მთავარი » ქრისტიანობა

“სწორად რომ ვიცხოვროთ, ფიზიკური, ინტელექტუალური და სულიერი შრომა უნდა შევუთავსოთ ერთმანეთს”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 16.08.2016 | 2,566 ნახვა

“სწორად რომ ვიცხოვროთ, ფიზიკური, ინტელექტუალური და სულიერი შრომა უნდა შევუთავსოთ ერთმანეთს და ამასთან, უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ ყოველ დროს თავისი მახასიათებელი აქვს. ხალხი
იგი ამა თუ იმ მიმართულებას ხელს უწყობს, ან უგულებელჰყოფს. უნდა გავაცნობიეროთ, როგორია ჩვენი დროის შემოთავაზება, რომ ადვილად განვსაზღვროთ ჩვენი ადგილი ამ სამყაროში და ვუპასუხოთ მის გამოწვევებს.

თანამედროვეობამ „სიახლის“ სახელით წინ წამოსწია „მეს“ პრინციპი, გართობა, ბუნდოვანი აზროვნება, ვულგარული მეტყველება, აქცენტი ნაწილზე და არა მთელზე… ანუ ის, რასაც არა აქვს დიდი დატვირთვა და სიღრმე.

სანაცვლოდ, დამამცირებლად წარმოაჩენენ ისეთ ცნებებს, როგორიცაა ჭეშმარიტება, ღირსება, გონიერება, სამშობლო, მოყვასი და სხვა. ასეთი ტენდენციები ახალგაზრდას პიროვნებად კი არა, მასის ნაწილად აყალიბებს და საშუალო დონის, ყველაფრის შემგუებელ არსებად აქცევს, რომელიც ცხოვრობს დღევანდელი დღით და მომავალი არ აინტერესებს.

შენ არ აჰყვე წუთისოფლის დინებას და მისგან შემოთავაზებულ განწყობას. ამა სოფლის სული არის სული სიცრუისა. იგი დღეს ერთ რამეს განადიდებს, ხვალ სხვას. განა ჩვენ მოწმენი არა ვართ იმისა, რომ რაც საზოგადოების ნაწილს 10-20-40 წლის წინ კარგად და მისაბაძად მიაჩნდა, დღეს მას დასცინის?! ასევე იქნება ცოტა ხნის შემდეგ იმ „ფასეულობების“ მიმართ, რასაც იგი დღეს ხოტბას ასხამს.

შენ იფიქრე მარადიულ ღირებულებებზე და ეცადე, შენი მეობა, შენი ღირსება არასოდეს დაკარგო. უფლის მცნებები იყოს შენი წარმმართველი. ეცადე შენი შესაძლებლობის მიხედვით მაქსიმუმი გაიღო. ამასთან, ზომიერება შეინარჩუნე, გააკეთე ისე, რომ შენმა სწორმა ქმედებამ სიხარული მოგიტანოს და არა შფოთი და ასე, ნელ-ნელა განმტკიცდები სათნოებებში.

მიემსგავსე ლოტს, რომელიც ცხოვრობდა სოდომში, სადაც ყველა უკანონობას სჩადიოდა, მაგრამ იგი სხვებივით არ იქცეოდა, არამედ აკეთებდა იმას, რაც ღვთისთვის სათნო იყო, ამიტომაც გადარჩა.

ისწავლე ლოცვა!

ლოცვა საუბარია ღმერთთან, გულისნადების მის წინაშე განფენაა, საკუთარი თავის მის შვილად შეცნობა და ღვთის მადლისა და შეწევნის მოპოვებაა; თუმცა სულიერი შრომა მარტო ლოცვას არ გულისხმობს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს, რა თქმა უნდა, აგრეთვე, არის სწორი სულიერი აზროვნება და სულიერი ცხოვრება. ეს რომ შევძლოთ უფლის მხსნელ მარჯვენას ხელი უნდა ჩავჭიდოთ და მასთან ვიყოთ განუშორებლად.

მაშ, არ შევუშინდეთ დაბრკოლებებს, არ შევწყვიტოთ ბრძოლა განწმენდისათვის და ვიცოდეთ, რომ როგორი დაცემულიც არ უნდა ვიყოთ, უფალს ვუყვარვართ და გველოდება,ელოდება ჩვენს სინანულს; ამიტომაც ბრძანებს: „არ მოვსულვარ მართალთა მოსაწოდებლად, არამედ ცოდვილთა სინანულისთვის“ (მთ.9,13), „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისვენოთ თქვენ“ (მთ.11,28), „რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს, და ტვირთი ჩემი სუბუქ არს“ (მთ. 11,30).

ოღონდ ნაბიჯის გადადგმა არ გადავდოთ ხვალისათვის, რადგან ეს ხვალე შეიძლება აღარ დადგეს.

თითოეულ ჩვენგანს სასწაულთმოქმედების უდიდესი უნარი გვაქვს; თუ ღმერთს მივეახლებით და ცოდვებისაგან განვთავისუფლდებით, ჩვენს სულში დიდი ცვლილების მომსწრენი გავხდებით. ამისი მაგალითნი არიან წმინდანები. ისინიც ისეთივე ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ, როგორიც ჩვენ ყველანი, ბევრ მათგანს ადრე ჩვენზე არანაკლები სისუსტეებიც შეიძლება ჰქონდა, მაგრამ სინანულით, აღსარებით, ზიარებით და სულიერი ღვაწლით ზეციურ სასუფეველს მიაღწიეს. ამიტომაც წერს ნეტარი ავგუსტინე, წმინდანთა რიცხვი ყოფილ ცოდვილთა რიგებიდან მრავლდებაო.

მაშ, შევიმოსოთ სიხარული, ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, ბერძენნო, რუსნო, უკრაინელნო, ებრაელნო, აზერბაიჯანელნო, სომეხნო, ასირიელნო, უდინნო, ქისტნო, ჩეჩენნო, ლეკნო, ქურთნო, იეზიდნო და ყოველნო მკვიდრნო ივერიისა და უცხოეთში მცხოვრებნო თანამემამულენო!

მაცხოვარი დღეს იმედით აღავსებს მთელ სამყაროს; თითოეულმა ჩვენგანმაც ვიქონიოთ სასოება იმისა, რომ: „დამიხსნის მე უფალი ყოველი ბოროტი საქმისაგან და მაცხონებს მე თავის ზეციურ სასუფეველში”, – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორემ (სააღდგომო ეპისტოლე 2016 წელი).


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი