სუჯუნის ეკლესია
უდიდეს სიწმიდესა და სიძველეს წარმოადგენს სუჯუნის ცენტრში მდგარი 18-ე საუკუნის მიწურულსა და 19-ე საუკუნის დასაწყისში აგებული სამთავიანი, გუმბათოვანი წმ. გიორგის ტაძარი. იგი გამოირჩევა დახვეწილი არქიტექტურით, სუფთად და თანაბრად გადანაწილებული ქვათა წყობით, ორიგინალური ჩუქურთმებით. სუჯუნა ოთხი კილომეტრით არის დაშორებული სადგურ აბაშიდან. ის ჭყონდიდელების საზამთრო სადგური იყო და მას მარტვილის შემდეგ პირველი ადგილი ეჭირა. სუჯუნის ეკლესიაში დაცული ყოფილა ძვირფასი ხატ-ჯვრები.
სუჯუნის ეკლესიის მშენებლობის შესახებ საინტერესო ცნობებია დაცული ეკატერინე ჭავჭავაძის პირადი მდივნის, თედო ხოშტარიას მოგონებებში.
ხელნაწერში თედო ხოშტარია დაწვრილებით აღწერს სუჯუნის ეკლესიის აგების ისტორიას, თუ როგორ განაახლეს ხის ტაძარი თლილი ქვითა და ქვითკირით.
სუჯუნის ქვითკირის ეკლესიის აშენება 1838 წელს დაიწყო და თან პარასკევობით ბაზრობა დააფუძნეს. იქვე დუქნები გამართეს. “ძველი კაცების” გადმოცემით, ამ ადგილზე დიდი ხის ეკლესია მდგარა, წმიდა ხატებით, ჯვრებით, სამკაულებით, ძვირფასი თვლებითა და მარგალიტებით უხვად შემკობილი, თუმცა ურჯულო მტრები დასხმიან ტაძარს თავს, გაუქურდავთ და ერთიანად ცეცხლი წაუკიდებიათ. ამ ფაქტზე მოწმობს წმიდა გიორგის ხატზე დიდი ლევან დადიანის წარწერა, ასევე, ის დამწვარი ეკლესიის ნარჩენი ცეცხლით გარუჯული ხეები, ტაძრის ეზოშივე არსებული ხიდის ქვეშ მდინარეში ჩაყრილი, რაც თედო ხოშტარიას ბავშვობის მოგონებებში ღრმად იყო ჩაბეჭდილი.
თედო ხოშტარია: “ამ აოხრების შემდეგ აღუშენებიათ რა კიდევ ხის დიდი ეკლესია, რომელიც ახლად შეუმკიათ კურთხეულთ მთავრებთ, მღუდელმთავრებთ – ჭყონდიდელებს ძვირფასის ხატებით და ჯვრებით, ძელით ჭეშმარიტით და ერთიც ჯაჭვით საკიდით წმიდა გიორგის ხატი ოქროსი, რომლის ზედწარწერა ამოწმებს, რომ შეუწირავს ამა ეკლესიის კათედრის დეკანოზს, პაპაჩემს თევდორეს ხოშტარიას, რომელმაც გააგრძელა მსახურება 1730-1770 წწ-ში და იყო იგი მამა ბაბუის ჩემის დეკანოზის მარკოზისა. და ეს წმიდა ხატები და ცხოველსმყოფელი ჯვარი – ძელი ჭეშმარიტი – დღესაც ამკობენ სუჯუნის ეკლესიას, რომლის გაშენება, როგორც ზემოთ ვსთქვით, დაწყებულ იქმნა ამ სახით”.
პირველი ხის ეკლესიის მტრების მიერ დაწვის შემდეგ აგებული ხის ეკლესია როგორც სიძველით, ისე “ნაკლებსიდიდით და სხვა რიგითაც” არ შეეფერებოდა დროსა და ჟამს, მითუმეტეს, ჭყონდიდელ-მიტროპოლიტებს. თედო ხოშტარიას გადმოცემით, “მაღალ სადღესასწაულო შემთხვევებში იკრიბებოდნენ მენგრელიის ყველა კუთხიდგან მაღალი წოდების საზოგადოებანი და დრო და დროთი თვით ნეტარხსენებულნი მთავრებნი, დედოფალი და უფლისწულნი, რომ არ იყო ძველს ეკლესიაში ტევა. ამასთან უნდა მოვიხსენიო ისიც, რომ რა დიდის კრძალვით და სასოებით იყო მათი მობრძანება. გალავანს გარეთ შორ მანძილზე გადმოხთებოდენ ცხენებითგან და ისე მოწიწებით მობრძანდებოდენ მთავრები ამ ეკლესიის ეზოში და მერე ტაძარში”.
სამეგრელოს ეპარქიის მწყემსმთავრად 1834 წელს დანიშნულმა ჭყონდიდელ-მიტროპოლიტმა დავით წერეთელმა თავდაპირველად ქვითკირის სამრეკლოს აშენება განიზრახა. მოაყვანინა აგურის მკეთებელი ოსტატი, გამართა აგურხანა და აგურების კეთება დაიწყო, მაგრამ უკმაყოფილება მოუვიდა მთავარ ლევან დადიანთან და გადაყენებულ იქნა სამეგრელოს ეპარქიიდან მიუხედავად იმისა, რომ ლევან დადიანის მეუღლის, დედოფალ მართას ღვიძლი ძმა იყო. მისი მოადგილე გახლდათ მთავრის მოძღვარი, არქიმანდრიტი გიორგი კუხალაშვილი, “კაცი მდაბალი და ნების მთესველი მთავრისა”, რომელიც 1836 წელს სამეგრელოს ეპისკოპოსად დაადგინეს. მან გაითვალისწინა მიტროპოლიტი დავითის კეთილი განზრახვა და სუჯუნის კათედრის წინამძღვარს, თედო ხოშტარიას მამას – ნიკოლოზ ხოშტარიას შესთავაზა, მოეძებნა ქვითკირის მშენებლობის ოსტატი.
თედო ხოშტარია: “მამაჩემს დიდი, მხურვალე სურვილი ქონდა, განეხორციელებინა ეს საუკუნო ღუთის სადიდებელი საქმე და დაუყოვნებლივ წავიდა ქ. ქუთაისს. მიმართა იქ თავის ოსტატს, რომლის თაოსნობით შენდებოდა მაშინ ქ. ქუთაისს კათოლიკების ახლანდელი ქვითკირის ეკლესია. იმ თავის ოსტატის კეთილსაიმედოდ, ჩვეულებისამებრ მოიყვანა სუჯუნას ჩვენს სახლში, სახელით გიორგი ბერძენი, კაცი კეთილი და ბეჯითი, მცოდნე თავისი საქმის”. ოსტატი დაარიგეს და იმ იმედით წარადგინეს ყოვლად სამღვდელოების წინაშე, რომ სამრეკლოს ნაცვლად ქვითკირის ეკლესიის აშენებაზე დაიყოლიებდა ეპისკოპოსს. როდესაც მეუფემ აუხსნა მას თავისი სურვილი სამრეკლოს აშენებისა, ოსტატმა მოახსენა: “მეუფეო, მე როგორც გაგებული ვარ, დიდი ყმების და მამულის პატრონი არის ეს წმიდა გიორგის ეკლესია და თქვენც, იმედია, არ გაგიჭირდებათ მათის დახმარებით არა თუ სამრეკლოს გაშენება მარტო, არამედ თვით ქვითკირის ეკლესიისა”. მაგრამ მეუფემ მიუგო, რომ ჯერ ეკლესიის მშენებლობას ვერ დაიწყებდნენ, რადგან ის აგურები, რაც გააჩნდათ, მხოლოდ სამრეკლოს ასაგებად ეყოფოდათ. შემდეგ ოსტატს გადახურულ საწყობში სამრეკლოს მშენებლობისათვის შეგროვებული აგურები აჩვენეს და ეპისკოპოსი შეჰპირდა, რომ თუ კარგ სამრეკლოს ააგებდა, სათანადო სასყიდელსაც მიიღებდა და მადლობასაც. გიორგი ბერძენმა მოახსენა, რომ ღვთისა და წმიდა გიორგის შეწევნით შეძლებდა ამ საქმის შესრულებას, თუმცა ადგილი დაბალი და ნოტიო იყო, რის გამოც კიდეებზე ნათალი ქვების დაუმაგრებლად მარტო აგურით ვერ გამაგრდებოდა და გარკვეული ხნის შემდეგ სინოტივისაგან დაიშლებოდა. ამისათვის კი საჭირო იყო რამდენიმე სათალი ქვის შოვნა.
მაშინ ყოვლად სამღვდელომ გამოიკითხა, თუ საიდან შეიძლებოდა სათალი ქვების შოვნა. ყველამ ბეჟან მანუჩარის ძე დადიანი დაასახელა: “მრავალი ციხის ნანგრევი, ჩინებული, დიდ-დიდი სათალი ქვები უყრია სასახლეში, რომ სთხოვოთ, ეჭვი არ არის, გითავაზებთო”. ეპისკოპოსმა მაშინვე წერილი მისწერა ბეჟანს, რაზეც “სრული კმაყოფილებითი პასუხი” მიიღო. მეუფემ დაუყოვნებლივ გასცა ბრძანება ხარ-ურმების გაგზავნისა. გაზაფხულის ერთ მშვენიერ ღამეს სუჯუნის ეკლესიის მრევლი წავიდა თავადთან და ჩინებული სათალი დიდრონი ქვებით სავსე 700 ურემი სუჯუნის ეკლესიის ეზოში დააყენა. ეპისკოპოსმა და მისმა კრებულმა მეორე დღეს ნახეს ხალხის ნამოქმედარი და ძალიან გაიხარეს მათი გულმოდგინებითა და სისწრაფით. მაშინ ნიკოლოზ ხოშტაიას დარიგებით ოსტატმა, რომელსაც უსტაბაშს უხმობდნენ, მეუფეს თავიანთი პირვანდელი თხოვნა შეახსენა ეკლესიის მშენებლობის შესახებ: ოღონდ თქვენ ინებეთ და დაუსახელეთ და როგორ მალე მოაგროვონ მრთელი ჩინებული ეკლესიის გასაშენებელი ქვებიც და სხვა მასალაცო. ოსტატის სიტყვა ხალხმა ერთბაშად სიხარულით აიტაცა, მაგრამ, სამწუხაროდ, ბეჟან დადიანს მეტი ქვა არ გააჩნდა. უსტაბაშმა იკითხა, სადმე თუ იშოვებოდა ლაღმით დასამტვრევი კლდე. მეუფეს მოახსენეს, რომ ნიკო ბატონიშვილისათვის მიემართა. მაშინვე წერილით სთხოვა, “მისი კუთვილი შხეფის მთიდან დაეთმო კლდე. ბატონიშვილი სიხარულით დასთანხმდა და მისცა მათ კლდე სამტვრევად”.
ამის შემდეგ ეპისკოპოსმა ქვითკირის ეკლესიის აგება გადაწყვიტა და მშენებლებს უბრძანა, რომ ყველაფერი ნიკოლოზ ხოშტარიას მოთხოვნისა და უსტაბაშის მითითებისამებრ შეესრულებინათ.
ნიკოლოზ ხოშტაიამ უსტაბაშს ოცზე მეტი ქვის ოსტატი ბერძენი მოაყვანინა. მათ უკვე მიტანილი ქვების თლა დაავალეს, სხვები კი კლდის ლაღმით დასამტვრევად წაიყვანეს ნიკოლოზმა და ოსტატმა.
შხეფის მთა სუჯუნადან ჩრდილოეთისაკენ 14-16 ვერსის სიშორეზე მდებარეობს. გაზაფხულიდან ზაფხულამდე იმდენი ქვა დაამტვრიეს, რომ ათას-ათასობით მიჰქონდათ ხარ-ურმებით: “იმისთანა აღტაცებულის სიმღერით და განცხრომით, რომ მათს სიხარულს საზღვარი აღარ ქონდა და იმისთანა მონდომებით, რომ თითქმის უწვევლად ერთმანეთს უსწრებდნენ, როგორც ხარ-ურმით მოტანას, ისე ყოველი მოთხოვნილების აღსრულებას, რომ არ ეზოგებოდათ, ვინემ არ შესრულდა აღშენება ეკლესიისა. ესე იგი არანაკლებ 7-8 წლისა უხვად, არც ხარჯის სარჩოს ძლევა იმდენი ოსტატების და მათის ზედმდგურების და არც ფულის შემოტანა წლიურად თითო კომლზედ 1-2 მანათამდე”. საფუძვლის დადება კი ასე მოხდა: 1838 წლის ზაფხულში ძველი ხის ეკლესია დაარღვიეს და მეზობელ სოფელს მისცეს. მის ნანგრევებზე კი უფრო ფართოდ ოთხკუთხედად მოთხარეს დიდი, ღრმა და განიერი თხრილი, აკურთხეს და ჩადეს საძირკველი.
თედო ხოშტარია: “ოთხკუთხივ, მერმეთ ირგვლივ ძირს თხრილზედ, რაზედაც დაასვეს ერთიმეორეზე მჭიდროდ, და მოსჭედეს სიგრძით საჟენიანი ნედლი პალოებით და ამაზედ, ესე იგი ამ ამოთხრილის ადგილში ახალ გაზრდილი თხმელის ხეებით. (მეგრულად ყვარი ქვია), რომლებიც ნოტიო მიწაში აროდეს არ ლპებაო და ნედლადვე რჩებაო. ლარ-ლარათ დააწყვეს ერთი მეორეზე დაწოლილი რამდენიმე ზომამდის ისევ ნედლი ტყავიანი ყვარებიანი, ამაზე ზევით ნამტვრევი ქვები მოაყარეს და ზედ მოასხეს კირი და ამოაშრეს ნამტვრევი და ღორღი ქვებით მიწის სისწორ საფუძვლის თხრილი”.
საერონი და სამღვდელონი ამბობდნენ, როგორ შეიძლება ამგვარ ადგილზე და თან საკმაოდ შორიდან უამრავი მოსაზიდი ქვით ასეთი დიდი ნაგებობა აშენდესო. თუმცა ღვთის მადლით დიდი წარმატებით დასრულდა სუჯუნის ეკლესიის აშენება “დაწყებული ნეტარხსენებული მთავრის – ლეონ დადიანის დროს ეპისკოპოს გიორგისაგან 1838 წ. და შესრულებული ნეტარხსენებული მთავრის დავით ლეონის ძის დადიანისა და ეპისკოპოს ანტონ II დადიანის მიერ 1846 წელს”.
მოამზადა თათია ნავროზაშვილმა
ეროვნული არქივის მასალებზე დაყრდნობით
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.
აგფრთოვანებული ვარ.. ასეთი საინტერესო ამბავით.. ძალიან დიდი მადლობა.
აქ ვარ მონათლული…
mec
გამარჯობათ, თქვენ ძალიან ძვირფასი მასალა მომაწოდეთ. მე მაქვს ძველი გენეოლოგია, რის მიხედვითაც ეპისკოპოსი გიორგი კუხალაშვილი ჩემს წინაპრად ითვლება. გთხოვთ გამომეხმაუროთ და თქვენი კოორდინატები დამიტოვოთ. იქნებ დამეხმაროთ, მინდა მის შესახებ მეტი ინფორმაცია მქოდნეს
dzaan didi madloba magrad mchirdeboda es ambavi magar sainteresoa
kidev dadet ra ufro saintereso temebi dzaan gtxovt es ki magrad momewona
wmida giorgi rato weria wminda giorgis magivrad
dzaan didi madloba am istoriis dadebistvis