მთავარი » ქრისტიანობა

ცხრა ძმა ხერხეულიძე

ჟურნალისტი: | გამოქვეყნებულია: 15.08.20147 კომენტარი | 5,354 ნახვა

წმიდანთა ხსენების დღე 16 აგვისტოა.

ცხრა ძმა ხერხეულიძე დედით და დით და მათ თანა ცხრაათასი ქართველი, მარაბდას ბრძოლის ველზე მოწყვეტილნი (+1625წ)

1625 წლის ხარების დღესასწაულზე მარტყოფის ველზე ქართველებმა სასტიკად გაანადგურეს შაჰ-აბასის ლაშქარი. 9 ძმა ხერხეულიძემარტყოფში დამარცხებამ საფუძვლიანად შეარყია ირანის ძლიერება. ამ გამარჯვებამ ქართლ-კახეთი გააერთიანა, შაჰისგან დაპყრობილი სხვა ხალხები კი გამხნევდნენ. ამ გარემოებას ვერასდროს შეურიგდებოდა შაჰ-აბასი. ირანის მბრძანებელმა უზარმაზარი სპარსელთა ურდო დაძრა საქართველოსკენ, ისა-ხან ყორჩიბაშის სარდლობით. ქართველები კოჯორ-ტაბახმელას მიდამოებში განლაგდნენ. მარაბდის ველზე დაბანაკებულ ირანელთა რიცხვი ორმოცდაათი ათასს აჭარბებდა.

ქართველთა სარდლობაში კი აზრთა სხვადასხვაობა იყო. გ. სააკაძე მოითხოვდა დაეცადათ, სანამ მტერი თვითონ არ გადმოვიდოდა შეტევაზე, რადგან დიდი სიცხის გამო ქართველტა ჯარს, განსაკუთრებით ქვეითებს, მარაბდის დაბალ ველზე ბრძოლა გაუჭირდებოდა, თანაც კოჯორ-ტაბახმელის ვიწროხევებიან მიდამოებში მტერს მთელი გაშლისა და გამოყენების საშუალება არ ექნებოდა. სამხედრო თათბირმა სააკაძის გეგმა უარყო. გადაწყდა ბრძოლა მეორე დღეს, 1625 წლის 1 ივლისს, დაეწყოთ.

ბრძოლის წინ სამღვდელოებამ ქართველთა ჯარი აზიარა. რუისელმა ეპისკოპოსმა დალოცა მხედრობა, თვითონაც, აბჯრით შეჭურვილი, მეწინავე რაზმში ჩადგა. ქართველთა დროშას ცხრა ძმა ხერხეულიძე დაუყენეს დარაჯად…

შეტევა გარიჟრაჟზე დაიწყო. ქართველთა ლაშქარმა პურის ყანებში სწრაფად იარა და მტერს რომ მიუახლოვდა, ცოტა შეისვენა. ეს შესვენება ლაშქრის მობილიზაციისათვის მტერმა კარგად გამოიყენა. ისა-ხან ყორჩიბაში მიხვდა, რომ ქართველთა ლაშქარს ამჯერად გიორგი სააკაძე აღარ მეთაურობდა.

შესვენების შემდეგ ქართველები უშიშრად გაექანნენ მტრისაკენ, მაგრამ იგრიალა ყიზილბაშთა თოფებმა და ქართველთა მოიერიშე ნაწილები ტყვიამ მოცელა. დანარჩენნი უკვე ხმალდახმალ ეკვეთნენ ირანელებს. ქართველთა სიმამაცემ მტერი უკუაქცია, მაგრამ ყიზილბაშთა გამოცდილმა ლაშქარმა ბრძოლა არ დათმო. ამასობაში აზერბაიჯანის ბეგლარბეგი შაჰბენდეხანიც მოვიდა მაშველი რაზმით.

შედრკნენ სიცხით გათანგული ქართველები. ამას დაემატა ერთი საბედისწერო შემთხვევაც: მტრის ხელით მკერდშელეწილი დაეცა თეიმურაზ მუხრანბატონი. ქართველთა შორის კი სწრაფად გავრცელდა ჭორი მეფე თეიმურაზის სიკვდილის თაობაზე, რამაც სასოწარკვეთილებაში ჩააგდო ქართველთა მხედრობა. მეფის სიკვდილი ხომ ომის დასასრულს ნიშნავდა. გვიან მიხვდნენ ქართველები საბედისწერო შეცდომას. მათი რიგებიც შეთხელდა.

გალომებული იბრძოდა მარაბდის ომში გიორგი სააკაძე. მან მუზარადიც მოიხადა, რათა ირანელებს ეცნოთ და შეშინებოდათ, მაგრამ ვერც მან შეძლო ვითარების შეცვლა.

თეიმურაზ მეფე მზის ჩასვლამდე იბრძოდა. დაღლილი, სიცხისაგან არაქათგამოცლილი ქართველობა სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოდა გმირულად, მაგრამ უშედეგოდ, გარიჟრაჟზე დაწყებული ბრძოლა გვიან ღამით ქართველთა მარცხით დამთავრდა. ბრძოლის ველზე 10 ათასი ქართველი და 14 ათასი ყიზილბაში დაეცა.

9 ძმა ხერხეულიძის საფლავიმარაბდის ომში დაიღუპა ბევრი სახელოვანი გმირი: დავით ჯანდიერი, აღათანგ ხერხეულიძე, თეიმურაზ მუხრანბატონი, ბაადურ ციციშვილი, ეპისკოპოსები – რუსთველი და ხარჭაშნლი, ცხრა ძმა მაჩაბელი და შვიდი ძმა ჩოლოყაშვილი..

ცხრა ძმა ხერხეულიძის ხელში გადაინაცვლა ქართულმა დროშამ, ცხრა ძმა გმირულად დაეცა მარაბდის ველზე, შემდეგ ნაბოლარამ – ერთადერთმა დამ იპყრა ხელთ დიდგორსა და ბასიანში გამოვლილი დროშა და როცა იმანაც ჩაიმუხლა, დედამ აღმართა ქართველთა უკვდავების სიმბოლო.

ქართულმა ეკლესიამ წმიდანებად შერაცხა რჯულისა და სამშობლოსათვის თავგანწირული მამულიშვილები.

მარაბდის ბრძოლაში გმირულად დაღუპული მეომრები – ცხრა ძმა ხერხეულიძე დაკრძალული არიან იქვე, სოფ. ძველი მარაბდის განაპირას წმ. მარინეს ეკლესიის მახლობლად.

“მარაბდის ველზე სარწმუნოებისა და ქრისტეს მცნებისთვის თავდადებულნო, ქრისტესა ღმერთსა ევედრენით, რათა უვნებელად დაიცვას ღვთივდაცვული ერი ჩვენი და წმიდა ეკლესია მისი.”

მოამზადა თეონა ნოზაძემ


სტატიაზე ვრცელდება მედიაჰოლდინგ "ამბიონის" საავტორო უფლებები

7 კომენტარი »

  • lana says:

    სადღა არიან ესეთი თავდადებული მამულიშვილები?!

  • გიორგი ბარისაშვილი says:

    არსად არ წასულან, აქ არიან. ქართველები ამ მიწაზე დაიბადნენ და ამ მიწაზე იცხოვრებენ ყოველთვის! ცხრა ძმაც ჩვენთნაა, დავითიც, თმარიც და ილიაც!

    • ხათო says:

      გიორგი გეთანხმები აქ არიან ჩვენი გმირები ისევ, ოღონდ ყოველგვარი ცუდი უნდა განაგდონ დღევანდელმა რაინდებმა (ცუდი ანუ ლოთობა, ნარკომანობა, აზარტული ტამაშები, დედის გინება,…)
      აი ეს ყველაფერი ჩამოიშოსონ რომელიც დამღუპველია და სხვა არაფერი
      და გამოაჩინონ თავისი რაინდული, ვაჟკაცური სულები, სხვაგვარად, ანუ ამ რაინდების გარეშე საქართველო რა საქართველოა,გამოფხიზლდით ჩვენო რაინდებო, ვაჟკაცებო, ძლიერებო, თქვენით გვიდგია სული, თქვენ რომ არა რა გვეშველებოდა, ან რა გვეშველება…იმიტომაც არის ასეთი ზეწოლა თქვენზე და თქვენც ებმევით ამ ბოროტებაში…რანი ვართ ქალები უთქვენოთ, ქალის მოწყობილი ქვეყანა რა უნდა იყოს…ყველა თამარი ვერ იქნება, მასეთი თამარები ცოტანი არიან, ავთანდილის და ტარიელის ნაირები კი თქვენ ყველანი ხართ უბრალოდ დავიწყებული გაქვთ ეგ….კაცმა კაცის ფუნქცია უნდა აღიდგინოს, ქალმა ქალის ადგილი უნდა დაიკავოს, თუ საჭირო იქნება თამარიც გამოჩნდება…და აშენდება, გადარჩება და აღორძინდება ღვთივკურთხეული საქართველო ა მ ი ნ

      • ნათია says:

        ამაღელვა ნათოს კომენტარმა, ჭეშმარიტებას ამბობს, ჩემი სათქმელიც ეგ არის, აბა ვაჟკაცებო, გაძლიერდით! და საერთოდ რაც არ მოგვწონს მოვიშოროთ და რაც კარგი გვაქვს გავუფრთხილდეთ, გადავირჩინოთ თავი ამ განსაცდელების მორევში. ოჯახი, სიწმინდეები….დავეყრდნოთ ამას და ღმერთი შეგვეწევა

  • დოდო says:

    არა და ეს ომი ჩვენ მოგებული გვქონდა, მტრის ერთ ნაწილს გამოდევნებული ქართული მხედრიონი რომ არ გამოთიშულიყო ბრძოლიდან…
    დარჩენილმა არაქათგამოცლილმა ქვეითმა გლეხობამ ვეღარ სძლია ახლადმოსულ მაშველ რაზმსა, რომელსაც მხედრიონი სულ უბრალოდ ჩაქოლავდა….
    ეხ!

  • გიორგი says:

    ნუმც გაიხაროს მტერმა ჩვენზედა!

  • არჩილი says:

    “მტერი მოყვრულად მოსული მტერზედაც უარესია” – ეს სიბრძნე ჩვენმა წინაპრებმა გვიანდერძეს. გმირი წინაპრები და გმირული ისტორია დიახაც კარგია, (თუმცა ღალატიც ახსოვს მრავლად ჩვენ ისტორიას) მაგრამ აწმყოში რა ხდება?! მტერი ხმლით აღარ მოდის, ხმლით მოსულ მტერს როგორმე გაცემ პასუხს, მაგრამ თუ აზროვნება შეგვეცვალა, თუ გული გაგვიცივდა და “სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი” გახდა, თუ გულგრილად მივიღეთ სიცილ ხარხარით ყოველივე უკეთურება და საქართველოში ნორმალურად იქნა მიჩნეული გარყვნილების ყველანაირი ფორმა, ვინღა გააგრძელოს საქართველოს ისტორია?! გამოფხიზლება გვმართებს! არა განკითხვა, არამედ მხილება. არა სიძულვილი, მაგრამ საკუთარი ზნეობისა და სარწმუნოების დაცვა ყველა ფასად!

დატოვეთ კომენტარი!

გთხოვთ ყურადღებით შეავსოთ აუცილებელი ველები.

"მოწყალებისა და თანაგრძნობის უნარი, - აი ჭეშმარიტი ბედნიერება, აი, ერთადერთი გზა, ზეცად მიმავალი," - ილია II.