მთავარი » ახალი თაობის აღზრდა

შვილის აღზრდისათვის

სტატიის ავტორი: | თარიღი: 31.01.2013 3 კომენტარი | 7,100 ნახვა

ბავშვის აღზრდისას უმთავრესი მშობლის მაგალითია

“ქორწინება – ქალსა და კაცს შორის სიყვარულით განმტკიცებული კავშირი მათი თავისუფალი ნებით ხორციელდება, ერთმანეთისადმი ერთგულების პირობას გულისხმობს და ეკლესიისა და ქრისტეს ერთობის სახით იკურთხება. “რომელნი-იგი ღმერთმან შეაუღლნა, კაცნი ნუ განაშორებენ” (მათე 19,6), – ბრძანებს წმიდა წერილი. ამ საიდუმლოთი ღმერთი აკურთხებს ოჯახურ ცხოვრებას, ბავშვების ყოლასა და მათ აღზრდას. დედაშვილი ბავშვი ეგოიზმის დაძლევაში ეხმარება მშობლებს; ისინი, ორნი, ეწირებიან მესამეს და ამით დიდ ბედნიერებას იღებენ,” – აღნიშნავს უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე.

“ამბიონის” მკითხველს გთავაზობთ შვილების აღზრდის შესახებ ამონარიდებს სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქის, ილია II-ის ეპისტოლეებიდან და ქადაგებებიდან (1979-2012წწ.):

ეს ორთა სისრულე უფრო ღრმავდება ბავშვების დაბადებით. ბავშვში ადამიანი ხედავს თავის სახეს, ჩვევებს, მიდრეკილებებს. როგორც გამოცდილებიდან ვიცით, სრულყოფილი მეუღლენი შობენ სრულყოფილ ყრმას, რომელიც შემდეგ განაგრძობს განვითარებას სრულყოფის კანონით. თუ მეუღლეებს შორის განხეთქილება და წინააღმდეგობაა, მაშინ ბავშვიც, ნაყოფი ამ განხეთქილებისა, მას კიდევ უფრო აღრმავებს. ასეთია გენეტიკის კანონი. ამასთან ერთად ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ბავშვში, გარდა მშობელთა მსგავსებისა, არის რაღაც ინდივიდუალური, განუმეორებელი, მას აქვს საკუთარი გზა სულიერი და ფიზიკური განვითარებისა. ბავშვების აღზრდისას უმთავრესია მშობლების მაგალითი, – მათი შინაგანი ცხოვრება, სიმართლე და ჭეშმარიტება.

იმ ოჯახში, სადაც ყოველდღიურად აღევლინება ლოცვა, სადაც მშობლები ყოველდღიურად კეთილსინდისიერად შრომობენ, ერთმანეთს სიყვარულითა და პატივისცემით მიმართავენ, ცდილობენ დაეხმარონ გაჭირვებულებს, იქ, სადაც არავინ არავის არ უყვირის, არ უხეშობს, არ ატყუებს… იზრდებიან ასეთივე კეთილი თვისებების მქონე პიროვნებები.

წმიდა მამები ამბობენ, რომ ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი საქმე ღვთისა და ერის წინაშე ქალისთვის არის სათნო, მორწმუნე, კეთილისმყოფელი ბავშვების აღზრდა. … შეიძლება თუ არა, რომ დედა თავის შვილებს დავუბრუნოთ? სად არიან დედები? სად იზრდებიან მათი ბავშვები? მშობლები ცდილობენ შვილების შეყვანას საბავშვო ბაღში, რათა მეტი თავისუფალი დრო ჰქონდეთ. მართალია, იქ ბავშვები კარგად ერთობიან, მაგრამ დედის სითბო და ზრუნვა არ აქვთ; იცოდეთ, რომ ეს უკმარისობა მშობლის მზრუნველობისა და ალერსისა ბავშვების გულში რჩება. შემდგომში ამის გამო ადამიანი უხეშდება და იგი, უპირველეს ყოვლისა, უხეში ხდება საკუთარი მშობლების მიმართ. მშობლებს კი უკვირთ: რატომ? როგორ ხდება ეს, განა მე არ აღვზარდე, უცხო ენები ვასწავლე, სპორტზე, სხვადასხვა წრეზე ვატარებდი, არაფერს ვაკლებდი და ასე რატომ მოხდაო? და ეს სწორედ იმიტომ მოხდა, რომ შვილი მისი აღზრდილი არ არის; მას არ უნახავს სიყვარული დედისა, არ მოუსმენია დედის იავნანა, დედის ლოცვა.
შვილის აღზრდა – ყველაფერზე დიდი და მნიშვნელოვანია. ნუ იფიქრებთ, რომ ის, ვინც სახლში დღედაღამ თავის შვილებს უვლის, თითქოს დაჩაგრულია. რატომღაც სწორედ ასე ჰგონიათ, რაც არ არის სწორი.

ბავშვის აღზრდაზე პასუხისმგებელი სამი ინსტიტური უნდა იყოს: ოჯახი, ეკლესია და სკოლა. სამივემ შეთანხმებით უნდა იმოქმედოს და უნდა შეიქმნას საგანგებო პროგრამა ერთობლივად აღზრდისა. …

დღეს ქალი მრავალმხრივადაა დატვირთული. ქალები მუშაობენ ფაბრიკებსა და ქარხნებში, სამეცნიერო დაწესებულებებსა და სხვადასხვა ორგანიზაციებში; უკავიათ საპასუხისმგებლო თანამდებობები…

რა თქმა უნდა, ეს მისასალმებელია, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ მათი უპირველესი მოვალეობა მაინც ოჯახზე ზრუნვა და ფიქრია. შვილების კარგად აღზრდა ყველაზე დიდი ღვაწლია ერის წინაშე. ამ საქმეში კი დედის ადგილს სხვა ვერ დაიჭერს, რადგანაც მშობლის ინტუიციას, სითბოსა და სიყვარულს ვერავინ შესცვლის.

ბავშვი უნდა აღვზარდოთ მორწმუნე, მოსიყვარულე, მშვიდობისმყოფელი, სიმართლისმოყვარე, სათნო, თავმდაბალი, გაჭირვებულთა დამხმარე, სამშობლოსათვის თავდადებული. ბავშვი არ უნდა მოვწყვიტოთ ბუნებას; ბუნება ხომ დიდი წიგნია, რომლის კითხვა და გაგება უნდა ისწავლოს ბავშვმა. ერთ-ერთი დიდი საკითხი, რომელსაც ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ, – ესაა აღსაზრდელის შრომისადმი დამოკიდებულება. ჩვენ თითქოს გვებრალება მოზარდი და ვათავისუფლებთ მას შრომისაგან. ამის შედეგად ბავშვში ეგოიზმი ძლიერდება და იგი შრომას დამცირებად მიიჩნევს.

ძველ დროში სულიერობას საფუძველი ოჯახში ეყრებოდა. ბავშვი ხედავდა და ისმენდა როგორ ლოცულობდნენ მშობლები, იმახსოვრებდა საალერსო სიტყვებს დედისა, აფასებდა მათ პატიოსნებას; საღამოობით, როცა მთელი ოჯახი შეიკრიბებოდა, ლიტერატურული საღამოები ეწყობოდა; აღფრთოვანებით ისმენდნენ ზღაპრებს, უსმენდნენ მუსიკას, კითხულობდნენ წმიდანთა ცხოვრებებს. შაბათ-კვირას მშობლებს შვილები ყოველ მიზეზს გარეშე ტაძარში მიჰყავდათ. გარდა ამისა, ოჯახის ყველა წევრს თავისი მოვალეობა ჰქონდა. დღეს ეს ყოველივე მოშლილია და აღდგენას საჭიროებს. სასკოლო პროგრამაში აუცილებლად უნდა შევიდეს კურსი საოჯახო ეთიკისა. ამით ჩვენს ბავშვებს წესრიგს, პატიოსნებას, პირად ჰიგიენას, სამუშაოს გეგმაზომიერად განაწილებას შევასწავლით.

ბავშვი უნდა შევაჩვიოთ, რომ თავისთვის სამუშაო გეგმა შეადგინოს: წლიური, თვიური და კვირეული. მან ყრმობიდანვე უნდა შეაგროვოს წიგნები და იკითხოს. ყოველ ოჯახს თავისი ბიბლიოთეკა უნდა ჰქონდეს. არიან ადამიანები, რომელნიც მთელი წლის მანძილზე წასაკითხ წიგნთა კატალოგებს წინასწარ ადგენენ. ტელევიზორი თითქმის სრულიად ნთქავს ჩვენს თავისუფალ დროს, რადგან ხშირად უსარგებლო გადაცემებსაც ვუყურებთ. მშობლებმა ბავშვებს ტელევიზორის ცქერის დროც უნდა გაუკონტროლონ და განუსაზღვრონ. ტელეგადაცემები ხომ, სამწუხაროდ, ჩვენს ბავშვებს არა თუ ზრდიან, არამედ სულიერად ასახიჩრებენ.

ოჯახი არის ის გარემო, სადაც ბავშვის ფსიქიკა ყალიბდება. აქ ისმენს ის პირველ ზღაპარს, აქ ეზიარება რწმენასა და სიყვარულს, აქ ღვივდება მისი სული, აქ იქცევა პიროვნებად.

სამწუხაროა, რომ თანამედროვე ოჯახი თანდათან კარგავს ამ ღრმა აზრს; თანდათან უფრო შემაშფოთებელია, მისი რღვევის ნიშნები. მხოლოდ ქალს შეუძლია გადაარჩინოს ოჯახი, მასზეა დამოკიდებული კაცობრიობის მომავალი. დედა ასწავლის შვილს პირველ ლოცვას, უკითხავს მას პირველ ლექსს, უამბობს პირველ ზღაპარს. დედა შვილით ცხოვრობს, შვილით სუნთქავს, სხეულით გრძნობს, როცა მას საფრთხე ემუქრება; როცა შვილი განსაცდელშია, იგი ნათელმხილველი ხდება, მისი ლოცვა სასწაულთმოქმედ ძალას იძენს. წმიდა მამები ამბობენ, რომ დედის ლოცვას შეუძლია, ჯოჯოხეთიდან ამოიყვანოს შვილის სული.

საქართველოს შვილნო, გისურვებთ მრავალ ქორწინებას, გამრავლებას, მრავალი შვილის ყოლას!

მოამზადა თეონა ნოზაძემ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

3 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი