მთავარი » დღესასწაულები

სულთმოფენობა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 03.06.2023 | 19,486 ნახვა

დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე გვიმრაძე:

“სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა! სულიწმიდა მოვიდეს თქვენზედა და ძალი მაღლისა გფარვიდეთ თქვენ. გილოცავთ სულთმოფენობას! სულთმოფენობა დღეს არის სულიწმიდის გარდამოსვლის და ჩვენთვის განსაკუთრებული სიხარულის დღე. გარდა იმისა, რომ ეს არის უდიდესი დღესასწაული, ამავე დროს, ამ ტაძრის დღესასწაულიც გახლავთ. თქვენ იცით, რომ ეს ტაძარი აშენდა და იკურთხა სწორედ სულთმოფენობის სახელზე. რატომ იქნა შერჩეული სულთმოფენობის დღესასწაული ამ ტაძართან მიმართებაში? იმიტომ, რომ ამ ტაძრის აშენება მართლაც მოხდა სულიწმიდის განგებულებითა და უშუალო მონაწილეობით; აი, როგორც თავის დროზე ღმერთმა შექმნა სამყარო სულიწმიდის მოქმედებით, ასევე ეს ტაძარი სწორედ ამგვარად სწრაფად, დიდი შრომისა და ჯაფის გარეშე, თავად ღმერთმა აღაშენა, გაალამაზა, შეამკო. თქვენ კარგად უწყით, რომ ჩვენ არ გვქონდა არანაირი სახსარი ამ ტაძრის აღშენებისთვის, თუმცა უფალმა საოცარი წყალობა გამოიღო ჩვენზედა და მოგვივლინა კეთილი ადამიანები. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით ჩანს სულიწმიდის მოქმედება ამ ტაძართან მიმართებაში.

თუმცა ყოველი ტაძარი ღვთის სახლია და მისი შეწევნით შენდება, ამიტომ კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ამ დიდებულ დღესასწაულს ვუკავშირდებით, იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოში იშვიათია სულთმოფენობის სახელობის ტაძრები. ამიტომ, თავად ამ დღესასწაულის პატივგებისათვის და იმისთვის, რომ ადამიანებმა მეტი ცოდნა მიიღონ ამ უდიდესი მოვლენის შესახებ, ჩვენმა მღვდელმთავარმა სწორედ ამგვარად განაგო. ამიტომ, მორწმუნეებმა კარგად უნდა გავითავისოთ, თუ რას ნიშნავს სულთმოფენობა და შემდგომ იმ ადამიანებს ავუხსნათ, რომლებიც დაინტერესდებიან ამ საკითხით; ასეთნი კი, ვფიქრობ, მრავალნი აღმოჩნდებიან ჩვენ გარშემო.

ჩვენ არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რომ სულიწმიდა ღმერთი სამების ერთ-ერთი პირია; რომ სულიწმიდა ქრისტეს დაპირებისამებრ, მისი ამაღლების შემდეგ გარდამოვიდა; რომ ნათლობის შედეგად ყოველ ჩვენთაგანზე გარდამოდის სულიწმიდა; რომ ღმერთის განცდა სწორედ სულიწმიდის მადლით შეგვიძლია.

მაშ ასე, მივყვეთ თანმიმდევრობით და გავიხსენოთ წმიდა წერილში მოთხრობილი ამბავი; მას შემდეგ, რაც იესო ქრისტე აღდგომიდან მეორმოცე დღეს ამაღლდა ზეცად და განეშორა თავის მოწაფეებს, იგი დაპირებისამებრ მოუვლენს მათ სულიწმიდას: „უმჯობეს არს თქუენდა, რაითა მე წარვიდე; უკუეთუ მე არა წარვიდე, ნუგეშინისმცემელი იგი არა მოვიდეს თქუენდა; უკუეთუ მე წარვიდე, მოვავლინო იგი თქუენდა”(იო. 16,7).

მართლაც, მეათე დღეს ამაღლებიდან, როგორც დღეს საქმე მოციქულთაში წავიკითხეთ, იყვნენ რა ერთად შეკრებილნი მოციქულები და ქრისტეს მიმდევრები, სადღაც 120 კაცამდე, „იყო მეყსეულად ზეცით ოხრაი, ვითარცა მოწევნაი ქარისა სასტიკისაი, და აღივსო ყოველი იგი სახლი, სადა იგი იყვნეს მსხდომარე”(საქ. 2,2). უცბად სასტიკი ქარის მსგავსი რამ ამოვარდა, ოღონდ არა ქარი, არამედ ხმა და ქროლვა მსგავსი ქარისა. შემდეგ აგრძელებს წმიდა წერილი: „და ეჩუენნეს მათ განყოფანი ენათანი ვითარცა ცეცხლისანი, და დაადგრა თითოეულად კაცად-კაცადსა მათსა ზედა”(საქ. 2,3). აქაც, ცეცხლის ენებში არა უშუალოდ ცეცხლი უნდა მოვიაზროთ, არამედ ეს არის მხოლოდ მსგავსება მოვლენისა; ეს ზებუნებრივი ცეცხლის ალი დაადგრა მოციქულებზე და ისინი „აღივსნეს ყოველნი სულითა წმიდითა და იწყეს სიტყუად უცხოთა ენათა”(საქ. 2,4). აი, ეს გარეგნული ქმედებანი და სასწაულები სიჩუმეში კი არ აღესრულა, არამედ „იყო რა ხმაი ესე, შეკრბა სიმრავლე ერისა და შეშფოთნეს”(საქ. 2,6). ანუ სულიწმიდის გარამოსვლა ისე აღესრულა, რომ ყოველთა ყურადღება მიიპყრო; იმ დროში კი იერუსალიმში აღნიშნავდნენ ერგასის დღესასწაულს. შესაბამისად – იქ თავმოყრილნი იყვნენ წარმომადგენლები თითქმის ქვეყნიერების ყოველი კუთხიდან; ამის შესახებ მოგვითხრობს კიდეც წმიდა წერილი.

თუმცა აქ ხალხთა წარმომავლობაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანი სხვა რამ გახლავთ; მოციქულებს სულიწმიდის გარდამოსვლის შედეგად მიეცათ უცხო ენებზე საუბრის ნიჭი, რის გამოც ფრიად გაკვირდნენ იერუსალიმში შეკრებილნი და იმასაც კი ამბობდნენ, რომ ღვინით არიან მთვრალნი მოციქულნიო. მით უმეტეს, მოციქულები გალილეიდან იყვნენ წარმოშობით, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ განსწავლულობით დიდად ვერ დაიკვეხნიდნენ, ამიტომ კიდევ უფრო მეტად „განჰკრთეს ყოველნი”. მოციქულები კი უცხო ენებზე საუბრობენ, თანაც ისე, რომ ყველა უცხოტომელს ესმოდა თავის ენაზე წარმოთქმული სიტყვები, რომლითაც განადიდებდნენ უფალს.

აი, ამგვარი გახლდათ სულიწმიდის გარდამოსვლასთან დაკავშირებული მოვლენები; თუმცა ერთი გარემოება განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია; ამ მოვლენამდე შეშინებული, შეცბუნებული და დაფარულში მყოფი მოციქულები თამამად, მტკიცედ და უშიშრად გამოემართებიან ქალაქ იერუსალიმისაკენ და პეტრე მოციქულის თაოსნობით იწყებენ ქადაგებას. სულიწმიდით აღვსებული წმიდა პეტრეს პირველივე ქადაგებამ კი წარმოუდგენელი შედეგი მოიტანა, სამი ათასმა კაცმა სიხარულით შეიწყნარა მისი სიტყვა და ნათელ-იღო ქრისტეს სახელით.

ამ დღიდან მოყოლებული აღარასოდეს შეწყვეტილა ღვთის სიტყვის ქადაგება, აღარასოდეს შეწყვეტილა მადლის მიმღეობა, რამეთუ მოციქულების შემდეგ ეს მადლი მემკვიდრეობით გადაეცემათ მღვდელმთავრებს, მათი საშუალებით კი გვეძლევა ჩვენ. როგორც მამა თავის შვილს გადასცემს თავის სამკვიდრებელს, ასევე ყოველი ეპარქიის ახალი მღვდელმთავარი მიმღები არის იმ მემკვიდრეობისა, რასაც ჰქვია სულიწმიდის ნიჭი და აი, იმ საიდუმლოებების აღსრულების ძალაუფლება, რომელიც ღმერთისაგან არის ბოძებული მოციქულებზე. და აი, ესსულიწმიდის მადლი დამკვიდრებული არის ჩვენს ტაძრებში, ამიტომ ფაქტიურად დღევანდელი დღე ეკლესიის დაარსების დღედ იწოდება. აქ აღესრულება საიდუმლოებები, რომლის შედეგადაც ჩვენც გვეძლევა იგივე ძალა სულიწმიდისა, უბრალოდ ჩვენ, განსხვავებით მოციქულებისაგან, არა ვართ მიმღებნი იმ ხარისხის მადლისა, რაც მათ მიიღეს და რაც მათ განიცადეს სულთმოფენობის დღეს.

დიდია დღევანდელი დღის მნიშვნელობა, თუმცა ხშირად ადამიანები ურწმუნოებას გამოხატავენ ქრისტესადმი, სულის უკვდავებისადმი და მარადიულ ცხოვრებისადმი; ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ თუ ვინმე ქრისტესადმი შეიტანს ეჭვს, ეს კიდევ შეიძლება გარკვეულწილად გავამართლოთ იმ კუთხით, რომ მათ არ უნახავთ ქრისტე და გასაგებია, რომ შეიძლება ვერც ირწმუნონ იგი. ამიტომაც ქრისტემ გვითხრა: „ხოლო რაჟამს მოვიდეს ნუგეშინისმცემელი იგი, რომელი მე მოვავლინე თქუენდა მამისა ჩემისა მიერ, სული ჭეშმარიტებისაი, რომელი მამისაგან გამოვალს, მან წამოს ჩემთვის”(იო. 15,26). და აი, ჩვენ ვართ ეკლესიის წიაღში და შევიცნობთ ქრისტეს, რადგან ჩვენ ვართ საიდუმლოებებთან მაზიარებელნი და სულიწმიდა, რომელიც მოავლინა ქრისტემ, არის სწორედ მიმყვანებელი სწორედ ქრისტესთან. რადგან ქრისტე გვეუბნება, რომ ვინც გულით წმიდაა, ის მიიღებს სულიწმიდის მადლს და ვინც მიიღებს სულიწმიდის მადლს, ის შეიცნობს ქრისტეს და აღარასოდეს დაეჭვდება მის არსებობაში.

ამდენად, ქრისტესადმი რწმენის ერთადერთი გზა არსებობს – ეკლესიის წიაღში ყოფნა. ამიტომ უნდა აღვასრულოთ ღვთის მცნებები, ვეზიაროთ წმიდა საიდუმლოებებს და ამის შედეგად ჩვენზე გარდამოვა სულიწმიდის მადლი. სულიწმიდის მადლი კი მარტოოდენ უცხო ენათა საუბრის ნიჭში კი არ გამოიხატება, არამედ უპირველესად გულის მიერ განცდილ ლმობიერებაში, სიხარულში, სიმშვიდესა და სიყვარულში.

ღმერთმა მოგცეთ სულიწმიდის მადლი! ღმერთმა ქნას, რომ მომავალ წელს, ამავე დროს, ეს ტაძარი სრულად იქნას დასრულებული და კიდევ უფრო მეტად აღვსებულიყოს ჩვენი გულები საღმრთო სიხარულით. ჩვენ ხომ ამ მხარეში მოციქულთა საქმიანობა გვაქვს განსახორციელებელი, ღვთის სიტყვა უნდა ვიქადაგოთ, ხალხს ჭეშმარიტება უნდა გამოვუცხადოთ. თუ ჩვენ უზნეოდ ვიცხოვრებთ, მრავალნი დაბრკოლდებიან. დაე, განგვეწმინდოს თითოეულ ჩვენთაგანს საკუთარი სულის ტაძრები ყოველგვარი ცოდვისა და ბიწიერებისაგან, რათა ზიარებისას შემოსულიყოს მადლი, დამკვიდრებულიყოს ჩვენში და განეახლებინოს ჩვენი შინაგანი სამყარო. შეიძლება ითქვას, რომ თითოეული ჩვენთაგანი მოძრავ ტაძარს წარმოვადგენთ და არ გვეპატიება მისი შებღალვა.

უფალმა გაკურთხოთ, გაგაძლიეროთ! სულიწმიდის მადლი ყოფილიყოს ჩვენზედა. ჩვენთან არს ღმერთი!”


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი