მთავარი » ქრისტიანობა

თაბორის მთა – ადგილი, სადაც მაცხოვარმა ფერი იცვალა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 17.11.2014 | 10,155 ნახვა

თაბორის მთა მდებარეობს გალილეის ცენტრში. მართლმადიდებლური ტაძარი თაბორის მთაზე 1911 წელს აიგო ელენე დედოფლის მიერ აშენებული და შემდგომ უსჯულოთაგან დანგრეული ეკლესიის ადგილზე. მისი საკურთხეველი მდებარეობს იქ, სადაც მოხდა უფლის ფერისცვალება.

თაბორის მთა

ფერისცვალების დღესასწაულზე, ყოველი წლის 19 აგვისტოს ამ ტაძარს მადლმოსილი ღრუბელი ადგება. სადაც მაცხოვარმა ფერი იცვალა, ის ადგილი კათოლიკეების ხელშია. მაგრამ იმ ტაძრიდან წამოღებული ქვის ნაწილებით, ცოტა ქვევით, აშენებულია მცირე ზომის ტაძარი, სადაც რუმინელი დედები მსახურობენ.

უფალმა თავის მოწაფეთაგან გამოარჩია პეტრე, იაკობი და იოანე და მათთან ერთად მთაზე ავიდა სალოცავად. სანამ მაცხოვარი ლოცულობდა, დაღლილ მოწაფეებს ჩაეძინათ. გაღვიძებისას ნახეს, რომ იესო ქრისტემ ფერი იცვალა: “განბრწყინდა პირი მისი ვითარცა მზე, ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ ვითარცა ნათელი”. ამ დროს მაცხოვრის გვერდით ზეციური დიდებით შემოსილი მოსე და ელია წინასწარმეტყველი იდგნენ, რომლებიც მაცხოვართან იმ ვნებისა და ტანჯვის შესახებ საუბრობდნენ, რაც მას იერუსალიმში მოელოდა. ამის მნახველი მოწაფეები გამოუთქმელმა ნეტარებამ მოიცვა და პეტრემ წამოიძახა: “მოძღუარ კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფა. და ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა, ერთი მოსესა და ერთი ელიაისა” (ლუკა IX, 33). ამ სიტყვების თქმის შემდეგ ნათელი ღრუბელი დაადგა მათ, ხოლო ღრუბლიდან მოისმა ხმა ღვთისა: “ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. მაგისი ისმინეთ” (მათე XVII, 5). შეშინებული მოწაფეები პირქვე დაემხნენ, მათთან იესო მივიდა, ხელი შეახო და უთხრა: “აღდეგით და ნუ გეშინინ” (მათე XVII, 7). როცა მათ მიმოიხედეს, მოსე და ელია აღარსად იყვნენ.

სახარებაში არსად არაა მითითებული, კერძოდ რომელ მთაზე ავიდა მაცხოვარი მოწაფეებთან ერთად. კირილე იერუსალიმელთან და იერონიმესთან გვხვდება ცნობა იმის თაობაზე, რომ ეს იყო თაბორის მთა. VI-VII საუკუნეებში მცხოვრები ზოგიერთი მოგზაური გვიდასტურებს, რომ მათი დროისათვის თაბორის მთაზე სამი ეკლესია იდგა თანახმად მოციქულ პეტრეს თხოვნისა, რომლითაც მან მაცხოვარს მიმართა.

თაბორის მთაზე ფერისცვალებით უფალმა მოწაფეებს ხილული სახით უჩვენა თავისი ღმრთაებრივი დიდება – ღვთაებრივი, შეუქმნელი, მარადიული, ნათელი, უფრო ბრწყინვალე და წმიდა, ვიდრე მზის სხივები, ნათელი, რომელიც მათ სულებს საოცარი სიხარულით, ზეციური სიმშვიდითა და ნეტარებით ავსებდა. მოწაფეთა წინაშე გაცხადდა მარადიული სიცოცხლის საიდუმლო, ანუ ის სიცოცხლის საიდუმლო, რომელიც მარადიულადაა გაცისკროვნებული ღმრთაებრივი ნათლით.

ფერისცვალება მოხდა თებერვლის თვეში, ჯვარცმამდე 40 დღით ადრე, მაგრამ დღესასწაული გადმოტანილი იქნა აგვისტოში, რათა არ მომხდარიყო მისი აღნიშვნა დიდი მარხვის პერიოდში. 6 აგვისტო (ძველი სტილით) კი შერჩეული იქნა იმ პრინციპით, რომ 40 დღის შემდეგ (14 სექტემბერს – ძველი სტილით) აღინიშნება ჯვართამაღლების დღესასწაული.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი