მთავარი » ქრისტიანობა

სულიერი ცხოვრების წინსვლისათვის

ჟურნალისტი: | გამოქვეყნებულია: 15.07.20117 კომენტარი | 2,474 ნახვა

ტაძარში, ღვთის მადლით, მრევლის მატება ყოველდღიურად შეინიშნება. მიუხედავად ამისა, ყველას სულიერი წინსვლა, განვითარება და ყოველთვის მადლის მოხვეჭა როდი ხდება. ადამიანს სულიერი თვალი ხშირად დაბნელებული აქვს და საკუთარ თავში მხოლოდ მომაკვდინებელ ცოდვებს ხედავს, იმას, რაც თვალნათელია და რომლის არდანახვაც ადამიანისთვის, სულ თუ სინდისი არ უარყო თავისი ბიწიერი ცხოვრებით, შეუძლებელია.სულიერი ცხოვრება ჩვენ თავიდანვე ვართულებთ საკუთარ სულიერ მდგომარეობას, ვყალიბდებით ფარისევლებად, მცნებების გარეგნულ აღმსრულებლებად. ვცდილობთ, სხვასაც და ჩვენ თავსაც მოვაჩვენოთ, რომ რწმენასთან მიმამრთებაში სწორი მიდგომა გვაქვს. თუ რა არის ამის მიზეზი, როგორ უნდა მოხდეს ადამიანის სულიერი ცხოვრების წინსვლა და რა ეტაპების გავლაა საჭირო ღვთისაკენ სავალ გზაზე, გვესაუბრება დმანისის სიონის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი დიონისე გვიმრაძე:

“ჩვენ მრავალჯერ გვითქვამს, რომ გონიერი ადამიანები ვართ, ამიტომ რასაც ვაკეთებთ წინასწარ განვსჯით და შესაბამისად, ჩვენი საქმიანობის შედეგს ველით. თუ ეს ყველაფერი ყოველდღიურ ცხოვრებას შეეხება, სულიერებაში, მითუმეტეს, მეტი განსჯა, დაკვირვება და ცოდნა გვჭირდება შედეგის მისაღებად. კიდევ ერთხელ თვალი გადავავლოთ სულიერების იმ გზას, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა განვვლოთ.

ჩვენი მიზანია დავდგეთ ღვთის მარჯვნივ, განვიღმრთოთ და ვიყოთ ღმერთთან ერთობაში. თუმცა ისიც ვიცით, რომ მადლის გარეშე განღმრთობა ვერ მოხდება. საჭიროა მადლი სულისა წმიდისა, რომელიც მხოლოდ თავმდაბალ ადამიანებს ეძლევათ. თავმდაბლობის მოპოვება შესაძლებელია ჩვენი უღირსობისა და უსუსურობის დანახვით. საკუთარი თავის შეცნობისათვის კი საჭიროა მცნებების დაკვირვება და შინაგანი აღსრულება.

ყოველი ადამიანი, რომელიც არ დადის ღვთის ტაძარში, თავს ვერ ცნობს, ვერ ხედავს საკუთარ ცოდვებს, სისუსტეებს, ვნებებსა და მანკიერებებს. მისი სულიერი განვითარება ვერ ხდება, მზერა მხოლოდ გარეთაა მიმართული, სხვაში ეძებს ცუდს და არა – საკუთარ თავში.

ადამიანები, რომლებიც ეკლესიაში დადიან, ორ ძირითად ნაწილად შეგვიძლია დავანაწევოთ: არის კატეგორია ადამიანებისა, ვინც პატიოსანი ცხოვრებით ცხოვრობდა, არ იყო მომაკვდინებელ ცოდვაში და მეორენი, რომელნიც ამა თუ იმ ცოდვის მონობის ქვეშ იმყოფებოდნენ და ამის გამო მოხდა მათი ტაძარში მოსვლა.

პირველი, პატიოსანი კატეგორიის ადამიანები, რომლებიც იცავენ სამოქალაქო წესრიგს, მზად არიან დახმარების ხელი გაუწოდონ ყველას, ერთი შეხედვით, არ არიან მოჩხუბრები, მოუწესრიგებელნი, თითქოს სათქმელიც არაფერი აქვთ და აღსარების თქმაც უჭირთ. გარკვეული პერიოდი მხოლოდ მექანიკური აღსარებით შემოიფარგლებიან იმის გამო, რომ ეზიარონ.

მეორე კატეგორიის ადამიანები ცოდვის გამო აღმოჩნდებიან ეკლესიაში. ისინი თავად ვერ ებრძვიან ვნებებს, ამავდროულად, საკუთარ თავში ხედავენ მანკიერებებს, მაგრამ არა ისეთი სახით, როგორც შემდგომში უკვე მორწმუნე ადამიანი. ამიტომ თუ, ვთქვათ, მემთვრალეობის ცოდვის ქვეშ მყოფი ადამიანი ეკლესიაში მოსვლის შემდეგ გადალახავს ამ ცოდვას, ის შეიძლება ეკლესიასაც დაშორდეს, რადგან თავის თავში სხვას ვერაფერს ხედავს, ეკლესიასთან შეხების მიზანი კი უკვე აღარ არსებობს. ამ კუთხით რომ განვიხილოთ, სნეული, მომაკვდინებელ ცოდვაში მყოფი ადამიანი თითქოს უფრო სინანულშია, მალეც უახლოვდება ღმერთს, ვიდრე პატიოსანი ადამიანი, რადგან ის აღვსებულია თავმოყვარეობით, პატივმოყვარეობითა და ამპარტავნებით.

ფაქტი ერთია: რის გამოც არ უნდა მოვიდეთ ღვთის სახლში, ეს არ იქნება პირობა იმისა, ვიყოთ მუდმივად ეკლესიის წიაღში. თუ ეკლესიაში პატიოსნებამ მოგვიყვანა, ცოდვების დანახვა კი არ დავიწყეთ ჩვენში, პატივმოყვარეობა უფრო გაგვიძლიერდება, რადგან ახლა თითქოს ეკლესიურებიც გავხდით. ამიტომ დიდი შესაძლებლობაა, ადამიანი ამპარტავნებაში ჩავარდეს. ეკლესიური ცხოვრებით ღმერთს კი არ დაუახლოვდეს, პირიქით, დაშორდეს. ცოდვის გამო ეკლესიაში მოსული ადამიანი, თუ ამ ცოდვას გადალახავს, შესაძლოა ამპარტავნებაში ჩავარდეს, თავი მიღწეული პროგრესით განადიდოს.

რა არის იმისათვის საჭირო, რომ ეკლესიასთან ყოველდღიური კავშირი გვქონდეს?

ეკლესიაში მოსული თითოეული ადამიანი ემორჩილება ღვთისაგან დადგენილს წესს მისი მცნებების შესრულების სახით. მართალია, ყველა ვცდილობთ მის აღსურელებას, მაგრამ კითხვაზე: სულიერად ყველა ვითარდება, იზრდება?! – ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ გვექნება. მნიშვნელოვანია, რომ მცნებების აღსრულება მოხდეს არა გარეგნული კუთხით, არამედ შინაგანად და ეს უნდა გავითავისოთ. ვიცით ათი მცნება. ქრისტე ამბობს: გესმა თქვენ: არა კაც კლა. მან განმარტა, რომ კაცისმკვლელობა ნიშნავს არა პირდაპირ ადამიანის მოკვლას, არამედ იმასაც, რომ ვინმეს განურისხდე, უსურვო ბოროტება, მიაყენო შეურაცხყოფა. უფალი ამბობს: გესმა თქვენ: არა იმრუშო. არა მე გეტყვით თქვენ, ვინაც შეხედოს დედაკაცს გულისთქმით, მან უკვე იმრუშა მასთან. ესეც მიანიშნებს, რომ მთავარი არა საქმით აღსრულება, არამედ ფიქრები, ზრახვები და სურვილებია. ასევე, გესმა თქვენ: გიყვარდეთ მოყვასი თქვენი და გძულდეთ მტერი თქვენი, მაგრამ მე გეტყვით, გიყვარდეთ მტერი თქვენი, აკურთხევდით მაწყევართა თქვენთა და ყველას ყველაფერს პატიობდეთ.

დავუკვირდეთ, ჩვენ რომელ მცნებას აღვასრულებთ?! თუ მათ გარეგნული და პირვანდელი სახით შევხედავთ, შესაძლოა არც მკვლელობის, არც მრუშობის ცოდვას ჩავდივართ. ერთი შეხედვით, თითქოს მტერიც გვიყვარს და ვერავინ დაგვიმტკიცებს ადამიანის სიძულვილს. თუ ამით შემოვიფარგლეთ, მაშინ ჩვენი ღვთისმსახურება, ეკლესიური ცხოვრება უფრო მეტად დაგვაშორებს ღმერთს. სამოქალაქო კოდექსი, რომელიც აწესრიგებს ადამიანებს შორის ურთიეთობას, გარეგნული კოდექსია და საერთოდ არ გვთხოვს შინაგანს, თუ რა ფიქრები და ზრახვები, სურვილებია ჩვენში. გვეუბნებიან, ნუ დაარღვევ წესრიგს, ნუ შებღალავ სხვის უფლებას. თუ ღვთის მცნებებსაც ასე შევხედავთ, მას დავაკნინებთ, უფრო ამპარტავანნი, პატივმოყვარენი გავხდებით და ღმერთსაც დავშორდებით.

როგორ უნდა მოვახერხოთ სულიერი წინსვლა?

უნდა ჩავეძიოთ სწორედ შინაგან მცნებებს, მის დანიშნულებას, ვიფიქროთ მის დაცვაზე, უფრო მეტად გავითავისოთ და აღვასრულოთ რჯული ქრისტესი. საჭიროა, ჩავუღრმავდეთ ჩვენს თავს და ნელ-ნელა გავერკვევით, რანი ვართ. თუ მანამდე მხოლოდ საქციელით ვიწონებდით თავს, მივხვდებით, რომ შინაგანად ვერც ერთ მცნებას ვასრულებდით, თურმე როგორი ცოდვილი, უღირსი ადამიანები ვყოფილვართ.

სულიერი ზრდისათვის ვიწყებთ მცნებების შინაგანად აღსრულებას, რაც იწვევს იმის გამოაშკარავებას, რომ მე ვარ ძალიან ცოდვილი, ყველანაირი ცოდვის ჩამდენი პოტენციურად, გულითაც და სურვილებითაც. ამიტომ არ ვარ ღირსი, ვუწოდებდე ჩემს თავს პატიოსან, ღირსეულ ადამიანს. რითი უნდა მოვიწონო თავი, როცა ყველანაირი ცოდვის აღმსრულებელი ვარ?! შესაბამისად, თურმე რამდენი რამ მქონია აღსარებაში სათქმელი, ზოგჯერ კი არაფერს ვამბობთ, ეს იმიტომ, რომ მცნებებს გარეგნულად აღვასრულებთ. მიყვარს მტერი?! – არ მიყვარს. ვუსურვებ მას ცუდს?! – ვუსურვებ. მსურს, ყველა მემსახურებოდეს და პატივს მცემდეს?! – მსურს. მსგავსი, უამრავი შინაგანი მანკიერება გამოვლინდება ჩვენში. ამ დროს ადამიანი იწყებს საკუთარი თავის გლოვას. თუ თავი მანამდე ყოვლისშემძლე ეგონა, რომ ზოგიერთ ცოდვას არ ჩაიდენდა, აღმოაჩენს, თურმე ამ ცოდვებით ყოფილა დაავადებული.

საკუთარი თავის დანახვამ შესაძლოა უიმედობამდე მიიყვანოს ადამიანი…

ადამიანი ამ დროს საკუთარ თავს ხედავს არა ისეთს, როგორც მანამდე საზოგადოებაში მოჰქონდა თავი, არამედ რეალურად რაც არის. ცხადია, მძიმეა და მტკივნეული, როცა ის საკუთარ არსებაში ხედავს ამდენ სიბინძურეს, მაგრამ ეს მისია და არა სხვისი. თუმცა ღვთის მცნებების აღსრულების სურვილით ანთებულებს სულიერი თვალი აგვეხილება. ჩვენ წინ ფარდა გადაიშლება და დარჩება მხოლოდ ჩვენი მანკიერება მთელი თავისი სისავსით. ამიტომ რაც დრო გადის, აღსარება უნდა იცვლებოდეს და თუკი ჩვენ სწორად განვვითარდებით, შესაბამისად, ჩვენი აღსარება იქნება არა გარეგნული ცოდვებით დამძიმებული, არამედ მთლიანად შინაგანი ვნებების გამოაშკარავება და გამოთქმა.

ხშირად ჩვენი მცდელობაა შევამციროთ ცოდვები, თავი მოვაწონოთ მოძღვარს. თუ სულიერი თვალის ახილვით მეტად უნდა ვხედავდე ჩემს ცოდვებს, მაშინ როგორ ვამცირებ მათ?! ეს არ ეხება გარეგნულ ცოდვებს, რომელიც არათუ უნდა შევამციროთ, საერთოდ უნდა მოვსპოთ. როგორ შეიძლება ქრისტიანი ადამიანი ჩხუბობდეს, ვინმეს შეურაცხყოფდეს, იპარავდეს, მრუშობდეს და ა.შ… გარეგნული ცოდვების შემდგომ უნდა ჩავღრმავდეთ შინაგან ცოდვებში და ამ მხრივ უნდა გამდიდრდეს ჩვენი აღსარება. ეს იქნება სწრაფვა სრულყოფილებისაკენ, საფუძველი სულიერი წინსვლისა.

როდესაც ადამიანი ამ ყველაფერს საკუთარ თავში დაინახავს, მას იმედგაცრუება, უსასოება დაეუფლება. ხშირია ფიქრები, თურმე როგორი ვყოფილვარ და ახლა რაღა მეშველება?! ეს არ უნდა დავუშვათ. ქრისტე კაცობრიობის ცოდვებისა და უსჯულოების გამოსახსნელად მოვიდა. თუ ადამიანმა თავისი სნეულება დაინახა, ქრისტე მისთვის მოსულა. ამ დროს არათუ უიმედობა, არამედ სწორი, გულმხურვალე ლოცვა და ღმერთისადმი მინდობა გვმართებს, რათა ჩვენი უსჯულოებით სავსე გული შევამსუბუქოთ.

წმიდა მამები ამბობდნენ: მე ვარ ყველაზე ცოდვილი, თუკი ვინმე ყოფილა, არის ან იქნება ამ ქვეყანაზე. ისინი კარგად ხედავდნენ საკუთარ თავს. სულ რამდენიმე წამითაც რაიმე მზაკვარი აზრის მოსვლა მათთვის სიკვდილის ტოლფასი იყო. ჩვენ კი დღის განმავლობაში უამრავ აზრს ვიღებთ, ვერც კი ვაცნობიერებთ ცოდვას ისე აღვასრულებთ. მას შემდეგ, რაც დავინახავთ საკუთარ თავს მცნებების აღსრულების გზით, არ უნდა წარვიკვეთოთ სასო, იმედით უნდა აღვენთოთ ღმერთის მიმართ. ვინაიდან ჩვენ ხომ არ შეგვიძლია ჩვენით გადავლახოთ ყველაფერი ის, რითაც დატანჯული, დასნეულებული ვართ?! გვჭირდება ძალა, ენერგია, მადლი, რათა შევიმოსოთ მადლმოსილებით, დავემსგავსოთ ღმერთს. ქრისტე გვეუბნება: იყავით ისეთივე სრულყოფილი, როგორც მე-ო. სრულყოფილება მდგომარეობს მადლმოსილებაში. თვინიერ ჩემსა არა ძალგიძს ყოფა არცა ერთი, – უფლის ამ სიტყვების გათავისება და ღმერთისადმი მინდობა უნდა ხდებოდეს თითოეული ადამიანის მიერ.

მამა დიონისე, როგორ ვისწავლოთ თავმდაბლობა?

ადამიანი საკუთარ თავში ჩაღრმავების შემდეგ ნელ-ნელა მდაბლდება. აღარ ჰგონია თავი ყველაზე უკეთესი, რომ ყველა უნდა ემსახუროს, პატის სცემდეს. მან უკვე იცის, არ არის ღირსი ამგვარი ღირსებისა, პატივისა. რაც უფრო მეტად დავინახავთ ჩვენს უსუსურობას და მანკიერებას, მით მეტად დავმდაბლდებით. თავმდაბალ ადამიანს კი ეძლევა ღვთის მადლი. – რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, იგი დამდაბლდეს, – გვეუბნება წმიდა წერილი, – ხოლო რომელმაც დაიმდაბლოს თავი თვისი, იგი ამაღლდეს. და კიდევ, ამპარტავანთა შემუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცეს მადლი. თუ თავმდაბლობას მივაღწევთ, მოგვეწევა მადლიც. თუ ჩვენ ვერ ვგრძნობთ მადლს და არც გვიგვრძნია, მაშინ თავმდაბლობამდე არ მივსულვართ, საკუთარი თავი ჯერ არ დაგვინახავს, რადგან მცნებებს შინაგანად არ აღვასრულებთ.

საკუთარ თავსა და მცნებებზე შინაგანი დაკვირვებით ვხედავთ ჩვენს უსჯულოებას, უმანკოებას, ვითხოვთ ღმერთისგან ძალას, რომელიც მადლის სახით შემოდის ჩვენში და ნელ-ნელა ვემსგავსებით უფალს. ეს არის სულიერი ცხოვრების წინსვლის მარტივი ამოცანა და მიზანი.

ამგვარი გახლავთ მართლმადიდებელ წმიდა მამათა მიერ მოცემული სწავლება სულის ცხონებისა და სულიწმიდის მადლის მოხვეჭის შესახებ. მათი შემოქმედება სწორედ სულიერი წინსვლის ამ გზას ეფუძნება, მთლიანად ამ სულისკვეთებით არის გაჟღენთილი. ამის აღსრულებისკენ მოგვიწოდებენ ჩვენ, რადგან ღმერთისკენ სავალი სხვა გზა არ არსებობს.

მამაო, კიდევ ერთხელ განგვიმარტეთ, რა ეტაპების გავლა უწევს ადამიანს ღვთისაკენ სავალ გზაზე?

იმისათვის, რომ მიიღოს მადლი, ადამიანმა უნდა იაროს ტაძარში, მცნებები აღასრულოს შინაგანად და არა გარეგნულად. ამ შემთხვევაში მას აუცილებლად აეხილება შინაგანი თვალი, დაინახავს უამრავ მანკიერებას, ცოდვას, ვნებას, უსჯულოებას საკუთარ თავში. ასევე, მეორეს მხრივ, – თავის უძლურებას ამ მანკიერებებთან ბრძოლაში და შემდგომ ამისა ითხოვს. საჭიროება წარმოიშვება მადლისა, მაგრამ თუ არ დავიმდაბლებთ თავს ამ უსჯულოებით და უიმედობას მივეცემით, ვერც ამ მადლს მივიღებთ. გახსოვთ, იუდამ სცოდა და მას რომ მოენანიებინა, იმედი რომ გასჩენოდა, ღმერთი აპატიებდა და თუ ჩვენც ასე უიმედობაში ჩავვარდებით, არც ჩვენ მოგვეცემა შენდობა, წყალობა… ვინც დაიმდაბლებს თავს, ის ამაღლდება და მადლსაც ის მიიღებს, რითაც შემდგომ უნდა განვიღმრთოთ. უნდა დაიწყოს ღმერთთან დაახლოების პროცესი, რომელსაც დასასრული არ გააჩნია. რაც მეტად დავიმდაბლებთ თავს, მით მეტად აგვამაღლებს ღმერთი, მეტი მადლი მოგვეცემა და მით მეტად მოხდება ჩვენი განღმრთობა. ღმერთმა მოგვანიჭოს ამ გზის სწორად განვლის საშუალება.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება მედიაჰოლდინგ "ამბიონის" საავტორო უფლებები

7 კომენტარი »

დატოვეთ კომენტარი!

გთხოვთ ყურადღებით შეავსოთ აუცილებელი ველები.

"სიყვარული გამოულეველი საუნჯეა, ვინც ამ საუნჯეს ფლობს, მდიდარია, ვინც არა - ღარიბი.," - წმ. იოანე ოქროპირი.