მთავარი » ჯანმრთელობა

სწორი კვება და დიეტა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 19.11.2009 20 კომენტარი | 53,383 ნახვა

დიეტა – როდის გვარგებს და როდის გვაწყენს

სწორი კვებამოზარდი ორგანიზმის აქტიური ზრდის პერიოდში წონის მატება ჩვეულებრივი მოვლენაა. თუმცა, ამ ასაკის ადამიანებისთვის ეს ფაქტორი ხშირად გაუგებარია და ნაცვლად იმისა, მშვიდად შეხვდნენ ამ პროცესს, ყველანაირ ღონეს ხმარობენ დაიბრუნონ სასურველი წონა. საყურადღებოა ისიც, რომ არასწორი კვების რეჟიმი ასევე მნიშვნელოვნად მოქმედებს ორგანიზმის ჩამოყალიბებაზე. როგორი უნდა იყოს მოზარდის ყოველდღიური კვების რაციონი, რა შემთხვევაშია დიეტის დაცვა დაშვებული და როგორ შეიძლება, შევძლოთ თავი ავარიდოთ არასასურველ ფორმამდე მიყვანას, “ამბიონი” ექიმი-ენდოკრინოლოგის მოსაზრებებს გთავაზობთ.

ნანა იზაშვილი (ექიმი-ენდოკრინოლოგი, ენდოკრინოლოგიური ცენტრის კლინიკური განყოფილების გამგე): იმ პერიოდში, როცა ადამიანის ორგანიზმი იზრდება და ბევრი ორგანოს სისტემის საბოლოო ჩამოყალბება ხდება, გარკვეულ საკვებზე უარის თქმა მიზანშეწონილი არ არის. ყველა მშობელი უნდა ეცადოს ხელი შეუწყოს ბავშვის ფიზიოლოგიურ კვებას, რაც გულისხმობს, რომ მოზარდმა მიიღოს გარკვეული რაოდენობის ცილა, ცხიმი, ნახშირწყალი, ვიტამინები… თუ 100%-დან ვიანგარიშებთ, ნორმალური კვებისთვის საჭიროა დაახლოებით 20%-ცილა, 30%-ცხიმი და 50-55% ნახშირწყლების მიღება.

დაუშვებელია, ადამიანის და განსაკუთრებით მოზარდის, დღეში ერთხელ და ორჯერ ჭამა. კვება განაწილებული უნდა იყოს 4 ულუფაზე მაინც. დღის განმავლობაში ჭარბი რაოდენობით ერთხელ ან ორჯერ დანაყრება აუცილებლად იწვევს წონის მომატებას, ინსულარული აპარატის დიდ დატვირთვას. ასევე ბევრ არასასურველ მოვლენას. ზრდასრული ადამიანისთვის საღამოს 6 საათის შემდეგ ჭამა არ არის სასურველი, მაგრამ მოზარდისთვის ვახშამი საჭიროა, ჭარბი წონის შემთხვევაში ის შეიძლება შედარებით მსუბუქი იყოს.

ამასთან, დაუშვებელია ბავშვის ერთი სახის პროდუქტით კვება, თუნდაც ეს იყოს საუკეთესო ხარისხის ცომეული, ან მარტო ხილი. რაც შეეხება ე.წ. “Fast Food”-ით კვებას, ჰამბურგერებს, ჩიფსებს, ყოველდღიურად მხოლოდ ამ საკვებზე მოზარდების ყოფნას უკუჩვენება აქვს და მხოლოდ კვირაში ერთხელ შეიძლება დაიკმაყოფილონ ამ პროდუქტებზე მოთხოვნილება. 11-დან 16-წლამდე ეს ისეთი პერიოდია, როცა ადამიანის კვების რაციონში ყველა კომპონენტი უნდა შედიოდეს.

– როგორ უნდა მოიქცეს მოზარდი არასასურველი წონის შემთხვევაში?

– მოზარდის ფსიქოლოგია საკმაოდ ლაბილურია და ადვილად ხდება მისი ზეგავლენის ქვეშ მოქცევა. საკმარისია, მას მეგობარმა უთხრას რომ აქვს ჭარბი წონა და შეიძლება გაუჩნდეს იდეაფიქსი და გარკვეული საკვების მიღებაზე თქვას უარი. ამ პერიოდში ფაქიზი მუშაობაა საჭირო, მშობლებისა და პედაგოგების ყურადღებასთან ერთად დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოცვასაც. ბავშვებში ჭარბი წონა არასასუველია, რადგან ის შეიძლება გახდეს ბევრი არასასიამოვნო მომენტის მიზეზი და ეს არ გულისხმობს მარტო ვიზუალურ მხარეს.

ჭარბი წონის პირობებში მოზარდმა უნდა შეამციროს ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლების მიღება. ეს არის შოკოლადი, ნამცხვარი, შაქრიანი გამაგრილებელი სასმელები და შედარებით მეტი რაოდენობით მიიღოს ხილი და ბოსტნეული, რომელიც ყოველდღიური რაციონის აუცილებელი კომპონენტია. მასში ბევრია ვიტამინი და ელექტროლიტი, რომელიც ადამიანებს ძალიან გვჭირდება. თუ მოზარდი ყოველ ჭამაზე ნახევარ თონის პურს ჭამს, მას ვურჩევთ, მიირთვას 300გრ შავი ან ჭვავის პური, რაც შედარებით ნაკლებ პრობლემას შეუქმნის. ისეთი დიეტები, როგორიცაა “სრული შიმშილობა”, გამოხდილ წყალზე კვირეების განმავლობაში ყოფნა, ან მხოლოდ ერთი სახის საკვების მიღება, მოზარდის ასაკში ეს ყოვლად დაუშვებელია, ამით მან შეიძლება გაცილებით მეტი ზიანი მიაყენოს ორგანიზმს.

დიეტა– რა შემთხვევაში ხდება დიეტის დანიშვნა და რა შეიძლება გამოიწვიოს თვითნებურად დანიშნულმა დიეტამ?

– დიეტა უნდა დაინიშნოს იგივე ჭარბწონიანი, დიაბეტიანი და ზოგიერთი დაავადების პაციენტების შემთხვევაში, მაგრამ ის დანიშნული უნდა იყოს სპეცალისტის მიერ, არავითარ შემთხვევაში თვითნებური, სადღაც ამოკითხული ან გაგონილი დიეტის დანიშვნა არ შეიძლება. დიეტა არ არის ერთხელ და სამუდამოდ მოცემული. მას ჩვენ ვურგებთ გარკვეულ პიროვნებას. როგორ შეიძლება 13-14 წლის ასაკის ბავშვმა დაიცვას ის დიეტა, რომელსაც 35 წლის ადამიანი იცავს. ასევე, ბევრად უფრო ფიზიკურად აქტიურ პიროვნებას სხვანაირი დიეტის დანიშვნა სჭირდება და ნაკლებად აქტიურს განსხვავებული. ასე რომ ეს ინდივიდუალურია და ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ზოგადი პრინციპები არსებობს. პაციენტისა და ექიმის შეთანხმებით დაინიშნული დიეტა მკაცრი კონტროლით უნდა წარმოებდეს. ეს ეხება მოზარდებს, რომელთა ორგანიზმი ბევრად მეტ სიფაქიზეს მოითხოვს, ვიდრე ზრდასრული ადამიანის ორგანიზმი.

თვითნებურად დანიშნული დიეტის შემთხვევაში შეიძლება ადამიანმა მოიკლოს, მაგრამ სწრაფადვე გაცილებით მეტი მოიმატოს, რაც არასასურველია, ამიტომ დიეტის დაცვა უნდა მოხდეს მშობლებთან შეთანხმებით და სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ.

წონა ადამიანმა უნდა აკონტროლოს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს იდეაფიქსის დონეზე აყვანილი. განსაკუთრებით ახალგაზრდებში არასაჭირო და უაზრო დიეტების ფონზე, ხშირად ვითარდება ისეთი არასასიამოვნო დაავადება, რომლის დროსაც ხდება საკვებზე სრული უარის თქმა. ეს არის უკვე ფსიხოზი. ასეთ დროს მათ ხელოვნურად უწევთ საკვების მიღება.

მოზარდების შემთხევავში ასევე დაუშვებელია გასახდომი წამლების მიღება, რადგან ის პირდაპირ მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და შეიძლება ძალიან დიდ უსიამოვნებამდე მიიყვანოს. და თუ მისი მიღება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ხდება, აქაც დიდი სიფრთხილეა საჭირო.

წონის დაკლება გაცილებით ადვილია, ვიდრე მისი შენარჩუნება, ამიტომ დაკლების შემდეგ ადამიანმა უნდა იცოდეს, რა უნარჩუნებს მას წონას და პირიქით, რა მოქმედებს უარყოფითად. გარკვეული შეზღუდვები, ცხადია, მოქმედებს შედეგზე, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ისეთი შეზღუდვა, რომელიც ადამიანს იმაზე უარეს დისკომფორტს მოუტანს და უარეს დაავადებებს გამოიწვევს, რასაც ჭარბი წონა უქმნიდა.

– როგორ შეიძლება ავარიდოთ თავი ჭარბწონიანობასა და დიეტას?

– არსებობს უამრავი ცხრილები და ტაბულები, რომლის მიხედვითაც ადამიანებს შეუძლიათ იმსჯელონ, აქვთ თუ არა ნომალური წონა, მაგრამ როცა 1-2 კილოზეა საუბარია, ამ შემთხევაში მოზარდებმა კილოგრამების დაკლებისთვის, სასურველია არ გადააჭარბონ ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლების მიღების ზღვარს და რა თქმა უნდა კარგია ფიზიკური აქტივობა, ვარჯიში, სიარული, ცურვა. გარკვეული რაოდენობის ენერგიის მიღებისას მისი გაცემაც უნდა მოხდეს და ბალანსი არ უნდა დაირღვეს, ამის დაბალანსება კი ყველაზე თავისულად ფიზიკური აქტივობის მომატებით შეიძლება.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

20 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი