მთავარი » ქართული მეტყველების კულტურა

სტილისტური შეცდომები ქართულ ენაში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 12.01.2018 | 3,366 ნახვა

შეცდომა “ქართული ენით ყველაფერი გამოითქმება, რაც დედამიწაზე შეიძლება გამოითქვას რაგინდარა ენით… ქართული ენა, განსაკუთრებით, ცოცხალი ქართული ენა, მაღალმხატვრულად გამოსახავს ყოველ აზრს და დაუმახინჯებლად და შეურყვნელად გადმოსცემს, ისე მდიდრულია ქართული ენა. შეიძლება ითქვას, შინაგანი თვისებებით იგი მსოფლიო ენაა”. ნიკო მარი

ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში თავისი საქმიანობით განუყრელად არის დაკავშირებული ენასთან. ენა, რომ არ ყოფილიყო ადამიანები ერთმანეთს ვერ გაუზიარებდნენ ფიქრებს, განცდებს, ემოციებს, აზრებს… სწორედ ენასთან არის დაკავშირებული აზროვნება. ენასთან მჭიდრო კავშირშია საზოგადოება, საყოველთაო ცნობილი დებულებაა – არ არსებობს ენა საზოგადოების გარეშე და საზოგადოება ენის გარეშე. ამდენად, ენის ცოდნა ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ისევე როგორც მისი დაცვა და მოფრთხილება.

XXI საუკუნეში ქართული ენის სტილის შენარჩუნების პრობლემა საკმაოდ აქტუალურია. ამ პრობლემას შემდეგი ფაქტორები განაპირობებს: მოქალაქეთა დაბალი ცნობიერება, საჭიროების გარეშე უცხო ენის ლექსიკის გამოყენება და სხვ.

თუ ადამიანს მწირი ლექსიკური მარაგი აქვს, იგი ხშირად დაუშვებს სტილისტურ შეცდომებს, ხოლო თუ მდიდარია მისი ლექსიკა, მაშინ ის ყოველთვის შეძლებს სიტუაციის შესაბამისი სიტყვის მოძებნას და სტილისტური შეცდომებისგან თავის არიდებას. სწორედ ლექსიკური სიღარიბე იწვევს ისეთ სტილისტურ შცდომებს, როგორიცაა: ტავტოლოგია, სინონიმებისა და ანტონიმების არასწორი გამოყენება, ატროფია, პარონიმია, ბარბარიზმი და კალკი.

ტავტოლოგია ბერძნული სიტყვაა და სიტყვის გამეორებას გულისხმობს, ანუ როცა მთქმელი ვერ ახერხებს თავისი სათქმელის გამართულად, ნათლად გამოხატვას და უმიზნოდ იმეორებს ერთსა და იმავე სიტყვებს. მაგალითად ლუარსაბის მეტყველება „კაცია-ადამიანიდან“. – „ბიჭებს მოვლა უნდა, მაშ, მაშ! -ბევრმა არ იცის როგორ უნდა მოეპყრას. -მაშ, არ იცის, თორემ რომ იცოდეს, კარგია, მაშ!“ და სხვა.

უნდა აღინიშნოს, რომ სიტყვას მხოლოდ ერთი ანტონიმური მეწყვილე შეესაბამება და თუ საპირისპირო მნიშვნელობა ზუსტად ვერ მოიძებნა, დარღვევა შინაარსობრივიც იქნება და სტილისტურიც. მაგ: მოდი და გაუგე ამათ თავი და ბოლო. ვიცით რომ ანტონიმს – თავი და ბოლო, სინონიმად ეწყვილება დასაწყისი და დასარული, თუკი მათ ერთმანეთს ჩავუნაცვლებთ: ამ საქმეს ვერც თავი გავუგე და ვერც დასარული – ეს უკვე სტილისტური ხარვეზი იქნება.

ატროფია სტილისტიკაში სიტყვის გრძნობების დაჩლუნგებას ნიშნავს, რასაც მოსდევს სიტყვათა არაზუსტი მნიშვნელობით გამოყენება, ფუჭსიტყვაობა. მაგ: ადგომა იჩქარა და კარებისკენ გაილურსა. აქ არასრულყოფილი ცოდნის გამო ერთმანეთში არეულია ზმნები გაილურსა (გაყუჩდა) და გაიძურწა (გაიპარა).

რაც შეეხება პარონიმიას, აქ სიტყვები უკვე ფორმითაც (ბგერითი, მორფოლოგიური აგებულებით) ახლოს დგანან ერთმანეთთან და უფრო მეტი საშიშროებაა მათი ერთმანეთში აღრევისა. მაგ: სიტყვები ქარი და ქორი მხოლოდ ერთი ხმოვნით განსხვავდება, მაგრამ მათი აღრევა შეუძლებელია მათივე მნიშვნელობის საყოველთაო განსაზღვრულობის გამო. სამაგიეროდ, ისეთი სიტყვები, როგორიცაა ადრესატი-ადრესანტი, ეკონომიური-ეკონომიკური, ამპულა-ამპლუა, აღქმა-აღთქმა, და სხვა, ადვილად შეიძლება აირიოს ერთმანეთში. მაგალითად, ხშირია შემდეგ გამოთქმათა აღრევა: ბოდიში მოუხადა – მადლობა გადაუხადა. (აღრევაა ბოდიში გადაუხადა), ძილი ნებისა – ღამე მშვიდობისა, (აღრევაა ღამე ნებისა), სულს ღაფავს – სულს ძლივს ითქვამს, (აღრევა სულს ძლივს ღაფავს) და სხვა.

ენის სტილისტიკის პრობლემაა ასევე უცხო ენიდან გაუმართლებლად შემოჭრილი სიტყვები – ბარბარიზმები, რომელთა საჭიროებაც ენაში არ არსებობს შესაბამისი შინაარსის სიტყვის ქონის გამო. მაგ: რუსულიდან შემოჭრილია: სპიჭკა, სტოლი, ჩაშკა, ასევე ინგლისურიდან – პერფორმანსი, პრეზენტაცია, სენსიტიური და სხვა.

უცხო ენის ზეგავლენითაა ასევე კალკი. კალკი ენათმეცნიერთა გაგებით არის სიტყვასიტყვითი თარგმანი სხვა ენის ლექსიკური ერთეულის მიხედვით. ერთი ენის ზეგავლენა მეორე ენაზე, მხოლოდ სიტყვათა პირდაპირი სესხებით არ ამოიწურება, რადგან ზოგჯერ ადგილი აქვს ერთი ენის სტურქტურულ ზეგავლენას მეორეზე, რაც უფრო სახიფათო ტენდენციად მიიჩნევა. სწორედ ენათა სტრუქტურული ურთიერთგავლენის შედეგებს უწოდებენ კალკებს. მაგალითად კალკია – გაყიდვაშია (იყიდება), ასევე, მარცხი განიცადეს (დამარცხდნენ) და სხვ.

ასევე მოჭარბებულადაა გამოყენებული აღწერილობითი ვნებითი, რაც ქართული ენისთვის არაა დამახასიათებელი. მაგ: გამოხატულ იქნა, დამზადებულ იქნა და ა.შ. კალკირების დროს ენობრივი მასალა საკუთარია, მაგრამ კონკრეტული ენობრივი ერთეული აგებულია სხვა ენის სტრუქტურული ბუნების „კარნახით“, რაც ენის შინაგან ბუნებას თანდათან ცვლის.

ამრიგად, როგორც ვნახეთ, სულაც არ არის საჭირო ქართული ენის დამახინჯება ან მისი კონსტრუქციის შეცვლა, თუ ეს აუცილებლობით არ არის გამოწვეული, რადგან როგორც შესავალში აღვნიშნეთ, ქართული ენა საკმაოდ მდიდარი ენაა, რომ აზრი სრულყოფილად გადმოსცეს.

გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას, მისი დაცვა თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა!!

მოამზადა ტყებუჩავა ანამ

გამოყენებული ლიტერატურა:

არაბული, ა. (2008). ქართული მეტყველების კულტურა. თბილისი: უნივერსალი.
ზ. ჭუმბურიძე, რ. გ. (1998). ქართული ენა 10. თბილისი: განათლება.
როზა გაბეჩავა, ზ. ჭ. (2004). ქართული ენა 11. თბილისი: განათლება.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.