სწორია თუ არა საეკლესიო წესის აღსრულებაში სასყიდლის დადგინება?

როგორ გადავუხადოთ მადლობა ღვთისმსახურს
მადლობის შეწირვას უკავშირდება საჭირბორიტო საკითხი მღვდელმოქმედების ანაზღაურების შესახებ, ხშირად ისმის კითხვა: სწორია თუ არა საეკლესიო წესის აღსრულებაში სასყიდლის დადგინება?
როდესაც მაცხოვარმა თავის მოწაფეებს სასწაულმოქმედების უნარი მიანიჭა, უთხრა: „უსასყიდლოდ მიგიღებიეს, უსასყიდლოდ მისცემდით“ (მათე 10.8), რაც იმას ნიშნავდა, რომ მათ თავიანთი მსახურების სანაცვლოდ სასყიდელი არ უნდა მოეთხოვათ, ანუ არ უნდა გამოეძალათ. მის მსგავსად ქრისტიანული მორალით, მისი უმაღლესი პოზიციიდან, არათუ ღმრთისმსახურებმა, არამედ საერთოდ, მორწმუნე ადამიანმაც კი თავისი ფიზიკური, გონებრივი თუ სულიერი შრომისათვის სასყიდელი არ უნდა გამოითხოვოს. მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს, რომ გაწეული შრომის სანაცვლოდ შემოთავაზებული საზღაურის მიღება ამორალური საქციელია, იქნება ეს შრომა ფიზიკურ, გონებრივი თუ სულიერი. ზემოთმოყვანილი სიტყვების შემდეგ მაცხოვარი იქვე ამბობს:
„რამეთუ ღირს არ მუშაკი სასყიდლის თვისისა“ (მათე 10. 10). ეს სიტყვები მოციქულების მიმართ იყო ნათქვამი და, პირველ რიგში, ღმრთისმსახურის შრომას გულისხმობდა.
საზოგადოებაში შრომის ანაზღაურების დადგენილი სისტემა მოქმედებს, ადამიანს ეძლევა ხელფასი და ეს არც არავის აკვირვებს და არც არავის ეჩოთირება. ღმრთისმსახურისათვის კი, რომლის სულიერი შრომა არანაირ ფიზიკურ და გონებრივ შრომაზე მსუბუქი არაა, დაწესებული ხელფასი არ არსებობს და მისი ერთადერთი შემოსავალი ჩვენს მიერ გაღებული შეწირულობაა. ასე რომ, თუ ზემოთ დასმულ კითხვას დავუბრუნდებით მღვდელმოქმედების ანაზღაურების მართებულობის შესახებ, ჩვენ არათუ უფლება გვაქვს, არამედ ვალდებულნიც კი ვართ ჩვენთვის გაწეული დიდი სულიერი შრომის სანაცვლოდ ამა თუ იმ ფორმით გავიღოთ ჩვენი მცირედი ძღვენი.
და თუ ეკლესიაში დღეს ყველაფერი რიგზე არაა და სამწუხაროდ ხშირად დარღვევასაც ვხვდებით, ამის მიზეზი უპირველესად საკუთარ თავში, ღმრთისაგან ჩვენს განდგომილებაში უნდა ვეძებოთ და განკითხვის ნაცვლად, რომელიც იმავე ცოდვის გამეორებაზე უარესია, რეალური გამოსავალი ვეძებოთ; იმაზე ვიფიქროთ, ეკლესიის დაწყლულებული სხეულის აღსადგენად რა უნდა იღონის თითოეულმა ჩვენგანმა.
ღმერთმა მოგვცეს ამისი ძალა! ამინ.
მთავარეპისკოპოსი ნიკოლოზი
წესი ქრისტიანის ცხოვრებისა
წყარო: www.orthodoxy.ge
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.