მთავარი » საეკლესიო ხელოვნება

შუა საუკუნეების მოზაიკები

სტატიის ავტორი: | თარიღი: 25.06.2015 | 3,222 ნახვა

შუა საუკუნეების საქართველოში ეკლესიების გასამშვენიერებლად ფრესკული მხატვრობის გარდა მოზაიკასაც იყენებდნენ. ყველაზე ადრეული ქრისტიანული მოზაიკა ბიჭვინთის ტაძრის იატაკია, რომელიც 1952-55წწ. არქეოლოგიური გათხრების დროს ერთ-ერთი უძველესი ტაძრის(ბაზილიკის)ნანგრევებში აღმოჩნდა. ბიჭვინთის მოზაიკა საქართველოს შავიზღვისპირეთში ეს ერთ-ერთი ყველაზე ადრეული, IV ს-ში აგებული ტაძარი, მოგვიანებით Vს-ში მოზაიკური იატაკით შეუმკიათ.ბერძნული წარწერიდან ვიგებთ, რომ მოზაიკა ვინმე ორელის შემოწირულობით შეიქმნა. შედარებით კარგად არის დაცული საკურთხევლის ცენტრში მოთავსებული დიდი მონოგრამა, ე.წ. ქრიზმა შემკული წესისამებრ “ალფა” და “ომეგა”-ს ნიშნით.მონოგრამის ორივე მხარეზე მოთავსებულია აკანთის ხვეულები ფართო ზოლის სახით, რომელიც აფსიდის მოხაზულობის ერთგვარი კადრის დანიშნულებას ასრულებდა.

ქრიზმის მარცხნივ მოთავსებულია შტო, შემკული ხილისა და ყვავილების გამოსახულებით. გრძელკუდა ფრინველი ზის ხის ტოტზე, მარჯვნივ გამოსახულია ფრინველი, რომლის მახლობლად მოთავსებულია ბერძნული წარწერა. ამ კომპოზიციას თან ერთვის გეომეტრიული სახის შემკულობა, რომელიც შეიცავს რომბებისა, ნახევრად რომბებისა და გადაბმული წრეების მოტივს.

ტაძრის მოზაიკური იატაკი წარმოადგენს მთლიან კომპოზიციას, მხატვრულად მოფიქრებულს, რომლის ცენტრი უჭირავს მონაგრამის გამოსახულებას.

ტაძრის კარიბჭეში მოთავსებულია შადრევნის მოზაიკური გამოსახულება, პირამიდისეულ კვარცხლბეკზე დგას სვეტი ემბაზით, რომელშიაც ჩანს ღერძი, ნაძვის ნაყოფის გამოსახულებით. შადრევანიდან უხვად გამოდის წყალი, მარჯვენა მხარზე ფრინველი წყალს სვამს, ემბაზის ნაპირზე ზის მეორე ფრინველი.

ფრინველების გამოსახულება აცხოველებს კომპოზიციას, ცნობილია, რომ, ნაძვის ხის ნაყოფის მაგვარი შადრევნის თავი გავრცელებული იყო ელინისტურ ხანაში შადრევნების მშენებლობაში: იგი განასახიერებდა ბუნების ნაყოფიერების ძალას.
ქრიზმიანი პანელის დასავლეთ ნაწილში, სწორკუთხა ფორმის სიბრტყეში ჩაწერილია კომპოზიცია, რომელიც წარმოგვიდგენს ორ ირემს, დაწაფებულს წყაროს სიცოცხლისა, რაც ილუსტრაციაა ფსალმუნის სიტყვებისა: “ვითარცა სახედ სურინ ირემსა წყაროთა მიმართ წყალთასა, ეგრე სურინ სულსა ჩემსა შენდამი, ღმერთო”.ქრიზმის ქვეშ არის პალმის ხის ფრაგმენტი, ვაზი ჩაწერილი წრეში, რომელიც მარადიული ცხოვრებისა და უკვდავების სიმბოლოა. ნაირფერი პატარა კენჭებისაგან აწყობილი შადრევნის, თევზების, ირმების, ფრინველების მრავალრიცხოვანი გამოსახულება ხალიჩასავით ეფინება იატაკს. მოზაიკაში გამოყენებულია თეთრი, წითელი, ყავისფერი რუხი ფერის ადგილობრივი ქვების ნატეხები.

შუა საუკუნეების მოზაიკას განეკუთვნება წრომის VII საუკუნის ეკლესიის მოზაიკა, რომელიც საკურთხევლის კონქს ფარავდა.დღეისათვის უმნიშვნელო ფრაგმენტებია შემორჩენილი. კონქის ცენტრში გამოსახული ყოფილა მაცხოვარი პირდაპირ საზეიმო პოზით, კურთხევის ნიშნად ზევით აპყრობილი მარჯვენით. იგი დგას კვარცხლბეკზე, რომლისგანაც შენახულია მხოლოდ შავი კონტურული მონახაზი. მაცხოვრის ფიგურისაგან დარჩენილია ნაწილობრივ სახის მოხაზულობა ჯვრული შარავანდედის ფრაგმენტით, ზემოთ აპყრობილი ორი თითით მაკურთხებელი მარჯვენა ხელის მკლავამდე. წრომის მოზაიკა ქვევით შენახულია მოზაიკის მცირე ფრაგმენტი ფეხის და სამოსლის კალთის გამოსახულებით, დანარჩენი დაღუპულია, მაგრამ მთელი გამოსახულების აღდგენა შეიძლება პირვანდელი მოხაზულობის წყალობით, რომელიც საკმაო სიზუსტით გადმოგვცემს ოდესღაც მთლიანი მოზაიკური კომპოზიციის დეტალებს. ქრისტე გამოსახულია წვერ – ულვაშით; მისი ჰიმატიონი გადაგდებულია მარცხენა მხარზე, მარჯვენა ხელი და მხარი შემოსილი კვარით თავისუფალი რჩება.

მაცხოვრის მარცხნივ შენახულია ერთი ფიგურის ფრაგმენტი, რომელიც მიისწრაფის ქრისტეს მიმართ გაწვდილი ხელით. დარჩენილია, სახელდობრ, ამ ფიგურის ქვედა ნაწილი და თითქმის სრულად მარცხენა ხელი; მარჯვენა ხელისაგან შერჩენილია მხოლოდ კვალი მოზაიკის ფუძეზე. ფიგურა გადმოცემულია სწრაფ მოძრაობაში; მოზაიკური ფრაგმენტის ზემოთ შერჩენილია წვეროსანი თავის მოხაზულობა შარავანდედით და ნაწილი ზურგთუკან აფრიალებული ჰიმატიონისა. თავისი მოხაზულობისა და სახის იკონოგრაფიული ნიშნების მიხედვით შეიძლება დავადგინოთ, რომ იგი პეტრე მოციქულის გამოსახულებას წარმოადგენს. კონქის მარჯვენა ნაწილში შენახულია მხოლოდ კვალი მეორე ხელებგაწვდილი ფიგურისა – მისი თავის იკონოგრაფიული ტიპის მიხედვით, მოციქულ პავლესი.

კონქის ზედა ნაწილში ან ცაში შერჩენილია “საყდარი განმზადებული”-ის გამოსახულების კვალი.
ამრიგად შეიძლება მოზაიკური მხატვრობის სიუჟეტის სრული აღდგენა. კომპოზიციის ცენტრში წარმოდგენილია კვარცხლბეკზე მდგომარე ქრისტე, აპყრობილი მაკურთხებელი მარჯვენით, მარცხენა ხელში მას გაშლილი გრაგნილი უპყრია, იგი დგას მისკენ მიმავალ ორ მოციქულს პეტრესა და პავლეს შორის. მოციქულთა ფიგურები წარმოდგენილია ძლიერ მოძრაობაში, რაზედაც მიუთითებს მოციქული პეტრეს აფრიალებული წამოსასხამის კალთა.

მოზაიკის კენჭების შერჩევა და მისი ძირითადი ფერები არ გამოირჩევა დიდი სხვადასხვაობით. არე შედგება სხვადასხვა ფორმისა და ზომის ოქროს კენჭებისაგან: მსხვილ კენჭებთან ერთად გვხვდება ძლიერი წვრილი კენჭიც.

საკურთხევლის აფსიდის სარკმელის ქვემოთ შენახულა ფრესკის კვალი მაცხოვრის “ხელთუქმნელი” გამოსახულებით. სარკმლის ორივე გვერდზე გამოსახული ყოფილა ვედრების პოზაში ორი ფიგურა, რომელთაგან აგრეთვე მხოლოდ კვალია დარჩენილი; მარცხენა ფიგურის თავთან დარჩენილი წარწერის ნაწყვეტი შესაძლებლობას გვაძლევს ამოვიკითხოთ სახელი: სტეფანოს; ფრესკა, ფრაგმენტების მიხედვით, უდავოდ იმავე ხანას ეკუთვნის, რომელსაც მიეკუთვნება მოზაიკა. სხვა მხატვრობა აფსიდში არ ყოფილა.

მოზაიკას ხატების შესაქმნელადაც იყენებდნენ. საქართველოში ამგვარი ერთადერთი ხატია – წმ.გიორგის მოზაიკური ხატი(XIIIს). წმ გიორგის გამოსახულება მნიშვნელოვნადაა დაზიანებული, მაგრამ დარჩენილ ნაწილზეც კარგად ჩანს მხატვრის ოსტატობა. ოქროს ფონზე საგულდაგულოდ შერჩეული ოქროს, ლურჯი, წითელი სმალტისა და მარმარილოს უმცირესი ნატეხებისაგან შედგენილი გამოსახულება ნაირფერად ბრწყინავს.

XII საუკუნის პირველი ნახევრის ქართული კედლის მხატვრობის ძეგლებს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭიარავს გელათის გელათის მოზაიკა მოზაიკას, რომელიც დაცულია მთავარი ტაძრის კონქში და თარიღდება ზუსტად 1125-1130 წლებით.

მოზაიკური მხატვრობა, ქართული ხელოვნების ტრადიციის მიხედვით,საკურთხევლის კონქს ამკობდა. ტაძრის დანარჩენი ნაწილი თავდაპირველად მოხატული ყოფილა ფრესკებით, რომელთა დიდი ნაწილი განახლებული ყოფილა სხვადასხვა დროს. ტაძრის დასავლეთ ნარტექსში დარჩენილია ტაძრის აგების დროინდელი ფრესკული მხატვრობა, რომელიც მსოფლიო საეკლესიო კრებებს გამოსახავს.

საკურთხევლის ცენტრში ოქროს ფონზე წარმოდგენილია “ნიკოპეის” ტიპის ღვთისმშობელი მთელი ტანით, რომელსაც ხელში ყრმა ემანუელი ჰყავს. მის ორივე მხარეს მოწიწებით პოზაში დგანან მთავარანგელოზნი მიქელი და გაბრიელი. გელათის მოზაიკაში გამოსახული ღვთისმშობლის ფიგურა, ბიზანტიური ძეგლებისაგან განსხვავებით, ოდნავ გადახრლია მარჯვნივ, რაც მას თავისებურ დინამიკურობას ანიჭებს, რომელიც უცნობია ბიზანტიურ ხელოვნებაში საკურთხევლის აფსიდში მოთავსებული ცენტრალური ფიგურისათვის. ამის გამო მუქ – ლურჯ სამოსლიანი ღვთისმშობლისა და ბრწყინვალე ტანსაცმელში მოცემული ყრმის ფიგურა მხატვრობის ოქროს ფონზე რელიეფურად გამოირჩევა. გელათის მოზაიკამ დაარღვია კონქის კომპოზიციების, საზეიმო მონუმენტური სტილი, რომელიც დამკვიდრებული იყო სიცილიისა და ბიზანტიის დედაქალაქის კედლის მხატვრობაში. ჩვილედი ღვთისმშობლის გამოსახულების დინამიკურობა აქცენტირებულია მის წინაშე მდგომ მთავარანგელოზთა – მიქაელისა და გაბრიელის დიადი ფიგურების მშვიდი პოზით.

კონქის მხატვრობის კომპოზიციის ცენტრში დინამიკურობის შეტანა წარმოადგენს სრულიად ახალს, გაბედულ მხატვრულ ხერხს, რომელიც პირველად, ამ ეპოქის მონუმენტურ ხელოვნებაში, გელათის მოზაიკის გენიალურმა ოსტატმა შეიტანა.

აღნიშნული ხერხი წარმოადგენს ახალს, დავით აღმაშენებლისა და დემეტრე I ეპოქის მონუმენტური ფერწერისათვის დამახასიათებელ მხატვრულ მოვლენას, რომელმაც თავისი შემდგომი განვითარება თამარ მეფის დროის მონუმენტურ ფერწერაში ჰპოვა.

მოამზადა ანა ტყებუჩავამ

წყარო: შალვა ამირანაშვილი, “ქართული ხელოვნების ისტორია”


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.