მთავარი » ეკლესია-მონასტრები

სვეტიცხოველი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 13.10.2013 7 კომენტარი | 55,411 ნახვა

სვეტიცხოველი 19 წლის განმავლობაში შენდებოდა

სვეტიცხოვლის ტაძარი“მრავალი ღირსშესანიშნავი სიწმინდეა, მაგრამ სვეტიცხოველს ყოველი ქართველისათვის განსაკუთრებულად მიმზიდველი, ცხოველისმყოფელი ძალა აქვს. ეს იმიტომ, რომ სვეტიცხოველთან ერთად IV საუკუნეში იშვა ქართველი ხალხის ახალი ქრისტიანული ცხოვრება,” – აღნიშნავდა დიდი მეცნიერი ალექსანდრე ცაგარელი.

სვეტიცხოველი – ქართული კულტურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლი გამოირჩევა არა მხოლოდ თავისი მხატვრული ღირსებით, დიდებულებითა და ჰარმონიულობით, არამედ იმ განსაკუთრებული როლითაც, რაც მან ქართველი ერის ისტორიაში შეასრულა.

სვეტიცხოვლის ისტორია განუყოფელია საქართველოს გმირული წარსულისგან. ტაძრის პირველი ნაგებობის მშენებლობა ქართლის სამეფოს მიერ ქრისტიანობის მიღებას, ფეოდალიზმის ჩასახვის პირველსავე ხანებს უკავშირდება. შემდგომში არაერთხელ შემუსვრილა მტერთა გამანადგურებელი შემოსევების შედეგად, არაერთ დამპყრობელს უცდია მისი აღგვა პირისაგან მიწისა, მაგრამ ჩვენი წინაპრების ურყევი ნებისყოფის, შემოქმედებითი ენერგიისა და სულიერი სიდიადის მეოხებით კვლავაც აღმდგარა ძველი დიდებულებით. ამით სვეტიცხოველი ჩვენი სამშობლოს სასიცოცხლო ძალას, მისი გაუტეხელობის სიმბოლოს განასახიერებდა.

სვეტიცხოველი, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს რელიგიურ ცენტრს წარმოადგენდა, რადგან საპატრიარქო ტაძარი და საქართველოს ეკლესიის მეთაურთა კათალიკოს-პატრიარქთა რეზიდენცია იყო.
სვეტიცხოვლის დღევანდელი ნაგებობა XI საუკუნისაა.

ცნობილია, რომ მე-4 საუკუნის დასაწყისში აღმოსავლეთ საქართველოს სამეფომ ოფიციალურად მიიღო ქრისტიანობა, რის შედეგადაც საქართველოს ტერიტორიაზე სარწმუნოების განსამტკიცებლად დაიწყო ქრისტიანული ტაძრების მშენებლობა. პირველი ქართული ეკლესია კი ააგეს სწორედ ამ ადგილას, მდინარეების – მტკვრისა და არაგვის შესართავთან, “წმიდა ჭალაში”, ანუ სამეფო ბაღში, რომელიც პირველი ქრისტიანი მეფის – წმიდა მირიანის მითითებით IV ს-ის 30-იან წლებში აუშენებიათ.
სხვადასხვა მონაცემების შეჯერების შედეგად დაზუსტდა, რომ სვეტიცხოველი 19 წლის განმავლობაში შენდებოდა.

სვეტიცხოველს მცხეთის არქიტექტურული ასამბლის კომპოზიციაში ცენტრალური ადგილი უჭირავს. ტაძარი წარმოადგენს წაგრძელებულ ოთხკუთხედში ჩახაზულ ჯვარს, რომელიც დასრულებულია პირამიდული, თექვსმეტსარკმლიანი გუმბათით, საიდანაც იშლება ჯვრის მკლავები.

დასავლეთ ფასადი:

დასავლეთის ფასადის დეკორი ტაძრის ყველაზე რელიეფური და მხატვრულად გაფორმებული ნაწილია, რომელიც თითქმის პირვანდელი სახით არის შემორჩენილი.

ცენტრალური სარკმლის გარშემო თავმოყრილია მდიდრული ორნამენტალ-დეკორატიული მორთულობა, ჩუქურთმა მრავალფეროვანია, პლასტიკური, ოსტატურად შესრულებული. ვიწრო სიბრტყეებზე მარჯვნივ და მარცხნივ სიმეტრიულადაა გამოსახული დიდი ზომის დეკორატიული ვაზები. უნდა აღინიშნოს, რომ ქართული ჩუქურთმის უმდიდრეს რეპერტუარში ვაზი ერთადერთი მცენარეა, რომელიც თავის ინდივიდუალურობას ინარჩუნებს. ვაზს რომ ასეთი უპირატესობა ენიჭება, ცხადია, გასაკვირი არ არის, რადგან ვაზს, ვენახსა და მევენახეობას უძველესი დროიდან მთავარი ადგილი უჭირავს. ვაზი ჩვენში კულტად ქცეული მცენარე იყო, ამიტომ შემთხვევითი არა გახლავთ, რომ ტაძრების დეკორში მისი გამოსახულება საკმაოდ ხშირად ვლინდება.

ცენტრში წარმოდგენილია საყუდარზე მჯდომი მაცხოვარი, რომელსაც ხელში სახარება უჭირავს. ქრისტეს ორივე მხარეს მფრინავი ანგელოზების ფიგურებია, რომელთაგან ერთს სურა უპყრია ხელში, მეორეს – პური, ანუ სებისკვერი. ამ კომპოზიციაში სიმბოლურად ზიარების სახეა ნაჩვენები: სურა სიმბოლური მინიშნებაა ღვინის – ქრისტეს სისხლისა, ხოლო პური – ქრისტეს ხორცის.

სვეტიცხოვლის ყველა ფასადზე შეინიშნება სამშენებლო ქვათა სიჭრელე, რაც ამდიდრებს და ამშვენებს ტაძარს.

სამხრეთი ფასადი:

სამხრეთი ფასადის დასავლეთ მხარეს ტაძრის მშენებლობის დროინდელი რელიეფურ-სკულპტურულ გამოსახულებათა საინტერესო კომპოზიციაა შემორჩენილი, რომელიც ასე იკითხება: ვაზი – წმიდა მცენარე საქართველოში, წმ. გიორგი კლავს ურჩხულს, ჯვარი აყვავებული მკლავებით – ქრისტიანული ხსნის სიმბოლო, ორი მტრედი კი ერთი ჭურჭლიდან იღებს სულიერ საზრდოს. აქვე გამოსახულია ვარდული – ქრისტიანობის მარადიული სიმბოლო, ექვსფრთიანი ანგელოზი და ქრისტეს ჯვარცმა.

აღმოსავლეთი ფასადი:

აღმოსავლეთი ფასადი ტაძრის სხვა ფასადებთან შედარებით სიმეტრიულია. საერთოდ, ასიმეტრიულობა ქართული არქიტექტურისათვის დამახასიათებელი ნიშანია. ეს კარგად ჩანს სვეტიცხოვლის მაგალითზეც, სადაც შესანიშნავად არის შეხამებული ასიმეტრიულობა აღმოსავლეთი ფასადის სიმეტრიულობასთან. ეს ფასადი გამოირჩევა ჩუქურთმების მრავალფეროვნებითა და მაღალხარისხიანობით.

სვეტიცხოველზე მიწისძვრის დროს სიმძიმე ყველა მხარეს თანაბრად ნაწილდება და ჩამონგრევის საშიშროებას თავიდან ვიცილებთ. ფასადზე განსაკუთრებით დამშვენებულია ცენტრალურ თაღს შიგნით მოქცეული არე. მის ზედა ნაწილში მარაოსებრ გაშლილი 12 სხივია მედალიონებით დამთავრებული – ქრისტეს 12 მოციქულის სიმბოლო, რომელთა სახელზეც აიგო სვეტიცხოველი.

ჩრდილოეთი ფასადი:

ჩრდილოეთი ფასადი ორნამენტალ-ჩუქურთმიანი სამკაულით ნაკლებად არის დამშვენებული. აქ გამოყენებულია დეკორატიული თაღების სისტემა, რომელთაგან ცენტრალური თაღი ამაღლებულია და ამით იგი ტაძრის სიმაღლეს უსვამს ხაზს. სვეტიცხოველი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ტაძარია საქართველოში (54მ).

სვეტიცხოვლის სამშენებლო მასალა ქვიშაა. ტაძარი ალგეთური ბაზალტით არის გადახურული. დასავლეთიდან ერთი ძირითადი შესასვლელი აქვს. მთავარი შესასვლელი ტაძრის აგების დროინდელია, ხოლო ფრესკა კარიბჭის თავზე – XIX ს-ისა. ფრესკაზე გამოსახულია ღვთისმშობელი ყრმით, რომლის მარჯვნივ და მარცხნივ მთავარანგელოზები – მიქაელი და გაბრიელი არიან გამოსახულნი.

ტაძარში შესვლისთანავე ჩვენს თვალწინ გადაიშლება გრანდიოზული სივრცე.

შესასვლელშივე, მარჯვნივ ქვის სანათლავი ემბაზია. გადმოცემის მიხედვით, ამ ემბაზში მოინათლა პირველი ქრისტიანი მეფე მირიანი და მისი მეუღლე – ნანა. ემბაზი ადრე მოოქროვილი ყოფილა.

სვეტიცხოველს თავიდანვე დაებედა უხვი შეწირულობები. IV საუკუნეში მირიან მეფემ ტაძრის ასაგებად დათმო თავისი სამეფო ბაღი, ხოლო კახეთის მფლობელმა სუჯიმ წმიდა ნინოსგან ქრისტიანობის მიღების შემდეგ სვეტიცხოველს შესწირა სოფელი ბოდბე.

სამხრეთის კედელზე არის მიშენებული პატარა ეკლესია, რომელიც XIV-XV საუკუნეებში ჩაუდგამთ. ეს პატარა ეკლესია წარმოადგენს იერუსალიმში, გოლგოთას მთაზე, ქრისტეს ჯვარცმის ადგილზე იმპერატორ კონსტანტინეს ბრძანებით IV ს-ში აშენებული ნაგებობის არაზუსტ ასლს. იგი აუგიათ იმ ადგილობრივ მორწმუნეთათვის, რომელთაც არ ჰქონდათ საშუალება იერუსალიმში ქრისტეს წამების ადგილი ენახათ. ეკლესია სვეტიცხოველში იმიტომ ააშენეს, რომ ქალაქ მცხეთას “პატარა იერუსალიმს” უწოდებდნენ.

როგორც “ქართლის ცხოვრება” და “მოქცევაი ქართლისაი” გადმოგვცემს, მცხეთელი ელიოზი და კარსნელი ლონგინოზი იერუსალიმში დასწრებიან ქრისტეს წამებას და მისი კვართით დაბრუნებულან მცხეთაში. აქ ელიოზს დახვედრია მისი და – სიდონია, რომელსაც გულში ჩაუკრავს ეს ძვირფასი რელიქვია და მღელვარებისაგან იქვე განუტევებია სული. სიდონია ქრისტეს კვართით ხელში სამეფო ბაღში დაუსაფლავებიათ. მოგვიანებით მის საფლავზე ამოსულა ლიბანის კედარი. IV საუკუნეში, ქრისტიანობის მიღების შემდეგ მირიან მეფის ბრძანებით ეს ხე მოუჭრიათ, რათა სიდონიას საფლავზე აეგოთ ეკლესია. მოჭრილი ხისგან დაუმზადებიათ “მშვიდნი სვეტნი ეკლესიისანი”. ერთ-ერთი მათგანი სასწაულმოქმედი აღმოჩენილა: იგი ჰაერში აიჭრა და მხოლოდ მას შემდეგ “დაემყარა და მტკიცედ შეეძერწა” თავის კვარცხლბეკს, როცა წმ. ნინომ მთელი ღამე ლოცვაში გაატარა. ამ სვეტიდან მირონი დიოდა და ყველა, ვინც აქ მოვიდოდა “სენთაგან შეპყრობილნი, მსწრაფლ განკურნებულნი წავიდოდეს სახიდ თავისადო”. სწორედ ეს იყო “სვეტიცხოველი”, სვეტი – სიცოცხლის მომნიჭებელი და ტაძარსაც მისი სახელი ეწოდა.

სვეტიცხოვლის ფერადოვნებამ, ფერთა ასეთმა ჰარმონიამ ათქმევინა დიდ ქართველ მწერალს კ. გამსახურდიას: “ამ ტაძრისათვის თვალის შევლება ყოველ დროში სანუკვარია, დილით ხვლიკისფერია, მოუღალავი მზით გაშუქებული, შეღამებისას ოქროცურვილია, ხოლო მწუხრის შემოდგომისას, თუ ვარსკვლავიანმა ცამაც დაადგა თვალი, ცას მიეჭრება მრუმე ჰარმონიით აღვსილი ზესწრაფვა”.

თეა სულაბერიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

7 კომენტარი »

  • ლია says:

    ხეკორდზულას წყალი მისვამს მცხეტა ისე ამიგია,დამიწჰირეს მკლავი მომწჰრეს რატომ კარგი აგიგია.გამსახურდიას ამ სიტყვებს მე უფრო წჰკვიანურს ვერაფერს დავამატებ.გჰმერტი იყოს ცჰვენი სჰემწე ამინ.

    • მაია says:

      ამინ!
      ჩვენდა სასიხარულოდ, დღესაც არიან ადამიანები, რომლებსაც სვეტიცხოვლის და მცხეთის მიმართ აქვთ დამოკიდებულება როგორც “მეორე იერუსალიმის” მიმართ… ამასთან დაკავშირებით, ამ ხალხური ლექსის ფონზე ერთი მხცეთელი ახალგაზრდის ლექსი გამახსენდა, რომელსაც ასე ჰქვია – “ქალაქი სახლად”:

      “ჩემს ქალაქში შესვლით თურმე, ჩემს სახლში შევდიოდი,
      ეს ყოფილა სახლი, სადაც ბავშვურობით ვგმირობდი,
      მე აქ ვნახე მიწა, რაზეც დაჩოქილი ვტიროდი,
      აქ ყოფილა ყველაფერი, რას ოდესმე ვფიქრობდი…
      მცხეთის სუნი ძველისძველი, ნაომი და ნალოცი,
      რატომ პატარობაშივე მე მისით არ გავვოცდი?!
      რად მიწევდა გული სხვაგან, მასზე რატომ ვჯავრობდი?!
      სხვაგან წასვლით მე კი თურმე, იერუსალიმს გამოვცდი!
      გავიზარდე, შემიყვარდა, მე აქ არ ვიოხრები,
      ნუთუ, ვპოვე მიწა სადაც სისხლით არ ვიომებდი?!
      ჩემს მცხეთაში გაზრდილი ვარ – ასე მოვიგონები!
      ლაშა ჯაფარიძე

  • tamari says:

    xelovnebaa tavad ukvdaveba,sveticxoveli chveni udzvelesi istoriuli da tvitmyopadi kulturis dzeglia,meamayeba rom var qartveli,meamayeba rom udidesi xelovnis arsakidzis naval miwaze daval.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი