მთავარი » ქრისტიანობა

სულიერი სიბრმავე

სტატიის ავტორი: | თარიღი: 23.03.2019 | 1,355 ნახვა

იღუმენი დიონისე გვიმრაძე (დმანისის სიონის ტაძრის წინამძღვარი): 

შობიდან ბრმა ადამიანისთვის უცხოა ყოველგვარი სინათლე, მას თვალზე ბინდი აქვს გადაფარებული. ეს ბინდი კი აიძულებს, თავის თავში მეტად ჩაიკეტოს, რადგან გარე სამყაროსთან ერთ-ერთი ურთიერთობის საშუალება არ არსებობს. ეს არის ზღვარი, რომელიც ადამიანს ვარაუდისა და წარმოსახვისკენ უბიძგებს. მას რეალობის ბოლომდე წარმოდგენა არ ძალუძს.

ასევეა სულიერი სიბრმავეც: არ შეუძლია სულიერი სინათლის – ღმერთის (1იოან.1:5) დანახვა. ამიტომ, ღვთაებრივი სინათლის სხივები ადამიანამდე ვერ აღწევს. როგორც მზის სხივები ყველას და ყოველივეს ეფინება, მაგრამ ზოგნი თავიანთი სიბრმავის გამო ვერ ხედავენ მას, ასევე სულიერი სინათლით – ღვთაებრივი მადლითაა გაჟღენთილი მთელი სამყარო, თუმცა ბევრი მას ვერ ამჩნევს. ამიტომ მხოლოდ ადამიანის შინაგან მდგომარეობაზეა დამოკიდებული ღვთაებრივი ნათლის ჭვრეტის შესაძლებლობა.

ღმერთი სულია და მისი თაყვანისცემაც სულით გვმართებს (იოან.4:24). უნდა მოხდეს სულთა შეხვედრა. სული ყოველგან არს და ყოველსავე აღავსებს. არ უნდა არსებობდეს საფარველი ადამიანსა და ღმერთს შორის, ვინაიდან შემოქმედმა თითოეული პიროვნება იმისთვის მოავლინა, რომ ღვთაებრივი მადლი შეემოსა. თუმცა ამისთვის გარკვეული საღვთო პირობებია დასაცავი: “არავის მონასა ხელ-ეწიფების ორთა უფალთა მონებად: ანუ ერთი იგი მოიძულოს და ერთი შეიყვაროს. ვერ ხელ-ეწიფების ღმრთისა მონებად და მამონაისა” (ლუკ.16:13). ამიტომ, სხეულის მსახურება სულს აზიანებს და სულიერ თვალს აბნელებს. შეუძლებელია ერთდროულად სულიერი მზერა ცოდვისკენაც იყოს მიდრეკილი და ღმერთისკენაც. ადამიანი მოწოდებულია, რომ გახდეს მადლის სავანე და ჭურჭელი. მადლი თავმდაბლობით გვეძლევა, თავმდაბლობა – საკუთარი თავის შეცნობით. საკუთარი თავის შეცნობა კი სულიერი თვალის აღხილვას ნიშნავს.

აქედან გამომდინარე, სულიერი სიბრმავე საკუთარი თავის შეუცნობლობას ნიშნავს. ხოლო, ვინც საკუთარ თავს ანუ დაცემულ ბუნებას ვერ შეიცნობს იგი არც სრულყოფილი უფლის ძიებას დაიწყებს და არც არასრულყოფილი მოყვასის ტვირთვას შეეცდება. ამგვარი ადამიანისთვის დამახასიათებელია თავის თავში ჩაკეტილობა, ეგოცენტრიზმი და თავმოყვარეობა. ვინაიდან ვინც მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობისთვის იღვწის, მას სხვა საფიქრალი არ გააჩნია. ბუნებრივია, რომ ის მომხვეჭველია არა მარტო ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, არამედ მისი სხვა მნიშვნელობითაც – ყოველგვარი ცოდვის, მიწიერი სარგებელისა და პატივის მიღების წყურვილით. შესაბამისად, მაცხოვარი წმინდა წერილში ხშირად მოგვიწოდებს, რომ სულიერი თვალი აღვიხილოთ. რადგან ,,უკუეთუ თვალი შენი ბოროტ იყოს, ყოველი გუამი შენი ბნელ იყოს” (მათ.6:23). ამიტომ, ადამიანს არ შეუძლია სულიერი თვალის აღხილვის გარეშე ღმერთთან ურთიერთობას მიაღწიოს. ჩვენ თავად აღვმართავთ საფარველს თვალზე და როგორც ფიზიკურად ბრმას არ შეუძლია სინათლის, მოვლენებისა და საგნების ზუსტად ასახვა და აღქმა, ასევე ადამიანისთვის, სულიერი თვალის გარეშე, შეუძლებელი ხდება ღვთაებრივი სინათლის ჭვრეტა.

სულიერ სიბრმავეზე წმინდა წერილში კიდევ მრავალ ადგილას არის მითითებული. ერთ ეპიზოდში სულიერ ბრმებს – ფარისევლებს მიმართავს: “სჯად სოფელსა ამას მოსრულ ვარ მე, რაითა რომელნი არა ხედვიდეს, ხედვიდენ; და რომელნი ხედვიდეს, დაბრმენ” (იოან.9:39). ამით, ქრისტე თავისი განკაცების მიზეზზე მიანიშნებს და აღნიშნავს, რომ ადამიანთა სულიერი გამოფხიზლებისა და ხედვისათვის მოევლინა. ასევე აღნიშნავს, რომ ვისაც სჯულის ცოდნა და ხედვა ჰქონდა, მაგრამ გონს არ მოეგო, ის სულიერად დაბრმავდება ანუ დაისჯება. შემდეგ აგრძელებს: “უკუეთუმცა ბრმანი იყვენით ცოდვაიმცა არა გაქუნდა; ხოლო აწ იტყვით, ვითარმედ: ვხედავთ, და ცოდვანი თქუენნი ჰგიან” (იოან.9:41). თუკი თქვენ ხორციელად ბრმები იქნებოდით, ცოდვა არ გექნებოდათ, რადგან ბევრ რამეს არ მოგთხოვდათ ღმერთი. თქვენ არა ხართ ბრმანი, ამბობთ, რომ ყოველივეს ხედავთ, მაგრამ სულიერად ცოდვაში ხართ. ამიტომ მაცხოვარი მოგვიწოდებს, რადგან არა ვართ ბრმანი და ღმერთმა სულის თვალი – გონება მოგვცა, ამიტომ უნდა შევძლოთ გონებით ჩვენი ცოდვები დავინახოთ და განვჭვრიტოთ. სხვა შემთხვევაში ვიქნებით სულიერად ბრმები.

სულიერი ბრმა არა მარტო საკუთარი თავის მტერია, არამედ, თუკი სხვისი წინამძღვრობა მოუწია, მასაც უფსკრულში გაიყოლებს: ,,ნუ ხელ-ეწიფების ბრმასა ბრმისა წინაძღუანვად, არამედ ორნივე ჯურღმულსა შთაიცვივენ” (ლუკ.6:39).

ამრიგად, ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ეს სულიერი სიბრმავე, ჩაკეტილი სამყარო გავარღვიოთ და ეს საფარველი, რომელიც ჩვენ წინ არის აღმართული უფსკრულის სახით, განვაქარვოთ და ღვთაებრივ სინათლეს საშუალება მივცეთ შემოაღწიოს ჩვენში. ამით ჩვენი შინაგანი და ჩაკეტილი სამყარო ნათებას დაიწყებს. ღვთაებრივი სინათლის გარეშე შეუძლებელია განვჭვრიტოთ საკუთარი თავი, მანკიერებები და სულიერი შესაძლებლობები, და ყველაფერი ის, რაც ჩვენში ამ საოცარი ბუნდოვანებითაა დაფარული.

იოანე მოციქულიც გვარიგებს: ”რომელსა უყუარდეს ძმაი თვისი, იგი ნათელსა შინა არს და საცდური არა არს მის თანა, ხოლო რომელსა სძულდეს ძმაი თვისი, იგი ბნელსა შინა ვალს, და არა იცის, ვიდრე ვალს, რამეთუ ბნელმან დაუბრმნა თუალნი მისნი” (1იოან.2:10,11). ამრიგად, თუკი სიბნელეში იქნება ადამიანი, თუნდაც მისი თვალი ხილვადობის საშუალებას ფლობდეს, მაინც ვერაფერს დაინახავს. თვალი მაშინ არის მხედველი, როცა მის წინაშე სინათლეა. თუკი არავინ გაანათებს გარე სამყაროს, მაშინ თვალის ხილვადობას არანაირი მნიშვნელობა არ ენიჭება. ღამესა და ბნელში თვალხილული ადამიანი ბრმას ემსგავსება. იგივეა სულიერებაშიც: ადამიანს, რომელსაც სულიერი თვალი – გონება გააჩნია, თუკი მასში ღვთაებრივი ნათელი რაიმე სახით არ შეაღწევს, მისი გონებაც ბნელით იქნება მოცული.

ასევე, როდესაც თვალის ჩინის მქონე ადამიანი ბნელში აღმოჩნდება, მაშინ ის გარე სამყაროს წარმოსახვას ცდილობს, მაგრამ ეს არ არის ის რეალობა, რის წინაშეც იგი იმყოფება. მისი გარე სამყაროსადმი შემეცნების არეალი იზღუდება და გარკვეულწილად საკუთარ თავში იკეტება. ასევე არის სულიერად გაუნათლებელი ადამიანის მდგომარეობაც. ისიც საკუთარ თავში იკეტება. მართალია, იგი ხორციელი თვალით ხედავს გარე სამყაროს და მოყვასს, ასევე, საშუალება აქვს, სულიერი თვალით განჭვრიტოს ღმერთი, მაგრამ ეს არ სურს და რადგან არ სურს, იგი სიბნელეშია, ღვთაებრივი სინათლისგან შორს დგას. შესაბამისად, მას თვითონ აქვს ჩაკეტილი ხილვადობის უნარი.

ამიტომ პირველი, რაც უნდა აღსრულდეს – სინათლის წყარო უნდა მოიპოვოს ადამიანმა, რომელიც სიბნელის განქარვებას მოახდენს. პატარა სანთელიც კი განაქარვებს ბნელს და იქ უკვე ნელ-ნელა ხილვადობის საშუალება გვეძლევა. ეს მარადიული სინათლე ღმერთისგან ჩაუქრობლად ანათებს. მაგრამ სწორედ ჩვენზეა დამოკიდებული, ამ სინათლეს რამდენად მივიღებთ, რამდენად შევძლებთ სინათლეს გავყვეთ, თუ ისევ დავხუჭავთ თვალს და ბნელში აღმოვჩნდებით.

და რა გვიშლის ხელს ჩვენ ამ სინათლის აღქმაში? როგორც ავღნიშნეთ, ღვთაებრივი ნათლის მიღებას ჩვენი თავმოყვარეობა ეღობება. და რა არის თავმოყვარეობა? ეს ყოველგვარი სიბნელისა და ცოდვის სათავეა. თავმოყვარე ადამიანი ყოველნაირად ცდილობს მრავალგვარ ცოდვას მიაგოს პატივი. ამიტომ ცოდვა უპირველესი მიზეზია, რამაც ჩვენ სულიერი მხედველობა დაგვიბნელა. ადამიანი რაც უფრო მეტად ზრუნავს საკუთარ თავზე, მით მეტად არის დაბრმავებული. წმიდა წერილიც ხომ გვეუბნება, “რომელმაც ქმნეს ცოდვაი, იგი ეშმაკისაგან არს” (1იოან.1:8) და ღმერთთან ვერ იქნება.

ღმერთთან ერთობისკენ პირველი ნაბიჯი წმინდა ეკლესიაში მისვლაა, რადგან ეკლესია წმინდა მამათა მიერ სარკეს არის შედარებული. ვინც მასში შევა, იგი სარკეში ცქერას იწყებს და თავის რეალურ, მოუწესრიგებელ ბუნებას ხედავს. ამის შედეგად უკვე ჩნდება გამოსწორების სურვილი.

ამიტომ პირველი და უმთავრესი, რითაც ადამიანში ღვთაებრივი სინათლე შემოანათებს, წარსული ცხოვრების უგულებელყოფა, ზურგის შექცევა ანუ ცოდვებთან ბრძოლის დაწყებაა. ამგვარი ნაბიჯის გარეშე ვერასოდეს შევიგრძნობთ ღვთაებრივ მადლს. რას ამბობს უფალი ვინ იხილავსო ღმერთს? “ნეტარ იყვნენ წმინდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ” (მათ.5:8). გულის სიწმინდე ვერ იქნება იქ, სადაც ცოდვაა. ამრიგად, ყოველგვარი ცოდვისა და უსჯულოებისაგან განრიდებისკენ ვართ მოწოდებულნი, რათა მოვწყდეთ ბოროტებას და ჩვენში ღვთაებრივმა ნათელმა დაიწყოს შემოსვლა.

მეორე მნიშვნელოვანი ხელის შემშლელი გარემოება, რაზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ, არის ის, რომ გარდა ცოდვისა და უსჯულოებისა, მიწიერი საზრუნავებიც არანაკლებ გვიბნელებენ სულიერ თვალს. მართალია, საქმე და საზრუნავი არ გამოილევა ამ ცხოვრებაში, მაგრამ არ უნდა მოხდეს უმაღლესი მიზნის უგულებელყოფა. განა ვინმე მოისურვებს დღისით, მზის სინათლეზე თვალდახუჭულ სიარულს?

ამრიგად, სულიერი სიბრმავე თავმოყვარეობის თვალსაჩინო გამოვლინებაა. ამავე დროს, სულიერად ბრმა ვერ ხედავს ღვთაებრივ სინათლეს, რადგან მისი თაყვანისცემის საგანი საკუთარ თავში არსებული წარმოსახვითი ნათებაა. ამგვარი ნათება ბოროტის მიერაა შემოთავაზებული, რომლის ნაყოფია თვითკმაყოფილება და სიამოვნება. თუმცა, ამ ჯადოსნური წრის გარღვევა ქრისტესთან გულახდილი, მონანული ურთიერთობით იწყება. ქრისტეც სწორედ ამით სიტყვებით იწყებს თავის ქადაგებას: “შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაი”(მათ.4:17).




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი