მთავარი » ქრისტიანობა

ღირსი თამარ აღმსარებელი (1869-1936)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 30.06.2020 | 196 ნახვა

სქემიღუმენია თამარი (მარჯანიშვილი) 1869 წლის 1 აპრილს, ყვარელში, კეთილშობილი მოქალაქის ოჯახში დაიბადა და უაღრესად კარგი აღზრდა – განათლება მიიღო. მუსიკალური ნიჭითა და საოცარი ხმით დაჯილდოებული თამარი პეტერბურგის კონსერვატორიაში სწავლისთვის ემზადებოდა, თუმცა მისი ცხოვრების გზა სულ სხვაგვარად წარიმართა…

გზა მონასტრისკენ

1889 წლის ზაფხულში თამარი თავის დასთან და ორ უმცროს ძმასთან ერთად ქალაქ სიღნაღში დეიდას სტუმრობდა. აქ, ქალაქის ახლოს, სოფელ ბოდბეში მდებარეობდა იმჟამად ახლად დაარსებული წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი. ერთ დღეს ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს, მონასტერს სწვეოდნენ და ბოდბეში ჩავიდნენ. მიმდინარეობდა საღვთო ლიტურგია.

შემდგომში დედა თამარი იხსენებდა:
„როგორც კი ტაძარში ფეხი შევდგი, მაშინვე გამიელვა აზრმა, მეც დავიწყებ მონასტრულ ცხოვრებას“.

სასწაულებრივი გადარჩენა

1905-1907 წლებში საქართველო პირველი რევოლუციის ქარცეცხლში გაეხვა. იმ პერიოდში მრავალი სასულიერო პირი აღესრულა ღვთისმგმობელთა ხელით.

ერთხელ დედა თამარსაც თავს დაესხნენ, მაგრამ იგი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. 1907 წლის 27 ნოემბერს, იმხანად უკვე ბოდბის მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია თამარი მონასტრის ეტლით თბილისისკენ გაემგზავრა. მასთან ერთად იყვნენ: მეეტლე, კონდუქტორი, მსახური და ერთი ცხენოსანი დარაჯი. ეტლში ისხდნენ მისი რძალი და ორი პატარა ძმისშვილი, ასევე – მორჩილი ელენე ვაჩნაძე (შემდგომში – ბოდბის მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ნინო).

15-20 წუთის შემდეგ სროლის ხმა მოესმათ. დედა თამარმა ფანჯრიდან დაინახა რევოლვერებით შეიარაღებული რამდენიმე კაცი; ისინი სროლით მორბოდნენ ეტლისკენ. იღუმენიამ მეეტლეს ცხენების გაჭენება უბრძანა, რასაც თავდამსხმელებმა სროლით უპასუხეს და რამდენიმე მეტრში ოთხივე ცხენი მკვდარი დაეცა, ასევე დაიჭრა იღუმენიას ოთხივე მხლებელი.

დედა თამარი მიხვდა, რომ თავდამსხმელებს მისი მოკვლა სურდათ და დანარჩენების გადასარჩენად ეტლიდან გადასვლა სცადა, მაგრამ ამის საშუალება არ მისცეს. მაშინ დედა თამარმა მკერდზე ჩამოკიდებულ წმინდა სერაფიმე საროველის ხატს დახედა და ხმამაღლა შესთხოვა: „ღირსო მამაო სერაფიმე, გვიხსენი!“

უეცრად ქუჩის ბოლოს გამოჩნდა სამხედრო რაზმი, რომლის დანახვაზე თავდამსხმელები მაშინვე გაუჩინარდნენ. რაზმის მეთაურმა ოფიცერმა ეტლის კარი გამოაღო და ცოცხალი ადამიანები რომ დაინახა, იკითხა: „მონაზვნებო, თქვენ გესროდნენ?! რას ნიშნავს ეს?!“

დედა თამარმა დაჭრილებისთვის დახმარება ითხოვა, თუმცა, საუბედუროდ, დარაჯი და მეეტლე ვერ გადაარჩინეს, კონდუქტორი და მსახური კი, მძიმედ დაჭრილი, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ეტლი მთლიანად დაცხრილული იყო და 67 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. მართლაც, სასწაული იყო მათი გადარჩენა.

სატუსაღოში

ბოლშევიკების მიერ გადასახლებული იღუმენია საკანში პოლიტიკურ და სისხლის სამართლის დამნაშავეებთან ერთად მოხვდა. როგორღაც მოხერხდა დედა თამარისთვის საერთო საკანში მცირე პირადი კუთის გამოყოფა. პატიმრები ხშირად ხმაურობდნენ და უწმაწურ სიმღერებს მღეროდნენ, მაგრამ როგორც კი დედა თამარი სთხოვდა, მაშინვე ჩუმდებოდნენ. მთელი საკანი დიდ პატივს მიაგებდა მას. ამანათს რომ მიიღებდა, ყველას თანაბრად უნაწილებდა, ისინი კი ამ ყველაფერს ღვთის წყალობად იღებდნენ.

გადასახლებამდე დედა თამარს ფეხის ტკივილი და ჭლექი სტანჯავდა. გადასახლებაში ავადმყოფობა დაუმძიმდა და ჯანმრთელობა გაუუარესდა. ახლობლებისადმი გაგზავნილ წერილებში იგი დაჟინებით იმეორებდა: „მინდა, როგორმე დავუბრუნდე ჩემს ნაპირებს“.

სიცოცხლის ბოლო წლები

1934 წლის შემოდგომაზე სქემიღუმენია თამარი თავისი ძმის, ცნობილი რეჟისორის, კოტე მარჯანიშვილის შუამდგომლობით, ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. იგი ბელორუსში, რკინიგზის სადგურ პიონერსკაიასთან, პატარა სახლში დაბინავდა.

უკვე ძალიან დასუსტებული იყო. გადასახლებაში ყელის ტუბერკულოზიც დაწყებია. შემორჩენილია მისი უკანასკნელი, 1936 წლის 15 იანვრით დათარიღებული წერილი: „ჩემო საუნჯევ, რა სიყვარულით მოგწერდი ვრცელ წერილს, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალი არ შემწევს, აზრებს თავს ვერ ვუყრი. ამ წუთში ტემპერატურა 39 გრადუსი მაქვს. მიუხედავად ამისა, მაინც ისევე მხნედ ვარ, როგორსაც ჩვეულებრივ მხედავდი ხოლმე. ეს-ეს არის ვისადილეთ, ახლა ჩაის დავლევ ჩემს შვილებთან ერთად. დღეს ორი იანვარია (ძველი სტილით), თქვენები მომიკითხე. გკოცნი და გეხვევი, ჩემო საყვარელო შვილო. შენი ბებია“.

ფარული ღვაწლი – გზა წმინდანობისკენ

მის სავანეში მოღვაწე ერთ-ერთი მონაზვნის გადმოცემით, იგი თურმე განდეგილის ჯაჭვს ატარებდა. შეუძლებელი იყო იმის წარმოდგენა, რომ კოხტად მორგებული მონაზვნის სუფთა სამოსის ქვეშ იღუმენია ჯაჭვს ატარებდა. ძნელი იყო იმის წარმოდგენაც, რომ საწოლზე უქვეშაგებოდ, შიშველ ფიცარზე იწვა. ეძინა კი, საერთოდ?! იმ ოთახში, სადაც დებს ეძინათ, ღამე თუ ვინმე გამოიღვიძებდა, ხვდებოდა, რომ ტიხარს იქით, სენაკში, დედა თამარი ფხიზლობდა და გულმხურვალედ ლოცულობდა…

სქემიღუმენია თამარი 1936 წლის 23 ივნისს გარდაიცვალა.

2016 წლის 22 დეკემბერს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა იღუმენია თამარი წმინდანად შერაცხა და ეწოდა ღირსი თამარ აღმსარებელი. ხსენების დღედ დადგინდა 23 ივნისი.

მოამზადა დიაკონმა გიორგი მაჩურიშვილმა

სტატია იბეჭდება შემოკლებით. სრული ვერსია იხ: „საპატრიარქოს უწყებანი“, 2010 წ. N35, გვ.17-20.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი