მთავარი » კონკურსი

თამამ ხალილოვა – “ჩემი სკოლა” – სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქ. რუსთავის №1 საჯარო სკოლა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 01.12.2014 4 კომენტარი | 3,194 ნახვა

მე თამამი ვარ…

იმ დღეს ჩემი სკოლისაკენ ისეთი ლამაზი ვარდიანი გზა გაიშალა, რომ ვთქვი, აქედან პირდაპირ უნივერსიტეტში წავალ. ფეხი რომ შემოვდგი, თამამ ხალილოვა საკუთარ თავს შევფიცე, რომ ეს პატარა, კოხტა სკოლა გამორჩეული იქნება ჩემით.

პირველ კლასში არც ისე კარგად მესმოდა ქართული და მასწავლებელი ბავშვებს რომ ეუბნებოდა, თამამად, ბავშვებო, თამამადო, მე მეტირებოდა, მრცხვენოდა რომ ქართული არ ვიცოდი და კითხვასაც კი ვერ ვსვამდი. მაგრამ ერთ თვეში ნასწავლი სიტყვების თვლას ვეღარ ავუდიოდი. ვითვლიდი ქართულ სიტყვებს და მათემატიკაშიც ვიწაფებოდი. მეც გავთამამდი, მაგრამ ჯერ კიდევ ბოლომდე არ მესმოდა ჩემი სახელის ქართული მნიშვნელობა. ერთ დღეს მასწავლებელმა უშველებელი წიგნი მოიტანა და გვკითხა, აბა, რომელი სიტყვა გინდათ, რომ აქ არ ეწეროსო, გავბედე და ვკითხე:

– მასწავლებელო, თამამი რას ნიშნავს?
– თამამი ლაღი, გამბედავი ადამიანია.
– ლაღი რა ნიშნავს, მასწავლებელო?
– თავისუფალს, თამამს და ამაყს, – ასე მიპასუხა მასწავლებელმა და გამიღიმა.

გადიოდა თვეები. ჩემს სკოლაში ისე მარიგებდნენ, რომ სახლში ასე არავინ მელაპარაკება. მასწავლებელი არასდროს იღლებოდა ჩემი დაუსრულებელი შეკითხვებით. მეც თანდათან ლაღი ვხდებოდი. რუსთავის პირველი სკოლა დავამთავრე ოთხი კლასი და ერთი კეთილი მასწავლებლიდან მეორე მასწავლებელს ჩამაბარეს, რომელიც ისე შემიყვარდა, როგორც დედა. ის ჩემი დედიკოსავით ახალგაზრდაა. ხანდახან მიკვირს ხოლმე, ამდენი რამ მასწავლებელმა ჩვენზე როგორ იცის, ერთი შემოხედვით როგორ მიხვდება ხოლმე, რა ხასიათზე ვართ.

ძალიან ლამაზი, პატარა, მეგობრული სკოლა მაქვს. ის ზუსტად იმდენი წლისაა, რამდენისაც ქალაქი რუსთავი. პირველია და თან ილია ჭავჭავაძის სახელობისა. ეს ყველაფერი ისეთი ახლობელია, როგორიც ჩემი სოფელი, საიდანაც ყოველ დილას ავტობუსით მოვდივარ. სკოლა ჩემი გამარჯვების სიმბოლოდ იქცა, ამ ღია მწვანე შენობას ჩემთვის წარმატება მოაქვს. ბუნების მასწავლებელმა მითხრა, სიმწვანე მხედველობისთვის კარგია და შენ მოგიხდება, იმდენს კითხულობო, ჰოდა, ჩვენი სკოლაც ღია მწვანე შეფერილობისაა და ყოველ დილა, როცა მე ამ შენობას ვხედავ, ვმშვიდდები.

ხატვა მიყვარს. თამამ ხალილოვა განსაკუთრებით მაშინ, თუ სკოლის ეზოში ჩაგვიტარდა ქართულის გაკვეთილი. დამრიგებელმა თქვა, მიწის სიყვარული უნდა შეიგრძნოთო, თქვენი სამშობლოს მიწის სიყვარულიო.

ჰოდა, მეც არ მეზარება, ავდგე ყოველ დილით, გამოვიარო ორი აზერბაიჯანული სოფელი სკოლებით, ოთხი კილომეტრი დაუსახლებელი ადგილი, მოვიდე ჩემს პატარა, მწვანე სკოლაში, დავმშვიდდე, ავირბინო კიბეები, ჩავეხუტო ჩემს მასწავლებელს, რომელიც მეტყვის „მოხვედი, ლამაზო?“ და ბედნიერება ვიგრძნო.

მე თამამი ვარ. აზერბაიჯანულ ენაზე თამამი ლამაზს ნიშნავს. მე და ჩემს ქართულის მასწავლებელს ერთნაირად ძალიან გვიყვარს ჩვენი მშობლიური მიწა.

„ვინა სთქვა, თითქოს პატარა იყოს, ჩემი სამშობლო, დიდების ღირსი…“ ჩემი საყვარელი ლექსი სკოლის ეზოში მოწყობილ ღონისძიებაზე წავიკითხე. ღონისძიებას „შემოდგომის ზღაპარი“ ერქვა. ჩემი ყველა დღეც ზღაპრად იქცა – მე თამამი ვარ, ახლა უკვე ქართულადაც.

თამამ ხალილოვა, 13 წლის
სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ რუსთავის

№1 საჯარო სკოლის მე–6 კლასის მოსწავლე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

4 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი