მთავარი » პოპულარული

სოხუმის თეატრი პრემიერის სამზადისში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 03.05.2011 6 კომენტარი | 3,051 ნახვა

კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი პრემიერისთვის ემზადება. ,,კომანის გულწითელა, თეთრი მტრედი’’, – ასე ჰქვია სპექტაკლს, რომლის პრემიერაც 6 მაისს კოტე მარჯანიშვილის თეატრის მცირე სცენაზე შედგება.

მამა ანდრიას როლისპექტაკლში აფხაზეთის ომის დროს სოფელ კომანში მომხდარი ამბავი – ქართველი მღვდელ-მონაზონის მამა ანდრიასა (ყურაშვილი) და აფხაზი ქველმოქმედის იური ანუას დახვრეტის ტრაგედიაა გადმოცემული.
პიესის ავტორები არიან ოთარ პერტახია და ირაკლი სამსონაძე. რეჟისორი – სოსო ნემსაძე, მხატვარი – მირიან შველიძე, კომპოზიტორი – გოგი ჩლაიძე.

სპექტაკლში მონაწილეობენ: მერაბ ბრეკაშვილი, დავით ველიჯანაშვილი, პაატა კიკვაძე, ნიკა წერედიანი და თენგიზ ჭუმბაშვილი.

აღნიშნული თეატრალური პროექტის კონსულტანტად, მეუფე დანიელის ლოცვა -კურთხევით დაინიშნა დეკანოზი დავითი დათუაშვილი (წმ. მთავარანგელოზთა სახელობის მშენებარე ტაძრის ხელმძღვანელი).

თუ როგორ მიმდინარეობს პრემიერისთვის მზადება, რას ფიქრობენ თავიანთ როლებზე მსახიობები და რა დამოკიდებლება აქვთ თავად ამ ამბის შესახებ, “ამბიონს” რეპეტიციაზე სტუმრობისას გაესაუბრნენ.

კომანისოსო ნემსაძე (რეჟისორი): “სოხუმის თეატრმა ამბიციურ თემას მოჰკიდა ხელი. ასეთ მძაფრ თემებს, როცა რეალურ ფაქტებზეა ნაწარმოები აგებული, ყოველთვის თავს არიდებს რეჟისორიც, თეატრიც. თუმცა სოხუმის თეატრის ამჟამინდელმა ხელმძღვანელობამ პირდაპირ დაიწყო იმ თემაზე მუშაობა, რომელიც 18 წლის წინ მოხდა სოხუმთან ახლოს, – კომანში. ყველა სოხუმელისთვის კარგადაა ნაცნობი ბიზნესმენის, ქველმოქმედ იური ანუასა და კომანში მოღვაწე ბერის, მამა ანდრიას სიცოცხლისა და გარდაცვალების ბოლო წუთები. შევეცადეთ მომხდარი მხატვრულ სახეებში გადაგვეყვანა. ცხადია, ეს ყველა შემოქმედისთვის ურთულესია, მაგრამ ამავდროულად – აუცილებელიც. ჩვენი საზრდო არის ჩვენი ქვეყანა ხელოვნებასა და ნებისმიერ სფეროში, ამ წყაროთი ვსარგებლობთ ყოველთვის.

კომანი ყველა ქართველისათვის ასოცირებას მოახდენს იმ ტრაგედიასთან, რაც მამა ანდრიასა და იური ანუას შეემთხვათ თავის სამყოფელში – მონასტერში.

მძიმე პერიოდი განვვლეთ სპექტაკლზე მუშაობისას. ამბავი გადმოცემულია რეალურ ისტორიასა და გმირებზე. გასათვალისწინებელი გახლდათ, როგორ მიიღებდნენ მას ამ ადამიანების ახლობლები, ოჯახის წევრები. ამასთან, რამდენად მისაღები იქნებოდა რელიგიისთვის სპექტაკლში სასულიერო პირზე ნაწარმოების გადმოტანა. საკმაოდ დიდი ცენზურა არსებობდა და არსებობს ჩვენ გარშემო.

სოხუმის თეატრიგასათვალისწინებელია კიდევ მაყურებელი, საზოგადოება როგორ მიიღებს ამ თემას. ეს გაცილებით მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ის გვაძლევს ჩვენ, ხელოვან ხალხს დაკვეთას და ჩვენ ეს უნდა შევასრულოთ. ამდენად, დიდი ჭიდილისა და მისიის ქვეშ ვართ. მოწადინებულნი ვართ და ყველაფერს, ალბათ, დადებითად გავართმევთ თავს.

ბოლო პერიოდში პრაქტიკულად არ მქონია ასეთ ანსამბლურ სიტუაციასთან ურთიერთობა. ვისაც რა შეუძლია, ყველა ერთად ვაკეთებთ საქმეს. სიმბოლურად მოხდა ჩვენი გამთლიანება. კონკრეტულ, მთავარ პროფესიულ ამოცანებთან ერთად სხვა ელემენტებიც ავითვისეთ, ეს როგორ მოხდა, ჩვენთვის ცოტა გაუცნობიერებელია.

მაყურებელს ვურჩევ, ნახოს ეს სპექტაკლი, თუნდაც იმიტომ, რომ მათთვის იდგმება. აქ არის არაჩვეულებრივი მხატვრობა, რომელიც ეკუთვნის შესანიშნავ მხატვარს მირიან შველიძეს, მუსიკა შექმნა ჩვენთვის საყვარელმა კომპოზიტორმა გოგი ჩლაიძემ და ექსკლუზიურად სპექაკლისთვის დაწერა.

როგორც თეატრი არის მრავალპლანიანი და სინთეზური ხელოვნება, ამ სინთეზურობის პრინციპს ამ შემთხვევაში პატიოსნად ვიცავთ სპექკალზე მომუშავე პერსონები.”

დავით ველიჯანაშვილი (მსახიობი): “არ გვინდა მხოლოდ ისტორიის გადმოცემა გამოგვივიდეს კონკრეტულ პიროვნებებზე, კონკრეტულ სატკივარზე, რომელიც ჩვენც ძალიან გვტკივა. ჩვენც ამ საქართველოში ვცხოვრობთ. გვსურს იმ სხვა ეროვნების ადამიანებისთვის, მნახველებისთვის აბსოლუტურად გასაგები იყოს არა მხოლოდ აფხაზეთში, კომანში მომხდარი მამა ანდრიასა და იური ანუას ტრაგედია, არამედ ისიც, თუ რა არ შეიძლება, რომ ადამიანმა ჩაიდინოს ცხოვრებაში, რა არის ცოდვა. როგორ უნდა მოიქცეს სწორად.. არსებობს რაღაცები, რისი გადაბიჯებაც არ შეიძლება..
ჩემს პერსონაჟს კერძო სახელი არ აქვს, მაგრამ არის ის მესამე ძალა, რომელიც გვიშლის ხელს, ვიცხოვროთ კარგად და ბედნიერად. თუმცა ადამიანია ისიც”…

მერაბ ბრეკაშვილიმერაბ ბრეკაშვილი (სოხუმის თეატრის მმართველი, მსახიობი): “გმირები, რომლებიც ჩვენ გვერდით ცხოვრობდნენ, დღეს ცოცხლები აღარ არიან, თავი შესწირეს სამშობლოს. მათი წარმოჩენა დიდ საქმედ მიმაჩნია და ჩვენი ფუნქციაც გარკვეულწილად, ალბათ, ეს არის. იდეის ავტორი გახლავთ ოთარ პერტახია. შესანიშნავი პიესა დაწერეს ოთარ პერტახიამ და ირაკლი სამსონაძემ; მხატვარი გახლავთ მირიან შველიძე და კომპოზიტორი – გოგი ჩლაიძე. ყველა პირობაა იმისთვის, რომ სპექტაკლი წარმატებული იყოს. ეს ახალი სიტყვაა ჩვენთან.

რეჟისორმა და დრამატურგმა ერთობლივი მუშაობისას უკვე კარგად იციან, ვინ უნდა აიყვანონ ამა თუ იმ როლზე. რეჟისორის ხედვა, თვალი განსხვავებულია. . ჩემი როლი ძალიან რთულია გამომდინარე იქიდან, რომ ამ ადამიანს იცნობდნენ, მისი შვილები ცოცხლები არიან და კარგად იციან, როგორი იყო მამა.

პრემიერა შედგება 6 მაისს.

სპექტაკლი ცხოვრებას იმ დღეს იწყებს, როცა ხდება როლების განაწილება, მერე სხვა სტადიაში გადადის, შედგება პრემიერა. როგორც ვიცით, რამოდენიმე სპექტაკლია საჭირო იმისათვის, რომ კარგად გათამაშდეს, მსახიობებმა კარგად იგრძნონ თავი როლში, მოიხსნას დაძაბულობა, რაც პრემიერის წინა დღეებს მოჰყვება. მართალია, ნერვიულობა ყველა სპექტაკლს უძღვის წინ, მაგრამ ეს სხვაა. თუმცა მინდა გითხრათ, ეს ისეთი თემაა, არასდროს გაცვდება, ყოველთვის იქნება აქტუალური და ვის უნდა გაეკეთებინა, თუ არა ჩვენ, პირველ რიგში.”

შეგახსნებთ, სპექტაკლის “კომანის გულწითელა, თეთრი მტრედი” პრემიერა 6, 7 და 12 მაისს (20:00 სთ-ზე) კოტე მარჯანიშვილის თეატრის მცირე სცენაზე შედგება.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

6 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი