მთავარი » დღესასწაულები

სვეტიცხოვლობა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 13.10.2021 2 კომენტარი | 36,391 ნახვა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 14 ოქტომბერს “კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისას” დღესასწაულს აღნიშნავს. სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინება. სვეტიცხოველი ამ დღეს, ასევე, წმიდა მოციქულთა სწორის მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას (IV), წმიდა სიდონიასა და აბიათარის (+IV) ხსენებაც აღინიშნება.

ნინო ღამბაშიძე (ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი): “ბაბილონის მეფის ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის დაპყრობის შემდეგ გაფანტული ებრაელთა ერთი ნაწილი, როგორც ამას “ქართლის ცხოვრება” მოგვითხრობს, ქართლში მოვიდა და მცხეთელ მამასახლისს სთხოვა, მათთვის საფასურით საცხოვრებელი მიეცა. მცხეთელმა მამასახლისმა ებრაელებს სამოსახლო გამოუყო.

გავიდა დრო. ბეთლემში იესო ქრისტე დაიბადა. როდესაც მისი დაბადებიდან 30 წელი გავიდა, ერთ დღეს მცხეთაში იერუსალიმელი ებრაელებისა და მღვდელმთავარ ანას მიერ გამოგზავნილი მოციქულები მოვიდნენ და თანამემამულეებს აცნობეს, რომ ის, ვისთვისაც მოგვები ჩავიდნენ ბეთლემში, გაიზარდა და საკუთარ თავს ღვთის ძეს უწოდებს. ისინი სხვადასხვა ქვეყანაში მოსახლე ებრაული თემიდან რჯულის მეცნიერებს (ებრაულ სარწმუნოებაში, იუდაიზმში განსწავლული პირები) მოუწოდებდნენ, იერუსალიმში იესოს ჯვარცმას დასწრებოდნენ. მართლაც, მცხეთიდან იერუსალიმში ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი გაემართნენ. ელიოზ მცხეთელს გამგზავრების წინ დედა შეევედრა, ნუ გახდებოდა იესოს ჯვარცმის თანაზიარი, ვინაიდან იგი უდანაშაულო იყო; რომ წინასწარმეტყველები და ბრძენი ხალხი ოდითგან სწორედ მასზე საუბრობდა.

ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი გაემართნენ იერუსალიმისაკენ, სადაც დაესწრნენ უფლის ჯვარცმას. და როდესაც მაცხოვრის ჯვარზე მისამსჭვალად სამსჭვალს, ანუ ლურსმანს ჩაქუჩი დაჰკრეს, დაკვრის ხმა ელიოზის დედას მცხეთაში ჩაესმა. ქალმა შეჰკივლა და სული განუტევა. ჯვარცმის შემდგომ მცხეთელ ებრაელებს წილად ერგოთ უფლის კვართი. წამოიღო კვართი ელიოზმა. მცხეთასთან მას და, სიდონია მიეგება, გამოართვა სიწმინდე, ჩაიხუტა გულში და სული განუტევა.

სიდონიას მაცხოვრის კვართი ისე ძლიერად ჰქონდა მკერდში ჩაკრული, რომ შეუძლებელი გახდა სიწმინდის გამოცლა. ელიოზმა საკუთარი და კვართთან ერთად დამარხა.

გავიდა ხანი. კვართის დაფლვის ადგილი სარწმუნოდ არავინ იცოდა. კვართისა და ელიოზის დის საფლავის შესახებ მხოლოდ ის იყო ცნობილი, რომ მის მახლობლად ლიბანიდან ჩამოტანილი და მცხეთაში დარგული ნაძვი იდგა და ხარობდა. სვეტიცხოველი კვართმა და იმ ქვეყნის ქრისტიანობაზე მოქცევის სურვილმა, სადაც იგი იყო დაფლული, წმ. ნინო IVს-ში იერუსალიმიდან მცხეთაში მოიყვანა.

ქართველთა გაქრისტიანება წმ. ნინომ მცხეთაში კერპების – არმაზის, გაცისა და გაიმის შემუსვრით დაიწყო. კერპების შემუსვრის შემდეგ კლდის ქიმთან ხის ქვეშ ექვსი დღე ილოცა, მეცხრე დღეს ჩამოვიდა ქალაქში და მიადგა სამეფო ბაღს. იქ მებაღე და მისი ცოლი მოაქცია და ცხრა თვე მათთან იცხოვრა. ამის შემდეგ ქალაქის გარეთ იპოვა მაყვლოვანი (მაყვლის ბუჩქი), სადაც დღეს სამთავროს დედათა მონასტერია და მონაზვნური წესით ცხოვრება დაიწყო. ხშირად მიდიოდა მცხეთაში, ურიათა უბანში. უნდოდა გაეგო, სად იყო დაფლული მაცხოვრის კვართი. წმ. ნინომ რამდენჯერმე ნახა ერთი და იგივე სიზმარი: ციდან მოფრენილი შავი ფრინველები ჩაფრინდებოდნენ მდინარეში, განბანილები და გათეთრებულები შეფრინდებოდნენ სამოთხეში, მაღლარ ვაზს (მაღალ ხეზე ასული ვაზი) მოკენკავდნენ, `მოსძოვდნენ ყვავილთა~ და სიყვარულით, ჟივილ-ხივილით გარს ეხვეოდნენ წმ. ნინოს.

როდესაც მირიან მეფე გაქრისტიანდა, მან სამეფო ბაღში ტაძრის აგება გადაწყვიტა. მართლაც, სამეფო ბაღში მოჭრეს ნაძვი, რომლიდანაც 7 სვეტი გამოთალეს. როდესაც ხის კედლები ამოიყვანეს, თავ-თავის ადგილზე მოათავსეს ექვსი ძელი. მეშვიდე, ყველაზე დიდი და საკვირველი, რომელიც ეკლესიის შუა საყრდენად, დედაბოძად იყო განკუთვნილი, ვერ აღმართეს, ვერ დაძრეს ადგილიდან. ეს ამბავი ყველას უკვირდა.

საღამოს მეფე მირიანი დაღონებული წავიდა სასახლეში. წმ. ნინო მოწაფეებთან ერთად სვეტთან დარჩა და ცრემლით ლოცულობდა. შუა ღამე რომ დადგა, ბოროტმა, ეშმაკმა მრავალი საშინელი ხილვა, ჩვენება მოუვლინა მლოცველებს. წმ. ნინომ ჯვარი გადასახა უკეთურ ჩვენებებს და ყველა მათგანი გაქრა. დაისადგურა სიმშვიდემ. წმიდანის მოწაფეები მადლობას უძღვნიდნენ ღმერთს. ინათა… დედებს მიეძინათ. მოწაფეთაგან მხოლოდ სიდონიას ეღვიძა, ხოლო წმ. ნინო ხელაპყრობილი განაგრძობდა ლოცვას. უეცრად მათ ნათლით მოსილი, ცეცხლში გახვეული ჭაბუკი გამოეცხადა და სამი სიტყვა თქვა. წმ. ნინო პირქვე დაემხო, ჭაბუკმა მოჰკიდა ხელი სვეტს და მაღლა აღმართა. ამის შემდგომ ნათლით მოსილი სვეტი ყველას თვალწინ ნელ-ნელა დაეშვა გადაჭრილ ნაძვზე.

ამ სასწაულით გამომჟღავნდა კვართის ადგილსამყოფელი.

დილით ინათა თუ არა, შეწუხებული მეფე მშენებლობის ადგილისკენ გაემართაAდა დაინახა, რომ მის ბაღს ცად აწვდილი ელვის მსგავსი ნათელი ადგა. სასწაულის ადგილზე მთელმა ქალაქმა მოიყარა თავი. ამ მირონმდინარე სვეტის მადლით მრავალი სასწაული და კურნება ხდებოდა და დღესაც ხდება. მირიან მეფემ მალევე დაასრულა სვეტიცხოვლის პირველი ტაძრის მშენებლობა, რომელიც ხის იყო. Vს-ში, დაახლოებით 500წ. ვახტანგ გორგასალმა ქვის დიდი ეკლესია ააგო, რომელიც XI ს.-ში საფუძვლიანად შეაკეთა მელქისედეკ კათოლიკოსმა. ასევე, შეკეთდა XVს.-ის I ნახევარში, ალექსანდრე I-ის მეფობის ხანაში, მას მერე, რაც ტაძარი თემურ-ლენგმა დაანგრია და XIXს-ში.

სვეტიცხოვლობა დიდი და ხალხისთვის უსაყვარლესი დღესასწაული იყო. თბილისიდან, ქართლიდან და კახეთიდან მოემართებოდნენ მლოცველები, რომელსაც ტაძრის გალავანი გაჭირვებით იტევდა. ხალხი წინა დღით მიდიოდა სვეტიცხოველში და ღამეს იქ ათევდა.

სვეტიცხოვლობას წირვა- ლოცვასთან ერთად ბაზრობა, ცეკვა – თამაში, ჭიდაობა და ლხინი იმართებოდა.”


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

  • Liana Hoffmann says:

    Sakartwelos achalgasrdebs,schoba modis 24-25 dekembers, schuagames,roca mse schedis kalculis tanawarskwlawedschi dzwelad scirawdnen :okros,gundruki da myrrhe,rac carsuls, acmkos damomawals ertad kraws.es iko saidumlo sami magiis. am cels rom schewcirawt,e.i.2020-21,is agsdgeba cauketeso surwilebit 2053-54clis agdgomas, agdgoma 2021 romelsac am cels awgnischnawt acesrigebs 1988clis schobas, es aris ocdacameti celi- adamianis sruli generacia. ar dakargot dro, mtawaria ritualis keteba, tschweni dedamica -acmko moitchows koweli tscwenganisgan, sulier zchowrebas, rom ertimeores schewachsenot ieso kristes sa heli, moukwer ertimeotes ras aketebda igidedamicase,an rogor aketebda. Schabat dges korcilschi ckali gwinod akcia , aset sascaulebse unda wsalubrobdet da ara cismrebse. daukwirdit tkwens garschemo adamianebs da rac ar mogcont rom gamoscordes , schescitet koweltwis mschwepli upals,daicawit sakutari tawi da mschoblebi, da-dzma uchilawi borotisagan,romelic schurs tesaws,codwebs resaws, scheuls bilcaws, gonebas achschobs -borots pikrob, mschoblebidan gadmosul codwebse aschenebs,gsadagsa ertmanets chumrobit,sikwarulit aginebt da ckewlit,ar dagawickdet koweli natkwami bgera asruldeba,da mere gikwirt ,,ki magram me ra schuaschi war“? mcholod amitom schesciret puladi mschwerpli da gamoiskidet codwebi,es motchownilebad unda gardaisachos, locwa aris tschweni priwilegia da ara waldebuleba.

    • დავითი says:

      ინდულგენციების გამომშვებთა და გამამართლებელთა ხელწერა ჩანს… ჯერ ერთი, ქართულად თუ გინდა აზრის გამოთქმა, კეთილი ინებე და ქართული ანბანით დაწერე.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი