მთავარი » დღესასწაულები

სვეტიცხოვლობა – სადღესასწაულო ქადაგება (13.07.2022)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 13.07.2022 | 401 ნახვა

13 ივლისს, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე მრევლს ქადაგებით მიმართა და დღესასწაული მიულოცა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი).

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, პატიოსანო მამანო, ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის წმინდა ათორმეტი მოციქულის ხსენება და სვეტიცხოვლობა; დღესასწაული აი, ამ დიდებული ტაძრისა, სადაც ჩვენ ვიმყოფებით დღეს და სადაც წირვა აღვასრულეთ. ტაძრისა, რომელთანაც დაკავშირებულია ყველაზე ძვირფასი და სანუკვარი მოვლენები ჩვენი ერის სულიერი ცხოვრებისა და ისტორიისა.

გილოცავთ ამ დღეს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ მოციქულთა ხსენებას, თქვენ იცით, დღევანდელი დღე არის, როგორც გაგრძელება გუშინდელი დღისა. გუშინდელი დღე იყო მოციქულთა თავთა პეტრესი და პავლეს ხსენება, დღეს კი არის მთელი კრების, თორმეტი მოციქულის ხსენება და ეს დღე გახლავთ მოწოდება ჩვენდამი, მოწოდება სამოციქულო ეკლესიისა, მოწოდება ერთი წმინდა და კათოლიკე სამოციქულო ეკლესიისა ჩვენდამი, რაც არის მოწოდება თავად უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელმაც გვიანდერძა ასეთი სიტყვები: „წადით და მოიარეთ მთელი ქვეყანა და უქადაგეთ სახარება ყველა დაბადებულს“.

იგივე უფალი ასევე ბრძანებს: „ვინც მაღიაროს მე წინაშე კაცთა, მეც ვაღიარებ მას წინაშე მამისა ჩემისა ზეცათასა“. რას ნიშნავს, აღიარებდე ქრისტეს? ეს ნიშნავს, რომ ქადაგებდე ქრისტე, ეს ნიშნავს, რომ ქადაგებდე მის სახარებას. აი, ეს გვიანდერძა უფალმა ჩვენ. სახარება ქრისტესი – ეს არის სახარება სიყვარულისა, საღმრთო სიყვარულისა, რომელიც ყოველმა ჩვენგანმა უნდა მოიპოვოს, ეს არის მიზანი ჩვენი სულიერი ცხოვრებისა და ეს სიყვარული მოიხვეჭება მხოლოდ ღვაწლის შედეგად.

და რა არის ის ღვაწლი, რომელიც მიგვამთხვევს ჩვენ აი, ამ დიდ ნიჭს და მოგვიპოვებს მას? ეს გახლავთ სიმდაბლე. სადაც არ არის სიმდაბლე, იქ არ არის სიყვარული; სადაც არ არის სიყვარული, იქ არ არის რწმენა და არ არის იესო ქრისტე და არ არის სახარება. ამიტომ ქრისტეს ქადაგება – ეს გახლავთ სიყვარულის ქადაგება. აი, ასეთი ღვაწლი და ასეთი სიყვარული ჰქონდათ სწორედ წმინდა მოციქულებს. ამიტომ ვნატრით და ვადიდებთ ჩვენ მათ დღეს.

შეგახსენებთ, როგორ გამოავლინა წმინდა პეტრე მოციქულმა ეს სიყვარული, როდესაც უფალმა სამგზის ჰკითხა მას: „სიმონ იონასო, გიყვარვარ მე“ და პეტრემ სამგზისვე უპასუხა, რომ „დიახ, უფალო, შენ იცი, როგორ მიყვარხარ“. აი, ეს დიდი სიყვარული ენთო მის გულში, მასში, მთელ მოციქულთა დასში. ამიტომაც შეძლეს მათ ასეთი დიადი საქმეების აღსრულება. საერთოდ, ყველა დიდი საქმე სულიერ სარბიელზე მხოლოდ ასეთი სიყვარულის მეშვეობით აღესრულება.

დღეს ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ვართ მონაწილენი, სამოციქულო მემკვიდრეობის წევრნი ვართ, მემკვიდრენი ვართ ამ დიდი სამოციქულო მემკვიდრეობისა. როგორც ამბობს პეტრე მოციქული, – „ჩვენ, ყველანი, ქრისტიანები, ვართ რჩეული მოდგმა და სამეფო მღვდლობა“. ასეთ საოცარ სიტყვებს ამბობს იგი. ყველა ვართ აი, ამ სამეფო მღვდლობის წევრნი – მამაკაცებიც, ქალებიც, ბავშვები და სულიწმიდა გამოარჩევს ამ სამეფო მღვდლობიდან ადამიანებს, ზოგს – საეკლესიო, სამღვდელო მსახურებისთვის, რომ აღასრულოს წმინდა საიდუმლოებები, ზოგს, ერისკაცებს – სხვადასხვა მსახურებისთვის, მაგრამ ჩვენ, ყველა, ვართ აი, ამ სამეფო მღვდლობის წევრნი და რჩეული მოდგმა, როგორც ამბობს მოციქული. მთავარია, რომ ყოველ ჩვენგანში ენთოს ეს სიყვარულის ცეცხლი, რომელიც ჰქონდათ მოციქულებს.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ.

ჩვენ გვმართებს, გვახსოვდეს, რომ მთავარი მიზანი ქრისტიანული ცხოვრებისა არის, არ გაგვინელდეს ეს სიყვარულის ცეცხლი, გავაღვივოთ იგი და გავაძლიეროთ, როგორც ამბობს პავლე მოციქული თავის ეპისტოლეში, რომ „წინასწარმეტყველების მადლიც რომ მქონდეს და ყველა საიდუმლო ვიცოდე, თუ სიყვარული არ მაქვს, არარა ვარ. მთელი ჩემი ქონება რომ გლახაკებს დავურიგო და ჩემი სხეულიც დასაწველად მივცე, თუ ამ დროს სიყვარული არ მაქვს, არაფერს მარგებს ეს ყველაფერი“. ასეთ საოცარ სიტყვებს ამბობს იგი და დღეს ჩვენ ვევედროთ უფალს, რომ მოგვცეს ეს სიყვარული, რომ გაგვიძლიეროს ეს სიყვარული, რომ შევძლოთ ნამდვილი ქრისტიანული ცხოვრება, შევძლოთ იმ დიდი მისიის აღსრულება, რომელიც დაგვაკისრა ჩვენ სწორედ ამ სამოციქულო მემკვიდრეობამ, რომლის წევრნიც ჩვენ ვართ მათ მიერ აღსრულებულ ეკლესიაში. ეს იქნება ჩვენი პასუხი განსაკუთრებით დღევანდელ დღეს, როდესაც ვიხსენებთ წმინდა მოციქულებს.

მრავალს დაესწარით, ღმერთმა დაგლოცოთ.

მინდა, თქვენთან ერთად განსაკუთრებით მივულოცო სრულიად საქართველო კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს ეს დღე, ვინაიდან იგი ჭეშმარიტად გახლავთ სამოციქულო ღვაწლის დიდი გამგრძელებელი ჩვენს ქვეყანასა და ქრისტიანულ სამყაროში; ერთ-ერთი გამოვლინება მისი ამ საოცარი სამოციქულო ღვაწლისა, მრავალ სხვა დიდ ღვაწლთან და დამსახურებასთან ერთად, გახლავთ ის, რომ აი, ამ წმინდა ტაძარში მის მიერ ხელდასხმულია უკლებლივ ყველა მღვდელმთავარი, რომლებიც დღეს წმინდა სინოდში მოღვაწეობენ. ვუსურვოთ მას დღეგრძელობა, სულიერი და ფიზიკური ძალების განახლება და გაძლიერება.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ და წმინდა მოციქულთა ლოცვით, წმინდა კვართისა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მადლით, ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ, ღმერთმა გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო, ამინ!

დღეს ჩვენ ვლოცავთ წმინდა მოციქულ სვიმონ კანანელის გზაზე მომლოცველ მორწმუნეებს, სასულიერო პირებსა და მრევლს:არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი), დეკანოზი დავით კონჯარია, ბერი სპირიდონი (ლაზარია), ბერი დამიანე (დოლიძე), ბერი ისიდორე (კარტოზია), ბერი გიორგი (გერლიანი), მორჩილი ამბროსი, ამირან გურჩიანი.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.
ჩვენთან არს ღმერთი!“




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი