხატებს ნემსითა და ძაფებით ქმნიდნენ. ჩემს მოსახელე წმინდანზე, თამარ მეფეზე არსებობს ლეგენდა, რომ 12 მღვდელი საკუთარი ხელით შექმნილი შესამოსლით შემოსაო. უძველესი ნიმუშები უსაზღვრო აღფრთოვანებასა და მიბაძვის სურვილს იწვევს… ძალიან ბევრი ჩვენი თანამედროვეც ამ გამოცდილების ღირსეული მემკვიდრეა. ვისურვებდი, უფალმა მეც მათთან ერთად მომიხსენოს სასუფეველში.

რომელ ტაძრებშია დაბრძანებული თქვენი მოქარგული ხატები?

ჩემი ნამუშევრები ძირითადად მცირე ზომისაა, რამდენადაც მარტო ვმუშაობ და, სამწუხაროდ, არც ფინანსურად მაქვს უზრუნველყოფა. მეტწილად ეს ტრაპეზის სახარების სანიშნეებია. თბილისში: ყოვლადწმიდა სამების ეკლესიაში (საჯარო ბიბლიოთეკასათან); ლოტკინზე – მეუფე ანანიას რეზიდენციის წმ.გიორგის სახელობის ეკლესიაში;

სანიშნი

თბილისის ზღვაზე მდებარე ღმრთისმშობლის მსწრაფლშემსმენელი ხატის სახელობის მამათა მონასტერში; თემქაზე – უწმინდესის მშობლების სახლში მდებარე წმ.გიორგის სახ. ეკლესიაში; ასევე, სოფელ კოდაში მდებარე წმ. ნინოსა და სოფ.ჭივჭავში მდებარე მთავარანგელოზთა ეკლესიებში. ზოგიერთი ჩემი ნამუშევარი კერძო პირთა საჩუქრად მოიქარგა. ამჟამად ვმუშაობ დაფარნების კომპლექტზე და სახარების სანიშნზე, რომლებიც მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში მდებარე ეკლესიებისთვისაა განკუთვნილი.

დიდი სურვილი მაქვს, ოდესმე გარდამოხსნის მოქარგვაც შევძლო.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

3 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.