მთავარი » ეკლესია-მონასტრები

სურამის ციხე

სტატიის ავტორი: | თარიღი: 24.06.2010 16 კომენტარი | 21,296 ნახვა

სურამის ციხედაბა სურამის ტერიტორიაზე მრავალი კულტურული ძეგლია, რომელთაგან სურამის სავიზიტო ბარათი “სურამის ციხე” პირველ ადგილზეა.

ყველას, ცოტად თუ ბევრად განათლებულს და საქართველოს ისტორიასთან გაცნობილს ქართველს კარგად მოეხსენება ისტორიული მნიშვნელობა და დიდებული წარსული სურამის ციხისა. იგი ამაყად სდარაჯობდა თურმე ზემო ქართლის ხეობას ქ. გორიდან დაწყებული, ვიდრე ლიხის მთებამდე.

თუ როდისაა აშენებული სურამის ციხე, ისტორიულად არაა ცნობილი. ქართული საისტორიო წყაროები ამის შესახებ დუმან. XIX სკ-ის ქართველი ისტორიკოსის პლატონ იოსელიანის ცნობით, სურამი და მისი ციხე-სიმაგრე აშენებულია მეფე ფარნავაზის (ძვ. წ.აღ-ის II-ის I ნახევარი) მიერ, 200 წლით ადრე ქრისტეს დაბადებამდე, სურამის ციხის აგებასთან საინტერესო ცნობებია დაცული სპარსულ და თურქულ საისტორიო წყაროებში, XVII სკ-ის ცნობილი თურქი მოგზაური ევლია ჩელები სურამის ციხის აშენებას სპარსეთის მეფე ანუშირვანის სახელს მიაწერს. სპარსი ისტორიკოსი ისქანდერ მუნში ციხის აშენებას შაჰ აბასს უკავშირებს. თანამედროვე ქართველი ისტორიკოსები (შ. მესხია, პ. ზაქარაია და სხვა) აზრით, ციხე განვითარებული ფეოდალიზმის ხანაში აიგო (XIს.).

ამრიგად, ქართულ და უცხოურ ისტორიულ წყაროებში სურამის ციხე XVI-XVII საუკუნეებიდან იხსენიება და ქვეყნის თავდაცვის საქმეში უდისესი სტრატეგიული მნიშვნელობა ქონდა XIV სკ-ის დასაწყისამდე. იგი იმართებოდა სამეფო ხელისუფლებისაგან.

სურამის ციხე ძნელად მისადგომ ციხედ ითვლებოდა. იგი კლდოვან კონცხზეა აგებული, მისი კედლები საკმაოდ სქელი და მყარია. სურამის ციხით ერთ დროს დაინტერესებულა იტალიელი მხატვარი, რომლის მიერ შესრულებული გრავიურა არსებობს მე-18 სკ-ით დათარიღებული, თურქი მოგზაური ევლია ჩელები, ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი, გერმანელი მოგზაური იაკობ რაინგერი, ალექსანდრე ამილახვარი სურამის ციხის უძლეველობაზე წერს: ასე აგვვიწერენ ქართველი და უცხოელი ავტორები სურამის ციხეს. ყველა ერთხმად მიუთითებს მის სიმტკიცესა და სიძლიერეზე, მან საუკუნეების მანძილზე მთელი რიგი ცვლილებები განიცადა გარეგნული თვალსაზრისით, ჩვენამდე მოაღწია თითქმის ისე, როგორც XIX სკ-ის 30-იანი წლებისათვის გამოიყურებოდა. 1898 წელს გაზეთი “ცნობის ფურცელი” აღნიშნავდა: “ეხლა სურამის ციხე აღარას წარმოადგენს, სამხრეთით სულ ჩამონგრეულია. შერჩენოდა აღმოსავლეთ ჩრდილო დასავლეთით კედლები, ისინიც ძალიან დაზიანებული, შიგ კიდევ ეკლესიის მეტი აღარაა გადარჩენილა რა. ისიც ძალიან ჩქარა დაინგრევა. ეკლესიის კედლები, ეტყობა დახატული უნდა ყოფილიყო, მაცხოვრის სახე ოდნავადღა ეტყობა”.

სურამის ციხესურამის ციხე-სიმაგრე კომპლექსს წარმოადგენს, მასში შედის გალავანი-ციხე, წმ. გიორგის ეკელსია, კოშკი და სასახლე. ციხეს ქონდა გვირაბი, რომელიც დაბლა ეშვება 12-16 მეტრზე, შემდეგ ქვემოთაა ჩახერგილი. გადმოცემის თანახმად ციხე უკავშირდებოდა ამაღლების ეკლესიას და მდ. სურამულას, საიდანაც სასმელი წყალი შექონდათ ციხეში. სურამის ციხის შესახებ უძველესი დროიდან არსებობს თქმულება, თითქოს მისი უძლეველობის მიზეზი იმაშია, რომ მის კედლებში ცოცხლად არის ჩაკირული დედისერთა ვაჟი, რომლის შესახებ დღესაც მღერიან ხალხში. ამ ლეგენდას მიუძღვნა დ. ჭონქაძემ თავისი ნაწარმოები “სურამის ციხე”, რომელიც მოგვითხრობს, რომ სურამის ციხე რომ აშენებულიყო დედისერთა ვაჟი – ზურაბი უნდა ჩაეტანებინათ კედელში, ამბობენ იმ მხარეს სადაც ზურაბი ჩააშენეს, დღესაც წვეთ-წვეთად მოჟონავსო დედის ანკარა ცრემლი. იმასაც ამბობენ, რომ ყოველ მთვარიან ღამეს სურამის ციხესთან გამოდის შავებში გახვეული ქალი და ტირილით შეჰღაღადებსო ციხის ნანგრევებს:

“სურამისა ციხეო, სურვილითა გნახეო
ჩემი ზურაბ მანდ არის, კარგად შემინახეო”.

იგივე ლეგენდა დაედო საფუძვლად სურამელი მწერლის დავით სულიაშვილის ვრცელ მოთხრობას “ზურაბის ციხე”.

სურამის ციხე

სურამის მკვიდრმა, ყოფილმა განათლების გამგემ, აწ. გარდაცვლილმა კარლო ნადირაძემ ლექსი მიუძღვნა სურამის ციხეს:

“როდესაც დუღაბით ჩაკირულ კედელზე,
მზე სხივებს მოაბნევს თბილსა და ელვარეს,
როდესაც ზღვა ნისლში ის ციხე გასცურავს,
მე ფიქრი შემიპყრობს, შმაგი და მღელვარე,
ბნელ საუკუნეებს გაფანტავ გონებით.
დილაა, ზღვა ხალხი ციხესთან ზურაბი
ნაღვლიან თვალებით გასცქერის მიდამოს
დაბლა მის ფეხებთან გართხმულა სურამი.
ეს ხალხის სიჩუმე: ქვითინი დედისა
ქაფჩების ხმაური და გულთან სიცივე;
ოცნების დაღუპვა, ქვითინი სატრფოსი,
ჰაერის სიმცირე, ჰაერის სიმცირე.
გათავდა ჰაერი ათრთოლდა ქვითინით
კედელთან გამოჩნდა მტირალი ასული;
ციხეს არ შორდება, იქ ეგულებოდა
ჭაბუკი კედელში დუღაბში ჩასმული.
საღამო, ო ბნელი ის ქართლის საღამო
რომელიც ერეკლემ ნაღმებით დაფლითა
და ციხე ნაომი ათასი წლებითა
აიღო ნაღარით, ზეიმით, დაფითა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

16 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი