მთავარი » კულტურა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უნგრეთის პრეზიდენტს შეხვდა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 06.09.2019 | 898 ნახვა

ა.წ. 6 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უნგრეთის პრეზიდენტი, ბ-ნი იანოშ ადერი, მისი მეუღლე და დელეგაციის სხვა წევრები მიიღო.

უნგრეთის პრეზიდენტმა დელეგაციის სახელით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოში პირველად იმყოფება და ერთ-ერთი უძველესი ეკლესიის მეთაურთან შეხვედრა მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სასიხარულოა. მისივე განცხადებით, უნგრეთი მზად არის კიდევ უფრო გააღრმაოს მეგობრული და საქმიანი კავშირები საქართველოსთან, ქვეყანასთან, რომლისთვისაც   ტრადიციული ღირებულებები, უნგრეთის მსგავსად, ფასეულია. 

მან ასევე ისაუბრა უნგრეთის დემოგრაფიულ პრობლემაზე და თქვა, რომ სურვილი აქვს ილია II-ის ნებართვით და თავისი ეკლესიის მეთაურთან შეთანხმებით, უნგრეთშიც დაამკვიდროს კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივა, – პირადად გახდეს მესამე და მომდევნო ბავშვის ნათლია. 

უნგრეთის პრეზიდენტმა დამსწრეთ გაუზიარა შთაბეჭდილება ოკუპაციის მუზეუმთან დაკავშირებითაც:  ,,მოვინახულეთ ეროვნული მუზეუმი, სადაც ბოლო სართულზე საბჭოთა ოკუპაციის ამსახველი მასალა არის წარმოდგენილი. ვნახე ბევრი ექსპონატი, ვიდეოჩანაწერი და სურათი, მათ შორის ისეთი, სადაც ეკლესიიდან ჯვარს აგდებენ და მივხვდი, რამხელა დანაკარგი განიცადეთ საბჭოთა ოკუპაციის დროს“.

,,იმედი მაქვს, – ბრძანა კათოლიკოს-პატრიარქმა – ოკუპაცია დასრულდება და დაუბრუნდება ტერიტორიები საქართველოს. 70 წლის განმავლობაში მრავალი სასულიერო პირი იყო რეპრესირებული. მათ შორის, პატრიარქიც. მრავალი ტაძარი და მონასტერი იყო განადგურებული, მაგრამ შევძელით და ახალი ტაძრები ავაშენეთ; მადლობა უფალს, რომ გვაძლევს ძალას, განვვითარდეთ.”  

მისმა უწმინდესობამ მადლობა გადაუხადა სტუმრებს საქართველოს თანადგომისთვის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, ასევე 80 ქართველი სტუდენტისთვის გაცვლით პროგრამაში ხელშეწყობისთვის. განსაკუთრებით კი ქართული ხორბლის ჯიშების მოყვანასა და პოპულარიზაციაში ჩვენი ეკლესიის დახმარებისთვის, რაშიც დიდი როლი საქართველოში უნგრეთის ელჩს ქ-ნ ვიქტორია ჰორვატს მიუძღვის. კათოლიკოს-პატრიარქმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, თუ როგორ ზრუნავს პრეზიდენტი უნგრეთში დემოგრაფიული პრობლემის დაძლევისთვის და რომ 2020 წელი მან ქვეყანაში ოჯახური ფასეულობების წლად ამიტომ გამოაცხადა.

საქართველოს ეკლესიის მეთაურმა გულთბილად მიულოცა დაბადების საიუბილეო თარიღი ბ-ნ იანოშ ადერის მეუღლეს, ქალბატონ ანიტა ჰერცეგს და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა. მადლობა გადაუხადა ბატონ პრეზიდენტს და მის თანმხლებ პირებს მობრძანებისთვის, დალოცა ისინი და გამოთქვა სურვილი ურთიერთობის შემდგომი განმტკიცებისა.

შეხვედრის დასასრულს უნგრეთის პრეზიდენტმა განაცხადა: ,,35 წელია, პოლიტიკურ მოღვაწეობას ვეწევი და მეგონა, ვეღარაფერი გამაკვირვებდა, მაგრამ გაკვირვებული ვარ ამ შეხვედრით”.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი