მთავარი » ჯანმრთელობა

სწრაფი კვება შეიძლება დიაბეტის მიზეზად იქცეს

სტატიის ავტორი: | თარიღი: 25.03.2013 3 კომენტარი | 10,854 ნახვა

დიაბეტი ფართოდ გავრცელებული დაავადებაა. მრავალი ადამიანი იტანჯება ამ სენით. მისი პირველი ნიშნებია: პირის სიმშრალე, სისუსტე, შიმშილის მუდმივი გრძნობა, კანის გაღიზიანება. საკვები იგი არის დაავადება, რომლის დროსაც ორგანიზმში ირღვევა ენერგიის წყაროს, გლუკოზას შენახვისა და გამოყენების უნარი. გლუკოზა ორგანიზმში ხვდება საკვების საშუალებით. მისი ათვისებისთვის საჭიროა ინსულინი, რომელსაც გამოიმუშავებს კუჭუკანა ჯირკვალი, ანუ პანკრეასი.

დიაბეტი ვითარდება იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანის ორგანიზმი გამოიმუშავებს ძალიან ცოტა ან არასაკმარისი რაოდენობით ინსულინს, ან მაშინ, როდესაც ორგანიზმი ვერ მოიხმარს მის მიერვე გამომუშავებულ ინსულინს. ასე რომ, იგი მეტად რთული და საშიში დაავადებაა. რა არის დიაბეტი და როგორ მკურნალობენ მას, ამ თემაზე ვრცლად გვესაუბრება დიაბეტის, ენდოკრინული და გულ-ფილტვის დაავადებების ცენტრის ექიმი – ენდოკრინოლოგი მედიცინის დოქტორი მირანდა მიმინოშვილი:

“შაქრიანი დიაბეტი არის ქრონიკული ენდოკრინული დაავადება. ახასიათებს სისხლში გლუკოზის დონის მატება, რაც განპირობებულია პანკრეასის მიერ გამოყოფილი ინსულინის აბსოლუტური ან შედარებითი დეფიციტით. არსებობს შაქრიანი დიაბეტის ორი ძირითადი ტიპი: შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 და შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2.

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 (ადრე მას ინსულინდამოკიდებული დიაბეტი ეწოდებოდა) აუტოიმუნური დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს პანკრეასის β-უჯრედების სხვადასხვა მიზეზით (გრიპი, წითელა, კოკსაკი, პოლიომიელიტი, ძლიერი შიში) დაზიანება, რასაც მოჰყვება მის მიერ გამომუშავებული ინსულინის რაოდენობის შემცირება. შედეგად ვითარდება ინსულინის აბსოლუტური დეფიციტი. ამას მოჰყვება გლუკოზის დაგროვება სისხლში, ანუ ჰიპერგლიკემია და შესაბამისად, გლუკოზის დეფიციტი უჯრედში.

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 (ადრე მას ინსულინდამოუკიდებული დიაბეტი ეწოდებოდა) მეტაბოლური დაავადებაა, რომელსაც საფუძვლად უდევს ინსულინრეზისტენტობა და ინსულინის შედარებითი დეფიციტი. ამ დროს პანკრეასის β-უჯრედების ფუნქცია ნაწილობრივ ან სრულად შენარჩუნებულია, თუმცა ორგანიზმს არ შეუძლია გამომუშავებული ინსულინის ეფექტური გამოყენება.

ასევე, არსებობს გესტაციური შაქრიანი დიაბეტი და დიაბეტის სხვა სპეციფიური ფორმები.

ორსულობის დროს პირველად გამოვლენილ დიაბეტს გესტაციური დიაბეტი ეწოდება. დიაბეტის ეს ფორმა, როგორც წესი, ბავშვის დაბადებისთანავე ქრება, თუმცა ასეთ ქალებს შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ით დაავადების მაღალი რისკი აქვთ.

დიაბეტის სხვა სპეციფიურ ტიპებს მიეკუთვნება: გენეტიკური დეფექტებით, პანკრეასის დაავადებებითა და ჰორმონული ან მედიკამენტებით გამოწვეული დარღვევების შედეგად განვითარებული დიაბეტი, რაც საერთო შემთხვევების ძალიან მცირე პროცენტს შეადგენს.

აგრეთვე, ცნობილია გლუკოზის დონის ნორმიდან გადახრის უფრო ნაკლები ხარისხის დარღვევები, როგორიცაა: უზმოდ გაუარესებული გლიკემია (5.5 – 6.1 მმოლი/ლ) და გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის დარღვევა (პოსტპრანდიული გლიკემია 7.8 – 11.1 მმოლი/ლ). ასეთი დარღვევების მქონე პირები იმყოფებიან დიაბეტის განვითარების მომატებული რისკის ქვეშ”.

– როგორია დიაბეტით დაავადებულთა სტატისტიკა?

• “ჯანმო”-ს 2011 წლის მონაცემებით, მსოფლიოში 347 000 000 ადამიანს დიაბეტი აქვს. 2025 წლისთვის ეს ციფრი 500 000 000 – ს მიაღწევს.

– ძირითადად რა ასაკის ადამიანებში ხვდებით ამ დაავადებას?

შაქრიანი დიაბეტით შეიძლება დაავადდეს ნებისმიერი ასაკის მქონე პირი. შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 ძირითადად ვითარდება ბავშვობის ასაკში, თუმცა ეს ფორმა მოზრდილებშიც გვხვდება. მას დუნედ მიმდინარე ტიპი 1 ანუ LADA ტიპი ეწოდება. შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 მეტად გავრცელებული დაავადებაა და მასზე მოდის შაქრიანი დიაბეტის შემთხვევების 80 %. მისი დიაგნოსტირება ძირითადად 40 წლის ზევით ხდება. თუმცა ბოლო ათწლეულში აღინიშნება შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 – ის მაღალი გავრცელება ბავშვთა ასაკში, რასაც MODY ტიპი ეწოდება და უკავშირდება სიმსუქნესა და არასწორ კვებას (მაკდონალდსი, კოკა-კოლა, სწრაფი კვების ობიექტები).

– რა სიმპტომები ახასიათებს დიაბეტს?

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 იწყება მწვავედ და ახასიათებს შემდეგი სიმპტომები: წყურვილი, პირის სიმშრალე, გახშირებული შარდვა, უმიზეზოდ სხეულის მასის შემცირება, ადვილად დაღლა, მხედველობის დაქვეითება, ძლიერი საერთო სისუსტე. ბავშვთა ასაკში აღნიშნული სიმტომები იმდენად სწრაფად ვლინდება, რომ საჭირო ხდება პაციენტის ჰოსპიტალიზაცია შემდგომი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მიზნით. რაც შეეხება შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 – ს, როგორც წესი, სიმპტომების განვითარებამდე დაავადება 10-15 წლით ადრე იწყება. ამიტომ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ შდტ- 2 ხშირად მიმდინარეობს აბსოლუტურად უსიმპტომოდ წლების მანძილზე, რაც განაპირობებს მის გვიან დიაგნოსტიკას. ხშირად შდტ-2-ის დიაგნოზის დადგენა ხდება მაშინ, როცა სახეზეა დიაბეტის კლასიკური სიმპტომები ან მისი გართულებები. მნიშვნელოვანია, რომ იმ პირებში, რომელთაც აქვთ დიაბეტის განვითარების მომატებული რისკი (სიმსუქნე ან ჭარბი წონა, 40 წელზე მეტი ასაკი, არტერიული ჰიპერტენზია, შდტ-2 მემკვიდრეობაში), ჩაიტარონ პროფილაქტიკური გამოკვლევები დიაბეტის ადრეული დიაგნოსტიკის მიზნით. დიაბეტი დროულად დადგენილი დიაგნოზი (განსაკუთრებით პრედიაბეტის ფაზაში) საშუალებას გვაძლევს, თავიდან ავიცილოთ შდტ 2-ის განვითარება ან წლებით გადავავადოთ იგი. უკვე დადასტურებულ შდტ შემთხვევაში კი შევინარჩუნოთ წლების მანძილზე დაავადების მსუბუქი მიმდინარეობა გართულებების განვითარების რისკის შემცირებით.

– როგორ ხდება დიაბეტის მკურნალობა და შესაძლებელია თუ არა მისგან სრულად განკურნება?

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შაქრიანი დიაბეტი ქრონიკული დაავადებაა, რომლისგანაც სრული განკურნება ჯერჯერობით შეუძლებელია. დღეისათვის არსებობს დიაბეტის მართვის ეფექტური მეთოდები, რომელთა გამოყენების ფონზე არ ხდება სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირება და ცხოვრების ხარისხის გაუარესება. მკურნალობა შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 – ის შემთხვევაში გულისხმობს ჩანაცვლებით ინსულინთერაპიას, ხოლო ტიპი 2 – ის შემთხვევაში – ტაბლეტთერაპიას. ასევე, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მკურნალობაში დიეტთერაპიას, სხეულის მასის კონტროლსა და ცხოვრების ჯანსაღ წესს. შაქრიანი დიაბეტის მართვა გულისხმობს, აგრეთვე, დიაბეტის გართულებების პრევენციასა და მკურნალობას.

– როგორია დიაბეტით დაავადებულთა კვების რეჟიმი?

შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა კვების რეჟიმი აბსოლუტურად ინდივიდუალურია და მისი შერჩევა საჭიროებს პაციენტის მდგომარეობის დეტალურ შესწავლას. დიეტთერაპია ეფუძნება გართულებების ხარისხს (სამიზნე ორგანოების დაზიანების ტიპს), ასევე, მოსვენების ენერგეტიკული დანახარჯის განსაზღვრას, რაც აუცილებლად უნდა განხორციელდეს პროფესიონალი ენდოკრინოლოგისა და ნუტრიციოლოგის მიერ.

– რამ შეიძლება გამოიწვიოს დიაბეტური კომა და ასეთ დროს რა პირველადი დახმარება შეიძლება გავუწიოთ ავადმყოფს?

დიაბეტური კომა შესაძლოა განვითარდეს სისხლში შაქრის დაბალი შემცველობის (ჰიპოგლიკემიური კომა) ან სიჭარბის (ჰიპერგლიკემიური კომა) გამო. ჰიპოგლიკემიური კომა მწვავედ ვითარდება. ავადმყოფი გრძნობს შემცივნებას, შიმშილს, კანკალს, შემდეგ კი კარგავს გონებას. იშვიათად, ამას ერთვის ხანმოკლე კრუნჩხვაც. გონების დაკარგვას მოსდევს ძლიერი ოფლიანობა. ავადმყოფს მთელი სხეული ცივი ოფლით აქვს დაფარული. ჰიპოგლიკემიური მდგომარეობა რომ არ განვითარდეს, საჭიროა კვების რეჟიმისა და მედიკამენტების დოზირების ზუსტი დაცვა, ალკოჰოლზე უარის თქმა. ჰიპოგლიკემიური მდგომარეობის მსუბუქი მოვლენების დროს პურის, ხილის, რძისა და სხვა ნახშირწყლოვანი საკვების მიღებაა საჭირო. თუ მდგომარეობა რამდენიმე წუთში არ გამოსწორდა, ადამიანს უნდა მივცეთ გლუკოზის ხსნარი ან აბები, ან თუნდაც თაფლიანი წყალი. თუ მდგომარეობა დამძიმდა, პაციენტი უნდა გადავიყვანოთ სპეციალიზებულ განყოფილებაში სათანადო დახმარების აღმოჩენის მიზნით.

ჰიპერგლიკემიური კომა თანდათანობით ვითარდება: ჰიპერგლიკემიური კომა ინსულინით მკურნალობის შეწყვეტის, პრეპარატის დოზის უკმარისობის ან მცდარი რეჟიმით მიღების, აგრეთვე, თანმხლები დაავადების, დიეტის უხეში დარღვევისა და სხვა მიზეზების ფონზე. სიმპტომებიდან ყურადსაღებია გულისრევა, ღებინება, ამოსუნთქულ ჰაერში აცეტონის სუნის გაჩენა.ავადმყოფს პირი უშრება და ბევრ წყალს სვამს. თუ ამ დროს სისხლის შაქრის დონეს შევამოწმებთ, დავინახავთ, რომ მაჩვენებელი 2-3-ჯერ არის მომატებული (ნორმა 3,3-5,5 მოლი/ლიტრია). ასეთ დროს აუცილებელია სპეციალისტის უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ განხორციელდეს შესაბამისი ღონისძიებები.

– ექიმის რჩევა:

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 – ის განვითარების მაღალი რისკის მქონე პირებს ვურჩევთ, ყოველწლიურად მიიღონ ენდოკრინოლოგის კონსულტაცია, ჭარბი წონისა და სიმსუქნის შემთხვევებში ეცადონ სხეულის მასის დაკლებას.
შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 – ის მქონე პირებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია გლიკოჰემოგლობინის ნორმალური მაჩვენებლის მიღწევასთან ერთად ჰიპოგლიკემიების თავიდან აცილება და გლუკოზის დაბალი ვარიაბელობის შენარჩუნება (დღის განმავლობაში გლიკემიის მაღალ და დაბალ მაჩვენებლებს შორის სხვაობა).

დავით დანელია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

3 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი