მთავარი » საზოგადოება

სოხუმის დაცემა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 26.09.2023 3 კომენტარი | 21,779 ნახვა

სოხუმის დაცემიდან 30 წელი გავიდა…

სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.

აფხაზეთი ქართულ შენაერთებს აფხაზებთან ერთად ჩრდილოეთ კავკასიიდან დაქირავებული მებრძოლები, კაზაკთა მილიციისა და არაოფიციალურად გუდაუთაში განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზის შენაერთები ებრძოდნენ.

სოხუმისთვის გადამწყვეტ ბრძოლას 27 ივლისს სოჭში ცეცხლის შეწყვეტისა და და სამხედრო ტექნიკის კონფლიქტის ზონიდან გაყვანის შესახებ დადებული შეთანხმება უძღოდა, თუმცა აფხაზური მხრიდან ის 16 სექტემბერს დაირღვა.
ამ დღეს სეპარატისტებმა შეთანხმება დაარღვიეს და ფართომასშტაბიანი იერიში მიიტანეს სოხუმზე ზღვიდან, ჰაერიდან და ხმელეთის მისადგომებიდან. საქართველოს კი, შეთანხმების თანახმად, ამ დროისთვის მძიმე შეიარაღების დიდი ნაწილი უკვე კონფლიქტის ზონიდან გაყვანილი ჰყავდა. მასობრივ შემოტევას სუსტი შეიარაღებით ქართულმა ნაწილებმა ვერ გაუძლეს. ქალაქი საბოლოოდ დაეცა…

ქართული მხარის ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, 10 ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი კი უსახლკაროდ დარჩა.

სოხუმის დაცემის დღეს რუსმა ოკუპანტებმა და აფხაზმა სეპარატისტებმა აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა 30-მდე ქართველთან ერთად დახვრიტეს.

27 სექტემბერს დაეცა სოხუმი, 29 სექტემბერს – ოჩამჩირე, ხოლო 30 სექტემბერს – გალი, რითაც აფხაზეთი სეპარატისტების ხელში გადავიდა.

სოხუმის დაცემის მტკივნეულ საკითხს თავის ქადაგებებში არაერთხელ გამოხმაურებია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე. გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს:

“აფხაზეთის დაცემაც, – ეს არის ამ კუთხის დროებითი მოწყვეტა საქართველოდან, და არა სასჯელი ღვთისა! ეს არის გამოცდა ჩვენი ერისა და ჩვენი ქვეყნისა. ჩვენ კეთილი და მშვიდობიანი მომავლის იმედი გვაქვს. და შევთხოვთ უფალს, რომ მალე დადგეს ის ბედნიერი დღე, როცა საქართველოს გამთლიანებას ერთად იზეიმებს ქართველიც, აფხაზიც, ოსიც და სხვა ერის შვილებიც. თქვენ იცით, ეშმაკი ანაწევრებს, განჰყოფს, ღმერთი კი აერთიანებს და ამთლიანებს. ჩვენ ვართ ღვთის ერი და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა. დედა ღვთისმშობელმა ჩვენს ქვეყანას გადააფარა თავისი მოწყალე კალთა და ვერავინ შეძლებს საქართველოს დანაწევრებას. ვინც ამას ეცდება, პასუხს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გასცემს! საქართველო და ქართველი ერი იმედით უყურებს თავის მომავალს, რადგან ვიცით, რომ ჯვარცმას, მოსდევს აღდგომა და ამაღლება! ეს ელოდება ქართველ ერს, თუ ჩვენ კვლავ გავხდებით ღვთის ერი, თუ ჩვენ შევიგნებთ, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტე არის “გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე”….

მე კარგად ვიცნობ აფხაზებს იმიტომ, რომ 11 წლის მანძილზე აფხაზეთის ეპისკოპოსი და მიტროპოლიტი ვიყავი და მათ გვერდით ვცხოვრობდი. ქართველებსა და აფხაზებს საუკეთესო ურთიერთობა გვქონდა. ერთად ვხარობდით და ერთად განვიცდიდით, თუ მწუხარება დაგვატყდებოდა ხოლმე თავს. მე არაერთი ნათლული მყავს აფხაზი.
ყველას კარგად გვესმის, რომ ტრაგედია, რომელიც აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დატრიალდა, არ არის არც ქართველებისა და არც აფხაზებისა და ოსების ბრალი – ეს არის გარეშე ძალების მიერ ინსპირირებული და ყველამ ვიცით, თუ ვინ არის მთავარი მოქმედი პირი.

მაგრამ იმედი მაქვს იმისაც, რომ ყველა გაიგებს, რომ არსებობს ერთადერთი გამოსავალი – ესაა გზა მშვიდობისა, გზა შერიგებისა. ჩვენის მხრივ, ეკლესია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეს შერიგება, რაც შეიძლება მალე მოხდეს. ვიმედოვნებთ, რომ მალე საქართველო გამთლიანდება და ქართველები აფხაზებთან ერთად ერთ ძეგლს ააგებენ, ძმათამკვლელ ომში დაცემულთათვის.

ღმერთმა დალოცოს, ღმერთმა აცხონოს, ღმერთმა ნათელში ამყოფოს სულნი აფხაზეთში დაცემულთა მონათა და მხევალთა მართლმადიდებლობით აღსრულებულთა და მათი ლოცვით ღმერთმა ინებოს, რომ მალე დადგეს ის ბედნიერი დრო, როცა გამთლიანებულ საქართველოში ერთად გაიხარებენ ქართველნი, აფხაზნი და ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები სხვა ერის შვილები!“ (ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 27 სექტემბერი 2005 წ.).

“დღეს ჩვენ დროებით ვერ ვაკონტროლებთ აფხაზეთს. ხშირად ბევრი შეცდომით ამბობს: “ჩვენ დავკარგეთ სამაჩაბლო, დავკარგეთ აფხაზეთი”. სოხუმიჩვენ არაფერი დაგვიკარგავს! ეს არც გონებაში და არც გულში არ უნდა გავივლოთ! ჩვენ დროებით ვერ ვაკონტროლებთ ამ ტერიტორიებს და ღვთის მადლით, ღვთის ძალით, მალე დადგება ის ბედნიერი დღე, როდესაც აფხაზეთი და სამაჩაბლო კვლავ საქართველოს შემადგენლობაში იქნება და ჩვენ აღვნიშნავთ არა სოხუმის დაცემის დღეს, არამედ ერთად ვიზეიმებთ ჩვენი ქვეყნის აღდგენისა და გამთლიანების დღეს! ძალიან კარგად მესმის იმ ადამიანების მწუხარება, რომელნიც აღიზარდნენ სოხუმში, აფხაზეთში. ეს მწუხარება ჩემიცაა, მე ხომ 11 წელი ვიყავი აფხაზეთისა და სოხუმის მიტროპოლიტი და როგორი სითბო, როგორი სიყვარული სუფევდა ჩვენ შორის მახსენდება, მიწვევდნენ აფხაზები თავის ოჯახებში, ვლოცავდი მათ შვილებს. მე დღესაც ვლოცავ აფხაზებს, ოსებს, მაშვილებსა და სხვათაც. ისინი ხომ ჩვენი სულიერი შვილებია?! ბედნიერი ერი ვართ ჩვენ, ქართველები, რომ არავის სიძულვილი არ გვახასიათებს. არც დღეს, ამ ომის შემდეგ არ გვაქვს არც აფხაზების, არც რუსების, არც ოსების, არც სხვების სიძულვილი. ჩვენი ახალგაზრდები ასრულებენ აფხაზურსა და ოსურ სიმღერებს იმ დროს, როცა იქ, აფხაზებსა და ოსებს შორის, ინერგება ქართველებისადმი სიძულვილი. მე მინდა ვთქვა, რომ სიმართლე ჩვენთანაა, ე.ი. ღვთის მადლიც ჩვენთანაა და მჯერა, აფხაზები, ოსები და სხვებიც იგრძნობენ ამას. მე მინდა ვუთხრა მათ, რომ აფხაზების გადარჩენა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს წიაღში ყოფნით. ეს უნდა ახსოვდეთ მათ, უნდა გააცნობიერონ კარგად, რომ ისინი მხოლოდ საქართველოში გადარჩებიან. თუ ეს არ მოხდა, აფხაზეთი იქნება და აფხაზები აღარ იქნებიან, სამწუხაროდ.

ღმერთმა ძალა მოგვცეს! ღმერთმა გახსნას ჩვენი გონება! ღმერთმა გახსნას გონება რუსთა და ქართველთა. დარწმუნებული ვარ, მტრობას, რომელიც აქტიურად ინერგება საქართველოსა და რუსეთს შორის, არ აქვს მომავალი; შეუძლებელია, რომ ორ მართლმადიდებელ ერს შორის იყოს მტრობა.

“უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმა აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!” შევთხოვ უფალს, რომ ჩვენი ერი და ასევე, აფხაზები, რუსები, ოსები – ყველანი ვიყოთ ერი ღვთისა! და ვინც იქნება ღმერთთან, სიძულვილი არ იქნება მათში, არამედ იქნება სიყვარული, რაც გადაგვარჩენს ჩვენ ყველას ერთად!” (ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 27 სექტემბერი, 2008 წ.).

“თქვენ იცით, ქართველმა ხალხმა მძიმედ განიცადა აფხაზეთის ტრაგედია, როცა ექსტრემისტები გარეშე ძალების დახმარებით უძველესი ქართული მიწა-წყლის, აფხაზეთის საქართველოდან გამოყოფას შეეცადნენ.

ეპისკოპოსი და ჩვენი სამღვდელოება ბოლომდე ხალხის გვერდით იდგა და ცდილობდნენ, მისთვის ომის სიმძიმე შეემსუბუქებინათ. მე მინდა მოგითხროთ მღვდელმონოზონ ანდრია ყურაშვილის შესახებ. იგი სოხუმის ახლო სოფელ კომანში მოღვაწეობდა, იმ ადგილზე, სადაც წმიდა იოანე ოქროპირი გარდაიცვალა.

როდესაც სეპარატისტებმა ეს ტერიტორია დაიკავეს, მამა ანდრია იქ მცხოვრებ მოსახლეობასთან ერთად ტაძარში ლოცულობდა და შეშინებულ ხალხს სარწმუნოებით განამტკიცებდა. მათთვის ერთადერთი ნუგეში ეს ღვთისსათნო ბერი იყო.

როცა მოძალადეებმა ყველანი ტყვედ აიყვანეს, ხალხში მეტი შიშისა და მორჩილების დანერგვის მიზნით ვანდალური აქტის ჩადენა გადაწყვიტეს, გაიყვანეს მამა ანდრია და ეზოში ვერაგულად მოკლეს. მამა ანდრიამ სიკვდილის წინ ყველა აზიარა, ყველას ცოდვები იტვირთა და იქ მყოფთა შორისაც სიცოცხლე პირველმა გაიღო მსხვერპლად, ვითარცა ზვარაკმა.

მომხდარმა ყველა შეაძრწუნა, მოძალადეებიც კი. მშვიდი და სააოცრად ნათელი სახით ესვენა მამა ანდრიას სხეული, როგორც მაგალითი ქრისტიანული სიყვარულისა, თავდადებისა და სიწმინდისა. იმდენად ძლიერი იყო ეს გრძნობა, რომ მტრებმაც კი მოიყარეს მუხლი მის წინაშე.

კიდევ ერთ მაგალითს გაგაცნობთ აფხაზეთში მომხდარი მოვლენებიდან. იმ პერიოდში ამ რეგიონის ხელმძღვანელად დაინიშნა ბატონი ჟიული შარტავა. ადრე იგი ცეკას მდივანი, ქ. რუსთავის მერი იყო, სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობდა. მას ყველგან იცნობდნენ, როგორც გამორჩეულად პატიოსან, მომთხოვნ, გონიერ, ერთგულ ადამიანს. კომუნისტური რეჟიმის დროს იგი ეკლესიური არ ყოფილა, მაგრამ შემდეგ თანდათან დაუახლოვდა ტაძარს და ღრმადმორწმუნე გახდა. აფხაზეთში ყოფნისას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა იქ მყოფ სამღვდელოებას, ბერებსა და მონოზვნებს, ისინიც ხშირად ესტუმრებოდნეხ ხოლმე მას.

სოხუმის დაცემამდე რამდენიმე დღით ადრე ერთ-ერთი მიტროპოლიტი ჩავიდა ამ ქალაქში და ბატონი ჟიული-დავითიც (ასე ეწოდებოდა მას ეკლესიურად) მოინახულა. ეს მეუფე შემდეგ იხსენებდა: მარტო რომ დავრჩით ოთახში, ჟიული ხატებთან მივიდა და უფალს გულმხურვალედ შესთხოვა, ღმერთო, ყველას ნაცვლად მე დამსაჯე, ოღონდ სამშობლო გადამირჩინეო, სამი დღის შემდეგ სოხუმი ექსტრემისტებმა დაიკავეს. ბატონი ჟიული-დავითი ტყვედ აიყვანეს (მას გაქცევა შეეძლო, მაგრამ ხალხი არ დატოვა) და იმავე დღეს წამებით მოკლეს. მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ჩემს სახელზე საპატრიარქოში უცნობი ავტორის წერილი მოვიდა. იგი თვითმხილველი იყო ჟიულისა და კიდევ ერთი მისი თანამშრომლის მკვლელობისა. მასთან ავტორმა არ იცოდა, რომ ის პიროვნება, ვის შესახებაც მწერდა, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იყო, წერილში, რომელიც რუსულად იყო შედგენილი, ეწერა: გამაოცა ამ კაცის შეუდრეკელობამ, უშიშრობამ, ამტანობამ, სიმამაცემ, სამშობლოსა და თავისი ხალხის სიყვარულმა. მისი სახელი ასანთის კოლოფზე დავიწერე, რომ არ დამვიწყნოდა და გწერთ თქვენ, რომ იცოდეთ, როგორი გმირები ჰყავს საქართველოს. მჯერა, ასეთი შვილების გამზრდელი ერი არ გადაშენდებაო.

ეს ბარათი მომწერა კაცმა, რომელიც მტრის ბანაკში იბრძოდა და ალბათ, თვითონაც იღებდა მონაწილეობას (შეიძლება პასიურს) შარტავასა და მისი მეგობრის წამებაში” (ილია მეორე, დიდი ბრიტანეთი, კენტერბერიის ტაძარი, ივნისი, 1995 წ.).

მოამზადა თეონა ნოზაძემ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

3 კომენტარი »

  • მარიამი says:

    ცოდვების გამო წაგვერთვა აფხაზეთი, სამაჩაბლო, ტაო-კლარჯეთი,
    ჩვენი არაქრისტიანული ცხოვრების გამოა ვართ ამ ტრაგედიაში რაც დღეს გამომჟღავნდა, მაგრამ დიდი ხანია ხდება, ჩვენი უთანაგრძნობობის გამოა მივიდა ყველაფერი ამ საშინელ ტრაგედიამდე, ფარისევლობის, ვნებების,
    შეგინების, წყევლის, ზიზღის, აბორტების, ნაყროვანების, მექრთამეობის,
    დაბეზღების, გაცემის, უზრდელობის, იკანონობის,უწესრიგობის, თვითნებობის, უზნეობის და მისი მოდად ქცევის, უსამართლობის, გაუმაძღრობის, დახარბების, უნებისყოფობის, მრისხანების, უღირსობის, ფულის უზომო სიყვარულის და ყველანაირი გზით მისი შოვნის,
    უ რ წ მ უ ნ ო ე ბ ი ს, ეკლესიაში ფარისევლური, მოჩვენებითი სიარულის, დაუთმობლობის, ,,გაღორების,, უმოწყალობის, უნუგეშობის, რაც მთავარია უსიყვარულობის და არაერთიანობის და კიდევ რა ჩამოთვლის რის გამოა ამ ტრაგედიაში აღმოვჩნდით, აი რა უნდა აილაგმოს ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში და ალბათ არის ამის იმედი, იმედი რომ ისეთები გავხდებით როგორიც უფალს და ღვთისმშობელს მოეწონება ა მ ი ნ

    • maqsime says:

      ეგრეა მარიამ… ძაან ბევრი ცოდვები გვაქვს ჩადენლილი… კი,კარგი საამაყო წინაპრებიც გვყავდა მაგრამ გვყავდა ისეთი წინაპრებიც რომლებმაც ძალიან დიდი ცოდვები აიკიდეს…
      ყველაფერი კარგად იქნება!

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი