მთავარი » ქრისტიანობა

სტრატეგია და რელიგიური უთანხმოება ქვემო ქართლში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 08.05.2017 | 264 ნახვა

ვაგრძელებთ სტატიათა სერიას, რომელიც ეძღვნება ქვემო ქართლს,მის წარსულს და თანამედროვეობას, განხილულ იქნება ქვემო ქართლში შემავალი ადმინისტრაციული რაიონების სხვადასხვა შესაძლებლობები. მათ ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ძეგლები და სხვა, რუკა ეს განხილვები ხელს შეუწყობს ამ ჟურნალის მკითხველს უფრო კარგად გაეცნოს და დაინტერესდეს ქვემო ქართლით.

ახლა მოდით შევაერთოთ ყველა გასამხედროებული სეგმენტი, ანუ პროფესიონალური, შთამომავლობითი მეომრები – ერისთავნი და აზნაურნი, რომელთა საქმიანობა იყო მხოლოდ ომი, ნადირობა, სახელმწიფოს მართვა და გლეხები, რომლებსაც ომის დროს კომლზე კაცი უნდა გაეყვანა. მძლავრი ციხესიმაგრეები, განსაკუთრებით, ქვემო ქართლის რეგიონში, საიდანაც საქართველო იღებდა პირველ დარტყმას, ბუნება და ბუნებრივი ზღუდეები, ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგანაც სამხრეთიდან წამოსული მტერი მიჩვეული იყო ძირითადად გაშლილ ველებზე მებრძოლთა დიდი რაოდენობით ბრძოლების წარმოებას და რაც მთავარია, რელიგიური ფაქტორი, ქართული მართლმადიდებლობა VII საუკუნის დასაწყისში, ფაქტობრივად, პირისპირ აღმოჩნდა მის გარშემო მყოფ არამართლმადიდებელ მეზობლებთან, რომლებიც ცდილობდნენ საქართველოს ხარჯზე გაეფართოვებინათ თავიანთი რწმენის არეალი. ასე მოხდა 596 წელს, როდესაც სომხეთის ქ. დვინში შედგა სამხრეთ კავკასიის მხარეში მოქმედი ქრისტიანული ეკლესიების საერთო კრება, რომელმაც სათავე დაუდო ქართული და სომხური ეკლესიების გაყრას.

მთელი 10 წელი გრძელდებოდა მიმოწერა ქართველ და სომეხ ეპისკოპოსებს შორის. ძირითადად პრეტენზიებს გამოთქვამდნენ სომეხი ეპისკოპოსები, რომლებსაც მიაჩნდათ, რომ ყველა რელიგიური საკითხი, რაც წამოიჭრებოდა ქართლში, მათი გადასაწყვეტი იყო. ერთ-ერთი საკითხი შეეხებოდა ქვემო ქართლში არსებულ სომხურ და ქართულ ეპარქიებს. კერძოდ, ცურტავის ეპარქიაში, სადაც წირვა-ლოცვა ორ ენაზე- ქართულ და სომხურ ენაზე აღევლინებოდა, კონფლიქტი ისე გაღრმავდა, რომ 607 წელს სომეხმა ეპისკოპოსებმა გამოსცეს სპეციალური კანონი ,,ქართველთა წყევლა”, სადაც მოუწოდებდნენ ყველა სომეხს, არ შესულიყვნენ ქართულ ეკლესიებში, არ ენათესავათ ქართველებთან, მათთვის ხელი არ შეეწყოთ არაფერში.,, დაშვებულია მხოლოდ ვაჭრობა”…- ამბობდა წერილი. ფაქტობრივად, ქვემო ქართლში გაივლო ზღვარი მართლმადიდებლობასა და სომხურ ეკლესიას შორის. ამ მოვლენამ ქვემო ქართლში კიდევ უფრო მეტად გაუკეთა იდენტიფიკაცია ქართულ ეთნოსს და საბოლოოდ ჩამოაყალიბა იგი თავის რწმენაში. ამის შემდეგ საქართველოს კიდევ უფრო დიდი განსაცდელი მოევლინა – ეს არაბობა იყო. თავიდან დამპყრობელნი მკაცრად არ იქცეოდნენ და გარკვეულ დათმობებზეც კი მიდიოდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც არაბებმა დაიპყრეს აღმოსავლეთ ამიერკავკასია, ჩრდილო კავკასია, მათი მეთოდები გამკაცრდა და ისინი უკვე სრული სისასტიკით მოითხოვდნენ ქართველთაგან ისლამის მიღებას. VII-XI საუკუნეებში არაბობის განსაკუთრებული სიმძიმე ქვემო ქართლს დააწვა, რადგანაც ეს მხარე ყოველი მხრიდან ესაზღვრებოდა არაბების მიერ სამხედრო ციტადელებად გადაქცეულ ქართულ ქალაქებს: თბილისს, დმანისს, ლორეს. ამ გეოგრაფიულ სამკუთხედში სრულ ჰეგემონიას IX საუკუნემდე არაბები ამყარებდნენ. იყო მცირე ისტორიული ეპიზოდი IX-XI სს-ში, როდესაც ქვემო ქართლის სამხრეთ ნაწილში იმძლავრა გაგის სომხურმა სამეფომ- ცენტრით – ანისი, მათ შეძლეს ქვემო ქართლის სამხრეთ ნაწილის სამშვილდემდე დაპყრობა და იქ თავისი ჰეგემონიის დამყარება. XI საუკუნეში მათ თურქები ჩაენაცვლნენ და ფაქტობრივად, ამ მხარეში 1121 წლამდე სუსტად ფეთქავდა ქართული ძარღვი, რომელიც, როგორც ზემოთ ნათქვამიდან ჩანს, არ თმობდა თავის ეთნიკურ და რელიგიურ პოზიციებს. ის, რომ ქვემო ქართლს აღნიშნულ ისტორიულ პერიოდში VII-XI სს-ში ქართულ სახელმწიფოებრიობაში დიდი როლი ჰქონდა, ჩანს, თუნდაც იმ უარყოფითი ისტორიული მოვლენიდან, რასაც ფეოდალური დაქუცმაცებულობა ჰქვია.

კერძოდ, X საუკუნიდან ქვემო ქართლის დასავლეთ ნაწილში ყალიბდება მძლავრი კლდეკარის საერისთავო, ბაღვაშების მეთაურობით. ასევე ბაღვაშების იყო ზემო იმერეთის მძლავრი ციხესიმაგრე და ადგილი – კაცხი, ამ გვარმა X-XIსს-ში გადმოლახა თრიალეთის ქედი, დაიპყრო ქედის სამხრეთით მდებარე ვრცელი ტერიტორია და დააარსა საერისთავო, რომლის ცენტრიც კლდეკარში გადმოიტანეს ( ამჟამინდელი წალკის რ-ნი), ეს შემთხვევით არ გაუკეთებიათ: კლდეკარი აკონტროლებს შიდა და ქვემო ქართლის დამაკავშირებელ გზას, ასევე აკონტროლებს მტკვრის ხეობაზე გამავალ გზას. ასე, რომ კლდეკარის ფლობით ბაღვაშებმა თავის კონტროლს დაუქვემდებარეს ზემო იმერეთი, შიდა ქართლის ნაწილი და ქვემო ქართლის ტერიტორიები. სულ მალე ისინი გადაიქცნენ უმსხვილეს და უმდიდრეს ფეოდალებად, რომლებმაც დაიწყეს მეფის ხელისუფლების იგნორირება და რიგ შემთხვევაში თავს საქართველოს მეფეებზე მაღლა აყენებდნენ. თავისი სამფლობელოს სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე, ისინი რიგ შემთხვევაში წარმატებულ დიპლომატიასაც აწარმოებდნენ ხან თბილისის ამირასთან, ხან თურქებთან და არაბებთან და ხანაც ბიზანტიასთან. მათი წარმატების ერთ-ერთი ფაქტორი, გარდა გეოგრაფიული მდებარეობისა, იყო ასევე ის, რომ ისინი, როგორც ქართველები და მართლმადიდებლები, ინარჩუნებდნენ ყველა იმ სოციალურ-წოდებრივ სტრუქტურას, რომელიც აქ არსებობდა. განსხვავებით ისლამისა, რომლისთვისაც გვარით წოდებრიობა არ წარმოადგენს აპრიორს სახელმწიფოს მშენებლობისთვის. მათთვის დამახასიათებელი სამხედრო სისტემა გამორიცხავდა ქართული და ქრისტიანული საზოგადოებისთვის დამახასიათებელ ყოფას. აქედან გამომდინარე, ბაღვაშების საერისთავომ იმ დროს, როცა საქართველოში ჯერ კიდევ სუსტი იყო მეფის ცენტრალური ხელისუფლება, შეიძლება ითქვას, პოზიტიური როლი შეასრულა ქართული ეთნოსის სახელმწიფოებრივ ცნებაში.

( გაგრძელება იქნება)

მოამზადა ისტორიკოსმა გოჩა ომაიძემ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"ჭეშმარიტებას და თავისუფლებას სიმშვიდე მოაქვს, მშვიდობის მატარებელი სული კი სიხარულს ასხივებს"- წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი).