მთავარი » ჯანმრთელობა

სწორი მარხვა ჯანმრთელობის საწინდარია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 31.03.2011 3 კომენტარი | 9,770 ნახვა

თუ რა გავლენას ახდენს მარხვაში საკვები რაციონის ცვლილება ადამიანის ორგანიზმზე, რა შემთხვევაში შეიძლება სრულყოფილი მარხვის დაცვა? ამ საკითხებზე გვესაუბრება ექიმი-თერაპევტი – ნელი ობოლაძე:

,,მარხვის დაცვა, გამომდინარე იქიდან, რომ გარკვეულ საკვებზე ხდება შეზღუდვა, ყველა ადამიანისთვის არ არის რეკომენდებული. თუმცა ჯანმრთელი ორგანიზმის პირობებში არანაირი დარღვევა არ მოხდება.

მართალია, კუჭ-ნაწლავის წყლულოვანი დაავადებისას, შაქრიანი დიაბეტისას ადამიანები დიეტაზე არიან, მაგრამ მათ გაუჭირდებათ სრული მარხვის შენახვა. უნდა გაფრთხილდნენ ბავშვები, მოზარდები, განსაკუთრებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთის მქონე ადამიანები, რომ მათ ორგანიზმში არ მიმდინარეობდეს რაიმე პროცესი, რამაც შეიძლება გარკვეულ უკუჩვენებამდე მიგვიყვანოს.

მარხვისას იმ სამარხვო პროდუქტის მიღება, რომელსაც მცენარეული შემცველობა აქვს და მასში ცხოველური ცხიმი არ ურევია, მართებულია. მაგრამ გადაჭარბებული რაოდენობით არც სამარხვო პროდუქტი უნდა მივირთვათ. ამ შემთხვევაშიც მოხდება კუჭ-ნაწლავის გადატვირთვა. ვინც მარხვას ინახავს, მან ნორმას არ უნდა გადააჭარბოს.

არის შემთხვევები, როდესაც მარხვის გახსნილების შემდეგ ადამიანები იწყებენ ყველანაირი საკვების დიდი რაოდენობით მიღებას. არასამარხვო პროდუქტზე გადასვლაც ეტაპობრივად უნდა მოხდეს. როცა ყოველდღიური კვების რაციონში შედის ცხოველური საკვები, ხდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გადატვირთვა. პაციენტები მოდიან გასტრიტის, კოლიტის, ქოლეცისტიტის, ფაღარათის ჩივილებით.’’

დეკანოზი დავითი (დათუაშვილი): ,,თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მრევლის 30% მარხვაში გარკვეულ არასამარხვო პროდუქტის მიღებაზე ლოცვა-კურთხევას ითხოვს. წმიდა მამები გვასწავლიან, რომ ავადმყოფობა, ცუდად ყოფნა არასწორი ეკლესიური ცხოვრებისგან მომდინარეობს. ადამიანს, რომელიც არ დადის ეკლესიაში, არ ეზიარება, გულგრილად, ან საერთოდ არ კითხულობს ლოცვებს, მას ბოროტი ებრძვის.

ცხადია, ვითვალისწინებთ იმასაც, რომ ბევრი კომუნისტურ წყობილებაში ცხოვრობდა, რომელთაც ცოდვილი ცხოვრება ტვირთად აწევთ წარსულიდან. მათ ამ მდგომარეობაში გადმოსვლისას გარკვეულ შეღავათებს ვაძლევთ. მაგრამ განსაკუთრებული ყურადღებით ახალგაზრდები უნდა იყვნენ. თუ ისინი თავიდანვე სწორად დაიწყებენ ეკლესიურ ცხოვრებას, არ დადგება საკითხი, რომ მივიდნენ მოძღვართან, თქვან, უძლურად არიან და ითხოვონ კურთხევა რძის პროდუქტების, ან ხორცის მიღებაზე.

ეს არ ეხება ავადმყოფებს, საშუალო და ხანში შესულ ადამიანებს. 30-35 წლამდე პიროვნებას საშუალება აქვს, მოაწესრიგოს თავისი ცხოვრება, რათა მსგავს მდგომარეობამდე არ მივიდეს. მედიცინის მიერ დადასტურებულია, რომ სწორად ჩატარებული მარხვა არის ძალიან დიდი ჯანმრთელობის საწინდარი. ამ დროს ხდება ორგანიზმის დაცლა სხვადასხვა მავნე ნივთიერებებისგან, რომლის გამოდევნასაც ჩვეულებრივ პირობებში რამდენიმე წელი და სერიოზული მკურნალობა სჭირდება. ასეთ მდგომარეობას ხშირად სხვადასხვა დაავადებებამდეც კი მივყავართ.

ბევრს ჰგონია, რაც მეტს იშიმშილებს, დასჯის თავს საკვების მიღების მხრივ, მით უფრო კარგად დაიცავს მარხვას. ჩვენ ზომიერების ფარგლებში უნდა შევიკავოთ თავი ხორციელი პროდუქტებისგან. არც ნაყროვანებაში უნდა ჩავვარდეთ. ხშირად ამბობენ, ამა თუ იმ მცენარეული საკვების კალორიულობიდან გამომდინარე, უხდებათ ამ საკვების ათჯერ მეტის მიღება. ეს მეორე უკიდურესობაა. ასე დიდ ზიანს ვაყენებთ ჩვენს ჯანმრთელობას.

ვინც ზომიერად იღებს საკვებს, ზომიერების ფარგლებში გათვლის კვების რაციონს, ამ თვალსაზრისით არც დაუძლურდება და არც დასუსტდება. შევეცადოთ, ვიმახრულოთ არა მარტო ფიზიკურად, სულიერადაც, რაც უფრო მნიშვნელოვანია. ფიზიკური მარხვა გვეხმარება, გავთავისუფლდეთ და გონება დავუთმოთ უფრო მეტ სასულიერო საკითხებს.’’

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

3 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი