მთავარი » ქრისტიანობა

სიყვარულის შესახებ

სტატიის ავტორი: | თარიღი: 27.01.2020 | 755 ნახვა

დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე გვიმრაძე

– მამა დიონისე, გვესაუბრეთ სიყვარულის შესახებ. ქრისტიანული მოძღვრება გვასწავლის, რომ იგი უპირველესი და უმთავრესი მცნება-სათნოებაა.

– სიყვარული ყველაზე დიდი სათნოებაა. ის ადამიანის შინაგანი შეგრძნება და მდგომარეობაა, ამიტომ მის არსს სიტყვით ბოლომდე ვერ გადმოვცემთ. ჩვენ შეგვიძლია გამოვთქვათ თუ რა გამოვლინებები ახასიათებს სიყვარულში მყოფ ადამიანს და რას არ ექვემდებარება იგი. როდესაც სხვადასხვა გრძნობათა მოქმედების ქვეშ ვიმყოფებით, იქნება ეს მწუხარება, ტკივილი, სიხარული თუ სიმშვიდე, ამ შინაგან განწყობილებებს სხვისთვის სრულად აღსაქმელად მაინც ვერ გადმოვცემთ.

ადამიანს, რომელსაც ჭეშმარიტი სიყვარული აქვს, მას სრული უვნებობა და ამავე დროს ყველა სათნოება მოუპოვებია თავის თავში. სიყვარულის ამგვარ მდგომარეობამდე ამაღლებას დიდი შრომა და ცოდნა სჭირდება. ამიტომ მივისწრაფვით რა სიყვარულისკენ, შედეგიც რომ ხელშესახები გავხადოთ, ამ უდიდესი სათნოების შესახებ თეორიული ცოდნის მისაღებად წმიდა წერილიდან უნდა ვიხელმძღვანელოთ. რის შედეგადაც ვამხელთ საკუთარ თავს და გამოჩნდება, გვაქვს თუ არა ჭეშმარიტი სიყვარული.
ზოგიერთ ჩვენგანს გვიჭირს აღსარების თქმა, რადგან ვერ ვხედავთ საკუთარ ცოდვებს. ამაშიც დაგვეხმარება სიყვარულის სახარებისეული განმარტება. თუ არ გვაქვს სიყვარული და ამას მივხვდებით, მაშინ იმასაც გავიგებთ, რა შინაგანი განწყობილებები – ცოდვები გვიშლის ხელს ამ სულიერი სიმაღლის დასაპყრობად.

– როგორ არის წმინდა წერილში სიყვარული დახასიათებული?

– წმინდა წერილი თავად სიყვარულის სულით არის განმსჭვალული, რადგან მასში ღმერთის კაცობრიობაზე მზრუნველობის საოცარი ამბავია მოთხრობილი. იესო ქრისტე სიყვარულზე დაწვრილებით საუბრობს. იგი ამბობს, რომ ღვთისა და მოყვასის სიყვარული ის ორი ძირითადი მცნებაა, რომელიც თავის თავში ყველა სხვა მცნების დაცვასაც მოიცავს: ,,ამათ ორთა მცნებათა ყოველი სჯული და წინასწარმეტყუელნი დამოკიდებულ არიან” (მათ.22:40). იგი, სწავლებასთან ერთად, სიყვარულის საუკეთესო მაგალითს გვაძლევს კაცობრიობისთვის გაღებული მსხვერპლის – ჯვარცმის სახით. ამიტომ, სიყვარული მოყვასისთვის თავგანწირვა და ყველაზე ღირებულის – საკუთარი თავის უარყოფაა: ,,უფროისი ამისა სიყვარული არავის აქუს, რათა სული თვისი დაჰსდუას მეგობართა თვისთა-თვის” (ინ.15:13).

მამაო, საინტერესოა, როგორ უნდა შევიყვაროთ ადამიანებმა ერთმანეთი? არის შემთხვევები, როდესაც მრევლში, თუნდაც ერთი მოძღვრის სულიერ შვილებს ერთმანეთი არ უყვართ და მეტიც, ერთმანეთი აღიზიანებთ.

წმიდა პავლე მოციქული ნათლად გვასწავლის ამის შესახებ. მისი თქმით ეკლესია ქრისტეს სხეულია. ყოველი ჩვენგანი ქრისტეს სხეულის ნაწილს წარმოვადგენთ. აღნიშნული სხეული მრავალფეროვანია იმ კუთხით, რომ მრავალი ნიჭისა და განსხვავებული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისგან შედგება. შესაბამისად, ეკლესიაში მსახურების აღსრულების კუთხითაც განსხვავებულები ვართ, მაგრამ ამ ფაქტორმა ჩვენს ურთიერთობაში რაიმე ბზარი არ უნდა შეიტანოს. როგორც ერთი მთლიანი სხეულის ნაწილებს, ძალიან უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი. თუ სხეულის ნაწილებს შორის არ არის ჰარმონია, ის უკვე კარგავს ერთიანობას. ჩვენ შორისაც თუ იქნებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც არ გვიყვარს, მაშინ მთლიან სხეულს _ ქრისტეს ეკლესიას ვეწინააღმდეგებით. ეს კი იმას მიანიშნებს, რომ არათუ სათნოების გზაზე ვდგავართ, არამედ უფლის მტრადაც შეიძლება ვიქცეთ, როგორც ერთიანი სხეულის მოწინააღმდეგენი. თუკი სხეულის რომელიმე ნაწილი დასნეულებულია, მარტო იმ ნაწილს სტკივა? მაგალითად, თითი რომ გვტკიოდეს, ჩვენ ვიტყვით, რომ ეს თითი ჩვენი არ არის და თითმა იდარდოსო? მთელი სხეული განიცდის ამას. თუკი რომელიმე ჩვენგანს რაიმე უჭირს – სულიერად თუ ცხოვრებისეულად, ეს ჩვენც უნდა გვტკიოდეს. აი, ამგვარი სიყვარულისკენ მოგვიწოდებს პავლე მოციქული: ,,ყოვლითა სიმდაბლითა და სიმშვიდითა და სულგრძელებითა, თავსიდებდით ურთიერთას სიყვარულითა, ისწრაფდით დამარხვად ერთობასა მას სულისასა საკრველითა მით მშვიდობისათა” (ეფეს.4:2-3).

ტაძარში სიარული მხოლოდ საკუთარ თავზე მზრუნველობას როდი გულისხმობს. აქ ჩვენ უკვე ერთ მთლიან ორგანიზმად ვიქცევით და თუკი სხვისი ტკივილი და სიხარული ვერ ვიგრძენით, ე.ი. ამ სხეულის ნაწილად ყოფნა არ გვსურს. მაშინ ქრისტეც არ მიგვიღებს. ასე რომ ერთმანეთი უნდა ვიტვირთოთ, შევიყვაროთ და ცხოვრების ნებისმიერი წინააღმდეგობისას ერთსულოვანნი ვიყოთ.

წმიდა პავლე მოციქული მზად არის ყველაფერი დათმოს მოყვასის კეთილდღეობის სანაცვლოდ, უკუაგდოს პირადი ინტერესები: ,,რამეთუ ვილოცევდ მე შეჩუენებულყოფად თავსა ჩემსა ქრისტესგან ძმათა ჩემთათვის და ნათესავთა ჩემთა ხორციელად” (რომ.9:3) აი, რამხელა სიყვარული და თავგანწირვა ჰქონდა მას მოყვასის მიმართ. ჩვენ კი ამ მდგომარეობიდან ძალიან შორს ვდგავართ, სიკეთეს სხვისგან ველოდებით. თუ ჩვენდამი სიყვარულითა და სითბოთი ყურადღებას გამოიჩენენ, მაშინ შესაბამისად ვპასუხობთ. სხვა შემთხვევაში უმოქმედონი და გულგრილნი ვართ. ამგვარად ვერ ვამართლებთ ქრისტიანის სახელს.

პავლე მოციქული იმასაც ხომ აღნიშნავს, რომ სიყვარულის გარეშე ყველა სხვა სათნოება აზრს კარგავს.

დიახ, წმიდა პავლე მოციქული ამბობს, რომ თუ სიყვარული არ მაქვს, თუნდაც იმხელა რწმენა მქონდეს, რომ მთებს გადავაადგილებდე, მაინც უბრალო ჟღარუნა რკინა ვიქნები. ჩვენ არ უნდა გვეგონოს, რომ საკმარისია მხოლოდ რწმენაში გაძლიერება. სასწაულებს რომ აღასრულებდე, მთელ შენს ქონებას რომ გლახაკებს ურიგებდე, თუ სიყვარული არ გაქვს, არაფერიც არ ხარო. ეშმაკს ჩვენზე ძლიერი რწმენა აქვს, იგი ჩვენზე ახლოს იცნობს ღმერთს. ამიტომ სრულფასოვანი რწმენა, კეთილი საქმეების გარეშე, არასაკმარისი პირობაა სიყვარულისა. მაგრამ რწმენით აღსრულებული საქმეებიც ვერ აგვამაღლებს სიყვარულამდე თუ თავმომწონეობით აღვასრულებთ მათ.

– პავლე მოციქული სიყვარულის დახასიათებისას ამბობს, სიყვარული სულგრძელი და მოწყალეაო. ეს რას ნიშნავს?

– ეს იმას ნიშნავს, რომ სიყვარულით სავსე ადამიანი სულგრძელებით გამოირჩევა. არ აქვს მნიშვნელობა მის მიმართ გამოიჩენენ თუ არა მადლიერებას. ის მაინც ყველას მიმართ თანაბრად სულგრძელი და მოწყალეა, იმსახურებს თუ არა მისგან ვინმე მოწყალებასა და მზრუნველობას, რადგან იგი თავისას არ ეძებს.

– თითქოს, ადამიანები ერთმანეთის მოსიყვარულეები არიან, სინამდვილეში კი ერთმანეთის შურთ. ამაზე რას იტყვით?

-მხოლოდ შური როდია უსიყვარულობის მიზეზი. მითუმეტეს იშვიათად ვაღიარებთ, რომ შეიძლება შურიანები ვიყოთ. თუმცა გარეგნულ მრისხანებაში რომ ვვარდებით, ამას ადვილად ვხედავთ. პავლე მოციქული ამბობს:

,,სიყუარული სულგრძელ არს და ტკბილ; სიყუარულსა არა შურნ, სიყუარული არა მაღლოინ, არა განლაღნის” (1კორ.13:4). როგორც ვხედავთ, სიყვარულს არც შურს და არც მრისხანებს. ჩვენ კი მხოლოდ შური მიგვაჩნია უსიყვარულობის გამოვლინებად, რაც ძალიან არამართებულია, რადგან აკნინებს სიყვარულის არსსა და მნიშვნელობას. მაგალითად, დედას შვილის არ შურს, მისგან ბევრ რამეს ითმენს, რაც არ უნდა დააშავოს, მაინც უყვარს იგი. მაგრამ ზოგჯერ დედის ეგოიზმით გამოწვეული უზომო მრისხანება შვილისადმი სიყვარულსაც კი გადაფარავს. შესაბამისად, წმიდა პავლე მოციქული უსიყვარულობის სხვადასხვა გამოვლინებებზე მიგვითითებს: ,,არა სარცხვინელ იქმნის, არა ეძიებნ თავისასა, არა განარისხნის, არად შეჰრაცხის ბოროტი; არა უხარინ სიცრუესა ზედა, არამედ უხარიან ჭეშმარიტებასა ზედა; ყოველსა თავს-იდებნ, ყოველი ჰრწამნ, ყოველსა ესავნ, ყოველსა მოითმენნ; სიყუარული არასადა დავარდების” (1კორ.13:5-8).

-ხომ შეიძლება დიდი სიყვარულით არც გვიყვარდეს ადამიანი, მაგრამ მაინც ვტვირთულობდეთ მას, ანუ არ ვურისხდებოდეთ და ა.შ.?

-სანამ სიყვარულით არ აივსება ჩვენი გული, მანამდე ვერ ვიტვირთავთ ადამიანებს ისეთებად, როგორებიც ისინი სინამდვილეში არიან. დღეს ჩვენ ასეთი დამოკიდებულება გვაქვს _ ყველას დამსახურებისამებრ ვექცევით, მხოლოდ მაშინ ვართ მზად იგივეთი ვუპასუხოთ, როდესაც ჩვენს მიმართ იჩენენ სიყვარულს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ ვუპირისპირდებით, ურთიერთობა გვაღიზიანებს და იმდენად ვიძაბებით, როგორც კი მათგან რაიმე გამაღიზიანებელი განწყობა გამომჟღავნდება სიტყვით, საქმით თუ მინიშნებით, მზად ვართ მრისხანებით ვუპასუხოთ. მაგრამ თუ გვიყვარს ადამიანი, ვიღებთ მას მთელი თავისი ნაკლოვანებებით.

ამრიგად, როდესაც ვმრისხანებთ, აღშფოთებულნი ვართ, ვერ ვითმენთ, ადამიანებს შეურაცხვყოფთ, უმადურობას გამოვხატავთ და მოყვასის წინაშე სხვა მრავალგვარ მანკიერებებს ვამჟღავნებთ, ეს ყოველივე სიყვარულის ნაკლებობაზე მიგვანიშნებს. ღმერთმა მოგვმადლოს დიდი სიყვარული სრულიად საქართველოსა და ყოველ ქრისტიანს, ამინ!

წყარო: წიგნი “ნანდვილვე აღდგა უფალი”




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი