მთავარი » საზოგადოება

კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის საქმიანობაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 08.12.2011 ერთი კომენტარი | 3,091 ნახვა

სულიერების, კულტურის, მეცნიერების, აღორძინებისა და განვითარების სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი 2005 წლის 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს დაფუძნდა.

კათოლიკოს პატრიარქის ფონდი თუ რა მიზანს ემსახურება და რა პროექტები განხორციელდა მისი მხარდაჭერით, ამ თემებზე “ამბიონს” სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის მთავარი მენეჯერი, ბატონი ლაშა ჟვანია ესაუბრა:

ვის ეკუთვნის ფონდის დაარსების ინიციატივა?

ფონდის დამფუძნებელი უშუალოდ მისი უწმიდესობა და უნეტარესობა ილია მეორეა. ფონდის დაარსების დღეს მისმა უწმიდესობამ ბრძანა: “სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდი, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ექნება საქართველოსათვის, იქნება ის ფონდი, რომლის საქმიანობაშიც მონაწილეობის მიღება შეეძლება ნებისმიერ ადამიანს, მიუხედავად მისი რელიგიური და ეროვნული კუთვნილებისა; ფონდი იზრუნებს არა მარტო სულიერების განმტკიცებისთვის, არამედ კულტურისა და მეცნიერების აღორძინებისა და განვითარებისთვის, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის მომავლისათვის; მაგრამ მთავარი მაინც ჩვენში ეროვნული და სახელმწიფოებრივი აზროვნების განმტკიცებაა, რისთვისაც ძალისხმევას არ დავიშურებთ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ვინა ვართ, ვინ ვიყავით, ან ვინ უნდა ვიყოთ…”

ბუნებრივია, ფონდის დაფუძნებასთან ერთად შეიქმნა დებულება, რომელშიც გათვალისწინებული იქნა ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, რაც უშუალოდ უკავშირდება ფონდის მუშაობის ორგანიზაციასა და სტრუქტურას.

ვინ წარმართავს ფონდის საქმიანობას?

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის საქმიანობას თავად უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორის თავმჯდომარეობით წარმართავს მმართველი საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედიან: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), მწერალი გურამ დოჩანაშვილი, საქართველოს სახალხო არტისტი ანზორ ერქომაიშვილი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი რუსუდან ლორთქიფანიძე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი თამაზ გამყრელიძე, აკადემიკოსი დავით მუსხელიშვილი, ხუთგზის მსოფლიო და თერთმეტგზის ოლიმპიური ჩემპიონი ჭადრაკში ნონა გაფრინდაშვილი, მხატვარი რუსუდან ფეტვიაშვილი, ხელოვნებათმცოდნე რუსუდან ყენია, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ანდრიაძე.

ხოლო ფონდის ყოველდღიურ საქმიანობას, მმართველი საბჭოს გადაწყვეტილებების აღსრულებას და ფონდის მიერ გაცემული გრანტების მიზნობრივ ხარჯვაზე კონტროლს უზრუნველყოფს ფონდის სამდივნო.

გვიამბეთ ფონდის ინიციატივით განხორციელებული პროექტების შესახებ…

დაფუძნებიდან დღემდე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის დაფინანსებითა და მხარდაჭერით მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, მათ შორის:

ანტინარკოტიკული პროგრამა, რომლის ფარგლებშიც დ. უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფის მიერ ჩატარდა ნარკომანიის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების კვლევა; კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით შემუშავდა საზოგადოებაში ანტინარკორიკული განწყობის ფორმირების სტრატეგია და შეიქმნა ფონდთან არსებული ანტინარკოტიკული ცენტრი (2006 – 2007 წ);

ამავე პროგრამის ფარგლებში თბილისის თაბორის მთაზე მდებარე “ფერიცვალებისა” და მარტყოფის “ყოველთა წმიდათას” მონასტრების დახმარებით დაარსდა ქიმიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულების მქონე პირთა ნარკოლოგიური ფსიქო-სარეაბილიტაციო ცენტრები; ყოველწლიური საერთაშორისო ფესტივალი “აღდგომიდან ამაღლებამდე”, რომელიც 2006 წლიდან ტარდება და მიზნად ისახავს ქართული საერო და სასულიერო მუსიკისა და მსოფლიო კლასიკის პოპულარიზაციას, უცხოეთში მოღვაწე ქართველ ხელოვანთა შემოქმედების პოპულარიზაციას.

ფესტივალი იწყება თბილისში, აღდგომის ბრწყინვალე შვიდეულის კვირაში, სადაც 4-5 საღამო ტარდება. შემდეგ გრძელდება რეგიონებში და მთავრდება ამაღლების დღესასწაულზე ქ. ბათუმში.

განვლილი ექვსი წლის განმავლობაში ფესტივალმა წარმატებით განახორციელა თავისი მიზნები და საზოგადოების დიდი პატივისცემა დაიმსახურა;

ფონდთან არსებული საქართველოს დემოგრაფიული პრობლემების შემსწავლელი დროებითი კომისიის მიერ შეიქმნა დემოგრაფიული განვითარების კონცეფცია – “ქართველთა გამრავლებისა და მრავალრიცხოვანი საქართველოსათვის” და ჩატარდა კვლევა დემოგრაფიული პოლიტიკის ეფექტიანი პროპაგანდისთვის – “დემოგრაფიული ქცევის სოციალურ-ფსიქოლოგიური და კულტურული ასპექტები” და სხვა მრავალი პროექტი.

ამჟამად ფონდი ახორციელებს:

ყოველკვირეულ პროექტს – ახალგაზრდების შეხვედრები ცნობილ ადამიანებთან, რომელიც ტარდება საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია “World Vision”-ის მხარდაჭერით.

პროექტი მიზნად ისახავს საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების – მეცნიერების, კულტურისა და ხელოვნების საუკეთესო წარმომადგენლების, სასულიერო პირების რეგულარულ შეხვედრებს ახალგაზრდობასთან; მათთვის საინტერესო თემებსა და პრობლემებზე საუბრებისა და დისკუსიების გამართვას; ქართული და მსოფლიო ლიტერატურისა და ხელოვნების საუკეთესო ნიმუშებით, ისტორიული ნარკვევებითა და სხვადასხვა ნაწარმოებებით მათ დაინტერესებას. იქმნება ყველა პირობა ახალგაზრდა აუდიტორიის აქტივობის ამაღლებისთვის. შეხვედრების თემატიკა განისაზღვრება აუდიტორიის მოთხოვნის შესაბამისად.

პროექტში მონაწილეობენ თბილისის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები. ასევე, პროექტის ფარგლებში თვეში ერთხელ ხორციელდება გასვლითი შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით 2011 წელს ფონდმა რამდენიმე მარათონი გამართა (გორი, ბათუმი), რომელშიც მონაწილეობა სხვადასხვა ასაკის მოსწავლე-ახალგაზრდამ მიიღო;

ყოველწლიური საერთაშორისო ფესტივალის – “აღდგომიდან ამაღლებამდე” – ფარგლებში ვემზადებით რიგით მეშვიდე ფესტივალისთვის, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელია ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ცნობილი ქართველი პიანისტი ალექსანდრე კორსანტია;

ახორციელებს პროექტს “ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული,” რომლის ფარგლებშიც ფონდის ოფისში თვეში ორჯერ ბავშვთა ნახატების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა იმართება, რომელშიც თბილისის სხვადასხვა საჯარო სკოლების უმცროსკლასელები მონაწილეობენ შემოსული თანხით სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფს ეხმარებიან;

ამჯერად, პროექტის ფარგლებში ფონდი თანამშრომლობას იწყებს არასამთოვრობო ორგანიზაციასთან “მზრუნველი მშობლები ინვალიდი ბავშვებისათვის”. აღნიშნული ორგანიზაციის მიზანია გაზარდოს საზოგადოების, სახელმწიფოს და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობა ყველა იმ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომელიც გავლენას ახდენს ინვალიდი და უნარშეზღუდული ბავშვების ცხოვრებაზე.

საქველოქმედო გამოფენა-გაყიდვის შედეგად შემოსული თანხა, სათამაშოები და სხვა ნივთები გადაეცემა მათ და მოხმარდება შეჭირვებული ოჯახების ინვალიდი და უნარშეზღუდული ბავშვებისათვის მედიკამენტებისა და სხვა საჭირო ნივთების შეძენას.

ვინ თანამშრომლობს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდთან და რა სახის მხარდაჭერას უცხადებენ მას?

განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს მოსახლეობის ფინანსური მხარდაჭერა, რომელთაც ფონდისათვის გამოყოფილი საქველმოქმედო სატელეფონო ნომრის მეშვეობით საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ ფონდის შემოსავლების ფორმირებაში. მათი აქტიურობა მიუთითებს იმაზე, რომ ფონდისადმი ნდობა დიდია. ფონდს, ასევე, ფინანსურ მხარდაჭერას უწევენ ქართველი და უცხოელი მეცენატები, მაგრამ საქართველოს მოსახლეობის თანამონაწილეობა ყველაზე მნიშვნელოვანია.

ჩვენი მხარდამჭერების საყურადღებოდ! 15 დეკემბრიდან საქველმოქმედო ზარის ნომერი 8 12 40 იცვლება და 160 01 ხდება.

თეა სულაბერიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი